ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის გააქტიურებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ჩინეთის კავკასიის რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს.

ბადრი ნაჭყებია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, წარმატებულს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს.

“დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს – საკუთარი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება-გაფართოებას ცდილობს. როგორც დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, ჩინურ ეკონომიკას რისკი არ აშინებს. ჩინელი ბიზნესმენები ხშირად მიდიან ისეთ რეგიონებში, სადაც მაინცდამაინც სტაბილური ვითარება არ არის. ჩინეთი კავკასიას, როგორც ეკონომიკურ დერეფანს, დიდი ინტერესით უყურებს. ამაში ახალი არაფერია – აბრეშუმის გზა სწორედ ამას გულისხმობდა. მივესალმები ჩვენი პრემიერის წარმატებულ ვიზიტს და აღვნიშნავ, რომ ჩინეთის ჩვენს რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს. თუ დასჭირდა, ეს ქვეყანა თავის ინტერესებს კარგად დაიცავს” – აცხადებს ექსპერტი.