2024 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია, წლის ბოლოს კი, გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა, თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთს სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობას აბრალებს. ​დაპირისპირებაა მთავრობასა და პრეზიდენტს შორისაც. ეს უკანასკნელი კონსტიტუციის ჩარჩოებიდანაც კი გავიდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა მოჰყვა. შიდა პოლიტიკური პროცესების პარალელურად დაძაბული ვითარებაა მთლიანად რეგიონში. სომხეთაზერბაიჯანსა და რუსეთუკრაინას შორის კონფლიქტების ფონზე საქართველო მშვიდობის შენარჩუნებას და მედიატორის როლის შეთავსებას ცდილობს. რამდენად ახერხებს საქართველო პრაგმატული პოლიტიკით სარგებლის მიღებას და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები არჩევნებამდე, ამის შესახებ Dalma News ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

– 2024 წელი საარჩევნო წელია. როგორ შეაფასებთ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, პარტიები რამდენად არიან კონცენტრირებულები საკუთარ ამომრჩეველზე?

– ჩვენ ჯერ არ ვიცით არჩევნების წინ როგორ დალაგდება “პოლიტიკური პასიანსი”. ბევრ რამეს განსაზღვრავს ის, დეკემბერში მივიღებთ თუ არა რეკომენდაციას სტატუსის მინიჭებაზე და მეორე – მნიშვნელოვანია საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, დარჩება 5%-იანი ბარიერი თუ დაიწევს? ეს არის ის 2 ძირითადი ფაქტორი, რაზედაც ააგებენ პარტიები თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას.

ზაალ ანჯაფარიძე

– ორპოლუსიანობა, რაც ბოლო წლებში ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, ლოგიკურად დისკომფორტს უქმნის თუ არა სხვა პარტიებს?

– ეს გარკვეულწილად ქმნის დისკომფორტს, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა ყოველთვის ნიშნავს ე.წ. შუას გაკრეფას. დისკომფორტი გამოიხატება იმაში, რომ წვრილ-წვრილი პოლიტიკური პარტიები, ბარიერმა თუ არ დაიწია, ფაქტობრივად, პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას კარგავენ. რჩებათ ერთი გამოსავალი, რომ გაერთიანდნენ და ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბონ. ამის ნიშნებიც ჯერჯერობით არ იკვეთება, იმიტომ, რომ არც ერთ პარტიას არ უნდა საკუთარი პოლიტიკური და პარტიული იდენტობის დათმობა. როგორც აღვნიშნე, ახალი კანონმდებლობით მომავალ არჩევნებში კოალიციები და საარჩევნო ბლოკები არ იქნება, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პარტიები, შესაბამისად, მათ ერთი პარტიული ნომრით გამოსვლა მოუწევთ. ვინ ვისთან გაერთიანდება და რა პირობებით, ამაზე ჩემი აზრით, პარტიები ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან. ჩვენთან, როგორც წესი პარტიები არჩევნების წელს იწყებენ ხელ-ფეხის განძრევას.

კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში ელოდებით ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ ქმედებებს?

– დიდი ალბათობით, ამის მცდელობა იქნება, მაგრამ რამდენად გამოუვათ ის, რომ ხელისუფლება ქუჩის აქციებით შეცვალონ… არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამას შეძლებენ.

ფართო განხილვის თემაა ზურაბიშვილიგახარიალომჯარიას ალიანსი. ამასთან დაკავშირებით გარკვეული უარმყოფელი განცხადებებიც გააკეთეს გახარიას პარტიის წევრებმა, თუმცა, თქვენი აზრით, არსებობს ასეთი კავშირის შესაძლებლობა?

– გახარიას პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ ნინო ლომჯარიასთან (ყოფილი ომბუდსმენი. რედ.) არ აპირებენ პოლიტიკური კავშირის დამყარებას. ოპოზიცია ჯერჯერობით არის სუსტი და გახარიას პარტიის შესაძლებლობებზეც საუბარი გადაჭარბებულია. ეს საუბრები დაიწყო მას შემდეგ, რაც „ედისონ რისერჩის“ კვლევაში რატომღაც მას დაუწერეს 10% მაშინ, როდესაც მის წინარე NDI-ს და IRI-ს გამოკითხვებში გახარიას პარტიას, რომ იტყვიან, პულსი არ ესინჯებოდა. გახარიას პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის ალიანსი არ მიმაჩნია რეალისტურად, იმიტომ, რომ გაურკვეველია რა სტატუსით უნდა ჩაუდგეს ზურაბიშვილი თუნდაც ამ ახალ ალიანსს სათავეში? იქნება ეს გახარიას პარტია თუ სხვა. მან უნდა დატოვოს მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა და ჩაებას საარჩევნო პროცესში, სხვა ლეგიტიმური გამოსავალი მას უბრალოდ არ აქვს. მე მაინც ვფიქრობდი, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადას ამოწურავდა, ის გაეცლებოდა საქართველოს და სადმე, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში იპოვიდა სამუშაოს. ახლა, მისი აქტივობებიდან გამომდინარე შესაძლოა საქმე გვქონდეს იმასთან, რომ მას მისმა დასავლელმა კურატორებმა უთხრეს, – იქნებ სჯობს საქართველოში დარჩე და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებაო. არც ამას გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ელექტორალური და პოლიტიკური წონა არც ისეთი მაღალია, როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს.

სალომე ზურაბიშვილი

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ვერ მიაღწია პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი გაიზარდა. ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო დღეს ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?

– ძალიან მაინტერესებს, საიდან დაადგინეს ეს? რეიტინგის მომატებას ან დაკლებას ზომავს შესაბამისი სოციოლოგიური გამოკვლევა. ასეთი გამოკითხვა ჯერ არ ჩატარებულა. ზოგიერთმა ექსპერტმა, როგორც ჩანს საკუთარი ალგორითმებით დააწყო, რომ რადგან ზურაბიშვილმა წამებული გმირის მანტია მოისხა, ეს მას რეიტინგს აუწევდა, არ მგონია ასე იყოს.

– როგორ აფასებთ საკუთრივ გიორგი გახარიას პარტიასაქართველოსთვისშანსებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? შეძლებს ეს პარტია საკუთარი რესურსით იმას, რომ მოხვდეს პარლამენტში?

– ძალიან რთულია ამ ეტაპზე ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ გახარიას პარტიას ჯერჯერობით, არაფერი ღირებული არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის, რომ მათ შანსებზე ვისაუბროთ. როდესაც მათ 7,8% აიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დროებითი წარმატების პერიოდი იყო, როცა გახარიას პარტია მოიაზრებოდა „ქართული ოცნების“ პროექტად. იმ დრომ ჩაიარა. ახლა ვნახეთ, რომ გახარიას პარტია რამდენიმე საკრებულოში ალიანსშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასევე, მისი პარტიის წევრები, რომლებიც წინა პლანზე ჰყავს გამოყვანილი და ასრულებენ მთავარი სპიკერის ფუნქციებს, ჩემის აზრით, არც თუ წარმატებულად, თითოეული მათგანის რეიტინგი საზოგადოებაში არც ისეთი მაღალია. პოლიტიკოსად ვერც ერთი მათგანი ვერ ჩამოყალიბდა.

– ბრძანეთ, რომ როდესაც გახარია გადადგა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ის იქნებოდა მესამე ძალა და რომ ეს იყოოცნებისპროექტი. 2024 წლის არჩევნებისთვის თუ ვარაუდობთ, რომქართულ ოცნებასეყოლება სატელიტი პარტია, რომელიმე არსებული პოლიტიკური ძალის ან ახალი გაერთიანების სახით?

– კი, მაქვს ასეთი მოლოდინი.

პრეზიდენტის არშემდგარ იმპიჩმენტზეც მინდა გკითხოთ. მთავრობა ქვეყნის პრეზიდენტს ადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში, ეს საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა. პრეზიდენტი მაინც განაგრძობს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლას, როგორ შეაფასებთ ზურაბიშვილის ამ ქმედებას?

– ვერანაირად ვერ შეფასდება დადებითად, ვერც პრეზიდენტის და ვერც იმ პოლიტიკოსების არგუმენტები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მონიჭება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუცია, ეს არის აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი აზროვნება. სხვათა შორის, ასეთი არასახელმწიფოებრივი აზროვნება გამოავლინა საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, რომლებმაც არა თუ არასახელმწიფოებრივად, არამედ სამართლებრივადაც შეირცხვინეს თავი, როდესაც ისეთი არგუმენტაცია ჩაწერეს თავიანთ განსხვავებულ დასკვნაში, რომ სამართლებრივი საკითხები და პოლიტიკა ერთმანეთში აურიეს. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს რომ ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბდეს?

– შესაძლოა ასეთი დავალებაც ჰქონდეს. ვინაიდან დასავლეთი ვერ ხედავს ოპოზიციის მხრიდან სიძლიერის ნიშანს, ხედავს, რომ „ენმ“-ს, როგორც პოლიტიკური ძალის დაისის პროცესი უკვე დაწყებულია, შესაბამისად ფიქრობენ, რომ ახალი, ალტერნატიული, პროდასავლური პოლიტიკური ძალა შეაკოწიწონ და ჩაუყენონ სათავეში რომელიმე ქმედუნარიანი ლიდერი. ლომჯარიას გალიდერების იდეა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩავარდა. არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარი ფსონი ზურაბიშვილზე იყოს გაკეთებული. ალბათ, მიიჩნევენ, რომ როგორც პრეზიდენტი, მისი ქარიზმიდან, ბიოგრაფიიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ის, რომ ევროპული ლიდერების კარზე მიღებული ადამიანია, საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში გახდეს ახალი ძალის ლიდერი, თუმცა, როგორ აღიქმება საქართველოში სალომე ზურაბიშვილი, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ.

სალომე ზურაბიშვილი

– მაინც, როგორ აღიქმება ზურაბიშვილი ქართველ ამომრჩევლის თვალში, რომლის არჩევის იძულებასაც დღემდეოცნებასსაყვედურობენ? მისი რეიტინგი არც 2018 წელს გამოიყურებოდა შთამბეჭდავად.

– 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარესს შორის. მეორე მხარეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე. პირველ ტურში ზურაბიშვილმა წააგო, ამით ყველაფერი ნათქვამია, მას რეიტინგი რომ ჰქონოდა დამაჯერებლად მოიგებდა პირველივე ტურში.

რამდენიმე დღის წინ დასრულდათბილისის აბრეშუმის გზისმასშტაბური ფორუმი. საქართველო დღეს, რეგიონში არსებული რთული, საომარი, თუ საომარ საშიში მდგომარეობების ფონზე ახერხებს არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებას, არამედ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს ეყრება საფუძველი. როგორ შეაფასებთ ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკას?

– სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველო ატარებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიძლება თავისუფლად დახასიათდეს, როგორც ერთგვარი ქართული მაგალითი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ძალიან ტურბულენტური გარემოს ფონზე შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად. ხშირად საქართველო კრიტიკის ობიექტის ხდება ამ პოლიტიკის გამო, მაგრამ მან სწორედ მშვიდობისთვის გააკეთა საკმაოდ მტკივნეული და მძიმე არჩევანი იმ პოლიტიკას შორის, რასაც ეწოდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა. ჩვენ შევძელით ჯერჯერობით ომის თავიდან აცილება. ამას ჰქვია ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასა და გადარჩენის პოლიტიკას შორის არჩევანის გაკეთება. საქართველომ გააკეთა არჩევანი გადარჩენის პოლიტიკაზე. ამით უფრო მაღლა დააყენა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და არ გადააქცია ქვეყანა სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად, რისი ალბათობაც იყო, თუ საქართველო უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამდა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რისი მოწოდებებიც იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან. ეს მოწოდებები დღემდე გრძელდება. ჩვენი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ქარტეხილების პერიოდში საქართველოს მეფეები მტკივნეულ, მაგრამ საჭირო არჩევანს აკეთებდნენ. გავიხსენოთ თუნდაც „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმება, რომელიც დღემდე განსჯის საგანია. მაგრამ მან საქართველოს ერთგვარად ამოსუნთქვის საშუალება მისცა, როდესაც განადგურების საფრთხის წინაშე იდგა ერი.

– ფორუმის პოლიტიკური გზავნილი იყო საქართველო, როგორც მედიატორი სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტში. რა შესაძლებლობები გააჩნია ამ მხრივ საქართველოს?

– “აბრეშუმის გზის ფორუმის” აქტუალობა განაპირობა იმ მდგომარეობამ, რაც შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების შედეგად სავაჭრო და ენერგომატარებლების ტრანზიტის მარშრუტებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლა – შუა დერეფნის მიმართულებით. საქართველო ცდილობს ამის ერთგვარ კაპიტალიზაციას, რომ თავისი როლი გაზარდოს. ეს ძალიან კარგი და საჭირო იდეაა, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ არ ჩამოვრჩეთ ამ დერეფნის სხვა ქვეყნებს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლის წინ წამოწევა. ღარიბაშვილი ცდილობს საქართველო კვლავ გახდეს მოლაპარაკებების მოედანი. რამდენად წარმატებით გამოვა ეს, დიდად არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში საქართველოზე გაცილებით დიდი და გავლენიანი მოთამაშეები არიან ჩართულნი, შესაბამისად, კონფლიქტის მხარეებს ურჩევნიათ მათთან დაიჭირონ საქმე, ვიდრე საქართველოსთან. საქართველო შესაძლოა გამოიყენონ, როგორც ერთ-ერთი მოედანი სომხეთისა და აზერბაიჯანული ოფიციალური პირების შეხვედრისთვის. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები თბილისში არ წყდება, ისინი წყდება მოსკოვში, ბრიუსელში ან ვაშინგტონში.

რა მოლოდინები გაქვთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? მიიღებს საქართველო წლის ბოლოდ ამ სტატუსს?

– ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ევროკომისიაში სხვადასხვა დაჯგუფებები არსებობს, რომლებიც არაერთგვაროვან აზრზე არიან იმასთან დაკავშირებით, მისცენ თუ არა საქართველოს სტატუსი. ერთნი თვლიან, რომ სტატუსის მიღება უნდა უკავშირდებოდეს იმას, თუ რამდენად კარგად შესრულდა რეკომენდაციები, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ გეოპოლიტიკური კონტექსტი დააყენონ გადაწყვეტილების მიღებისას წინა პლანზე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოიმატა სტატუსის მონიჭების ალბათობამ.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი