ლგბტ-პრაიდმა საქართველოში მორიგი კრახი განიცადა. 8 ივლისს, ლისის ტბაზე, “პრაიდ-კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიება – ფესტივალი, ათეულობით ათასი მოქალაქის პროტესტის გამო ჩაიშალა. საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ფესტივალი ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იმართებოდა. მართალია, პრაიდის ორგანიზატორებმა ამისთვის ლისის ტბაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გამოიყენეს, მაგრამ პროტესტანტების აზრით, ტერიტორია მხოლოდ მავთულხლართით იყო შემოსაზღვრული და ადვილად იქცევდა ბავშვების ყურადღებას.

ლისის ტბა თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. აქ ოჯახებით მიდიან პიკნიკზე და არასრულწლოვან შვილებს ასეირნებენ. ლგბტ-პრაიდის მოწინააღმდეგეთა აზრით, საჭიროა ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.

„ალტო-ინფოს“ და მის ბაზაზე დაარსებული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობას” ინიციატივით 8 ივლისს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან აქცია დაანონსდა. 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყველა შესაბამის ზომას მიიღებდნენ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად. შეკრებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა შედგა – გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით. შსს-ს წარმომადგენლებმა შეკრების ორგანიზატორებს მისცეს გარანტია, რომ პოლიციის დანაყოფები მობილიზებულნი იქნებოდნენ ყველა საჭირო ლოკაციაზე და უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას. ასევე, მოუწოდეს კონტრაქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაეცვათ კანონი, დამორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნებს და არ გასცდენოდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მანდატის ფარგლებში იმოქმედებდა.

8 ივლისს, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ათეულობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. შეკრებილებმა მსვლელობა დაიწყეს ლისის ტბისკენ. მსვლელობას “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, პოლიციასთან დაპირისპირებაში არ შესულიყვნენ და სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

 

მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა გზადაგზა სულ უფრო იზრდებოდა. აქციას შეუერთდნენ ახალდაფუძნებული ორგანიზაცია “საქართველოს უპირველეს ყოვლისა” წევრები და მხარდამჭერები. დაახლოებით 7 კილომეტრი ხალხმა ფეხით გაიარა ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ლისის ტბამდე. ახალგაზრდებთან ერთად აღმართზე, ივლისის სიცხეში ასაკოვანი ადამიანებიც მიდიოდნენ. ადგილზე მისულებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შეიჭრნენ “პრაიდ კვირეულისთვის” მოწყობილ ტერიტორიაზე, დახიეს ლგბტ დროშა, დაარბიეს ფესტივალისთვის გათვალისწინებული დეკორაციები, დაწვეს ზოგიერთი ინვენტარი.

პოლიციამ უზრუნველყო პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების უსაფრთხოება, ისინი სამარშრუტო ტაქსებით გაარიდეს ტერიტორიას. ამის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორებმა დაზიანებული ინვენტარი რუსთაველის გამზირზე მიიტანეს და პარლამენტის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად დაყარეს.

ჩაშლილ ლგბტ-პრაიდს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა ვერ უზრუნველყვეს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა.

სალომე ზურაბიშვილი

“დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და 21-ე მუხლი – შეკრების თავისუფლება. ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული, ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდი დაადანაშაულა კონტრაქციის წაქეზებასა და ძალადობის წახალისებაში.

“ღიად მხარდაჭერილ იქნა სოციალურ ქსელებში, არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების, არამედ პარტიის მოქმედი დეპუტატების მიერ. ამ სიძულვილის ენის არ დაგმობით, მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე. მინდა მოვუწოდო შსს-ს, აღკვეცოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა. მმართველ გუნდს კი, მოვუწოდებ, შეწყვიტოს დაპირისპირების წაქეზება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერებმა სამარცხვინო უწოდეს.

“სალომე ზურაბიშვილი არ არის იმ 25 ათასი ადამიანის პრეზიდენტი, ვინც 8 ივლისის აქციაში მონაწილეობდა, ის გეი აქტივისტების პრეზიდენტია. ასეთი პრეზიდენტი არის საქართველოს ისტორიის სირცხვილი და შავი ლაქა”, – განაცხადა “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, შოთა მარტინენკომ.

ლისის ტბაზე 8 ივლისს განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა აშშ ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც. მან კონტრაქციის მონაწილეებს “სიძულვილით სავსე ადამიანები” უწოდა და მათი დაპატიმრება მოითხოვა. მისივე თქმით, პროტესტანტებმა მშვიდობიანი კონცერტი ძალადობრივად აღკვეთეს და თან ამბობდნენ, რომ “ღმერთის სახელით მოქმედებდნენ”.

“წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის პერიმეტრზე ვერ შეიჭრებოდნენ და უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან კირიტიკა მოჰყვა. ირაკლი კობახიძის აზრით, ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს, ხოლო თუ ვინმეს დასჯაზეა საუბარი, ჯერ „7-8 მარტის მოძალადეები“ არიან რიგში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შს მინისტრს იმის გამო, რომ 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე არავინ დაზიანებულა.

“საქართველოს უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი მიიჩნევს, რომ 8 ივლისი იყო ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება, რადგან მშვიდობიანად მოხერხდა ლგბტ პრაიდ-ფესტივალის აღკვეთა. მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 8 ივლისის აქციაზე, არანაირი ძალადობრივი ჯგუფები არ ყოფილან, როგორც ამას პროპაგანდირებენ ოპოზიციური და სახელისუფლებო მედია-გამოცემები. იმ შემთხვევაში, თუ 8 ივლისს მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდებოდა და მხარეებს შორის მოხდებოდა ფიზიკური დაპირისპირება, ვატო შაქარაშვილი პასუხისმგებლობას ამერიკის საელჩოს აკისრებს. მისი თქმის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაცია სწორედ აშშ-ს საელჩოში დაიგეგმა.

Вато Шакарашвили

“აშშ-ს ელჩი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-9 მარტის აქციაზე ჩვენი პოლიციელების „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცოცხლად დაწვას, ლგბტ პროპაგანდის თავსმოხვევას, ბულინგს უწოდებენ გამოხატვის უფლებას და 10 ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას მშვიდობიანად, უწოდებენ ძალადობას. ეს აღარ გავა, ლიბერალების მიერ ხელოვნურად ნაშენები ტრენდები დაინგრევა და ინგრევა არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში. ამას უკვე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება”, – აცხადებს ვატო შაქარაშვილი.

მისივე თქმით, ლგბტ-პროპაგანდამ დასავლეთს უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები. აშშ-ში უკანასკნელი კვლევებით, 18-დან 22 წლამდე ყოველი მე-5 ახალგაზრდა აცხადებს, რომ ის თავს მიაკუთვნებს სექსუალურ უმცირესობებს, ეს ციფრი 22%-მდე ადის საფრანგეთში. საქართველოში, სადაც დემოგრაფიული თვალსაზრისით არის ნეგატიური ბალანსი, ამ დამღუპველი იდეოლოგიის თავს მოხვევა, შაქარაშვილის აზრით, ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

“8 ივლისის აქცია, გარდა სიამაყისა, სხვა განცდას არ აჩენს. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა. დემოკრატიის პრინციპია უმრავლესობის ნება. არავინ დაშავებულა, არავინ დაზიანებულა, ეს არის ქართველი ხალხის და სამართალდამცველების დამსახურება. პოლიციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დაეცვა თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და დაეცვა საქართველო მასობრივი არეულობებისგან, რის პროვოცირებასაც ემსახურებოდა ეს ღია ლგბტ პრაიდი”, – აცხადებს ვატო შაქარაშვილი.

მისივე თქმით, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ქართული საზოგადოების უმრავლესობისგან ყოველთვის მიიღებს პროტესტს.

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის შეფასებით, 8 ივლისს ხელისუფლების მოქმედება იყო ადეკვატური.

მისივე თქმით, საქართველოში (ალბათ, სხვაგანაც), ლგბტ თემის წარმომადგენლებს პრობლემა აქვთ არა ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან, არამედ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობასთან. როდესაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის საკითხისადმი ასეთი მიდგომა მიუღებელია, კონფლიქტი უმრავლესობის ინტერესებისა და უფლებების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

“კანონმა უნდა დაარეგულიროს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს გარანტირებული აქვთ არსებობის, ხელშეუხებლობის, შეკრებებისა და საკუთარი პოზიციების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ შეზღუდული აქვთ რეკლამირებისა და პროპაგანდის შესაძლებლობები. ისევე როგორც, ყველას აქვს სიგარეტის მოხმარების თავისუფლება, მაგრამ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოხმარება აკრძალულია. ნარკომანი ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი წესით არ ისჯება, მაგრამ უმკაცრესად ისჯება ნარკოტიკის გამსაღებელი”, – განუცხადა Dalma News-ს ნანა კაკაბაძემ.

მისივე შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებებისა და მიტინგების უფლება, მაშინაა დარღვეული, როცა ამას ხელისუფლება საკუთარი სურვილით და საფუძვლის არარსებობის პირობებში ზღუდავს, მაგრამ როცა იგივე უფლებას საზოგადოება უზღუდავს მიუღებელ ჯგუფს, ეს არის კონფლიქტი საზოგადოებასთან. ხელისუფლება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით თუ რამდენად ადეკვატური, დროული და სამართლიანი იყო მათი მოქმედება კონკრეტულ სიტუაციაში, რა გარდაუვალი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული.

ამდენად, ნანა კაკაბაძე 8 ივლისის მშვიდობიანი, მრავალათასიანი კონტრაქციის წინააღმდეგ წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის, თუ რეზინის ტყვიების გამოყენებას, მრავალი ადამიანის დაკავება ან დასახიჩრებას დაუშვებლად მიიჩნევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეები პოლიციას არ დასხმიან თავს და არც “მოლოტოვის კოქტეილები” უსვრიათ.

შორენა პაპაშვილი