2015 წლის ბოლოს მანათის დევალვაციისა და ნავთობის გაიაფების შემდეგ, აზერბაიჯანის ეკონომიკა თანდათან აღმასვლას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების უმრავლესობა ვითარების გაუმჯობესებას ნავთობის გაძვირებას უკავშირებს, სტაბილიზაციამდე მიმყვანი სხვა მიზეზიც არსებობს.

ეკონომიკური ზრდის შესახებ

აზერბაიჯანის ეროვნულ დღესასწაულ – რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ეკონომიკური ზრდის შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

“ჯერჯერობით ეროვნული ეკონომიკა ვარდნას განიცდის და ეს ბუნებრივია. მაგრამ  ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, სტაბილიზაცია უკვე გვიახლოვდება, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობგაზის ქვეყნების უმრავლესობამ ხელფასების, პენსიების და დახმარებების გადახდა შეამცირეს, ჩვენ ხელფასები და პენსიები 10%-ით გავზარდეთ. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მიანიშნა, რომ ქვეყანას საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, სადაც იმავდროულად საგარეო ბაზრებიდან ფინანსური რესურსები მოიზიდეს.

“აზერბაიჯანმა “გაზის სამხრეთ დერეფნისთვის” მსოფლიო ბაზრიდან ერთი მილიარდი აშშ დოლარი მოკლე დროში მოიზიდა. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორების ნდობა ჩვენს მიმართ საკმაოდ მაღალია. ორი მილიარდი აშშ.დოლარი რომ გვდომებოდა, იმასაც მივიღებდით. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, რადგანაც ჩვენი საგარეო დავალიანება დაბალია, ხოლო ფინანსური მდგომარეობა და სავალუტო რეზერვები – მაღალი”, – დასძინა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში ჩაშვება: “აზერბაიჯანმა ყველა თავისი ვალდებულება შეასრულა. ჩემს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, გზა წლის ბოლომდე  გაიხსნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტვირთის გადამზიდ შესაბამის  მხარეებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უმოკლესი გზა აზიიდან ევროპაში ძალიან მალე ამუშავდება და აზერბაიჯანს უდიდეს სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ფინანსური აქტივობა

გასული ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფინანსური აქტივობა მოსახლეობას შორისაც პირველად შეინიშნება. საბანკო სფერომ დაიწყო ერთის მხრივ, მოსახლეობის დაკრედიტების თანდათანობითი აღდგენა, მეორეს მხრივ – ადრე შემცირებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება. ეს სწორედ საბანკო სფეროს გაჯანსაღებაზე მეტყველებს.

ასეთივე დადებითი ტენდენციები სხვა სფეროებშიც შეინიშნება. მაგალითად, თანამშრომლების შტატის აღდგენა ისეთმა დიდმა ჰოლდინგებმაც დაიწყეს, როგორიცაა Azersun, Gilan და სხვა.

ეკონომისტ ფაუდ ალიზადეს თქმით, აზერბაიჯანის ეკონომიკური ვითარება ბოლო დროს სტაბილიზდება და საუბარია არა მხოლოდ საფინანსო ბაზარზე, არამედ აგრარული სექტორისგან მნიშვნელოვან მოლოდინებზე.

Alizade“ცხადია, უცხოური ინვესტიციების შესახებ საუბრისას, პირველ რიგში, მსხვილ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებზე უნდა მოვბილიზდეთ და მოცემულ საკითხში უცხოელი ინვესტორები გაზის სამხრეთ დერეფნის ფარგლებში ნავთობგაზის სექტორში თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ. ამ დღეებში კომპანია “ВР”-მ გადაწყვიტა ნახშირწყალბადების რესურსების ძიება განაგრძოს, თუმცა ნავთობის ბაზარზე ვითარება ჯერ კიდევ შორს არის ხელსაყრელისგან”, – განაცხადა ალიზადემ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.

ეკონომისტის თქმით, უცხოური ინვესტიციები არანავთობის სექტორში კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით უნდა წარიმართოს. “მაგრამ, ჯერჯერობით  პრივატიზაციის გეგმა არ გამოქვეყნებულა და ცნობილი არ არის, რომელიც საწარმოები იქნებიან წარდგენილნი. იმის შესახებ საუბარი, რომ უცხოელ ინვესტორებს გადაწყვეტილი აქვთ აზერბაიჯანის ეკონომიკაში რესურსების დაბანდება, ჯერ ნაადრევია”, – დასძინა მან.

მანათის დაბრუნება

ორი მკვეთრი დევალვაციის შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის ნდობა მნიშვნელოვნად დაეცა. მანათის თითქოსდა მორიგი დევლავაციისგან თავს დასაცავად, ფულს დოლარებში ახურდავებენ და ინახავენ.

უკანასკნელი მაჩვენებლების თანახმად, მანათმა პოზიციების გამყარება დაიწყო და დაახლოებით  1 აშშ.დოლარი – 1,65 მანათიდან 1,49 მანათამდე ჩამოვიდა. ეს ფაქტი კი ეკონომისტების მსჯელობის საგნად იქცა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მანათი ხელოვნურად გამყარდა, ცენტრალური ბანკის წყალობით, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ნავთობზე ფასის მომატების გამო მოხდა.

“ეს მანათის ხელოვნური გამყარებაა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. ბოლო დევალვაციის დღიდან აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 4,5%-ით დაეცა, დაიკლო ნავთობის ფასმაც, თუმცა, ამის მიუხედავად მანათი სტაბილური რჩება. ეს სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანის ეკონომიკას. ისეთი შეგრძნებაა, რომ აზერბაიჯანულ ეკონომიკაში საბანკო სისტემა ორ ბანაკად გაიყო და თითოეული ცალკეულ პოლიტიკას აწარმოებს”, – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ოქტაი ახვერდიევმა.

Axverdievმისივე თქმით, ეროვნული ვალუტის ხელოვნური რეგულირება კრედიტებს ზღუდავს. მის გარეშე კი მსოფლიოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ განვითარდება. “ეს ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური პროცესებია და თუ ამ მექანიზმებს შორის არ იქნება თანმიმდევრობა, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია. აზერბაიჯანში უპირველესად საჭიროა სავალუტო სისტემის თავად ქვეყნის ეკონომიკასთან ურთიერთობის კოორდინირება”, – განუცხადა ახერდიევმა სააგენტო “Новости-Азербайджан”-ს.

ამასთანავე, მანათის გამყარების მიუხედავად, საკვები პროდუქტებისა და ასევე სხვა იმპორტირებული საქონლის ფასები არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსს, ამიტომაც მოსახლეობის ცხოვრების დონე მანათის გამყარების მიუხედავად, მაინც არ უმჯობესდება.

პესიმისტური პროგნოზები ნავთობზე

ბოლო დროს ნავთობის ბაზარზე გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. იმედიც კი გაჩნდა, რომ ფასები აიწევს და 60-70 აშშ.დოლარის ნიშნულზე გამყარდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სა და მთელ რიგ ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში, შავი ოქროს მოპოვების შემცირება ნავთობის ექსპორტიორი-ქვეყნების ორგანიზაციის ქვეყნებში მოპოვების ზრდით კომპენსირდება.

ეკონომისტ ფიქრეთ მამედოვს მიაჩნია, რომ ნავთობის გაძვირებას დღეს მთელი რიგი მიზეზები უწყობს ხელს.

Mamedov“პირველ რიგში, კანადაში ხანძარია და ნავთობის რაიონები იწვის. შეჩერებულია მოპოვება. მეორე რიგში, ნიგერიაში ამბოხებულებმა საერთაშორისო ნავთობ-ტერმინალი დაიკავეს და ნავთობის მიწოდება შეწყდა, ასევე ნიგერიაში ჭაბურღილმა მილსადენი დააზიანა და ამის გამო შეჩერებულია დამატებითი 600 000 ბარელის მოპოვება დღე-ღამეში. იქვე – ნიგერიაში, აფეთქდა ბონგას საბადოს ინფრასტრუქტურა, სერვისის კომპანიები შლიუმბერჟერი და ჰალიბერტონი დავალიანებების გამო ნიგერიიდან და ვენესუელადან წავიდნენ, ამიტომ არ არსებობს მოწყობილობები და ტექნოლოგიები ჭაბურღილებსა და ახალ საბადოებზე სამუშაოდ. გსურთ ასე უცებ დაეცეს ფასი? მიწოდების ასე  მკვეთრი შეწყვეტისას?”, – განუცხადა ექსპერტმა Dalma News-ს.

მამედოვის თქმით, ზემოთ აღნიშნულ მოვლენებამდე ნავთობის ფასის 28 აშშ.დოლარიდან 46 აშშ. დოლარამდე მომატება სუფთად სპეკულაციური საბაზრო აფიორაა. “მაგალითად, აშშ დღე-ღამეში 9 მილიონ ბარელს აწარმოებს, ხოლო აღმოსავლეთ-ტეხასის ნავთობის ვაჭრობის მოცულობა მოპოვებას 100-ჯერ აღმატება. თუმცა, ეს მოკლევადიანი ოპერაციებია, რადგანაც ნავთობის მწარმოებლები თავიანთი პროგნოზირებული მოპოვების მხოლოდ 36%-ის ჰეჯირებას ახდენდნენ, იმ დროს, როდესაც ეს ციფრი 50%-ს შეადგენდა. თუ ფასი შემდგომშიც მოიმატებს, მწარმოებლები არა მხოლოდ დიდი მოცულობის ჰეჯირებას დაიწყებენ, არამედ   ფაქტობრივად მოცულობასაც გაზრდიან, რათა ბალანსი გააუმჯობესონ”, – დასძინა მან.

მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ კანადის, ნიგერიის, ქუვეითისა და ვენესუელას ფაქტორები რომც არ გავითვალისწინოთ, ნავთობის ექსპორტიორი-ქვეყნების ორგანიზაციის ქვეყნები მთელს მსოფლიოში, დღე-ღამეში 32,64 მილიონ ბარელს მოიპოვებენ, იმ დროს, როდესაც მოპოვების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 32.65 მილიონი ბარელი დაფიქსირდა.

“გარდა ამისა, როდესაც ბაზარს ზემოთ აღნიშნული ქვეყნები – ნიგერია და კანადა ერთ თვეში, ქუვეითი ივლისისთვის, ხოლო ვენესუელა რევოლუციის შემდეგ, დაუბრუნდებიან შეთავაზება მოთხოვნას მნიშვნელოვანწილად გადააჭარბებს”.

P.S. დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების სტაბილიზების მიუხედავად, აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. მოცემულ მომენტში მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები ჯერჯერობით უშედეგოა, რადგანაც ახალი წესებისადმი ადაპტაციის ეტაპი ჯერ არ დასრულებულა.

სახელმწიფოს წინაშე არსებული სხვა მნიშვნელოვანი მიზანი ექსპორტზე ორიენტირებული ხარისხიანი ადგილობრივი წარმოებაა.

თუმცა არსებობს იმედის მომცემი ფაქტორებიც. სახელმწიფო სერიოზულ გათვლას ტურიზმზე  აკეთბს, რისთვისაც მარტივდება სავიზორეჯიმი მსოფლიოს  ყველა სახელმწიფოსთან. აზერბაიჯანში ჩასული ტურისტები ვიზებს ადგილზე მიიღებენ. ამ სფეროში მთავრობის პირველი წარმატება უკვე ფიქსირდება, რასაც ადასტურებს რუსეთიდან და არაბული სახელმწიფოებიდან ჩასული ტურისტების დიდი რაოდებობა.

მალე აზერბაიჯანი გაზის სამხრეთ დერეფნით გაზის პირველ მიწოდებას დაიწყებს, რაც ქვეყნის შემოსავალს გაზრდის. მილსადენი თურქმენულ და ირანულ გაზსაც მოემსახურება. აზერბაიჯანი ასევე გათვლას აკეთებს თავის სატრანზიტო შესაძლებლობებზე “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” და სარკინიგზო პროექტ “ჩრდილოეთი-სამხრეთის” მეშვეობით.

აზერბაიჯანის მთავრობა მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომლებმაც შედეგი უახლოეს 3-4 წელიწადში უნდა გამოიღონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკას მომავალი აქვს.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა