კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება დღითიდღე იძაბება. გამოჯანმრთელებულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა არაპროპორციულად იცვლება. 14 აპრილს, კორონავირუსი დღე-ღამის განმავლობაში ერთდროულად 30 პაციენტს დაუდასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 394-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალს და ერთ სასულიერო პირს, რომლის ოჯახის წევრი ამავე კლინიკის ექთანი აღმოჩნდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 3 ასაკოვანი პაციენტები, რომლებსაც, Covid-19-მდე სხვადასხვა სიმძიმის ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. გარდა ამისა, კორონავირუსზე საქართველოში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე მკურნალობს, საქართველოს კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამშობლოში თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში 86-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00-საათიდან, ქვეყნის დიდი ქალაქები: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 10 დღით დაიკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა იკრძალება. შემოიღეს ახალი შეზღუდვები. მათ შორის სავალდებულო ხდება სამედიცინო ნიღბების ტარება, განსაკუთრებით დახურულ შენობებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, თუმცა, დაშვებულია მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება. ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას მაღაზიები, აფთიაქები და დისტრიბუციის მანქანები.
იკრძალება სასაფლაოებზე გასვლაც. აღდგომის დღესასწაულის დღეებში რეგიონებში სასაფლაოები დაიხურება. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.
ახალი აკრძალვების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება, სადაც როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, წესების გამკაცრება იმის გამო გახდა საჭირო, რომ მთელი რიგი შეზღუდვების მიუხედავად ვირუსის გავრცელების არე ფართოვდება, ხოლო მოქალაქეების გადაადგილების სიხშირე არ იკლებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა ახალ წესებს არ დაემორჩილება და კანონის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდება, ხელისუფლება იძულებული გახდება, კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს ზომები, რაც შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებითი კარანტინის გამოცხადების საბაბი გახდეს.
“ზომების ყოველი გამკაცრება ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობით მხარდაჭერას და ქვეყანაში მსხვერპლის მინიმალიზაციას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებში მცირე გამონაკლისებიც არის დაშვებული. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად, დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის, ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.).
შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მან საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის, ან ეკონომიკის სამინისტროს.
კერძო კომპანიებში დასაქმებული პირების სახლიდან სამსახურში და პირიქით გადაადგილება დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს. შესაძლებელია თანამშრომელთა გადაადგილება M2 (მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით სამარშუტო ტაქსების განსაზღვრას ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, თუ პირს სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები აქვს (დაეწყო მშობიარობა, აქვს მოტეხილობა და ა.შ.) ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად თანმხლებ პირთან ერთად. პირს, რომელსაც სჭირდება აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. მისი არქონის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა პაციენტზე მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.
პარალელურად კარს მომდგარია მართლმადიდებლური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული – ქრისტეს აღდგომა. ქვეყანა დილემის წინაშეა. ერთი მხრივ ხელისუფლება საგანგებო რეჟიმს ამკაცრებს, მეორე მხრივ ეკლესია მსახურების შეწყვეტას არ აპირებს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ წავიდნენ ეკლესიაში.
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებამ საქართველოს მართლმადიდებელი მრევლისა და საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოიწვია. მორწმუნეთა ნაწილი აცხადებს, რომ აღდგომის ღამით ეკლესიაში ფეხით რომ მოუხდეთ წასვლა, წირვას მაინც დაესწრებიან.
საგანგებო რეჟიმის გამკაცრებამდე, ხელისუფლების, ინფექციონისტებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. შედეგად მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს და სააღდგომო მსახურებისთვის სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მეორეს მხრივ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს.
“საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოელის ის, რაც იტალიაში მოხდა და მაშინ “ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს”, – ამბობს იმნაძე და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს ერთხელ უარი თქვან ტრადიციაზე იმისათვის, რომ ერი გადარჩეს.
მოსალოდნელ საშიშროებაზე განცხადებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაც აკეთებს და აცხადებს, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედა.
“კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად მატულობს ქვეყანაში, ამ ფაქტს ადასტურებს”, – აცხადებს პრემიერი გიორგი გახარია.
თუ როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, პრემიერის თქმით, ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და ეპიდემიოლოგების დაუღალავი შრომის მიუხედავად ზუსტ დროს ვერავინ ასახელებს. COVID-19 -ის გავრცელების პიკის დადგენა მსოფლიო მასშტაბითაც შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული შეზღუდვები უზარმაზარი დისკომფორტის მომტანია, როგორც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების, ისე მათი შემოსავლების, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისა და სამუშაო ადგილებისთვის, გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
მისივე შეფასებით, საქართველოში დღეს, ინფიცირებულ პირთა შედარებით მცირე რაოდენობა არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება საკმაოდ ადრე დაიწყო. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ასევე მოწინავეთა რიგებში იყოს, როდესაც დაიწყება ეკონომიკის აღდგენა და ეს მოლოდინი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს ეყრდნობა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საგანგებო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება, მიზეზთა გამო, ერიდება საპატრიარქოსთან დაპირისპირებას და ცდილობს კომპრომისული ვარიანტი მოძებნოს. მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვები მნიშვნელოვანწილად უკავშირდება იმას, რომ შეზღუდონ მოქალაქეების მისვლა სააღდგომო ლიტურგიაზე და ამით, ხელი არ შეუწყონ ინფექციის გავრცელებას. ხოლო, ინფიცირების მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში ქვეყანა საყოველთაო კარანტინის წინაშე დადგება.
“წმინდა ეპიდემიოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ, მიზანშეწონილი იქნება, რომ ადამიანები ეკლესიაში არ შევიდნენ და სახლში დარჩნენ. მეორე მხრივ, არიან მორწმუნენი, რომლებსაც ვერანაირი შეზღუდვა ვერ შეაკავებს. ეკლესიასაც აქვს თავისი მოსაზრებები, რის გამოც, ისინი ვერ აძლევენ თავს უფლებას, მრევლს ეკლესიის კარი დაუკეტონ. ასეთი დილემის წინაშეა დღეს ჩვენი საზოგადოება”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ასევე არსებობს საშიშროება, რომ დავირუსების არეალი ეკლესიისგან დამოუკიდებლად გაფართოვდეს, მაგრამ გარკვეულ ჯგუფებს მიეცემათ საბაბი, რომ ეს ეკლესიას დააბრალონ.
“შექმნილ ვითარებაში ვერც წინა ხელისუფლება გაბედავდა საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირებას, რომლებიც დღეს “ქართულ ოცნებას” ამის გამო აკრიტიკებენ”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
შორენა პაპაშვილი