საქართველოს მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ, ძირითადმა გამწევმა პოლიტიკურმა ძალამ, პარტია “ქართულმა ოცნებამ”, რამდენიმე თვის წინათ ოფიციალურად განაცხადა, პოლიტიკური ყრილობაც ჩაატარეს, სადაც ახალი თავმჯდომარე აირჩიეს და საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს შეუდგნენ. ამით დასრულდა ერთი ეტაპი, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და ქვეყნის მოსახლეობას ახალი ეტაპის დაწყებას დაჰპირდნენ. ამ დღეებში ხელისუფლების ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა ყოფილმა პრემიერმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმაც ვრცელ წერილში შეაფასა და წინასაარჩევნოდ სატელევიზიო გამოსვლად დაანონსა. მან მორიგ ჯერზე, თანაც წერილობით დაადასტურა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართვას, მითუმეტეს არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. არც ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ დაუმალავს სიმფატიები.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით. ის ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, სწორედ ისეთი, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს. ბიძინა ივანიშვილის ასეთი დაბეჯითებული განცხადება მიზნად იმას ისახავს, რომ ვიდრე ქართველი ამომრჩეველი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და საარჩევნო ყუთთან საკუთარ არჩევანს შემოხაზავს, ბოლო წლების მოვლენების ივანიშვილისეული ანალიზსს მიუგდოს ყური და გაიზიაროს.

და მაინც, რატომ უნდა დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობამ მხარი “ქართულ ოცნებას”?

მოვლენების პოლიტიკური ანალიზი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლიდან, იმ პერიოდიდან დაიწყო, რამაც პოლიტიკაში მოსვლა აიძულა და თავს ვალდებულად მიიჩნევს, ხელისუფლების საქმიანობაზე მოსახლეობას ანგარიში თავად ჩააბაროს, როგორც ამ ძალის ნათლიამ და ჩრდილოვანმა, თუ რეალურმა ლიდერმა.

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ”, – წერს ივანიშვილი თავის ანგარიშში.

მიმოიხილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის ხანა და ამგვარად, მოსახლეობას კიდევ შეახსენა მძიმე რეალობა:

“ერთ დიდ ციხედ გადაქცეული ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი, როდესაც ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. როდესაც ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს – არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!,” – აცხადებს ივანიშვილი.

მისი აზრით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მართვის სტილი სრულიად ანტიევროპული იყო და, მხოლოდ ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც მისი აზრით, ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის.

რამ აიძულა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა?

როგორც თავად ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ერთმანეთისგან გათიშვა, იყო ეს ძალადობის, მოსყიდვისა, თუ ჭორების გზით, მაგრამ ფაქტია, რომ 2011 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სრული გათიშულობა და დაბნეულობა სუფევდა. ლიდერების გარეშე დარჩენილი ხალხი შეშინდა, დაიბნა და საპროტესტო ტალღა მინელდა. მაშინ მიხვდა ივანიშვილი, რომ საჭირო იყო ქართული საზოგადოების მოჯადოებული წრიდან გამოყვანა, რომელსაც საკუთარი ძალებით ბრძოლის რესურსი აღარ ჰქონდა.

მეც მძიმე არჩევანი დამიდგა: ან იმ რეალობას უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ათწლეულებით ამ კოშმარში დარჩებოდა, ხელი ჩამექნია, წავსულიყავი და თავი უცხოეთისთვის შემეფარებინა, ან უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა…

შემდეგ რა და როგორ მოხდა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამჯერად უფრო საინტერესო ის აქცენტებია, რომელსაც თავის წერილში ივანიშვილი გამოჰყოფს. “ქართული ოცნების” მთავრობის უპირველეს დამსახურებებს შორის ასახელებს სამაგალითო – 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, დარწმუნებულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევეთივე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება.

“მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას.

მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და ბიზნესების წასართმევად. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს.

მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ აქვს,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე. ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ფერმერებს სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიან, უპროცენტო სესხებს. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში.

“აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა”, – ასეთია ბიძინა ივანიშვილის თვალით დანახული “ქართული ოცნების” ხელისუფლების ოთხწლიანი მართველობის შედეგი.

ექსპრემიერის შეფასებით, 2013-2015 წლებში, საქართველოს ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მნიშვნელოვნადა გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა. ექსპლუატაციაში შევიდა 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური. უახლეს მომავალში კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური მოქმედდება, მათ შორის – 416 მილიონი დოლარის ღირებულების შუახევჰესი. დაიწყო ნენსკარაჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.

“გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

წერილში საუბარია ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზეც. კერძოდ, მისი შეფასებით, საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, იმ ფონზე, როდესაც რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსთვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა.

2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.

“დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ექსპრემიერი თავის საანგარიშო წერილში საგარეო პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დასავლური კურსი არ ნიშნავს, მეზობლების უპატივცემლობასა და მათი ინტერესების უგულვებელყოფას. მისი აზრით, სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან.

“ქართული ოცნების” უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებად, კვლავ დარჩება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება და პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება თურქეთთან, აზერბაჯანთან, სომხეთთან

საქართველო საინტერესო თანამშრომლობას იწყებს ირანთან, ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე “აბრეშუმის გზის” პროექტში.

რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოკვეთება საქართველოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ექვსჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულს, ეს “ქართული ოცნების” დე-ფაქტო ლიდერს მომავლ პერსპექტივებზე აქცენტების გაკეთებაში ხელს არ უშლის. ივანიშვილი მოსახლეობას არწმუნებს, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება.

“სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030” დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, ქართულ ფენომენსაც “ოქროს ხანა” დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ მაღალ ღირებულებეზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო, უპირველესად, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.

მისი შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობამ სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს თავისუფლება მოიპოვა და სწორ არჩევანს დღესაც “სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს”. წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილი ქვეყნის რეგიონებში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს გეგმავს. სურს შევხდეს საზოგადოებას და ესაუბროს ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე. ჟურნალისტებსაც და facebook-ის მომხმარებლებს ჰპირდება, რომ მათ კითხვებს უპასუხებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გააკეთოს ადამიანმა პოლიტიკური არჩევანი.

ბიძინა ივანიშვილის “ღია წერილზე” პოლიტიკოსების შეფასებები

ბიძინა ივანიშვილის “ღია წერილის” შეფასება არ დაუგვიანია საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც და მას წარსულის მოვლენების, დღევანდელობისა და გასული წლების დინამიკის საკმაოდ მკაფიო და საინტერესო ანალიზი უწოდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება წერილის მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს მიერ აღებული ვექტორი აბსოლუტურად სწორი, ბოლო წლებში მიღწეული შედეგები კი, ძალიან მნიშვნელოვანია.

კვირიკაშვილი არ მალავს, რომ სამ-ოთხ წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ შეძლებენ, თუმცა, არც “ქართული ოცნების” მიერ შესრულებული სამუშაო წყლისთვის გასატანებელიო.

“წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი, ნამდვილად სანატრელი იყო თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და, ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც ხანდახან სჭირდებათ ასეთი გამხნევება და შემოძახება”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ოთხი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გააკეთა არჩევანი და დარწმუნებულია, რომ ეს არჩევანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც შეუქცევადი იქნება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული “ღია წერილი” მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მაშინ, როდესაც ახალი, საეტაპო არჩევნებია კარს მომდგარი, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი განვლილი გზის შეფასება იმ ადამიანისგან მოესმინათ, რომელიც ბოლო წლების პოლიტიკური ვითარების არქიტექტორად იქცა.

ბიძინა ივანიშვილის წერილმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს, ქართველი ერის მამად წოდებული, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და მისი პუბლიცისტური წერილები გაახსენა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ასეთი შედარება თავად ივანიშვილს არ მოეწონება და ამიტომ თავშეკავებას ამჯობინებს. “ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ ამ ადამიანის ფასი”, – მიაჩნია კობახიძეს და დასძენს, რომ, რაც ბიძინა ივანიშვილიმა ქვეყნისთვის გააკეთა, არც ერთ მეცენატს არგაუკეთებია.

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” კმაყოფილი თავისი ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასებებითა და დასკვნებით, მათი ოპონენტებისა და ექსპერტებისთვის კი ივანიშვილის „ღია წერილი“ რეალობას აცდენილია. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილი დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და შესნარჩუნებელი ფიგურაა, მაგრამ ამის მიუხედავად არ სურს მის მეხოტბედ იქცეს და ამბობს, რომ “ქართული ოცნებისა” და მისი მისამართით კრიტიკას, არც მომავალში დაიშურებს.

ექსპერტის შეფასებები

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დაშვებული შეცდომებისთვის ამომრჩეველი პასუხს ივანიშვილის სთხოვს და ეს მომავალშივ ასე იქნება. სწორედ ივანიშვილის გამოსასწორებელი იქნება, მაგრამ თავად ექსპრემიერმაც უნდა გამოიმუშაოს კრიტიკის საღად მოსმენის უნარი, რაც მხოლოდ წაადგება მომავალ მმართველ გუნდსაც და ქვეყანასაც.

“თუ გრძნობ, რომ გაკრიტიკებენ, ყოველთვის სასურველია, ამ კრიტიკას დაასწრო და ვითარების გამოსასწორებლად შენივე რეცეპტი თქვა,” – მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

P.S. ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეცეპტი ცნობილია. “ქართული ოცნებისთვის” ის უცვლელ ლიდერად და მთავარ ფინანსურ წყაროდ რჩება, მუდმივ საპირწონედ კი “ნაციონალური მოძრაობა”. გაითვალისწინებს, თუ არა ქართველი ამომრჩეველი მილიონერი ბიზნესმენის რჩევებს, კარს მომდგარი არჩევნები გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, ეს კი მომავლისკენ მზერას გულისხმობს და არა უკუსვლას.

შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის