რეჟისორ რუბენ გინის დოკუმენტური ფილმი “ანდინ. სომეხი მოგზაურების ქრონიკები”, რომელიც სომხების ინდოეთთან, ჩინეთთან და აბრეშუმის გზის სხვა შორეულ ქვეყნებთან ისტორიული ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს, სომეხმა მაყურებელმა ორი წლის წინ ნახა. მაშინ ჩვენება საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, დღეს კინორეჟისორმა და სცენარისტმა რუბენ გინმა ხელოვნების ცენტრ “არევის” დარბაზში თავისი ახალი ნაშრომი – “Andin. ჩინეთში მცხოვრები სომხების ისტორიული შტრიხები” წარადგინა. ამ ისტორიულ შტრიხებს ახალგაზრდა რეჟისორმა საფუძვლად საარქივო მასალა, უიშვიათესი ილუსტრაციები და ექსპერტების ინტერვიუები დაუდო, რომლებიც დოკუმენტური ფილმის “ანდინ.სომეხი მოგზაურების ქრონიკების” გადაღებისას მოაგროვა. წიგნი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უძველესი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების, დიდებული აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ მოგვითხრობს, ასევე სომხების ჩინეთში ცხოვრების ისტორიის ერთობ საინტერესო ეპიზოდებს აცოცხლებს.

“ფილმის გადაღება 26 წლისამ დავიწყე და 31 წლის ასაკში დავასრულე. ეს, მართლაც რთული გზა იყო და როდესაც ვუფიქრდები, საიდან მოდიოდა ის ენერგია, რაც წინსვლაში მეხმარებოდა, ვხვდები, რომ დიდი სურვილის დამსახურება იყო – მეჩვენებინა თქვენთვის ყველაფერი რაც თავად ვნახე 19 წლის ასაკში, როდესაც პირველად მოვხვდი ჩინეთში”, – ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი.

მონტაჟზე მუშაობისას რუბენი მიხვდა, რომ გადაღებული მასალის, გარკვეული ნაწილი მკაცრად განსაზღვრულ 2 საათიან ფილმში ვერ მოხვდებოდა. მაგალითად, 4 ინტერვიუ მთლიანად ამოიღეს (ესენი იყვნენ ალექსანდრე ვან ჩჟი ჩენი – შანხაიში მცხოვრები პროფესორი, მანჯურიაში რუსი და სომეხი ემიგრანტების ისტორიის ექსპერტი; არცვი ბახშინიანი – კინოკრიტიკოსი, ისტორიკოსი, თარჯიმანი; სუსანა მაჩკალიანი, რომელიც მანჯურიაში 40-იანი წლების ბოლოს დაიბადა და 10 წლის ასაკში სომხეთში დასახლდა; ა.აპკარი – ცნობილი გვარის აპკარის, რომელიც მე-17-18-ე საუკუნეებში ინდოეთსა და ირანში ძალზედ პოპულარული იყო, უკანასკნელი წარმომადგენელი). რეჟისორის თქმით, მათი თითოეული ისტორია ცალკე სურათს ქმნის. რეჟისორს წიგნის დაწერის იდეა სწორედ დოკუმენტური ვიდეომასალის დამონტაჟების დროს გაუჩნდა და თუკი ფილმი ისტორიულ მონაკვეთს გლობალურად მოიცავს, წიგნი სომხებისა და ჩინელების ურთიერთობების ისტორიის კონკრეტულ თავებზე ამახვილებს ყურადღებას. ფილმიც და წიგნიც სომეხ და ჩინელ ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობების ჩვენების პირველი მცდელობაა.

“დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის ისტორია მხოლოდ ჩვენი სამშობლოს საზღვრებით არ მთავრდება”, – დასძინა რუბენ გინმა.

ავტორი, სომეხი მოგზაურების, ვაჭრების და მმართველების შესახებ თხრობის მეშვეობით ყვება სომხების როლზე, ჩინეთთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარების საქმეში.

ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში ტიან ერლუნმა, სტუმრებთან საუბარში განაცხადა, რომ ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი გმირი წიგნის ავტორია.

“თითქმის ბოლომდე წავიკითხე წიგნი და შემიძლია ვთქვა, რომ ის არა მხოლოდ საინტერესო და უნიკალურია, არამედ აუცილებელიც. ეს პირველი მონოგრაფიაა, რომელიც სწორედ ისტორიულ მომენტს და ჩვენი ხალხის მეგობრობას ეძღვნება”, – დასძინა ტიან ერლუნმა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა სომხური ენის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი სერგო ერიციანი:

წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობისთვის. რუბენის მიერ განვლილი გზა საფუძველს უყრის შემდგომ კვლევებს. როგორც იქნა, გვაქვს ნაშრომი, რომელსაც დიდხანს ველოდით

თავის მხრივ, წიგნის რედაქტორმა არცვი ბახჩინიანმა ტიან ერლუნს მიმართა, რომ მომავალში წიგნის ჩინურ ენაზე ხილვას იმედოვნებს.

“სამწუხარო იქნება, თუ რუბენის კოლოსალურ შრომას – ძირითადად, 11 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევებს და გადაღებულ მასალას ყველაზე ფართო მაყურებელი ვერ იხილავს. თავად რუბენმა თავმდაბლურად უწოდა წიგნს “ჩინეთში მცხოვრები სომხების ისტორიული შტრიხები”, სინამდვილეში ეს ძალზედ სერიოზული ისტორიული კვლევებია”, – განაცხადა ბახჩინიანმა.

წიგნი “Andin. ჩინეთში მცხოვრები სომხების ისტორიული შტრიხები” საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის – ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემებზე მომუშავე პროფესიონალებით დაწყებული და სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებით დამთავრებული.

წიგნი  საგამომცემლო სახლ “ანტარესში” მოგზაურობის მსოფლიო ენციკლოპედია Planetguide -ს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Maram-ის ფოტოები