ლარი კვლავ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ოფიციალური გაცვლით კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,4161 ლარი გახდა.

გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა 0.0521 ლარით გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში კი, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.44-დან 2.48 ლარამდე მერყეობს.

ლარის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას  ქმედითი ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ შემოდგომაზე ლარი კვლავ დასტაბილურდება და ვალუტის დევალვაციის მიზეზად “სპეკულაციას და აჟიოტაჟს” ასახელებენ.

ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე დაისახა საჭირო ღონისძიებები და გამოითქვა ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა.