იანვრის ცივ დღეებში საქართველოს საშინაო პოლიტიკის ყველაზე ცხელ მოვლენად უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ქართველი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავება იქცა. ამ საქმის მიზეზებსა და შიდაპოლიტიკურ შედეგებზე ინფორმაციულ-ანალიტიკური სააგენტო EADaily-ის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ანალიტიკოსი ირაკლი ჩხეიძე საუბრობს. სტატიას სრულად გთავაზობთ.
მსოფლიოში უცნაური ამბები ხდება. ბიბლიური კაენის დროიდან მოყოლებული, თითქოს მიღებულია, რომ მკვლელმა ჩადენილი დანაშაულის და დაღვრილი სისხლისთვის პასუხი უნდა აგოს. ქურდი ციხეში უნდა ჩაჯდეს, ხოლო მკვლელი – დაისაჯოს. 15 იანვარს, კიევის აეროპორტ “ჟულიანში” საქართველოს შსს. ყოფილი სპეცრაზმელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე დააკავეს. ცერცვაძეს ინტერპოლი ეძებდა, 2003 წელს ქალაქ სოჭში თავდასხმის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი 40 დღით დააკავეს. რუსეთი მის გადაცემას მოითხოვს, უკრაინამ ეს საკითხი უნდა განიხილოს.
აბსოლუტურად ჩვეულებრივი საქმეა. მსგავსი რამ ხშირად და სხვადასხვა ქვეყანაშიც ხდება. აღმოჩნდა, რომ გიორგი ცერცვაძე სულაც არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. 1992-1993 წლებში იგი აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში – სამხრეთ ოსეთში. შემდეგ საქართველოს შსს-დან წავიდა, რათა უკრაინაში ე.წ. “ქართულ ლეგიონს” (უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფი ქართველი მოხალისეები) შეერთებოდა და დონბასის საბრძოლო მოქმედებებში, ე.წ. “ატო-ს ზონაში” მიეღო მონაწილეობა.
ცხადია, ასეთი მაღალი რანგის ადამიანს უკრაინაში დამცველებიც ეყოლება. ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ აპელაცია შეიტანა, რომელიც კიევის სასამართლომ განიხილა და ცერცვაძე გაათავისუფლა. თუმცა, მისი ექსტრადიციის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა (პორტალზე პუბლიკაციის გამოქვეყნების პერიოდში, კიევის სასამართლომ ცერცვაძის თავდებით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი ექსტრადაციის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი – Dalma News).
„ვფიქრობ, თავიდან ავიცილებთ მის ექსტრადიციის. გია არ გაემგზავრება რუსეთში და კვლავინდებურად უკრაინაში დარჩება, რადგან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. იგი თავად ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, რადგანაც იგი აგვისტოს ომის მონაწილეა და ახლა უკრაინაში იბრძვის. იგი ასევე იმედოვნებს, რომ უკრაინა მას უცხოსავით არ მოექცევა. რუსეთში მას წამება ელის“,- განაცხადა ცერცვაძის ადვოკატმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამაც გამოთქვა. ქართულ ტელეარხ “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა განაცხადა: “გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რათა გამოვარკვიოთ, რამდენად დეტალურად არის შესწავლილი ცერცვაძის საქმე მის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებასთან დაკავშირებით. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ან დევნა სამხედრო დანაშაულისათვის, ასეთ შემთხვევაში ინტერპოლის წესდება კრძალავს ძებნილის გადაცემას. თუ ცერცვაძის უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა დადგინდა, პროკურატურა მის განთავისუფლებას მოითხოვს”.
უბრალო მოკვდავისთვის ასეთი ლოგიკა გაუგებარია. როგორც ჩანს, ინტერპოლმა რომ არ მოგძებნოს სამხედრო დანაშაული უნდა ჩაიდინო. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველია მილოშევიჩის, კარაჯიცის და სხვა სერბების საქმე, რომლებიც ჰააგის სასამართლომ მთავარ სამხედრო დამნაშავეებად სცნო. თუმცა, ეს ცალკე თემაა.
ცხადია, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მყისიერად გამოფხიზლდა და საქართველოს ხელისუფლება ღალატში და რუსეთისთვის ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძის პირადი მონაცემების გადაცემაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებების საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მოსახლეობას განუცხადა, რომ თითოეული მოქალაქის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის ინტერესი უნდა იყოს დაცული. მას მიაჩნია, რომ საქართველომ გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა არ უნდა დაუშვას.
“საქართველოს სახელმწიფომ თავისი თითოეული მოქალაქის უფლებები ყველგან, მათ შორის საზღვარგარეთაც უნდა დაიცვას და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ის არ გადასცენ. აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თუკი არსებობს, რაღაც საკითხები, საქართვლოს სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინოს. სახალხო დამცველი ძირითადად იმ ინფორმაციას ფლობს, რომელიც მედიით გავრცელდა. შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებულები ვართ და შევისწავლით, რამდენად შეეფერება გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ გიორგი ცერცვაძის მოძულე სახელმწიფო – რუსეთისთვის გადაცემა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მმართველ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსაც” ყავს საღად მოაზროვნე ადამიანები. პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ არსებული უთანხმოებების მიუხედავად, კრიმინალთან ბრძოლის საკითხში საქართველომ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.
“არსებული უთანხმოებების მიუხედავად, როცა საკითხი კრიმინალთან ბრძოლას ეხება, საქართველომ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს. გიორგი ცერცვაძე 1969 წლის 2 აპრილს დაიბადა. იგი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია. მას შემდეგ რაც იგი საქართველოს შსს-დან წავიდა, გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში, “ატო-ს ზონაში”. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1992-1993 წლებში იგი აფხაზეთის კონფლიქტის დროს იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მას 2003 წელს ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი, მასზე ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ცხადია “ნაციონალებს”-თავს ადვილად ვერ დააღწევ. უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და ცერცვაძის ექსტრადიციის არ დასთანხმდება. უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ ყველაფერში ქართველი მესაზღვრეები დაადანაშაულა, რადგანაც მისი თქმით, მესაზღვრეებმა იცოდნენ ცერცვაძე რომ ძებნაში იყო და სპეციალურად გაუშვეს ქვეყნიდან.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადვილად შეიძლება ვუწოდოთ “ბუჩქებიდან მაყურებელი”, უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს სთხოვა, რუსეთისთვის ქართველი ოფიცრის გადაცემით “თავი არ დაიმციროს”.
“მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას – თავი არ დაიმციროთ! რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობის ოფიციალური მტკიცებულება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ იგი მტერს, იმ ქვეყანას, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, არ გადაეცეს. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ უკრაინის ხელისუფლება იგივე ნაირად მოექცევა უკრაინელ გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია თავისი დამცველების დაცვა, ვინ დაიცავს მას ბოლომდე”, – განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
აღშფოთებული სააკაშვილი თავის სტილს არ ღალატობს და ისეთ რამეზე საუბრობს, რაზეც უფრო ჭკვიანური იქნებოდა, თუ გაჩუმდება. საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სპეცრაზმის საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობაზე. მსგავს ქმედებებს საერთაშორისო სამართალი როგორი შეაფასებს? ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს და უკრაინის ფერადი რევოლუციები ტყუპი ძმებივით გვანან ერთმანეთს. უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოში ნარინჯისფერ ჰალსტუხებში გამოწყობილი “ნაციონალები” ტყუილად არ დააბიჯებდნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მებრძოლები რეგულარულად მოემგზავრებოდნენ უკრაინაში, რათა არჩევნებზე “რეგიონთა პარტიის” გამარჯვება არ დაეშვათ. შემდეგ, ამას მოჰყვა აქტიური მონაწილეობა მაიდნის მოვლენებში და დონბასში, ე.წ. “ატოს ზონაში”. ახლა საერთაშორისო “ფერადი” ინტერნაციონალი თავისი გმირების დაცვას ცდილობს. რაც მთავარია, ალბათ, მკითხველმა ყურადღება მიაქცია, რომ 2003 წელს მომხდარი მკვლელობით არავინ ინტერესდება.
P.S. მსოფლიოში უცნაური ამბები ხდება! რამდენიმე ქვეყანა იმისთვის იბრძვის, რომ არ დაუშვას აზერბაიჯანისთვის მინსკში დაკავებული ბლოგერის, ალექსანდრე ლაპიშის გადაცემა. ამ ადამიანს არავინ მოუკლავს, არც სამხედრო და არც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაუდენია. მთელი მისი დანაშაული ის არის, რომ იგი არსებობს, ცხოვრობს ცივილური საზოგადოების კანონებით და სჯერა, რომ სიტყვის და ფიქრის თავისუფლება არსებობს. სწორედ ამიტომ სურთ მისი იმ ქვეყნისთვის გადაცემა, სადაც გმირად მიიჩნევენ ადამიანს, რომელმაც მძინარე ადამიანი ცულით მოკლა. ორი, გარეგნულად მსგავსი შემთხვევა. თუმცა ფორმით ერთნაირი, შინაარსით ძალზედ განსხვავებული.
ირაკლი ჩხეიძე (თბილისი) სპეციალურად EADaily-სთვის