ბაქოელმა ახალგაზრდებმა გამართეს მსვლელობა შორტებში. 2 აგვისტოს, შორტებში გამოწყობილმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქალაქის ცენტრში გაიარეს. როგორც «AZXEBER.COM-ი» იტყობინება, ღონისძიება გაიმართა ორგანიზაცია Flashmob Azerbaijan-ის ინიციატივით. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს ერთადერთი პირობით – მუხლზემოთ შორტი უნდა ცმოდათ.

მსვლელობა, სამოსის ამ სახეობის დაცვის მიზნით სოციალურ ქსელებში გაჩაღებული კამპანიის კულმინაცია იყო. ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ დასასვენებელ ცენტრში მამაკაცებს შორტებში შესვლა აუკრძალეს. ცეცხლში ნავთი ჩაასხა პარტია “მუასირ მუსავათის” თავმჯდომარე ჰაზიფ გაჯიევმა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად მკვეთრი განცხადებები გააკეთა, რომ მამაკაცი, რომელიც შორტებს ჩაიცვამს, საზოგადოებამ უნდა გააკრიტიკოს, რამეთუ ასეთი სამოსის ტარება არ შეესაბამება ნაციონალურ მენტალიტეტს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა არ დაიზარეს და მონახეს თავად ჰაზიფ გაჯიევის ფოტოები, სადაც იგი შორტებშია გამოწყობილი. ამის კვალდაკვალ ინტერნეტქსელში გაჩნდა ახალგაზრდა ბიჭებისა და მამაკაცების ფოტოები შორტებში და ბოლოს ზემოთხსენებული აქცია გაიმართა.