აზერბაიჯანში მეფუტკრეობის სტანდარტები მუშავდება, მომავალ წელს კი ფუტკრების გენოფონდი შეიქმნება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განყოფილების ხელმძღვანელმა გალიბ აბდულაევმა, გუშინ ადგილობრივი მეფუტკრეობის პროპაგანდაში ტურისტული საწარმოების როლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტანდარტების მიღება მომხმარებელს პროდუქტის შესახებ ბევრად დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ფუტკრების რაოდენობრივი ზრდა და მეფუტკრეობის პროდუქტების მოცულობის მომატება იგეგმება.

როგორც ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე სახიბ მამედოვმა განაცხადა, იმისათვის, რომ მეფუტკრეობის ადგილობრივი პროდუქცია ბაზარზე გავიდეს, კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ. მით უფრო, ამისათვის აზერბაიჯანში ხელსაყრელი პირობები არსებობს, – დასძინა მამედოვმა.

ამ დროისათვის აზერბაიჯანში სამომხმარებლო მოთხოვნა თაფლზე წელიწადში 4500 ტონას შეადგენს, თუმცა ქვეყანაში მხოლოდ 2500 ტონა თაფლი მზადდება, შარშან კი 1000 ტონაზე ნაკლები იყო.

როგორც აზერბაიჯანის მეფუტკრეობის კავშირის თავმჯდომარე შამილ გულიევი აცხადებს, აზერბაიჯანში კარგი მეფუტკრეები არიან, საერთო ჯამში კი მათი ინფორმირების დონე მოძველებულია. მთავარი პრობლემა პროდუქციის შეფუთვაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც იმპორტის, ისე სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.