აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ საერთაშორისო ფორუმი – “Primakov readings”, 26-29 ნოემბერს, მოსკოვში გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები პლანეტის ყველა კონტინენტიდან. საუბრის თემა იყო, როგორც გლობალური პოლიტიკის საკითხები, ასევე კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები. კონფერენციას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. იგი Dalma News-ს იმ განწყობებზე ესაუბრა, რაც ფორუმის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით არის შექმნილი.

– მოსკოვის კონფერენციამდე იყო “კავკასიური დიალოგი” ადიღეაში, მაიკოფში 22 – 26 ნოემბერს.  კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები აფხაზეთიდან. მათ შორის, გამოირჩეოდა ერთ-ერთი აქტივისტი 24 წლის ახალგაზრდა არსოუ ხუაფშუ. ის არის წარმომადგენელი მუჰაჯირების ოჯახისა, რომელიც თურქეთიდან აფხაზეთში დაბრუნდა. მან პრეზენტაცია გამართა აფხაზეთის საკითხზე, სადაც აშკარად გამოიკვეთა ის, რომ ახალგაზრდებში ფესვს იდგამს თურქეთთან მეტი ინტეგრაციის სურვილი, რაც ჩემი აზრით, ძალიან სიმპტომატურია და ინდიკატორია იმისა, თუ რაზე უნდა ამახვილებდნენ დღეს ყურადღებას, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლებები. ამ 2-ქვეყანას შორის არსებობს ინტერესთა ისეთი თანხვედრა, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს, ჩემი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტას საქართველოსთვის სასარგებლო კონტექსტში. ვინაიდან, მოდის ახალი თაობა, რომელსაც თურქეთის და მის უკან მდგარი გეოპოლიტიკური ცენტრების გავლენის შედეგად აქვთ ცდუნება, რომ მუდმივი სიღატაკისა და უპერსპექტივობის ანკლავად ქცეულ აფხაზეთში, რაღაც ნაბიჯები გადაიდგას. აფხაზეთში, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ 1993 წლიდან დღემდე, განვითარების კუთხით არ არის გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი. რუსეთის ფედერაციის სუბსიდირება, რომელიც შეადგენდა 5.5 მილიარდს, არის ფაქტობრივად შემცირებული და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება იმასაც ვერ ახერხებს, რომ მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების საკითხი გადაწყვიტონ. ეს ის საკითხია, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გარეშე ვერ გადაწყდება.

– რა განწყობა და შეფასებები მოჰყვა არსოუ ხუაფშუს მოხსენებას? თქვენ პირადად თუ ესაუბრეთ მას?

– ეს იყო მოდელირებული პანელი, რომელშიც საკუთარი ხედვები წარმოადგინეს ახალგაზრდებმა და მათ შორის იყო 2 აფხაზი ახალგაზრდა, ერთი მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან და მეორე სოხუმის უნივერსიტეტიდან. მათი მხრიდან ჩემი მისამართით იყო პროვოკაციული შეკითხვები. მაგალითად, ვთვლი თუ არა, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული? ამაზე ვუპასუხე, რომ საქართველო დროებით ვერ აკონტროლებს მისი ტერიტორიის 1/5-ს, მაგრამ აუცილებლად აღდგება სამართლიანობა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მისმა წინაპრებმა მისცეს თავის დროზე ხმა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, როცა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა. ეს არის საყურადღებო ფაქტი, რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა მოგიწევთ, – ვუთხარი მას. მეორე აფხაზი ახალგაზრდას მიერ იყო, ასევე, ჩემი მისამართით პროვოკაციული მიმართვა, რაც გამოიხატებოდა პერფორმანსში. მან მე აფხაზურად მომმართა და ელოდა ჩემგან რეაქციას, – ხომ ხედავთ, თქვენ ჩვენი ენა არ გესმით, რა იმედი უნდა გქონდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვინტეგრირდეთო? ამაზე ვუპასუხე, რომ აფხაზური არის საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა, რითაც ვამაყობ-მეთქი (საქართველოს კონსტიტუციის II მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური. რედ.). იმ ახალგაზრდების მიზანი იყო, პროვოკაციული კითხვებით მიეღწიათ მათთვის სასურველი შედეგისთვის. ამ ყველაფერს ისინი კამერით იღებდნენ. რუსულმა მხარემ ჩემს მიმართ გამოხატა პატივისცემა და ჩემი დაბალანსებული პოლიტიკური პასუხები დადებითად შეფასდა.

– აფხაზი ახალგაზრდების ამგვარი განწყობა, თქვენთვის რის მანიშნებელია?

– მათი განწყობა დიამეტრულად განსხვავდება მოქმედი აფხაზი პოლიტიკოსების განწყობებისგან, კერძოდ, ბჟანიასა და შამბას პოზიციებისგან. ეს არის სწორედ დასაფიქრებელი, რომ დრო არ მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ. ეს ახალგაზრდები შეეცდებიან, ხვალ, მოვიდნენ რეალურ პოლიტიკაში, რაშიც მათ ხელს შეუწყობს თურქეთი და მის უკან მდგარი გარკვეული გეოპოლიტიკური ცენტრი. რა თქმა უნდა, ეს იქნება დამატებითი თავსატეხი ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც. მოსკოვს აქვს დღეს უნიკალური შანსი, აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რეგიონში რუსეთის ინტერესის და მათ უნდა ესმოდეთ საქართველოს კანონიერი ინტერესების.

– ამბობთ, რომ დრო საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. უშლის თუ არა ხელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემაზე დიალოგის დაწყებას ქვეყანაში არსებული შიდა-პოლიტიკური ვითარება, ახლა უკვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობაც?

– უდავოდ ასეა. აფხაზი ახალგაზრდების პოლიტიკურ ორიენტაციასა და მათზე არსებულ გავლენებთან დაკავშირებით რაც ვისაუბრე, ზუსტად იგივე და გაცილებით უფრო მასშტაბურ ზეგავლენას ახდენს „გლობალური დასავლეთი“ ქართულ ე.წ. პოლიტიკურ ოპოზიციაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით არსებობს, როგორც 15 გეი-პოლიტიკური პარტიის შენაერთი. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 4 მაისს ამ პოლიტიკურ ძალთა ერთობამ ხელი მოაწერა გეი-მემორანდუმს. ამით მოხდა ამ ოპოზიციური ძალების სრული ლუსტრირება და დღეს მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი დეგრადირების რეჟიმშია. ეს ძალიან მძიმედ აისახება მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელსაც ვიხილავთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევამდე. „გლობალური დასავლეთი“ აუცილებლად ეცდება ვითარების რეანიმირებას, შემოვლენ ახალი მოთამაშეები, რომლებსაც საგანგებოდ ამზადებენ ახალი პოლიტიკური პროცესისთვის, რომ “ენმ” ჩაანაცვლონ. აქ იგულისხმება ნიკა გვარამია, რომელიც ბრიტანეთში გადის დახელოვნების სკოლას, ასევე, შეიძლება, აქ ვიხილოთ დავით არახამიაც, რადგან მან თავისი მისია 2014 წლიდან 2024 წლის დამდეგამდე ამოწურა უკრაინაში. მისი ამოცანა იყო შეიარაღების იმპორტზე კონტროლი, რასაც უკრაინა იღებდა მრავალმილიარდიანი გრანტების სახით აშშ-დან და ევროკავშირიდან. დღეს, როდესაც „გლობალურ დასავლეთს“ უკრაინისთვის აღარ სცხელა, პროცესები საქართველოსკენ გადმოვა.

– ოპოზიციამ სწორედ ასეთი სახელი შეარქვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომ ეს იქნება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები…

– დიახ, ანუ საქართველო ემზადება ეპოქალური მნიშვნელობის არჩევნებისთვის, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” იმას ნიშნავს, რომ ყველა ძალა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რევანში შედგეს. არ მოვიდეს ხელისუფლებაში „ოცნება“ ან ტრანსფორმირებული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მეოთხედ.

– უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში ჟენევის ფორმატის გააქტიურება?

– აფხაზეთის საკითხი თუ დაიძრა და ამის სიმპტომებს ჩვენ უკვე ვხედავთ, კი. მიმდინარეობს საუბარი გალის მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენაზე. კონფერენციიდან წამოყოლილი განწყობებით გეტყვით, რომ რუსულ ანალიტიკურ წრეებში აშკარად იკვეთება განწყობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმ მიზანშეწონილობას უკავშირდება, რომლითაც რუსეთმა უნდა მიიღოს გარკვეული სარგებელი. ყველა კარგად ხვდება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი სტრატეგიული ურთიერთობების აგება აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება თუ კი არ იქნება დაცული ეს წითელი ხაზები, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ამას დამატებული აფხაზეთის მიმართ თურქეთის ინტერესი. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი გასაგებია. აქამდე ვფიქრობდი, რომ ცხინვალის რეგიონის მიმართ უფრო ადრე დაიძვრებოდა პროცესები, მაგრამ, ახლა მგონია, რომ აფხაზეთის საკითხი დაასწრებს. გავიხსენოთ საქართველოს პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი იქნება მონაკო. ეს არ არის ილუზორული ჭვრეტა. იკვეთება პერსპექტივა, რომ ღრმაწყლოვანი პორტის აღორძინების დაწყებისთანავე გადაიდგას ნაბიჯები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისკენ. აფხაზეთში არის უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შექმნილი. მას არავითარი განვითარების გზა საქართველოს გარეშე არ გააჩნია.

– საქართველო დღე-დღეზე ელოდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამასთან დაკავშირებით თუ გამოხატეს საკუთარი პოზიცია მხარეებმა კონფერენციაზე, მათ შორის, სწორედ აფხაზმა ახალგაზრდებმა?

– რუსი ექსპერტების მხრიდან, არასდროს მომისმენია, რაიმე ტიპის უარყოფითი რეაქცია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რეაქცია ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე საქართველო-ნატოს ურთიერთობებს და საქართველოს გადაქცევას სამხედრო პლაცდარმად რუსეთის საზღვრებთან. რუსეთში საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი არ არის მდგრადი გაერთიანება და ადრე თუ გვიან ის დაიშლება, შესაბამისად, რაიმე სახის პოლიტიკური ეჭვიანობა რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.

– მოსკოვის კონფერენციაზეც რომ გვითხრათ…

– ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს ყველა კონტინენტი მონაწილეობს. 2023 წლის პრიმაკოვის საერთაშორისო კონფერენცია – „პრიმაკოვის საკითხავი“, იყო გამორჩეული იმით, რომ მასში მონაწილეობდა აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური კვლევის 2 ამერიკელი ექსპერტი – თომას გრემი და რობერტ ლეგვოლდი. განიხილებოდა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების საკითხები, რომელიც საგანგებო პანელის თემა იყო, ასევე, განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო „ბრიქსის“ ქვეყნები. გრემისა და ლეგვოლდის მონაწილეობა იყო ერთგვარი სიმპტომი იმისა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს უკრაინის კრიზისის დასრულების ფონზე. 29 ნოემბერს, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის ინსტიტუტის კედლებში დახურული კონფერენცია გაიმართა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ ახალ ეკონომიკურ პროექტს, რომელშიც საქართველოს აქვს უზარმაზარი როლი გათვალისწინებული. საქართველო ხდება ტრანსკასპიური მეგა ეკონომიკური პროექტის მონაწილე სახელმწიფო და ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. საქართველოს დიდი როლი დაეკისრა აზიასა და ევროპას შორის ენერგეტიკულ კომუნიკაციებში.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი