კოალიცია “ევრაზიული არჩევანის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. შექმნა პოლიტიკური პარტია “ნეიტრალური ევრაზიული საქართველო”, რომლის მიზანია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადება. არჩილ ჭყოიძე საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსების წინააღმდეგია და, როგორც Dalma News-თან ინტერვიუში აცხადებს, საქართველო შესაძლოა სრული ანექსიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

რა საფრთხეს უქმნის ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოს?

– ეს არის პროვოკაცია ნატო-სა და საქართველოს მხრიდან. ჯერ კიდევ 2008 წლამდე, გვაფრთხილებდა რუსეთი, სამაჩაბლოში სამხედრო ძალის გმოყენებაზე ადექვატური პასუხი გვექნებაო. მაშინ ამას არც პრეზიდენტმა და არც ოპოზიციამ ყურადღება არ მიაქცია და დავკარგეთ ახალგორი, კოდორის ხეობა, საქართველოს კიდევ მეტი დევნილი დაემატა, რუსეთმა აღიარა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ასეთივე რთულ ვითარებაში ვართ დღეს. რუსეთის საგარეო უწყებამ რამდენჯერმე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ, თუ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება ნატო-ს ბაზები და საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდებიან ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რუსეთის მხრიდან იქნება ადექვატური პასუხი. ადექვატური პასუხი შესაძლოა იყოს მთლიანად საქართველოს ოკუპაცია. ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია თავისი სტრატეგიული ინრტერესები აქვს არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ჩვენს რეგიონს იქითაც. ჩვენთვის ყველაზე მომგებიანია საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. იმისთვის, რომ არ განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის რღვევა, აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკება და რიგ საკითხებში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დასავლეთისა და აშშ-ს ინტერესები არ უნდა გავითვალისწინოთ.

საქართველო მრავალი წელია ნატო-სკენ ისწრაფვის. როგორ წარმოგიდგენიათ ამდენი მცდელობებისა და მუშაობის შემდეგ, უცებ საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს?

– გასაგებია, მაგრამ რა პასუხებს ვღებულობთ ნატოსგან? გავიხსენოთ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება. ის ხომ არ არის რიგითი პოლიტოლოგი, ან რომელიმე უნივერსიტეტის დირექტორი? მან თქვა, რომ საქართველო და უკრაინა არც კი ადგას ნატო-ს გზას. ამის შემდეგ გვახსოვს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საქართველო მაპს ვერ მიიღებსო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, – საქართველოს ნატო-ში არავინ ელის და ბოლოს იყო ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება, – რუსეთთან სანქციები გაუქმნდება, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში არავინ ელის. ნატო-ში რომც გველოდნენ, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველია. რუსეთთან სამხედრო კომფროტაციაში არავინ შევა ჩვენს გამო. უნდა ვითანამშრომლოთ ნატო-სთან ტერორიზმთან ბრძოლაში. შეგვიძლია ავღანეთში გვყავდეს ექიმების ბრიგადა, ჰუმანიტარულად ვეხმარებოდეთ, მაგრამ ჩვენი სამხედროები არ უნდა იღუპებოდნენ იქ. ამისთვის არ არის საჭირო ნატოს საწვრთნელი ცენტრები, ჩვენ თვითონ გავწვრთნით ჩვენს სამხედროებს.

ხშირად ჩადიხართ რუსეთში, როგორია იქაური განწყობები?

– რუსეთში არის სხვადასხვა ე.წ. ლობები: აზერბაიჯანული, სომხური, თურქული და სხვა. თქვენ წარმოიდგინეთ, თურქული “ლობისთვის” მიუღებელია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა. საკმაოდ ბევრ ორგანიზაციას აფინანსებს თურქეთი რუსეთში, რომლებიც ხელს უშლიან საქართველო-რუსეთის დაახლოებას. მათ იციან, რომ რუსეთთან დაახლოების შემთხვევაში საქართველოს ეხსნება ეკონომიკური გზები და მასთან ერთად სომხეთს. რუსეთში ძალიან ბევრი საღი ძალა არსებობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ ასევე ძალიან დიდი ფული მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, მოიხნას სავიზო რეჟიმი, გაიხსნას რკინიგზა და გაცილებით მეტი საშუალება მოგვეცეს პირდაპირი დიალოგი დავიწყოთ რუსეთთან და მათი მეშვეობით აფხაზებთან და ოსებთან.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ რუსეთმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზეთი და ცხინვალი აღიარა. როგორც უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, როდესაც რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს უკვე ღირსების საკითხია და კრემლი უკან არ წაიღებს თავის აღიარებას?

– საქართველოში ხელისუფლება როცა შეიცვალა, ჯერ კიდევ სოჭის ოლიმპიადის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზაობა და ქართული დელეგაცია დიალოგზე დაპატიჟა. ჩვენი მხრიდან იყო უარი. ამის შემდეგ, კიდევ დაპატიჟა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი, სანამ სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმებდა ე.წ. ხელშეკრულებებს. ჩვენ ვიცით, რომ რეალურად აშშ -ს პრეზიდენტს, ანგელა მერკელს, ან ჩინეთს, არ შეუძლიათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ეს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენი მხრიდან არ შეიძლებოდა ასეთი ზერელე დამოკიდებულება, არჩასვლა და არდალაპარაკება. რაც დრო გავა, დაგვიანდება ეს შეხვედრა. ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ჩვენ და არა რუსეთი. უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი პრობლემები გაბუტვით არ წყდება.

აუცილებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ გაცილებით მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ ტერიტორიების დეოკუპაცია.

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო რუსეთთან დიალოგის აღდგენა. თქვენის აზრით, ამომრჩეველი უფრო აქტიურ დიალოგს ხომ არ ელოდა რუსეთთან, ვიდრე იგივე აბაშიძე-კარასინის ფორმატია?

– რეგიონებში მიწევს ყოფნა და ვიცი, რომ მოსახლეობის 90%-მა იმიტომ დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას”, რომ ის აღადგენდა რუსეთთან ურთიერთობას. იმავე აბაშიძე – კარასინის დიალოგმა ბევრი კარგი რამ მოუტანა ქვეყანას. ქილიკობენ: – მწვანილზე, ვაშლზე და ღვინოზე გაყიდეს საქართველოო. ქართველ გლეხზეა დამოკიდებული ეკონომიკის სიძლიერე, სწორედ ამ მწვანილზე, ვაშლზე და ღვინოზე. ევროპაში ნამდვილად არავის უნდა ჩვენი ვაშლი. მეტიც, დღესდღეობით ფულადი ტრანსფერებიც კი, რუსეთიდან ათჯრე მეტი მოედინება, ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი მსოფლიოდან. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე არ არის დამოკლიდებული მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბედი. მთლიანად საქართველოს ბედია ამაზე დამოკიდებული.

როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო და რეგიონული პოლიტიკა?

– რეგიონული თვალსაზრისით საქართველო უნდა იყოს დომინანტი ქვეყანა, როგორც ყოველთვის იყო ხოლმე კავკასიაში. ძლიერი საქართველო არის კავკასიაში მშვიდობის გარანტი. ჩვენი “ლობები” უნდა შევქმნათ რუსეთში, რომ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს პოლიტიკურ ხაზს ჰყავდეს მხარდამჭერები. ძალით რუსეთს ვერ მოვერევით. რას ნიშნავს ევროპული ცხოვრების დონე? ისრაელი სულ არ არის ევროპაში და ევროპელებზე კარგად ცხოვრობს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ აფხაზებისა და ოსებისთვის, ყველასთვის მიმზიდველი ვიყოთ, მაგრამ ამას სჭირდება ეკონომიკის გაძლიერება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება აღარ გვყავს. დღეს ოღონდ გამოჩნდეს ოლიგარქი და მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ არის.

რადგან ოლიგარქი ახსენეთ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე გკითხავთ. თქვენის აზრით, ერევა ივანიშვილი პოლიტიკაში?

– რა თქმა უნდა ერევა, მაგრამ ჯობდა, საერთოდ არ წასულიყო პოლიტიკიდან. შეიძლება დასავლეთმაც აიძულა… ივანიშვილი რომ მოვიდეს პოლიტიკაში უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რაც ხდება დღეს. “ქართულ ოცნებას” აქვს ერთი დიდი პლიუსი, “ოცნებაში” არ არიან მკვლელები, სადისტები, მწამებლები, როგორც ეს იყო სააკაშვილის დროს, თუმცა არიან ძალიან სუსტი მენეჯერები. ვიმედოვნებ, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ხელისუფლება თავს გაართმევს.

ჩინეთთან თანამშრომლობის გააქტიურებას როგორ აფასებთ?

-ჩინეთთან თანამშრომლობას მხოლოდ მივესალმები, ეს არის ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა. თუ ინვესტიციას ჩადებენ და აქ არ ჩამოასახლებენ 100 ათასობით ჩინელს, ეს მისაღებია. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა, როდესაც გამოისყიდა ყველა შენობა თბილისის ზღვაზე და ქართველ დევნილებს გადასცა.

საქართველოში დღეს პოლიტიკურად მომგებიანი არ არის იყო პრორუსული მიმართულების. არჩევნებისთვის როგორც ემზადებით?

– ჩვენ არ ვართ პრორუსულები. რუსეთთან დიალოგი რომ გვინდა, არ ნიშნავს პრორუსულობას. ჩვენ გვინდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, ქართული საქონელი რუსეთის ბაზარზე იყიდებოდეს, ეს ქართული საქმეა. ეს არის ჯანსაღი აზრი. 2016 წლის არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, შემოვიკრებთ იმდროისთვის საკმაო ძალას და ვფიქრობთ გადავლახოთ 7%-იანი ბაერიერი. არაცნობადი სახეებისგან შევქმნით ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ძალიან ცნობადი და პესრპექტიული გახდება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი