აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებელი ერთ-ერთი ნაბიჯი სახალხო დიპლომატიის შესაძლებლობების გამოყენებაა. სახალხო დიპლომატია ითვალისწინებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული სუბიექტების მონაწილეობას სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი მიზანია სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა, საკუთარი ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა, ხალხებს შორის დიალოგის მოწესრიგება, უცხოური აუდიტორიის ინფორმირება, ასევე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაგება და დაცვა. მიჩნეულია, რომ თითოეულ სახელმწიფოს, პოლიტიკური ძალისა და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებული ადგილის მიუხედავად, სახალხო დიპლომატია სჭირდება.

ბულგარეთის ქალაქ კიტენში აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები, რამდენიმე დღის გამავლობაში განიხილავდნენ ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს. შეხვედრა საერთაშორისო ფესტივალის – “მთელს მსოფლიოში მშვიდობის მომხრეები ვართ” ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იამალის მთავრობაა. ღონისძიებას 23 ქვეყნიდან 170 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორი რუსეთის 10 რეგიონიდან. ფორუმი წელს მეორედ ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანი “მსოფლიო მშვიდობაა”. ღონისძიებაში მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ, ან რეგიონმა მშვიდობის შესახებ საკუთარი ინიციატივა უნდა წარადგინოს. წარმოდგენილი სამშვიდობო იდეების შედეგად მიიღება ერთი საერთო გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას დაედება. ფესტივალი 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

“ჰუმანიტარული კვლევების ორგანიზაციის” ხელმძღვანელს ავაზ გასანოვს მიაჩნია, რომ პოლიტიკაზე ზემოქმედების მოხდენა სწორედ სახალხო დიპლომატიას შეუძლია.

“პოლიტიკაზე სწორედ უბრალო ადამიანების მიერ გავლენის მოხდენის შედეგად შეიძლება სწრაფი შედეგების მიღება. ამიტომ “სახალხო დიპლომატები” არც პოლიტიკოსების, არც რეგიონების და არც რეგიონების უსაფრთხოების წინაშე არ არიან პასუხისმგებლები. ისინი ერთად ცხოვრების, რეგიონში სტაბილურობის იდეას ახმაურებენ. დარწმუნებული არ ვარ, რომ თუნდაც ერთ სახელმწიფოს ამ პროცესის შეჩერების ძალა შესწევდეს. შეიძლება შეაფერხონ, ხელი შეუშალონ სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ შეაჩერებენ”, – განუცხადა მან Dalma News-ს.

Avaz Gasanov

 

მისი აზრით, სახალხო დიპლომატიის იდეა უნდა განივრცოს, თუმცა აზერბაიჯანში ამ აზრს არც ისე ბევრი იზიარებს.

 

მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არაზ აზიმოვს მიაჩნია, რომ სახალხო დიპლომატია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ელემენტია. მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიის გაგება საკმაოდ პოპულარულია და სხვადასხვა მექანიზმებსა და მეთოდებს მოიაზრებს.

“თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინტერნეტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დიპლომატია ახალ-ახალ შესაძლებლობებს იძენს. თუმცა, მასზე, როგორც გადამწყვეტი როლის მატარებლებზე საუბარი არ შეიძლება, რადგანაც ბოლო სიტყვა სომხეთის ხელისუფლებას ეკუთვნის. მან უნდა აჩვენოს, რომ მზად არის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა აზიმოვმა.

Araz Azimov

 

ამასთანავე, დასძინა, რომ სომხურ საზოგადოებას, სახალხო დიპლომატიის ბერკეტების გამოყენებით, შეუძლია ოფიციალურ ერევანზე ზეგავლენის მოხდენა და მისთვის მთიანი ყარაბაღის კონლიქტის რეგულირების მიმართულებით ბიძგის მიცემა.

 

ყარაბაღის განმანთავისუფლებელი მოძრაობის თავმჯდომარე აკიფ ნაგის მიაჩნია, რომ “სახალხო დიპლომატია” ხელს აძლევს სომხეთს.

“ზოგიერთი სამამულო არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს სომხეთის და მთიანი ყარაბაღის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებას. აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს ანალოგიური მცდელობები, რადგანაც სახალხო დიპლომატიის სახელით წოდებული ზოგიერთი გაერთიანება, ხელს აძლევს სომხეთს, რომელიც ცდილობს ამით აგრესორის იარლიყი ჩამოირეცხოს”, – დასძინა მან.

Akif Nagi

 

მისივე თქმით, უნდა შეწყდეს სომხურ მხარესთან მსგავსი შეხვედრები, რადგანაც არსებულ ვითარებაში სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ნებისმიერი ინიციატივა ღალატია.

 

პარლამენტის სამართლებრივი პოლიტიკის და სახელმწიფოებრივი მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ალი ჰუსეინლის მიაჩნია, რომ “სახალხო დიპლომატიის” საბაბით ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო გაერთიანებების კონტაქტები არ შეიძლება ეფექტიანი იყოს:

“სახალხო დილომატიის” საბაბით არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო გაერთიანებების, ასევე ჟურნალისტების და ცალკეული პიროვნებების ვიზიტები და შეხვედრები, მხოლოდ სომხეთის ინტერესებს ემსახურება. “სახალხო დიპლომატია შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიას გაათავისუფლებს და სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება”.

Ali Guseynli

ჰუსეინლის თქმით, “სახალხო დიპლომატიის” წარმოება შეუძლიათ, მხოლოდ ხალხისგან მანდატ-მინიჭებულ პიროვნებებს.

 

პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ალექსანდრე ნოსოვიჩმა Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი ეთნიკური, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე რთული ნაწილი ადამიანური განზომილებაა.

“საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერების, რეგიონალური კონფლიქტების პრობლემების და ა.შ. დიდი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზატორებმა, მთელს მსოფლიოში იციან დაუწერელი კანონი – აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები ერთ სექციაში არ უნდა დასვან და მათ ერთ აუდიტორიაში გამოსვლის უფლება არ უნდა მისცენ. თუ ღონისძიება კონკრეტულად სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის რეგულირებას არ შეეხება, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, სხვადასხვა აუდიტორიაში უნდა მოხვდნენ და სასურველია, ისინი ერთმანეთს არ შეხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი სკანდალი გარდაუვალია. ამგვარი პრაქტიკა აჩვენებს, თუ რამდენად რთულადაა საქმე ამ ქვეყნებსა და ხალხს შორის. თუმცა, კონფლიქტი არასდროს მოგვარდება, თუ აზერბაიჯანელებს და სომხებს მუდმივად გამიჯნავენ ერთმანეთისგან”, – განაცხადა მან.

Nosovich

 

პოლიტოლოგის აზრით, აშკარაა, რომ ეს ხალხი თავად ვერ მოახერხებენ ერთმანეთში მოლაპარაკებას. დასაწყისისთვის საჭიროა მესამე მხარის ჩარევა.

 

 

“ჩემთვის აშკარაა, რომ ეს მესამე მხარე რუსეთია – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მისი ნეიტრალური პოზიციიდან და რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე. რუსეთში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს. არსებული დაძაბულობის მიუხედავად რუსეთის სახელმწიფო ახერხებს შეინარჩუნოს ეთნიკური მშვიდობა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის პროვოცირება არ დაუშვას. რუსეთმა ათწლეულების განმავლობაში გამომუშავებული ეს გამოცდილება (მით უფრო თუ გავითვალისწინებთ მის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს) სომხეთის და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასარეგულირებლად უნდა გამოიყენოს.

სახალხო დიპლომატიაც სწორედ ამისთვის არის საჭირო. მოცემულ ვითარებაში მან უნდა გააძლიეროს ოფიციალური დიპლომატიის ეფექტი და მის აუცილებელ დანამატად იქცეს. ოფიციალური დიპლომატია არის მინსკის ჯგუფში ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ უშუალო მოლაპარაკებები, “მიმოსვლითი დიპლომატია”, ანუ პრეზიდენტ პუტინის თანმიმდევრული შეხვედრები აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობასთან.

სახალხო დიპლომატიის ფორმებად უნდა იქცეს ორი ქვეყნის ექსპერტების ერთობლივი მოედნები. ჟურნალისტების, ბლოგერების და სხვა არაფორმალური ლიდერების მრგვალი მაგიდები, სადაც აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები ერთმანეთს, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლობის თანდასწრებით შეხვდებიან. სახალხო დიპლომატიის სხვადასხვა ფორმატები – ერთ-ერთი საკვანძო პირობაა იმისთვის, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ადგილიდან დაიძრას”, – დასძინა ჟურნალისტმა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვან კონსტრუქციულ დიალოგზე სხვადასხვა მიმართულებით საუბარი ჯერ -ჯერობით რთულია, ერთი რამ მაინც ცხადია, სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის კონტაქტი, ერებს შორის ნდობის გაჩენისთვის არის აუცილებელი. ექსპერტების აზრით, კონსტრუქციული დღის წესრიგის მქონე მოლაპარაკებების უმოკლეს ვადაში დაწყება გამოიღებს შედეგს, რომელიც მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით დადებითად იმოქმედებს რეგიონზე.

მაქსუდ თალიბლი (ბაქო)