გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ ლტოლვილების რაოდენობამ ევროპის კავშირის სახელმწიფოებში კრიტიკულ მასას მიაღწია, თუმცა “გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ ლადო ჭანტურიამ ჟურნალისტებს თბილისში “ამბასადორიალი-2015”-ში მონაწილეობისას განუცხადა.

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე არ გამორიცხავს, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველოს 2016 წელს უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემა.

“თუ ეს შეფასება იქნება დადებითი, ჩვენ ველით, რომ ევროკომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალ წელს, 2016 წლიდან მიეცეს უვიზო მიმოსვლა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიგრაციის კრიზისმა რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ევროკავშირი. ამ ფონზე საკმაოდ რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ შეიძლება, იყოს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია და, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი”, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.

საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – “ამბასადორიალი-2015” თბილისში ოფიცილურად დღეს, 2 სექტემბერს გაიხსნა და ორ დღეს გასტანს. ღინისძიების ფარგლებში გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. შეაფასებენ დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.