9 მაისის აღნიშვნა ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის კვლავ “ვნებათაღელვის” საგანია. ყოველი წლის 9 მაისს, საქართველოს გარკვეული პოლიტიკური ძალები ახალი დესტრუქციული გამოხტომებისთვის ემზადებიან. წლების წინ საქართველოში დავის საგანი იყო, ქართველ ხალხს უნდა ეზეიმა თუ არა ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი, რომელიც ქვეყნის საბჭოთა წარსულს უკავშირდებოდა?

სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკოსების ნეგატიური მცდელობების მიუხედავად, საქართველოში 9 მაისი კვლავაც აღინიშნება. ამ თარიღზე უარის თქმა, ნიშნავს იმ უდიდესი მსხვერპლის დავიწყებას და გმირობის უბადლო მაგალითებზე უარის თქმას, რაც საქართველომ მეორე მსოფლიო ომში გაიღო. ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, უკვე მხცოვან ვეტერანთა რიგები, რომლებიც თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბებიან და მათი მეგობრების ნაადრევად ჩამქრალ სიცოცხლეს მარადიული ცეცხლით ათბობენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ამჯერად, თარიღის გადატანის მოთხოვნით გამოდის და ხელისუფლებას ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას სთავაზობს. პარლამენტის დეპუტატებმა: თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმახათუნა სამნიძემგიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ “შრომის კოდექსში” ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს.

მათი განმარტების თანახმად, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინიციატივა იმით ახსნა, რომ “საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად უნდა იზეიმოს და არა რუსეთთან ერთად”.

მისი აზრით, რუსეთი იყენებს 9 მაისს, როგორც იდეოლოგიურ იარაღს საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრის სტატუსის მოთხოვნით მიმართა. ვაშაძის აზრით, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება გამარჯვების დღის აღნიშვნის გადატანა იმ დღეს, რომელსაც ევროპის ქვეყნებში აღნიშნავენ.

შალვა პაპუაშვილი

“შრომის კოდექსში” ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 18 აპრილს განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის ინიციატივას. როგორც პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, გამარჯვების დღე – 9 მაისი, არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში აღინიშნება, არამედ ასევე, აღინიშნება რუმინეთში, ქვეყანაში, რომელიც ნატოს წევრია; აღინიშნება ისრაელში, რომელიც ჰოლოკოსტის – მასობრივი გენოციდის მსხვერპლია.

“როდესაც გერმანიის კაპიტულაციის აქტს მოეწერა ხელი, ეს იყო 8 მაისი, 23:00 საათი. ბერლინში საღამოს 23 საათი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ღამის ორი საათი იყო — ანუ უკვე 9 მაისი, 8 მაისი კი ბერლინში. ასე რომ, თბილისში 9 მაისი იყო, ბერლინში 8 მაისი, ეს მისაღებია“, – განაცხადა საერთაშორისო საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა მოსაზრება, რომლებიც ამ დღესასწაულის 9 მაისს აღნიშვნას არიან მიჩვეულნი.

პეტრე მამრაძე

მეცნიერი პეტრე მამრაძე Dalma News-სთან საუბრისას შეეცადა განემარტა, თუ რატომ ხდება ეს თარიღი (9 მაისი) ქართული დესტრუქციული ოპოზიციის ინსტრუმენტი?

მისივე თქმით, საქართველოში იყო პერიოდები, როდესაც ვეტერანებს ეუბნებოდნენ, – იმ ომში, რომ არ გებრძოლათ, ახლა ბავარიულ ლუდს დავლევდითო.

“ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ბოლო წლებში. დღეს, იმდენად ბევრი პრობლემის წინაშეა ჩვენი მოსახლეობა, რომ არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს და მკვეთრად გამოხატული პოზიცია ჰქონდეთ 9 მაისთან დაკავშირებით, თუმცა, პოლიტიკურ სპექტრში ამაზე სპეკულაცია მიმდინარეობს”, – ამბობს პეტრე მამრაძე.

მისივე თქმით, ხელმოცარული ოპოზიცია ისევ და ისევ ცდილობს 9 მაისი საკუთარი პიარ- აქციისთვის გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ მუხლჩაუხრელად იშრომონ, გააანალიზონ მმართველი გუნდის, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ალტერნატივები შესთავაზონ საზოგადოებას, ამხილონ ხელისუფლება თუ კორუფციაში, თუ შეცდომებში, ასეთი ოპონირება არ უნდათ, არ შეუძლიათ.

“არავინ დავობს დასავლეთში, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში ლომის წილი, საბჭოთა კავშირის ხალხს და მაშინდელ ხელმძღვანელობას მიუძღვის. გამოჩენილი ამერიკელი ისტორიკოსები დღემდე წერენ, რომ ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც სტალინის ომი. არ მუშაობს ის, რომ სტალინის რეჟიმი არაფრით იყო უკეთესი ჰიტლერის რეჟიმზე. საქართველომ ვეებერთელა მსხვერპლი გაიღო ამ ომში. მოსახლეობის 20% წავიდა ფრონტზე და ნახევარი არ დაბრუნებულა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მრავალ სოფელში ქალები მიასვენებდნენ კუბოს და ქალები თხრიდნენ საფლავებს”, – ამბობს პეტრე მამრაძე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ ამ თარიღის შესახებ რამდენად სწორად მივაწვდით ინფორმაციას მომავალ თაობებს და დროთა განმავლობაში 9 მაისი, საქართველოში კალენდრიდან არ გაქრება, 4-წლიანი ომის მძიმე გამოცდილება და ცალკეული ისტორიები დავიწყებას არ მიეცემა.

“სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ დღის სამხედრო აღლუმებით აღნიშვნისა. გამარჯვების სამხედრო აღლუმი მოსკოვში, რომელსაც მსოფლიომ ისტორიული აღლუმი უწოდა, 1945 წელს იყო მოსკოვში, წითელ მოედანზე. ამის შემდეგი აღლუმი მხოლოდ 1965 წელს ჩატარდა”, – ამბობს პეტრე მამრაძე.

მისი აზრით, 9 მაისი, საერთო სახალხო დღესასწაული და სიმშვიდის დღე უნდა იყოს.

გულბაათ რცხილაძე

ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი, გულბაათ რცხილაძე 9 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავს. ამჯერადაც მის ორგანიზაციას, რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ამბობს, რომ წლეულსაც მოეფერებიან თბილისის ვაკის პარკს და დედაქალაქის სხვა ადგილებშიც გამართავენ ღონისძიებებს.

შარშან, ორგანიზაციამ მეგობრებთან ერთად აღადგინა გამარჯვების ძეგლი ქარელის ცენტრში, 9 მაისს იქ ქალაქის ადმინისტრაცია მივიდა და ყვავილებით შეამკო. ყვავილები მიიტანეს გენერალ ლესელიძის ბიუსტთან, რომლის სახელიც წაართვეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას.

წლეულს 9 მაისს, პატივს მიაგებენ პორფირე ჩანჩიბაძის ხსოვნას, რომლის ბიუსტი კინოთეატრ “საქართველოს” წინ, სკვერში დგას.

“ეს იყო გენერალი, ომისდროინდელი საბჭოთა სამხედრო იერარქიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი. ამ რანგის ქართველები დიდ სამამულო ომში ძალიან ცოტანი გვყავდა. ასევე, პატივს მივაგებთ მელიტონ ქანთარიას, რომლის ბიუსტიც რამდენიმე წლის წინ კიკვიძის პარკში გაიხსნა. სხვათა შორის, ეს მოხდა არა ხელისუფლების, არამედ მოხალისეების ინიციატივით. მადლობა ამ მოხალისეებს”, – ამბობს გულბაათ რცხილაძე.

ამის შემდეგ კუკიის სასაფლაოზე გადაინაცვლებენ, სადაც პატივს მიაგებენ, იქ დასვენებული ჯარისკაცების ხსოვნას. პარალელური ღონისძიებები 9 მაისს გაიმართება: თელავში, ქარელსა და ბათუმში.

“ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას დიდი სამამულო ომის მეხსიერების შესანარჩუნებლად და ჩვენი მოსახლეობის ფართო მორალურ მხარდაჭერაზე, რომელთა უმრავლესობა პატივს სცემს წინაპრების ხსოვნას და სწორად ესმის დიდი სამამულო ომის ადგილი ქართულ და მსოფლიო ისტორიაში”, – აცხადებს რცხილაძე.

მისივე მოსაზრებით, ათ წელზე მეტი ხნის წინ, საქართველოში გამოცხადებული „საბჭოთა წარსულის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაც კი წარმოდგენილია, როგორც საბჭოთა წარსულისადმი ერთგვარი ნოსტალგიის გამოვლინება.

გიორგი ქართველი