უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის ცვლილებაზე, საქართველოს პარლამენტი შემოდგომის სესიაზე იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკითხი წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა და გადაწყვეტილებას სიღრმისეული განხილვის შემდეგ, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებენ.

ცვლილებების “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში უნდა შევიდეს და უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის გამკაცრებას გულისხმობს. დღეს არსებული ნორმის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვება, თუკი ის საქართველოში შეიძენს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების არასასოფლო დანიშნულების უძრავ ქონებას.

კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორები, დეპუტატები გოჩა ენუქიძე და ილია წულაია არიან, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ბინადრობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს, ან 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს. ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ახალი კანონი ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების მასობრივ მიგრირებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ბინადრობის უფლების ნებისმიერ თანხად გაყიდვის წინააღმდეგია და სექტემბერში პარლამენტში საკუთარი კანონპროექტის შეტანას გეგმავს. ზვიად ტომარაძის აზრით, დეპუტატ წულაიას სურვილი, რომ ბინადრობის უფლების “საფასური” 35 000 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარამდე გაიზარდოს, დეპუტატის პირადი, ბიზნესინტერესებით არის ნაკარნახევი და არა ქვეყანაში ეთნოკულტურული ბალანსის დარღვევის საფრთხის თავიდან აცილების სურვილით.

“ძალიან გამიკვირდა, თუ რატომ შეიტანა ბატონმა ივლიანემ აღნიშნული ცვლილება პარლამენტში, რადგან ეს პიროვნება არ იყო გამორჩეული საზოგადოებრივი ინტერესების გატარებით და არ წერდა ისეთ კანონპროექტებს, რაც საზოგადოებას აწუხებდა. აქედან გამომდინარე ძალიან დავეჭვდი და როდესაც შემდეგ გავარკვიე, ივლიანე წულაია, 2016 წლამდე, დეველოპერული სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი იყო. პარლამენტის დეპუტატად გახდომის შემდეგ მას აღარ შეეძლო ამ თანამდებობაზე დარჩენა, თუმცა, ბიზნესინტერესები გააჩნია. აქედან გამომდინარე, მისი ინტერესია სარფიანად გაიყიდოს მისი კომპანიის მიერ აშენებული ბინები”, – განუცხადა Dalma News-ს ზვიად ტომარაძემ.

მისი აზრით, საზოგადოება ამით არ უნდა მოტყუვდეს და ბინადრობის უფლების გაყიდვა უნდა აიკრძალოს ნებისმიერ ფასად. უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლება უნდა მიიღოს სწავლისთვის, სამუშაოდ, სამკურნალოდ ჩამოსვლის, ან ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში. დემოგრაფის აზრით, სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანს ბინადრობის უფლება ერთი ბინის შეძენის ფასად არ უნდა უჯდებოდეს და მსგავსი გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია.

“ჯერ მარტო ირანის მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის 35 მლნ-იანი ქვეყანა, იქ არის წყლის პრობლემები, გარკვეული პოლიტიკური პრობლემები, თავისუფლების გარკვეული შეზღუდვა და ირანის მოსახლეობის ერთმა პროცენტმაც, დაახლოებით 800 ათასმა ადამიანმა რომ მოინდომოს საქართველოში გადმოსახლება, ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე, რაც დღეს გვაქვს, ჩათვალეთ, რომ სრულებით შეიცვლება ეთნიკური ბალანსი”, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ცხოვრებით ძირითადად ინტერესდებიან აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. ევროპელები ნაკლებად ამჟღავნებენ საქართველოში ბინის შეძენის სურვილს, რუსეთიდან კი ბინებს ძირითადად ქართველი ემიგრანტები იძენენ, რომლებსაც პირდაპირ მოქალაქეობაზე შეაქვთ განაცხადი და არა ბინადრობის უფლებაზე. საქართველოში ცხოვრების დიდი სურვილი აქვთ ფერეიდნელებს.

“ამიტომ, ბინადრობის უფლება არ უნდა გავყიდოთ იმის გამო, რომ ვიღაცამ ბინა, ან სახლი იყიდოს”, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.

ის, რომ საქართველო დიდი ხანია დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე და მომაკვდავი ერების სიაშია შესული, გაერომ რამდენიმე წლის წინათ გვითხრა. ბინადრობის უფლების გაყიდვა მთლიანად შეცვლის ეთნოკულტურული ბალანსს ქვეყანაში და ქართველები საერთოდ უმცირესობაში აღმოჩნდებიან, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებით შობადობის კუთხით არსებულ, არც თუ სახარბიელო ვითარებას.

“დაახლოებით 35-მდე კანონპროექტის ავტორი ვარ. ჩემი დაწერილი კანონპროექტი ყოველთვის იყო საზოგადოების დაკვეთა. გაიარეთ რუსთაველის გამზირზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან და ნახავთ რეალურ სურათს. ​იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო”, – აცხადებს ​არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე, იუსტიციის სამინისტრომ, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის დამატებითი მექანიზმების შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოში მყოფი უცხოეთის მოქალაქეები ქვეყანაში დასარჩენ სამართლებრივ საფუძველს ხელოვნურად ვეღარ შექმნიან, ანუ ​არალეგალის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა აღარ ჩაითვლება საქართველოში ლეგალურად ყოფნად ბინადრობის ნებართვის მისაღებად; ასევე, თუ მიღებულია უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, მას სასამართლოში საქმისწარმოების მოტივით საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება.

საქართველოში გაიცემა ბინადრობის ნებართვები შრომითი, სასწავლო და ოჯახის გაერთიანების მიზნით, ასევე, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა С კატეგორიის ორდინარული ვიზის საფუძველზე. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის განკუთვნილი სპეციალური ბინადრობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვა. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 წელია. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა.

ბინადრობის ნებართვა ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ბინადრობის ნებართვის მოქმედების პერიოდში. იგი ასევე, უფლებას იძლევა, რომ ნებართვის მფლობელმა საქართველოში მოიწვიოს უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ხშირად საინვესტიციო ბინადრობას იღებენ: ერაყელები, ეგვიპტელები და ირანელები. ნებართვის მიღებას, დაახლოებით, ერთი თვე სჭირდება. წარმატებულ აპლიკანტებს შემდეგ ეტაპზე შეუძლიათ პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნითაც მიმართონ. თუმცა, მოქალაქეობის მიღებას ქართული ენისა და ისტორიის ცოდნაც ჭირდება.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბინადრობის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ 575 აპლიკანტმა ითხოვა ამ ტიპის ბინადრობა. 466 აპლიკანტი ჩაერთო პროგრამაში, 109-ს უარი უთხრეს. საგულისხმოა, რომ აპლიკანტების რიცხვი, რომლებსაც უარს ეუბნებიან, ყოველ წელს იზრდება. სტატისტიკა ასე გამოიყურება: 8 აპლიკანტი 2014 წელს, 13 – 2015 წელს, 36 – 2016 წელს და 52 – 2017 წელს.

როგორია საქართველოს მოქალაქეების ბინადრობის სტატისტიკა უცხოეთში?

ევროსტატის მონაცემით, 2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 71,223, მოქალაქეს ჰქონდა ბინადრობის უფლებას, ხოლო 2016 წელს ეს ციფრი 74,416 -მდე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვები მზარდია. ძირითადად, იზრდება ოჯახის გაერთიანების და “სხვა” საფუძვლით გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობა.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემებით, 2000-2015 წლებში საქართველოს 20,375-მა მოქალაქემ მიიღო შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 2015 წელს 1,410 საქართველოს მოქალაქიდან 734-მა ეს ნებართვა აშშ-ს მოქალაქის უშუალო ნათესავის სტატუსით და 431-მა – საიმიგრაციო ვიზის პროგრამაში გამარჯვების საფუძველზე. იმ 20,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის გარდა, რომელსაც შეერთებულ შტატებში აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც ცხოვრობს და მათი ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია.

თურქეთი რიგით მესამე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი იმყოფება. თურქეთის შსს-ს მონაცემებით, 2016 წელს თურქეთში 18,511 საქართველოს მოქალაქე ფლობდა ბინადრობის ნებართვას. აქედან უმრავლესობა შრომითი (8,014) ან მოკლევადიანი (7,478) ბინადრობის ნებართვაა, ხოლო 2,477 შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცა.

შ. ქარჩავა