კავკასია, თავისი რთული რელიეფის მსგავსად, პოლიტიკური მისწრაფებებითაც მრავალფეროვანი რეგიონია. პატარა სახელმწიფოების დიდი მიზნები, ხშირად ხდება ურთიერთგაუცხოვების მიზეზი. ტერიტორიული კონფლიტებით დატვირთული რეგიონი ახერხებს მშვიდობისა და სტაბილურობის ინდიკატორის როლი შეასრულოს მაშინ, როდესაც მთელი ცივილური სამყარო ტერორიზმისა და ექსტრემისზმის საფრთხის წინაშე დგას. რამდენად არსებობს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების წინაპირობა და რა საფრთხე დაემუქრება საქართველოს ყარაბაღში სიტუაციის გართულებით, Dalma News-ი თავდაცვის მინისტრის მრჩეველ გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

– როგორ აფასებთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

– ვითარება ზოგადად რა თქმა უნდა რთულია. არსებობს რამდენიმე დაკონსერვებული კონფლიქტი. რაც თავისთავად ქმნის საფრთხეს, რომ კონფლიქტი შეიძლება გაცოცხლდეს და რეგიონის სტაბილურობას გარკვეული საფრთხე შეექმნას. თუ გავითვალისწინებთ საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული ინციდენტები აღინიშნება, ჩემის აზრით, უახლოეს ხანებში რომელიმე კონფლიქტის ესკალაცია მოსალოდნელი არ არის. არც სომხეთში, არც საქართველოში და არც აზერბაიჯანში არ არსებობს ასე მკაფიოდ გამოკვეთილი ომის პარტიები, ე.წ ქორები, რომლებიც შეძლებდნენ თავიანთი საზოგადოებების, ან ხელისუფლებების იძულებას, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ძალისმიერი გზები აირჩიონ. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩრილოეთ კავკასიაში ვითარება. იყო რამდენიმე ექსპერტის განცხადება, თითქოს ისლამისტების გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში, გამოიწვევდა ასევე ვითარების ესკალაციას ჩრიდლოეთ კავკასიაში, ან თუნდაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გააქტიურდებოდნენ გარკვეული ჯგუფები. მაგრამ, უახლოეს ხანებში რაიმე ხელშესახები ინდიკატორი არ გამოკვეთილა.

– თქვენის აზრით, რა ეფექტზე იყო გათვლილი ასეთი გააქტიურება?

– გარდა ყოფითი წამახალისელები გარემოებისა, განსაკუთარებული იდეოლოგიური, ან რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ამ რეგიონებს პირდაპირ მიაბამდა “ისლამისტურ მოძრაობასთან” არ არსებობს. რა თქმა უნდა პანკისიდან, აზერბაიჯანიდან, ნორვეგიიდან, კანადიდანაც კი გარკვეული პირები აღმოჩნდნენ ისლამისტების ბანაკში, ან მსოფლიოში მიმდინარე სხვა ცხელ წერტილებში, მაგრამ ეს ის სტატისტიკური მაჩვენებელია, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ კონფლიქტს. ეს ციფრები არ არის შემაშფოთებელი. რა თქმა უნდა ცალკეული ადამიანების გადაბირების ფაქტები არის, მაგრამ ამას არ ჰქონია ტენდეციური ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი საველე მეთაური პანკისიდან იყო, რაიმე მნიშვნელოვანი გადინება პანკისის ხეობიდან არ მომხდარა. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც უყვართ თავგადასავლები, არ აშინებთ ხიფათი, ისინი თავიანთ ბედს გაცილებით უფრო ავანტიურისტულ და რისკიან საქმეებში ეძებენ, ვიდრე დავუშვათ შრომაა.

– არამგონია ტერორისტობას მძაფრი შეგრძნებების ძიების სურვილი განსაზღვრავდეს, მიზეზები ალბათ უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ… რამდენად არის დღეს “ისლამური სახელმწიფო” ჩვენს რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორი?

– ვერ ვიტყვით, რომ ისლამისტებს დღეს ჩრდილოეთ, ან სამხრეთ კავკასიაში რაიმე ტიპის საყრდენი აქვთ. ერთია ზოგიერთი ექსპერტის აპოკალიფსური სცენარები და მეორეა რეალობა. ვერ დავაბრალებ ისლამისტებს, რომ მათ აქვთ რაიმე სტრატეგიული ხედვები, ეს არის სპონტანური მოძრაობა, რომელსაც არ გააჩნია შორს მიმავალი საგარეო პოლიტიკური გეგმები. ეს არის აბსოლუტურად არეულობასა და ქაოსში წარმოშობილი მოძრაობა და შიგნით მას რაიმე ტიპის მყარი ორგანიზაციული ბმა არ აქვს. ის შეგვიძლია შევადაროთ ბოლშევიკურ მოძრაობას რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. თავისი ბუნებით ეს ერთი და იგივეა, მასში ჩართულნი იყვნენ ავანტურისტული დაჯგუფებები, რომლებიც იარაღით ხელში ცდილობდნენ თავიანთი მიზნების რეალიზებას. ისინი ყოველგვარი კანონიერი ჩარჩოებისგან თავისუფლანი იყვნენ, ასევე არ ჰქონდათ არანაირი მორალური წნეხი. ისლამიზტები სარწმუნოებას იყენებენ, ბოლშევიკებს ჰქონდათ მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია. მოკლედ ეს არის უკანონო ბანდ ფორმირებების მძლავრი გაერთიანება, რომელსაც გონიერ გათვლებს ვერ დავაბრალდებთ. ხშირ შემთხვევაში ისინი ემოციებით იმართებიან და ვითარებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

– საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და ბრძოლას უცხადებს ტერორიზმს. როგორც შეაფასებთ ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობას? ახლახანს გაეროს მისიებშიც ჩავერთეთ.

– ეს არის კარგი პოზიცია, როდესაც საქართველო გამოთქვამს სურვილს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ნატო-ს მისიებში საქართველო ძალიან კარგად არის წარმოგდენილი. როგორც თავდაცვის უწყების წარმომადგენელი დადებითად ვაფასებ, რომ საზოგადოების თანხმობით სამინისტრო ამ ხაზს სტაბილურად მისდევს. მიმაჩნია, რომ საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. არ შეიძლება ის იყოს პასიური სახელმწიფო, მას უნდა შეეძლოს პოზიციონირება ყველა იმ საერთაშორისო პროექტებში, სადაც მას ამის რესურსი, ძალა და სურვილი გააჩნია, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების მიღმა არ აღმოჩნდეს. ნატო-ს მისიებში მონაწილეობისას მთავარია ის საგარეო პოლიტიკური დივიდენდი, რასაც ჩვენ ვიღებთ გარედან და არა ის, რომ ჯარი ღებულობს გამოცდილებას. ჯარს აქვს პოლიგონები, სამხედროებს აქაც შეუძლიათ წვრთნებში გარკვეული გამოცდილება დააგროვონ. ამ მისიებიდან საქართველო იძენს გარკვეულ წონას და უკან ბრუნდება უსაფრთხოების მაღალი ხარისხით. გაეროს მისია ოდნავ განსახვავებულია. ის უფრო ჰუმანიტარულია და მათში მონაწილეობა უკვე არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და ახლა ვახდენთ ამის დემონსტრირებას.

– ავღანეთში კიდევ 700 სამხედრო გავგზავნეთ, რამდენად აქვს საქართველოს იმის რესურსი, რომ საერთაშორისო მისიებში საკმაოდ წარმომადგენლობითი იყოს?

– საქართველოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს და საკმაოდ რეზერვი გააჩნია იმისთვის, რომ მისიებში ერთდროულად 1 500- 2 000 ადამიანი ჰყავდეს. შეიარაღებული ძალები არ არის კარჩაკეტილი კორპორაცია. საქართველოში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობა ყოფით დონეზე საკმაოდ ღია და უშუალოა. აქედან გამომდინარე სამხედროების უკმაყოფილება მე არ მომისმენია. ამ მისიების ძირითადი ფინანსური ტვრითი არის ნატო-ზე.

– როგორ იმოქმედებს საქართველოზე მთიან ყარაბაღში ვითარების გართულება და რა საფრთხე არსებობს?

– ვეცნობი აზერბაიჯანულ პრესას, სამხედრო განწყობებს და ემოციურ პოლემიკას თუ არ ჩავთვლით, საბედნიეროდ ომის მასტიმულირებელი აქტიური პროპაგანდა არ მიმდინარეობს. შესაბამისად მოლოდინი, რომ რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება მოვა ხელისუფლებაში და ძალისმიერი მეთოდით გადაწყვიტს ამ პრობლემას, ვერ ვამჩნევ. ეს იძლევა განცდას, რომ დროთა განმავლობაში კონფლიქტი აუცილებლად მოგვარდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდობიანი გზით. ინციდენტებს რაც შეეხება, ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც არის დაკონსერვებული, ასეთი პრეცედენტები ყოველთვის ხდება. ორივე მხარეს არსებობს ადამიანური ფაქტორი, გარკვეული ემოცია, ვითარება, რომელმაც შეიძლება ერთი გასროლისგან ექსცესის სახე მიიღოს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის გარკვეულწილად ძალიან რთული რელიეფის მქონე, ხშირ შემთხვევაში მოწყვეტილი ადგილები, სადაც შეიძლება შემაკავებელი ბრძანებებიც გვიან მივიდეს. პროცესებს ხშირად აქვს ინციდენტის ფორმა. ეს სამწუხაროა, მაგრამ მიუხედავად დაძაბულობისა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას სწრაფად აღუკვეთია ისინი. იმედია ეს ასე გაგრძელდება.

– ერთ-ერთი აზერბაიჯანული საიტით გავრლედა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბოლნისის რაიონის მკვიდრი ელშან ვაგიფ ოღლუ მამედოვი, მსაუხრობდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, სადაც დაიღუპა. შეუძლია საქართველოს მოქალაქეს იმსახუროს სხვა ქვეყნის ჯარში?

– ეს აზერბაიჯანის კანონმდებლობაზეა დამოკიდებული. ჩვენ მარტივად გვაქვს ყველაფერი. თუ პიროვნება შემჩნეულია, რომ მას იყენებენ დაქირავებულ მებრძოლად, ან მონაწილეობს დანაშაულებრივ სამხედრო დაჯგუფებებში, ის ისჯება. ხოლო თუ მას საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან აქტიური ვალდებულება არ აქვს, არ არის სავალდებულო რეზერვში, გარკვეული კონტრაქტით შეზღუდული და არ იმყოფებოდა სამხედრო აღრიცხავზე, მას საქართველოს წინაშე დანაშაული არ ჩაუდენია და უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყანის სამხედრო ძალებში იმსახუროს. ხოლო აზერბაიჯანი, როგორ უყურებს აზერბაიჯანულ შეიარაღებულ ძალებში მის არამოქალაქის ყოფნას, ეს მათი საქმეა. აქ არანაირი პოლიტიკური თემა არ არსებობს, იმიტომ, რომ საქართველოში დაბადებულს და აქ გარკვეული საკუთრების მქონე პირს შეუძლია აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღოს. სხვა საკითხია ეს რომ ყოფილიყო სამხედრო ფორმირება, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯენელებისგან საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა და ვთქვათ ყარაბაღში იომეს. რა თქმა უნდა ეს დანაშაულია.

– როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო რეგიონული ლიდერის როლში?

– მთავარია ეს ტერმინი საღაც შოვინისტურ -ნაციონალისტური შინაარსისგან გავათავისუფლოთ. რეგიონული ლიდერი ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ წარმატებული და ეს არის არა შეჯიბრება იმაში, ვის უფრო მეტი შეიარაღება და ტანკი ექნება, არამედ იმაში ვისი ეკონომიკური მაჩვენებელი იქნება უკეთესი და ვინ უფრო დიდი პროექტების სათავეში აღმოჩნდება. გარკვეული კულტურული და ცივილური მედიატორის როლის მორგება არ ნიშნავს, შოვინისტურ დამოკიდებულებას. ის ინვესტიციები რაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს წარმატებული და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შემაკავშირებელი. საქართველოში იყოს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორი რუსეთი, ევროპა ან ამერიკა კი არ იყოს, არამედ შეიძლება იყოს საქართველო. ეს რეგიონი სულ რაღაც 20-25 წელია გათავისუფლდა ეკონომიკური ბატონობისგან და მისთვის ტრანსფორმაცია უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი