საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას 24 აპრილს გააცნო, ორაზროვანი შეგრძნება გამოიწვია. ერთი მხრივ, თითქოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ იმ მწირი საშუალებებიდან, რომლის მობილიზებაც გავლენიანი უცხოელი დონორების დახმარებით შეძლო, გამოუვალ მდგომარეობაში დარჩენილ მოსახლეობას დაეხმაროს. მეორე მხრივ, გაურკვევლობა და ბევრი კითხვა იჩენს თავს. რომელ სახსრებს გულისხმობდა მთავრობა მოსახლეობის ამა თუ იმ კატეგორიისათვის სოციალური დახმარების მიზნით თანხის გამოსაყოფად? რომელი სტატისტიკის საფუძველზე შეირჩა სოციალური დახმარების კონკრეტული პაკეტის მიმღებები? რა კრიტერიუმებით განისაზღვრა თანხის რაოდენობა – ზოგისთვის ბევრი, ზოგისთვის – ცოტა? მით უფრო, რომ ქვეყანაში ნაკლები ფულის მიმღებთა სოციალური სტატუსი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე “სოლიდური” დახმარების მიმღებები. ასევე გაურკვეველია, რა კავშირი აქვს ამ გეგმას ეკონომიკაში არსებული კრიზისის დაძლევასთან, რადგანაც მას “ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა” ჰქვია.

დავიწყოთ თავიდან და შევეცადოთ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული პაკეტის არსს ჩავწვდეთ.ერთ-ერთ პირველ ნაწილად პრემიერმა 1200 ლარის ოდენობის სოციალური დახმარებების გაცემა დაასახელა იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურები დაკარგეს. იქვე დააკონკრეტა, რომ საუბარია დაახლოებით 350 ათას ადამიანზე და მათ ეს თანხა 6 თვის განმავლობაში გადაუნაწილდებათ. ამგვარი დახმარებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 420 მილიონი ლარით განისაზღვრა. თითქმის 20%-იანი ინფლაციის და ფასების ზრდის პირობებში ვის ხვდება წილად ეს, თუნდაც მცირედი დახმარება? ამ საკითხს ნათელი, ვერც პრემიერის და, ვერც საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებებმა ვერ მოჰფინეს.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 1,9 მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ცხოვრობს. მათგან თითქმის 1,7 მილიონი დასაქმებულების კატეგორიას მიეკუთვნება. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მუშაობას მხოლოდ ცალკეული საწარმოები, ფირმები, კომპანიები და მათ შორის დიდი სუპერმარკეტები, აფთიაქები, მომმარაგებელი სამსახურები განაგრძობენ. მაგრამ ეკონომიკურად აქტიური და დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მომენტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის განკარგულებას ასრულებს – სახლში სხედან. ასე, რომ ვის შეხვდება 200 ლარიანი დახმარება?

ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ მთავრობა ამ მოქალაქეებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, იურიდიული პირების დეკლარაციების მიხედვით აირჩევს, საიდანაც გაირკვევა, ჰქონდათ თუ არა გარკვეულ კომპანიებს შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუ უფასო შვებულებაში გაუშვეს. თუმცა, ამ საკითხს ნათელი, ვერც ამ განმარტებამ მოჰფინა. ფაქტობრივად, ოდესღაც მომუშავე და ახლა პანდემიის დასრულების მომლოდინე მილიონზე მეტი ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას, ვერ მიიღებს.

შეკითხვაზე, თუ რატომ 1200 ლარი, ანუ 6 თვით 200 ლარი, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ შევადარებთ საქართველოს და აშშ-ს ეკონომიკებს, ამერიკაში გაცემული ერთჯერადი 1200 აშშ.დოლარიანი დახმარება, რომელიც ამერიკის მთავრობამ თავისი მოსახლეობისთვის პანდემიის პირობებში გამოყო, იმაზე ნაკლებია, ვიდრე 1200 ლარი ქართულ რეალობაში. გარდა ამისა, 6 თვეზე გადანაწილებული ეს თანხა, ოდესღაც ოფიციალურად დასაქმებული ადამიანისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს შენარჩუნების ტოლფასი იქნება.

რაც შეეხება “თვითდასაქმებულებს” და ე.წ. არაოფიციალურად დასაქმებულებს, მთავრობა მათ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას ჰპირდება. მხოლოდ მათ, როგორღაც უნდა დაამტკიცონ, რომ სადღაც მართლა მუშაობდნენ და, რაღაც შემოსავალი ჰქონდათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

“რა თქმა უნდა, ეს ხალხი არსად იყო დარეგისტრირებული და, არც გადასახადებს იხდიდნენ, მაგრამ სახელმწიფო ამის გამოძიებას არ დაიწყებს. ამ ხალხს დახმარება სჭირდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, „თვითდასაქმებულებმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინონ, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, ან ამონაწერი იმის დასადასტურებლად, რომ, სადღაც მუშაობდნენ, ან ვაჭრობდნენ, ან დამსაქმებლის წერილი იმის შესახებ, რომ ესა, თუ ის მოქალაქე მასთან დამლაგებლად მუშაობდა და გარკვეული ხელფასი ჰქონდა. საინტერესოა, პანდემიის პირობებში, იმ დროს, როდესაც, არც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს, სად უნდა იშოვოს მოქალაქემ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები, ან წერილები?!

27 აპრილიდან საქართველოში ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, მაგრამ შემოსავლების გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა, როგორ უნდა გადაიხადონ ტაქსის მომსახურების საფასური?! გარდა ამისა, საგანგებო ვითარების პირობებში ბევრი ქალაქიდან სოფელში, რთული პერიოდის შედარებით იოლად გადასატანად გაიქცა. თვითდასაქმებულების დახმარების ბიუჯეტი 75 მილიონ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გათვლილია 250 ათას ადამიანზე. საერთო ჯამში, სახელმწიფო, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კატეგორიაში 600 ათას მოქალაქეს დაეხმარება.

არაოფიციალურად დასაქმებულების და თვითდასაქმებულების გარდა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას ჰპირდება. ოჯახები, რომლების სოციალური დაუცველობის ზღვარი 65 000-100 000-მდე ქულას შეადგენს, დახმარების სახით, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. ასეთი ოჯახი დაახლოებით70 ათასია. გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურ 100 ლარს მიიღებს 21 ათასი მრავალშვილიანი ოჯახი. ანალოგიური სოციალური პაკეტი გათვალისწინებულია 40 ათას განსაკუთრებულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე.

მოსახლეობის კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ კატეგორიას სახელმწიფო ინფლაციის შესაბამისი მაჩვენებლის მიხედვით პენსიების გაზრდას ჰპირდება, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონრებს – ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 80%-იან დანამატს. როგორც პრემიერმა განაცხადა, 70 წლამდე პენსიონრებისთვის პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის – 25 ლარით გაიზრდება. თუმცა, ეს მოხდება 2021 წელს, მანამდე კი, არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა. აღნიშნული პაკეტი გათვალისწინებულია 410 ათას პენსიონერზე. საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 680 ათასი პენსიონერი ცხოვრობდა. ეს ციფრი ოფიციალურ სტატისტიკაში ყველწლიურად იზრდება.

ახლა გადავიდეთ ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკურ ნაწილზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სახელწიფო დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებმაც თავიანთ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნეს და 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირება განხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც თავის თანამშრომლებს 750 ლარამდე ხელფასს უხდიდა, სახელმწიფო სრულად განახორციელებს ხელფასების საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებას, დანარჩენს კი – ნაწილობრივ. საწარმოებისთვის ამგვარი დახმარების აღმოსაჩენად გამოიყოფა 250 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, ამოქმედდება დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი და მხოლოდ მიმდინარე წელს ბიზნესმენებს სახელმწიფო 600 მილიონ ლარზე მეტს დაუბრუნებს, რომელიც მათ დღგ-ს სახით გადაიხადეს.

“თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს არის კრიზისის პერიოდში ეკონომიკის დახმარების გარდაუვალი გეგმა. ეს არ არის პოსტკრიზისული გეგმა. კრიზისის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის გეგმა ცალკე შემუშავდება”, – განაცხადა გახარიამ.

იმ ღონისძიებებს შორის, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკის მხარდასაჭერად განახორციელებს – საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც კომერციული ბანკებისთვის გამოიყოფა ასობით მილიონ ლარზე ხელმისაწვდომი რესურსი ბიზნესკრედიტების შემდგომი გაცემისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში ბიზნესისთვის სახელმწიფოს დახმარება იქნება გარანტია 300 მილიონი ლარის ოდენობით კრედიტებზე. გაიზრდება დაკრედიტების და იჯარის ვადები, რათა ბიზნესმენებმა ერთდროულად შეძლონ კრიზისიდან გამოსვლაც და ვალის დაფარვაც.

სოფლის მეურნეობაში იგეგმება მიკროგრანტების სისტემის მოცულობის გაზრდა ამჟამინდელი 15-20 ათასიდან 30 ათას ლარამდე. იმავდროულად გათვალისწინებულია 50 ათასი ლარის გამოყოფა ერთწლიანი კულტურების მწარმოებლებისთვის. პრემიერის ინფორმაციით, ამ დახმარებით 5 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს. მთავრობა ერთწლიან კულტურებზე აქცენტს იმიტომ აკეთებს, რომ ამით შესაძლებელია სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მიღება. ამავდროულად, მთავრობა ფერმერებს ჰპირდება ჩამოაწეროს სარწყავი გადასახადების დავალიანება და უახლოეს პერიოდში გადაჭრას სასოფლო სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პრობლემა, რათა ხელი შეუწყოს ამ მიწების ათვისების სტიმულირებას.

პრემიერმა ცალკე ისაუბრა ეკონომიკის გახსნის გეგმაზე, მაგრამ განმარტა, რომ ეს ხანგრძლივი და ეტაპობრივი პროცესია, რადგანაც ორკვირიანი პერიოდების შუალედებში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლებასთან ერთად მოხდება შესაბამისი დროული ომების მიღებაც.

ამ მხრივ, პირველი ნაბიჯები იქნება მსუბუქი ავტომობილების და ტაქსების გადაადგილების დაშვება, რაც შესაძლებელი იქნება 27 აპრილიდან. ონლაინვაჭრობა და ღია აგრარული ბაზრების მუშაობა. ამასთანავე, ყველასთვის სავალდებულო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულება: სოციალური დისტანციის დაცვა, დეზინფექცია, დამცავი ნიღბების ტარება.

“ეს ყველაფერი გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცევა”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მსგავს რეჟიმში ცხოვრება არაერთ წელს მოგვიწევს.

ამის შემდეგ, იგეგმება სამშენებლო კომპანიების, სამშენებლო მასალის მწარმოებელი კომპანიების, საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიების და დასასვენებელი ზონების ამუშავება. ორკვირიანი შუალედებით განახლდება ჯერ საბითუმო, შემდეგ საცალო ვაჭრობის მაღაზიები, ყველა ღია ტიპის ბაზარი და ბაზრობა; შემდეგ გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები – მოლები, ღია რესტორნები და კაფეები, საფინანსო დაწესებულებები, სილამაზის სალონები და სამედიცინო ესთეტიკის ცენტრები. ანტიკრიზისული ეტაპის ბოლო საფეხურზე იგეგმება სპორტდარბაზების, გასართობი ცენტრების, კაზინოების, ტოტალიზატორების და სხვა მსგავსი დაწესებულებების გახსნა. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, მისი ამუშავების კონკრეტული თარიღი პრემიერს არ დაუსახელებია და განმარტა, რომ ეს დამოკიდებული იქნება “ვირუსის გავრცელების გეოგრაფიაზე”.

ოპოზიციამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა. მისი აზრით, აღნიშნული გეგმა მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო ხრიკი და ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე გრძელვადიანი კონტროლის დაწესების მცდელობაა.

“არაეფექტიანი, არსებული გამოწვევებისადმი არაადეკვატური, ქაოსური და დაგვიანებული”, – ამგვარად შეიძლება შეჯამდეს აღნიშნული დოკუმენტისადმი ოპოზიციის რეაქცია.

გია ხუხაშვილის

ზემოთ აღნიშნული გეგმის ეკონომიკურ ნაწილს უმაღლეს შეფასებას, არც დამოუკიდებელი ექსპერტები აძლევენ. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, გეგმას ეკონომიკურს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც მასში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი ეკონომიკის რეალური დახმარების შესახებ, თუ არ ჩავთვლით საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებას. რაც შეეხება დღგ-ს დაბრუნებას, ექსპერტის აზრით, მთავრობამ ეს კანონით, კორონავირუსის კრიზისის გარეშეც, უნდა გააკეთოს. ასე, რომ ამ გეგმაში ახალი არაფერია.

“არავითარი ეკონომიკური გეგმა არ არის, ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით მისი შეფასება შეუძლებელია. ეს სუფთად სოციალური პაკეტია, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის დახმარებას ითვალისწინებს. თუ არ ჩავთვლით მცირედ გამონაკლისს საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებას, რამდენიმე თვით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს ინარჩუნებენ. მეორე მომენტი, რომელიც არავითარ ხარჯებთან არ არის კავშირში – ეს არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება. მთავრობა ვალდებული იყო, ეს კანონით გათვალისწინებული მოქმედებების მიხედვით გაეკეთებინა.ხოლო ყველა დანარჩენი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის წმინდად სოციალური პროგრამა, მაგრამ ის ასევე შეიძლება ბიზნესთან თანამშრომლობით აიგოს. მაგალითად, იგივე ყოველთვიური 200 ლარი, რომელიც მთავრობამ მოქალაქეების ნაწილს უნდა გადაუხადოს, შეიძლება გადაეცეს კომპანიებს და კომპანიების საშუალებით, ამ კომპანიების თანამშრომლებს დაურიგდეთ. გაურკვეველია ისიც, თუ რომელი კრიტერიუმებით შეირჩა 350 ათასი ადამიანი, რომლებსაც ეს დახმარება დაურიგდებათ. შემოთავაზებული ზომები ეკონომიკის პრობლემებს ვერ აგვარებს. მთავრობას ეკონომიკის აღდგენაზე ნათელი ხედვა არ აქვს. მან, როგორც წესი, ლოდინის რეჟიმი აირჩია”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა Dalma news-თან საუბრისას.

ექსპერტის აზრით, სახელმწიფოს ასეთ პირდაპირ დახმარებას კორუფციული რისკები ახლავს თან, ხოლო რაკი წინ არჩევნები გველოდება, ეს შეიძლება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვადაც შეფასდეს.

“ჩნდება შეკითხვა, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესს და ხომ არ ცდილობს ხელისუფლება ადამიანების მოსყიდვას. მაგრამ ეს ძალზედ სუსტი სტიმულია და არ ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს ეფექტური იქნება, რადგანაც ეკონომიკურად ეს არაფერს იძლევა”, – დასძინა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ასევე ნეგატიურად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიების 2021 წლისთვის გაზრდის თაობაზეც და ამბობს, რომ სტანდარტული სამომხმარებლო კალათა დღეს უკვე 20%-ით არის გაზრდილი.

“როდესაც სამომხმარებლო კალათი 20%-ით ძვირდება, შენ კი პენსიებს მომავალ წელს 10%-ით ზრდი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პენსიონერი ხვალ უკეთესად იცხოვრებს. პირიქით, მისი ცხოვრება გაუარესდება”, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი აზრით, გეგმის სისუსტე კიდევ იმაშიც მდგომარეობს, რომ სამთავრობო გუნდს ეკონომიკის სფეროში კარგი სპეციალისტები არ ჰყავს.

“სამწუხაროა, რომ სამთავრობო გუნდში ძალიან ცოტას თუ ესმის, რა განსხვავებაა სოციალურსა და ეკონომიკურს შორის. მაგრამ ასეთია ჩვენი რეალობა. ვფიქრობ, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას პანდემიის დასრულების შემდეგ ექნება, ამჟამინდელ მთავრობას მძიმე პერიოდი ელოდება”, – დაასკვნა გია ხუხაშვილმა.

გეგმა წარმოდგენილია, მაგრამ მთავრობა დაპირებული სოციალური თანხების გაცემას 15 მაისის შემდეგ დაიწყებს, როდესაც ყველა რეგისტრირებული მეწარმე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის დეკლარაციებს წარუდგენს. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ, გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მოსახლეობას ისღა დარჩენია, მოთმინებით დაელოდოს და ივარაუდოს იმაზე, თუ ვინ იქნება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების ბენეფიციარებს შორის.

ირინე ხაჩიძე