აზერბაიჯანის დედაქალაქი ცხოვრებისა და საქმიანობისთვის მიმზიდველი ადგილია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ უცხოელებისთვისაც. გასაკვირი არცაა, რადგან აქ თავმოყრილია მსხვილი კომპანიების, მომსახურების სექტორის, ვაჭრობის, უნივერსიტეტებისა და თეატრების სათაო ოფისები. ბიზნეს გარემო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვითარდება. შედეგად, დედაქალაქის გარეუბნები ურბანიზაციაში ჩამორჩებიან. აუცილებელია ბაქოს გარეუბნებში, იგივე პირობების შექმნა. ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მათ შორის, დედაქალაქს სატრანსპორტო კოლაფსისგან იხსნის. ამის შესახებ Dalma News-სთან საუბარში არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების სფეროში ცნობილმა სპეციალისტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა ელჩინ ალიევმა განაცხადა.

– 2020 წელს, მთავრობას ბაქოს ახალი გენგეგმა უნდა წარედგინოს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქალაქისთვის და გენგეგმის ავტორები აქცენტებს რაზე გააკეთებენ?

– როგორც ქალაქის, ისე ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიღებული დოკუმენტების მკაცრად დაცვაა. დედაქალაქის ცენტრის ვიწრო ქუჩებზე, ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით წამომართული სასაცილო მაღალსართულიანი შენობები, არა მხოლოდ ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს ამახინჯებს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკოლოგიას, აფერხებს ქარის მოძრაობას და მზის სხივებს. მიზეზი ის არის, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, “სამშენებლო ბუმის” პირველ ეტაპზე, ყველა დეველოპერი 90-იანი წლების შუა პერიოდში მიღებულ გენგეგმის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ვითარება აღარ განმეორდეს. მომზადებული გენგეგმა ქალაქის განვითარებისათვის ძალიან საინტერესო გამოსავალს გვთავაზობს. ამ გეგმის შესამუშავებლად მსოფლიო დონის სპეციალისტები მიიწვიეს, ხოლო სახელმწიფო ახალი დოკუმენტის შემუშავებას სერიოზულად აკონტროლებს.

თუმცა, გენგეგმა საჭირო შედეგს ვერ მოგვიტანს, თუ მისი წესების და მოთხოვნების შესრულების კულტურა არ გვექნება, ხოლო სახელმწიფო მოხელეები, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ამ წესების დარღვევას განაგრძობენ.

ელჩინ ალიევი

კიდევ ერთხელ დავძენ, რომ ამ საკითხში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა გენგეგმის დეტალების ფართო განხილვაზე, არამედ კანონების დაცვის კულტურის შემუშავებაზე. აუცილებელია დაისაჯოს ის, ვინც, ქალაქში რაიმე შენობა, ან უსახური ცათამბჯენი, როგორც ურბანული დაგეგმვის, ისე ეთიკური ნორმების და წესების დარღვევით ააშენა. მსგავსი სახის პრეცედენტი სამომავლოდ დედაქალაქის იერსახეზე დადებითად იმოქმედებს.

– არსებობს მოსაზრება, რომ უნივერსიტეტები შესაძლოა დედაქალაქიდან ქალაქგარეთ გადავიდნენ. თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია? და ღირს თუ არა უნივერსიტეტების ბაქოს საზღვრებს მიღმა გადატანა?

– ნამდვილად ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება დილით ქალაქის ცენტრში – ამას გეუბნებით ადამიანი, რომელიც თავის ქალიშვილს ყოველდღე აცილებს სკოლამდე. შეუძლებელია ქალაქის ცენტრში, იქ, სადაც ბევრი უნივერსიტეტი და საშუალო სკოლაა, ავტომობილით გავლა, მობრუნება, ან მისი დაყენება. ბოლო წლებში დიდი უნივერსიტეტების ქალაქგარეთ გადატანის აბსოლუტურად სწორი ტენდენცია გაჩნდა. მათ შორისაა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში მდებარეობს. უნივერსიტეტების გარეუბანში გადატანა მას საშუალებას მისცემს “გაფართოვდეს”, სასწავლო პროცესი სწორად წარმართოს, სტუდენტებისთვის უკეთესი პირობები შექმნას, ვიდრე ის, რომ ხალხმრავალ ადგილებში მდებარე ისტორიული შენობების ძველ ოთახებში შევიწროვდეს, როგორც ეს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში ხდება.

ზოგადად, გენერალური გეგმის შემქმნელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ქალაქის გარშემო სოფლების განვითარებას. ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში თავმოყრილია მსხვილი კომპანიების სათავო ოფისები, მომსახურების სექტორი, ვაჭრობა, უნივერსიტეტები და თეატრები. ამიტომ ბევრს სურს აქ ცხოვრება და მოღვაწეობა. დღისთვის, ბიზნეს გარემო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძირითადად ქალაქის ცენტრალურ რაიონებში ვითარდება. შედეგად, დედაქალაქის გარეუბნები ურბანიზაციაში ჩამორჩება. აუცილებელია იგივე პირობების შექმნა ბაქოს გარეუბნებშიც. ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მათ შორის დედაქალაქს სატრანსპორტო კოლაფსისგან იხსნის.

– ბოლო წლების განმავლობაში ბაქო სწრაფად შეიცვალა, ქალაქი გაუმჯობესდა, მრავალი პრობლემა გადაწყდა. როგორ ხედავთ დედაქალაქს 10-15 წლის შემდეგ?

– არ მინდა, ქალაქის ცენტრალურმა ისტორიულმა კვარტლებმა სახე შეიცვალონ. აუცილებელია შევინარჩუნოთ ის სილამაზე, რომელიც მემკვიდრეობით წინა თაობის ბაქოელებისგან მივიღეთ. დაე, ქალაქი განვითარდეს, მაგრამ ამ ცვლილებებმა ქალაქის ცნობადი “სახე”, მისი ისტორიული გარეგნობა და აურა არ უნდა დაკარგოს. რასაკვირველია, ბაქოში ახალი თანამედროვე არქიტექტურა მოდის, ამას ბოლო წლებში, „ჰეიდარ ალიევის“ გამზირზე, ან „პრიმორსკის“ სანაპიროზე აგებული ულამაზესი თანამედროვე შენობებით ვამჩნევთ . ეს მართლაც სასიხარულოა.

ლეილა ალიზადე