ახალგაზრდა მხატვარი და არქიტექტორი ლელი შევჩენკო თავისი ფერადოვნებით გამოირჩევა. მისი გვარი უკრაინულია, თუმცა, თავად მიაჩნია, რომ ქართული ხასიათი აქვს. ფერი ყოველთვის იყო მისთვის რელაქსაციის და სტრესიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება. ბავშვობიდანვე ფერში აღვიქვამდი ადამიანების აურას, განწყობას, რიცხვებს, დღეებს…15713236_10208390651307149_222267529_nბავშვობიდან უყვარს შემოქმედებითისა და პრაგმატულის გაერთიანება. ალბათ, ამ ინტერესმა მიიყვანა საბოლოოდ არქიტექტურამდე, რადგან მიაჩნია, რომ არქიტექტურაში ეს ორი რამ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ლელი შევჩენკოს მრავალ საინტერესო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისთვის არ არსებობს ძველი და დრომოჭმული, შეუძლია ყველა ნივთს ახალი სული შთაბეროს, ახლებურად დაგვანახოს და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციოს. ეს თვისება ბავშვობიდან მოსდევს, საკუთარი ხელით აკეთებდა განსხვავებულ ნივთებს, შეძენილი და მზა არასდროს მოსწონდა. უყვარდა ექსპერიმენტები, არაფრისგან ახლის შექმნა.

როგორია ლელი შევჩენკოს სამყარო და როგორ შეძლო მძიმე ბავშვობასა და ნათელ მომავალ შორის ზღვარის გავლება, ამის შესახებ იგი, Dalma News-ს ესაუბრა.

– საკუთარ ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი, აფხაზეთის ომამდე და ომის შემდეგ. ომამდე ყველაფერი ფერად ზღაპარს ჰგავდა. ზღვისპირეთში გატარებული მზიანი, თბილი დღეები, ახლობლების სიყვარული, მომღიმარი ადამიანების სახეები და კეთილი გარემო ომმა რადიკალურად შეცვალა. ხალხი დაუნდობელი, სასტიკი გახდა, ფერები და მზეც აღარ ჩანდა და გარშემო საშინელი ხმაური, შიში ტრიალებდა. მაშინ მონახა ჩემში გამოსავალი შემოქმედებითმა იმპულსმა და ვცდილობდი, შავ-თეთრი, გაბოროტებული სამყარო გამეფერადებინა. დავიწყე ხატვა, ძერწვა, დეკორატიულ დეტალებზე მუშაობა, რომ საკუთარ სამყაროში გავქცეოდი ომის სისასტიკეს და დამევიწყებინა იქ ნანახი ყველაფერი ცუდი…

როდესაც დაიწყო აფხაზეთის ომი, ჩემი ოჯახი იძულებული გახდა მშობლიური სახლ-კარი მიეტოვებინათ და საცხოვრებლად სოხუმიდან თბილისში გადმოვსულიყავით. მანამდე კი იყო რამდენიმეწლიანი ცხოვრება ხაშურსა და ბორჯომშიც.

– თქვენი გვარი წარმოშობით უკრაინიდან არის. როგორ მოხვდით საქართველოში?

– ჩემი დიდი ბაბუა სამხედრო ინჟინერი იყო. საქართველოში გზების მშენებლობაზე მუშაობდა. ქართველი გოგონა შეუყვარდა, შექმნა ოჯახი და დარჩა საქართველოში. მას შემდეგ უკვე მრავალი თაობა ვართ საქართველოში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მომძლავრებული იყო ნაციონალური ნიშნით ადამიანების გამორჩევა, იქმნებოდა პრობლემები ბიუროკრატიის მხრივაც, ამიტომ მამამ გვარი-შევჩენკო ბებიის ქართული გვარით შეიცვალა… გავიდა წლები და ჩემი ნამდვილი გვარი ჩემს შემოქმედებით ფსევდონიმად იქცა. ვინც კარგად არ მიცნობს და არ იცის ეს ისტორია, აბნევს ჩემი ორი გვარი – ტაბატაძე-შევჩენკო.

– როდის დაიწყეთ ხატვა?

– ხატვა და საკუთარი ხელით სხვადასხვა ნაკეთობის შექმნა ადრეულ ასაკში დავიწყე. ეს ჩემთვის თამაშის და გართობის ერთ-ერთი ფორმა იყო. ოთხი-ხუთი წლის ასაკამდე უფრო ცეკვა, სიმღერა და თამაში მიტაცებდა.

15683491_10208390649747110_645204573_n6 წლის ასაკიდან კი დავიწყე რთული კომპოზიციების ხატვა, დეკორატიული კომპოზიციებისა და ქანდაკებების კეთება, წერა… ფერი ჩემთვის ყოველთვის იყო რელაქსაციის და სტრესიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება. ბავშვობიდან ფერში აღვიქვამდი ადამიანების აურას, განწყობას, რიცხვებს, დღეებს…

– რატომ აირჩიე დიზაინერის პროფესია?

– რა საინტერესოა არა?.. ესაუბრები ადამიანს, მასთან მსჯელობისას თანდათან მკვეთრი ხდება ხასიათის ბუნდოვანი სილუეტი და მკაფიოდ ჩანს მისი პიროვნების შტრიხები. რა მოსწონს, რა არ მოსწონს. რა ხდის ბედნიერს. რა არის მისი ღირებულებები, როგორი ცხოვრების რეჟიმით ცხოვრობს, როგორი ოჯახი ჰყავს. თანდათან შენიანი ხდება და გინდა, მაქსიმალურად კომფორტული სივრცე შეუქმნა, ბედნიერება იგრძნოს, დაისვენოს სულიერად, საჭირო დროს კონცენტრაცია მოახდინოს სამუშაოზე, ლაღად მიიღოს მეგობრები, გახალისდეს…

ხომ სრულიად სხვადასხვა პროფესიებია დიზაინერი და მსახიობი, მაგრამ მუშაობის მეთოდიკა ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. სხვისი ხასიათი უნდა შეისწავლო, ჩაუღრმავდე, შეხვიდე “სხვის ტყავში” და მისი თვალებით შეხედო სამყაროს. და ბოლოს, ყველაზე დიდი ჯილდო, მათი ბედნიერი თვალები, რომ ისეთ გარემოში იქნებიან, როგორიც მათ უნდოდათ. დიზაინის საშუალებით შეგიძლია ადამიანების ყოველდღიურობაში შეიტანო ხალისი, კარგი გარემო შეუქმნა მათ და თავი უფრო ბედნიერად აგრძნობინო. დიზაინერს კეთილ ფსიქოლოგსაც ვუწოდებ ხოლმე ხუმრობით, რადგან სივრცე ადამიანივით არის და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს.

– ძირითადად რა ჟანრში მუშაობთ?

– კონცეპტუალური არტის კეთება მიყვარს, ინტერაქტიული ხელოვნება, ასევე მიზიდავს არტთერაპიის მიმართულებით მუშაობა, როცა ფერებით მკურნალობ ადამიანების განწყობას. გამოფენები მქონდა თბილისის გრიბოედოვის და თუმანიშვილის თეატრებში, ხელოვნების გიმნაზიაში, სიონის ქარვასლაში, სამხატვრო აკადემიაში, პროკრედიტ ბანკის საგამოფენო სივრცეში. მოვაწყვე გამოფენები რაჭაში, სადაც ჩემი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები წარვადგინე.

მეგობრებთან ერთად, რამდენიმე არტ ინსტალაცია შევქმენი. ერთ-ერთის სახელია Roll Tube. გამოფენა ძველ თბილისში, მეიდანში, გახსნილ ვერანდაზე მოეწყო. ვერანდიდან ძველი თბილისის ხედები, მტკვარი და მეტეხი მოსჩანდა.

15731004_10208390666187521_1109862643_nგამოფენაზე წარმოვადგინეთ სხვადასხვანაირად განთავსებული ქაღალდის გრაგნილები, რომლებიც სულ მოძრაობდნენ, ხოლო გრაგნილებს შიგნით კალეიდოსკოპის პრინციპით გვქონდა ფერწერული ნამუშევრები დახატული. ჩვენი მთავარი კონცეფცია იყო – შეხედე სამყაროს ფერების გავლით. ამ გამოფენის ყველაზე მთავარი ღირებულება იყო ის, რომ ყველა ფენისა და ასაკის ადამიანი დაესწრო. აქ იყვნენ, როგორც ინტელექტუალები, ასევე ქუჩიდან შემოსული, მიუსაფარი ადამიანები, ბავშვები და ა.შ. სწორედ Roll-Tube-ს საშუალებით მოხერხდა ზღვარის წაშლა საზოგადოებრივ – სოციალურ ფენებს შორის. გამოფენიდან ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერება ე.წ ქუჩის ბავშვებმა მიიღეს. არასდროს დამავიწყდება მათი გაბრწყინებული თვალები, როცა ამ ნაცრისფერ, დახვეულ ქაღალდებში გაიხედეს და ფერები დაინახეს. გამოფენისა და კონცეფციის ავტორები ჩემთან ერთად, ჩემი მეგობრები მარიტა რურუა და სოფო სილაგაძე იყვნენ. ამ გამოფენა- ინსტალაციამ არტ კონკურსზე გაიმარჯვა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის და სამხატვრო აკადემიის ეგიდით მოეწყო. გამოიცა კატალოგი.

– რა არის თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში და რა უნდა იყოს ზოგადად ადამიანებისთვის უმთავრესი?

– მგონია, რომ მთავარია, ადამიანებს გვქონდეს გულში სითბო, გონებაში სინათლე და სულში სიმსუბუქე, როცა ეს სამივე გაერთიანებულია, მაშინ ადამიანი ნამდვილად ბედნიერია. ჩემი დევიზია – “სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ერთი მარცვალით მეტი სიკეთე უნდა მოვუტანო საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს”. ჩემთვის ყველაზე მთავარი ორი რამ არის: ორ საპირისპირო მხარეს შორის ბალანსის შენარჩუნება და კარგისა და დადებითისკენ განვითარება, წინსვლა, დინამიკა. ბალანსის შენარჩუნება ურთიერთობებშიც მნიშვნელოვანია და შემოქმედებაშიც. თუ ვამჩნევ, რომ დადებითმა უკანა პლანზე გადაიწია და ურთიერთობებში ნეგატივი შემოიპარა, ვცდილობ მოვნახო მიზეზი, სად დავაკელი ყურადღება? სად, არ გამოვიჩინე სითბო? სად უნდა დამეთქმო, ან პირიქით, როდის სჯობდა ცოტა მეტი პრინციპულობის გამოჩენა? მდინარესავით დინამიკა მიყვარს. ერთ ადგილზე გაყინულ და ტრაფარეტულ ურთიერთობას ვერ ვეგუები, ჩემის აზრით, ასეთი ურთოებები ყალბია.

– როგორი დღესასწაულია შენთვის ახალი წელი?

– ყველაზე მეტად შობა, აღდგომა და ფერისცვალება მიყვარს. სულ სხვაგვარ, საოცრად ამაღლებულ განწყობაზე ვარ ხოლმე. ამის საფუძველი მხოლოდ რელიგიურ ტრადიციებსა და სიმბოლიკაში არ არის. ადამიანმა ყოველი დღე დღესასწაულად უნდა აქციოს. ყოველი დღე ხომ ისედაც მზესთან, სიცოცხლესთან, ბუნებასთან, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის კიდევ ერთი შანსია. ზოგადად სიცოცხლე მიყვარს თავისი ნათელი და ბნელი მხარეებით, მის ყოველ დღეზე ვარ შეყვარებული. ახალ წელს ვცდილობ, ყოველთვის კარგი განწყობით შევხვდე, ძველ წელს ვატან ნეგატიურს, მადლიერი ვარ ყოველი მოვლენის და ადამიანისთვის, რაც იმ წელმა მომიტანა. შემთხვევითობის არ მჯერა და მგონია, რომ ყველა და ყველაფერი მაძლევს რაღაც ახალს, მასწავლის…

15683431_10208390665867513_1431534235_n

– საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?

– მთელი ოჯახი აუცილებლად ერთად ვიკრიბებით და სპონტანურად ვცდილობთ სხვადასხვა რამ მოვიფიქროთ. ხან პატარები გვიწყობენ სპექტაკლს, მერე პრემიერაზე გვეპატიჟებიან, ვიძენთ ბილეთებს და მიღებულ თანხას თვითონ იყენებენ პატარ- პატარა ოცნებების ასახდენად….

– რა ისურვებთ 2017 წელს და ოცნებების ახდენის თუ გჯერათ?

– პირველ რიგში სულიერი სიმშვიდე მინდა გვქონდეს ადამიანებს. როცა შინაგანად მშვიდია ადამიანი, მას არაფრის მტკიცება არ სჭირდება. ჯანსაღად მოაზროვნე, თავდაჯერებული და სულიერად მშვიდი ადამიანი აგრესიისგან ძალიან შორს არის. ოცნებების ახდენის მჯერა. რადგან მჯერა უზენაესის და ადამიანის ურთიერთკავშირის. ჩვენ ხომ ძალიან დიდი სამყაროს მიკრომოდელები ვართ, ამიტომ მგონია, რასაც ჩემში ფიქრებში გავატარებ, ის დიდ სამყაროს გადაეცემა და უკან დამიბრუნდება ახდენილი ოცნების სახით.

– ყოველთვის ასეთი ფერადოვანი ხართ, თუ ზოგჯერ ერთფეროვნებაც გიპყრობთ?

– ზოგჯერ მგონია, გარედან ასე ჩანს, რომ ვარდისფერი სათვალე მოვირგე. რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას ყველა თავისებურად ცდილობს, მე ჩემი გზა მაქვს, ამ გზაზე სიარულში შედის სწორედ ეს ფერადოვნება და სიხალისე.

– წელიწადის რომელ დროს გავხართ?

– გააჩნია განწყობას, შეიძლება მოღუშული და უჟმური ზამთარიც ვიყო. ხან ზაფხულივით გავხალისდე, ხან კი შემოდგომასავით დავსევდიანდე. ყველაზე მეტად გაზაფხული მიყვარს, როცა სიცოცხლე იღვიძებს და ზაფხული, როცა ყველაზე მეტად იგრძნობა მზე და სიცოცხლის სუნთქვა.

– რით ხართ ამჟამად დაკავებული?

ნატალი ზურაბიშვილთან და სოფო ბეიტრიშვილთან ერთად შევქმენი შემოქმედებითი სახელოსნო სტუდია “სპექტრუმი”. ვქმნით დეკორატიულ აქსესუარებს, ვმუშაობთ ბატიკასა და მინანქარზე, ვხატავთ სხვადასხვა ინტერიერის სივრცეებს. ახლახანს დავასრულეთ სეფსისის ცენტრის პედიატრიული განყოფილების ინტერიერის დიზაინზე მუშაობა. მთელი კლინიკა მოვხატეთ. პროექტსა და ესკიზებზე მუშაობისას გამოვიკვლიე ფერის ფსიქოლოგია და ბავშვთა ფსიქოლოგია. გავიარე კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმენი ნახატების კომპოზიციები. თერთმეტმა უნიჭიერესმა მხატვარმა კი დახატეს, გაალამაზეს, თავისი ნიჭი, ფანტაზია და ბავშვებისადმი სიყვარული ჩადეს ამ საქმეში. ამჟამად ვმუშაობ სამშობიარო კლინიკის ინტერიერის დიზაინის პროექტზე. რამდენიმე კერძო დაკვეთაც მაქვს. დედასთან ერთად ვწერ პროგრამას ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის. გაზაფხულიდან ამ სასწავლო პროგრამასაც შევთავაზებთ ბავშვებს. ასევე ვემზადები დიზაინის ბიენალესთვის.

– ჩემის აზრით მოუსვენარი და ძალიან მშრომელი ადამიანი ხართ…

– მიყვარს ფრაზა: – რატომაც არა? როცა ამ კითხვას ვსვამ, უკვე გამოწვევის წინაშე ვდგები. რატომაც არა? გავაკეთოთ რაღაც ახალი, საინტერესო, სიცოცხლე მოვუტანოთ ჩამქრალს და გავაცოცხლოთ. როგორც კი ამ კუთხიდან შევხედავ საკითხს, ყველაფერი სხვაგვარად საინტერესო ხდება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი