თვითმყოფადმა და ორიგინალურმა აზერბაიჯანელმა მხატვარმა აბას კაზიმოვმა, თავისი 60 წლის იუბილე, მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმში გამოფენით აღნიშნა. ექსპოზიციაში ასამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, ავტორის მიერ დასათაურებული სერიიდან “წითელი და შავი”, “ფიროსმანისადმი” და “ხალიჩის სტილში”. გამოფენა, რომელიც 19 ივნისამდე იქნება ღია, შევსებულია აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის აზერბაიჯანული ხალიჩებით.

აპშერონის სკოლა – წარუშლელი კვალი

აბას კიაზიმოვს სამართლიანად უწოდებენ ცნობილი აპშერონის სკოლის ტრადიციების გამგრძელებელს. სკოლაში ბევრი მხატვარი აღიზარდა, რომლებმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აზერბაიჯანული სახვითი ხელოვნების თავისებურება განსაზღვრეს. საინტერესო და ბრწყინვალე ფერმწერებმა ორგანულად შეითვისეს გასული ასწლეულის ევროპული სახვითი ხელოვნების იდეოლოგია და ის ინდოეთისა და აფრიკის ხალხური სამხატვრო ტრადიციების ელემენტებთან გააერთიანეს.

 

აბას კიაზიმოვი, ისევე, როგორც აპშერონის სკოლის სხვა წარმომადგენელი-თანამოაზრეები, ფერწერას მოგონილისგან ათავისუფლებს. ასეთმა ფერწერულმა სტილმა, მეთოდმა და შინაარსმა თანდათან გამოიწვია იმ ტილოების ხელახალი გააზრება, რომლებიც ორნამენტების პრინციპებს შეერწყნენ და რომლის საფუძველზეც ხალიჩის სტილის ხელოვნება შეიქმნა. ამგვარად, სავსებით ბუნებრივად, სამყაროს საკუთარი აღქმის განვითარებით, კიაზიმოვმა უნიკალური სტილი შეიმუშავა, რომელმაც თავის თავში აღმოსავლური ფერწერული ტრადიციები და კლასიკური სახვითი ხელოვნება გააერთიანა. სწორედ ეს „ხალიჩის“ სტილი, რომელშიც განუმეორებელი ფიროსმანის მელოდია მკაფიოდ გამოსჭვივის, საკმაოდ წარმატებულად შეერწყა მინიატურას, მეხალიჩეობას, ქარგვასა და ჭედვას.

ბაქოელი აბას კიაზიმოვი იუნესკოსთან არსებული მხატვართა საერთაშორისო ფედერაციის, მხატვართა საერთაშორისო ფონდის და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრია. მისი პირველი გამოფენა შორეულ 1979 წელს შედგა და მისი ნაშრომების ნახვა, უცხოური გალერეების და მუზეუმების კრებულებში, ასევე ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეასა და კერძო კოლექციებშია შესაძლებელი. მისი ნახატების გამოფენებს აწყობენ მ.შემიაკინი, ე.ნეიზვესტნი, იუ.კუპერმანი, ა.ზვერევი და სხვები. აბას კიაზიმოვს, საკუთარი გამოგონების საგანმანათლებლო მეთოდიკის გამოყენებით, შეუძლია ნებისმიერ მსურველთან ერთად დახატოს და როგორც წესი, ასეთი ტილოები სხვადასხვა საბავშვო დაწესებულებას გადაეცემა საჩუქრად.

მარტივი მხოლოდ ერთი შეხედვით

სპილოები და ჟირაფები, ცხენები და ადამიანები – აბას კიაზიმოვის ფერწერა, სიუჟეტურ სიღარიბეს ნამდვილად არ განიცდის. ერთი შეხედვით, თითქოს ის ბავშვის დახატულია – ძალზედ მარტივი სტილი და შესრულება. თუმცა, სინამდვილეში, აშკარა სიმარტივე საკმაოდ რთული მისაღწევია. რაც შეეხება განსაზღვრულ “ბავშვურობას”, ნიჭიერი და უნიკალური შესაძლებლობების მქონე ნებისმიერი ბავშვი გარესამყაროს თავისებურად აღიქვამს. ამ თვალსაზრისით, “ბავშვურობა” აშკარა პრიმიტიულობას კარგავს და განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს.

როდესაც კიაზიმოვი მასტერ-კლასებს მართავს, ცდილობს რაც შეიძლება ბევრი ბავშვი, ან ცნობილი პიროვნება მიიზიდოს. მაგალითად, 1999 წელს, კანში გამართული ფესტივალის დროს, მხატვრის მასტერ-კლასებზე კოსმონავტები: მანაროვი, ვოლკოვი, ბერეზოვოი და პოლიაკოვი მიიწვიეს. ეს ადამიანები ისე ჩაერთნენ პროცესში, რომ ყველა და ყველაფერი დაივიწყეს და მხოლოდ ხატვაზე ფიქრობდნენ. შედეგად, გასაოცარი ნამუშევრები გამოუვიდათ. მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ღონისძიებაში ჩართვის იდეა გაჩნდა. მსგავსი მასტერ-კლასების ეფექტი მართლაც რომ დიდია.

აბას კიაზიმოვი მოქანდაკეც არის. იალტაში, “იუმორისტების ხეივანში” (“Аллея юмористов”) არკადი არკანოვის ჟილეტის და მიხეილ ჟვანეცკის პორფელიოს ძეგლი დგას, რომელიც კიაზიმოვის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. ხატვისა და მოქანდაკის ხელოვნებას პიონერთა სასახლეში, აზიმ-ზადეს სახელობის ბაქოს სამხატვრო სასწავლებელსა და ინსტიტუტის სამხატვრო-გრაფიკულ ფაკულტეტზე დაეუფლა.

არა მხოლოდ ფერწერით…

1975 წელს, ახალგაზრდა მხატვარი კარატემ სერიოზულად გაიტაცა. თუმცა, საბჭოთა კავშირში მსგავსი რამ აკრძალული იყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში აბას კიაზიმოვი ყვება: “სადესანტო ნაწილში ვმსახურობდი და აგურებს ხელით ვამტვრევდი. ელჩინ მამედოვმა, იმ დროისთვის ბაქოს მუსკომედიის თეატრის ყოფილმა მხატვარმა დამინახა და ამის იული გუსმანისთვის ჩვენება მირჩია. გუსმანი მაშინ იგივე მუსკომედიის მთავარი რეჟისორი იყო. მან კი თეატრის ერთ-ერთ შენობაში კარატეს სექციის ორგანიზება შემომთავაზა. სექციამ წელიწადზე მეტ ხანს იარსება და მის საფუძველზე შეიქმნა აზერბაიჯანის კარატეს ფედერაცია. იული გუსმანი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მე კი აზერბაიჯანის კარატეს ფედერაციის მთავარი მსაჯი. დავდიოდით შეჯიბრებებზე. ბევრი ჩვენი მოსწავლე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ზოგიერთი ახლა პრეზიდენტს იცავს. 1980 წელს იული გუსმანმა ლეგენდარული ფილმის “ნუ გეშინია, შენთან ვარ!” (“Не бойся, я с тобой!”) გადაღებები დაიწყო, სადაც კარატეს სცენებს ვასრულებ. გუსმანს ჩემთან რომ არ ევარჯიშა, საიდან გაიგებდა ამდენ რამეს კარატეს შესახებ? სწორედ ამიტომ მიმიწვია ილეთების შესასრულებლად”.

ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი, მხოლოდ ერთ სფეროში არ იკეტება. აბას კიაზიმოვს საკუთარი თავი მხოლოდ ფერწერაში არ აღმოუჩენია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გამონათქვამს: “ნიჭიერი, ყველაფერში ნიჭიერია”. თუკი ადამიანს სერიოზულად მუშაობა შეუძლია და ამის სურვილიც აქვს, მაშინ ის ნებისმიერ სფეროში წარმატებული იქნება.

მხატვრის გამორჩეული ხელწერა

 

დიახ, აბას კიაზიმოვს ფერწერის ძალზედ თავისებური მანერა აქვს და თითქოს მისი ნახატები ცოცხლდებიან და ემოციასა და ექსპრესიას გამოხატავენ. ხატვის ასეთი მანერის ათვისება მხოლოდ საგანგებო განათლებით არის შესაძლებელი, რომელიც კიაზიმოვს უდავოდ აქვს. ამიტომაც მას ადვილად შეუძლია პორტრეტის, პეიზაჟის, ან ჟანრობრივი სურათის დახატვა. მაგრამ ხელოვნებაში ოსტატები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ, უნიკალურ და განუმეორებელ სტილს ჰქმნიან. კრიტიკოსებს შეეძლოთ თავისუფლად შეერჩიათ განსაზღვრება და რაკი ამ სტილს “ხალიჩის სტილი” უწოდეს, ასეც არის. მთავარი ხომ შესანიშნავი ტილოების შექმნაა და სტილს რა დაერქმევა, უკვე – მეთექვსმეტე ხარისხოვანია.

abbas-open-08

აბას კიაზიმოვი აფუძნებს რა თავის “ხალიჩის სტილს”, ეყრდნობა აზერბაიჯანული ეროვნული ხელოვნების მინიატურის, მეხალიჩეობის, ქარგვის და ჭედვის სტილს. “სუფთა ფერით ხატვა – ხალიჩის ხატვას ჰგავს. ჩემი მთავარი ამოცანაა – სურათზე სუფთა ფერების ვიბრაციის შექმნა. ასეთ შემთხვევაში სურათი ცოცხლდება. სხვათა შორის, სახვით ხელოვნებაში სწორედ “ხალიჩის სტილის” შექმნისათვის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრად ამირჩიეს”, – ამბობს აბას კიაზიმოვი.

და კიდევ – მხატვრისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლა. იგი საკუთარ თავს ვეღარ პოულობდა და აღმართულ საზღვრებში დაიკარგა. ეს უცხო იყო მისთვის. თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ საზღვრები დროებითია და საჭიროა, უბრალოდ მოითმინო, გაუძლო ყველაფერს და გაიარო ფორმირებისა და ჩამოყალიბების განსაზღვრული პერიოდი, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს. უამრავი შეკითხვა ჩნდება და საჭიროა მათზე პასუხების გაცემა, პარალელურად ხომ კვლავ ახალი შეკითხვები ჩნდება.

“ის, რასაც დღეს ბაზარი, კაპიტალიზმი და ა.შ. ჰქვია, ჩემთვის ეს სიახლეს არაა, რადგან არასდროს მიმუშავია, ხელფასი არასოდეს მქონია და ვერც ვერავინ მეუფროსებოდა. ისეც ხდებოდა, რომ ჩემს სურათებს გამოფენიდან ხსნიდნენ, თუმცა მათში დისიდენტური არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩვენ არასდროს ვწევდით წინააღმდეგობას, ვინც არ უნდა ყოფილიყო”, – იხსენებს მხატვარი.

მათ, უბრალოდ სურდათ თავიანთ ნაწარმოებებში საკუთარი თავი შეენარჩუნებინათ და დარჩენილიყვნენ ისეთ პიროვნებებად, როგორიც აბას კიაზიმოვია და უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ეს შესანიშნავად შეძლეს.

 

მოაზადა აიდან ბაირამოვამ

მასალაში გამოყენებულია აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმის (მოსკოვი) ოფიციალური საიტის ფოტოები