ნაღმები, რომლებიც აშშ-ს ყოფილმა ელჩმა – კელი დეგნანმა საქართველოში დატოვა, თანდათან მოქმედებაში მოდის. ქართველი მოსამართლეების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეეხო “საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ”. აღნიშნული ინფორმაცია Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა. მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს უწესებს სანქციებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა იქონიოს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და იმავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. საქართველოს მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი ინფორმატორები არასრულ ანგარიშებს აწვდიან. როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, ხელისუფლება ახლაც, შესაბამის მტკიცებულებებს ელის. ასევე, გადაჭარბებულად მიაჩნიათ, ქართულ საზოგადოებაში ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენამდე არ შეერთებოდა აშშ-ს სანქციებს და საქართველო მოქალაქის მიმართ კონსტიტუციის მიხედვით ემოქმედა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი და პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები.

ნათია თურნავა

„როდესაც საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს“, – განმარტა თურნავამ.

უდანაშაულობის პრეზუმფცია იყო არგუმენტი, რის გამოც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ვიცე-პრეზიდენტებთან შეუთანხმებლად მიიღო ცვლილება, კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“.

„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა თურნავამ.

მის ამ გადაწყვეტილებას გადადგომების სერია მოჰყვა ეროვნულ ბანკში. 3-მა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ამას წინ უძღოდა კომერციული ბანკების განცხადებები, რომ არ დაემორჩილებიან მარეგულირებელს.

კომერციული ბანკების მმართველთა პოზიციის თანახმად, ისინი იცავენ ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ბანკებში საკუთარ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები შეეზღუდება. თუმცა, აქვს თუ არა ყოფილ მთავარ პროკურორს ზემოთ აღნიშნულ ბანკებში ანგარიშები, უცნობია. როგორც განმარტავენ, ეს კომერციული საიდუმლოა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს მარეგულირებლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმა კანონით არ შეუძლიათ.

სალომე ზურაბიშვილი

ვითარებაში ჩაერთო ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან თურნავას გადადგომა მოითხოვა. ზურაბიშვილის შეფასებით, თურნავამ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა.

როგორც ეკონომიკის სფეროს ექსპერტები განმარტავენ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შეუსაბამობაში არ მოდის. მათივე თქმით, შეუძლებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების აღსრულების წესში ცვლილებამ საბანკო სექტორის მუშაობაში პრობლემები შექმნას.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის სავსებით კანონიერი, ეს არის ის, რომ ეს რეგულაცია დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში. ამას საბანკო სისტემაზე არანაირი რეაქცია არ ექნება“, – აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა.

ფინანსისტების განმარტებით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ცდილობენ შექმნან აჟიოტაჟი, რომ ეს გამოიწვევს შეუქცევად ფინანსურ პროცესებს, ლარის გაუფასურებას და სხვა.

ქვეყანაში მოსალოდნელ საბანკო კრიზისებზე გააკეთა აქცენტი ქვეყნის პრეზიდენტმაც. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თურნავამ “უვადოდ გადადო” მასთან შეხვედრა და არ ინება მოესმინა ქვეყნის პრეზიდენტის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ნანობს, თითქმის წლინახევრის წინ, თურნავას კანდიდატურა რომ წარადგინა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის – ნათია თურნავას კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად 2022 წლის მაისში წარუდგინა.

დღის ბოლოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს სხვა ქვეყნის, კერძოდ კი, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონი. დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს, 20 სექტემბერს, გადაეგზავნა. თუმცა, მანამდე, ფარცხალაძის პასპორტი საქართველოს პარლამენტში ჯგუფური ჩხუბის მიზეზი გაიმართა. პარლამენტის ფოიე მუშტი-კრივის არენად გადაიქცა. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად დეპუტატები ერთმანეთს რუსეთისა და აშშ-ს აგენტებს უწოდებდნენ. პროვოკაციებში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალი დეპუტატები, რომლებმაც საპარლამენტო ტრიბუნაზე მმართველი პარტიის შეურაცხმყოფელი, წინასწარ გამზადებული პლაკატი გააკრეს.

ფარცხალაძის სანქცირებისა და თურნავას გადადგომის მოთხოვნით გააქტიურდა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის გარეთაც. “ენმ”-ს ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპროტესტო აქცია ეროვნული ბანკის შენობასთან გამართა. აქციამ შემდგომ, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა და რამდენიმე საათში დაიშალა.

„ეს არის პროვოკაცია საქართველოს, ჩვენი ეროვნული არჩევანის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის წინააღმდეგ. რუსული „ოცნება“ იცავს რუს ჯაშუშებს“, – ასე აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო პარტიაში კი, აცხადებენ, რომ „რადიკალების“ გეგმაა ქვეყანაში არეულობის მოწყობა, პროცესების ხელოვნურად რადიკალიზაცია.

„ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, პლაკატიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ფარცხალაძის თემა გადმოგდებულია აბსოლუტურად მკვდარი ოპოზიციისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნილიყო და გაეცოცხლებინათ მკვდარი ოპოზიცია“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

გია აბაშიძის

ანალიტიკოს გია აბაშიძის მოსაზრებით, ოპოზიციის გააქტიურება საეჭვოდ დაემთხვა დროში სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში “რადიკალების” მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის შესახებ, რაც უნდა მოჰყვეს დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო ვერ მიღებას.

გია აბაშიძის აზრით, რადიკალური ნაც.ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში ვითარების ნებისმიერ ფასად არევას და ამისთვის ყველა საბაბს გამოიყენებენ.

„ნებისმიერი იაფფასიანი წარმოდგენა პარლამენტის დარბაზში თუ ეროვნული ბანკის წინ ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ რადიკალების დღის წესრიგი არ იცვლება. ის არის ორიენტირებული მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებაზე და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე“, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის 20 სექტემბრის მცირერიცხოვანმა და ხანმოკლე აქციამ ცხადყო, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი პრაგმატულ, ჯანსაღ პოზიციაზეა, რასაც ჰქვია ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება. მეორე მხრივ, ანალიტიკოსის აზრით, აბსოლუტურად ლეგიტიმურია საქართველოს ხელისუფლების მიდგომა, რომ მისი მოქალაქეების უფლებები დაიცვას.

„ერთი პარალელი მინდა გავავლო. თავის დროზე აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს დაუწესა სანქციები, მაგრამ ამას არ შეუერთდა ევროპის, რამდენიმე დიდი სახელმწიფო და მყარი მტკიცებულებები მოითხოვეს. სანქცირებისას უტყუარი მტკიცებულებები რომ არის საჭირო, ეს აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიო პოლიტიკაში. ამით საქართველოს ხელისუფლებას ახალი არაფერი უთქვამს”, – განუცხადა გია აბაშიძემ.

დღის ბოლოს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის მიერ პარლამენტში თუ ქუჩაში ატეხილ აჟიოტაჟს “ქარიშხალი ჭიქაში” და “კელი დეგნანის კიდევ ერთი კუდი” უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერის შეფასებით, კელი დეგნანის ელჩობის პირობებში საქართველოში ბევრი რამ ფუჭდებოდა და იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ელჩის პირობებში სხვაგვარად იქნება საქმე.

შორენა ქარჩავა