მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ეროვნული კრების არჩევნები აპრილშია დაგეგმილი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრული წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა, მოსალოდნელ არჩევნებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს, როგორც ინტერნეტში, ისე ქუჩებსა და სამზარეულოშიც კი, და სომხეთის წინასაარჩევნო კვანძებში გარკვევას ცდილობენ.

რატომ ბრუნდება ცარუკიანი? რატომ ერთვება პოლიტიკაში ოგანიანი? რა სურს პოსტანჯიანს? რისი “აღორძინება” სურს ბაღდასარიანს? ვინ ვისთან და რატომ შედის “ბლოკში” და საერთოდ… ვინ სად წავიდა, ვის შეუერთდა, საიდან გამოვიდა და ა.შ? ერთი სიტყვით, ხალხს სურს იცოდეს, არჩევნებისგან რას უნდა ელოდონ.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პარლამენტში ადგილების მიღებისთვის პოლიტიკურ ძალთა ფართო პალიტრა იბრძვის, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მოსალოდნელი არჩევნები ყველაზე “ნაცრისფერია”. მართლაც, ახალი რა უნდა შესთავაზონ ხალხს იმ ძველმა სახეებმა, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პარლამენტში ან ადგილების შენარჩუნებას ცდილობენ, ან საერთოდ იქ მოხვედრას.

ვინ იბრძოლებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ხალხის ხმის მისაღებად?

f5883687ddf42f_5883687ddf46d.thumb

სომხეთის პოლიტიკურ ველზე პირველი წინასაარჩევნო “დაჯგუფება” ოპოზიციური კოალიცია “გამოსავალი” გახდა, რომელშიც სამი პარტია გაერთიანდა. მათგან ორმა ქალაქ ვანაძორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთმანეთს სერიოზული ბრალდებები წაუყენეს და არც ურთიერთშეურაცხყოფაზე უთქვამთ უარი. თუმცა, ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან, როგორც ერთ-ერთმა ბრძენმა თქვა, პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. საინტერესო მხოლოდ ის არის, რამდენად დაემთხვევა მათი ინტერესები ხალხისას.

ასე, რომ “გამოსავალში” გაერთიანდნენ პარტიები: “განათლებული სომხეთი”, “რესპუბლიკა” და “სამოქალაქო შეთანხმება”, რომლებმაც მიმდინარე წლის 21 იანვარს, თავიანთ პირველ ყრილობაზე განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების საშუალებით, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლისთვის არიან მზად. მოხვდებიან თუ არა ისინი სომხეთის პარლამენტში, დრო გვიჩვენებს.

კიდევ ერთი ხმაურიან მოვლენად იქცა სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოჰანიანის გადაწყვეტილება პოლიტიკური კარიერის დაწყების თაობაზე, რაც ვიქტორ დალაქიანის პარტია “მესამე რესპუბლიკა” და არამ სარგსიანის დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობით გამოვლინდა. ეს უკანასკნელნი კი თავის მხრივ, ალიანსს ქმნიან სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ, პარტია “კონსოლიდაციის” თავმჯდომარე ვარდან ოსკანიანთან. ამ დღეებში სწორედ ოსკანიანმა გამოთქვა პოლიტიკაში დაბრუნებულ გაგიკ ცარუკიანთან ბლოკის შექმნის მზადყოფნა, თუმცა თავად ცარუკიანს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კოალიციურ არეულობაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა “ეროვნული თვითგამორკვევის გაერთიანების” ლიდერმა პარუირ ჰაირიკიანმა შეიტანა, რომელმაც 22 იანვარს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ოგანიან-დალაქიან-სარქისიან-ოსკანიანის ალიანსს პარტნიორი პარტიის სახით შეუერთდება.

179459
სეირან ოჰანიანი

“კოალიციური იდილია” პირველმა, სომხეთის ყოფილმა ომბუდსმენმა, პარტია “კონსოლიდაციის” ამჟამინდელმა წევრმა კარენ ანდრეასიანმა დაარღვია. მან ვარდან ოსკანიანის და სეირან ოგანიანის ალიანსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების შეცვლის მიზნით, მსგავსი თანამშრომლობა და განსხვავებული გეოპოლიტიკური შეხედულებების მქონე კორუმპირებულ პოლიტიკურ ძალებთან გარიგება, რადგანაც “ეშმაკის მოსაკლავად თავადაც ეშმაკი არ უნდა გახდე”.

უფრო მეტიც, ასეთ მრავალფეროვან კამპანიასთან შესაერთებლად პროდასავლური პარტია “მემკვიდრეობის” ლიდერი რაფფი ოვანისიანიც მზად არის. თუმცა, ამას ჯიუტად ეწინააღმდეგება ეროვნული კრების სკანდალურად ცნობილი დეპუტატი ზარუი პოსტანჯიანი. ამ გადაწყვეტილებას პარტია “მემკვიდრეობის” წინსვლისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში მებრძოლი ანაიტ ბახშიანიც ეწინააღმდეგება და ამასთან დაკავშირებით პარტიიდან წასვლის განცხადებაც დაწერა. თუმცა, ბახშიანი თამაშგარე არ დარჩენილა და არჩევნებში მონაწილეობას პარტია “მემკვიდრეობის” კიდევ ერთ ყოფილ წევრთან, სტეპან საფარიანთან ერთად აპირებს. პროპორციულ სიებში სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატების ჰრანტ ბაგრატიანის პარტია “თავისუფლება” და ხაჩატურ კოკობელიანის “თავისუფალი დემოკრატები” გაერთიანდნენ.

რაც შეეხება გაგიკ ცარუკიანს, გაზეთ “ჟამანაკის” ინფორმაციით, მან უკვე გამართა შეხვედრები პარტია “აყვავებული სომხეთის” 62-ვე ტერიტორიულ სტრუქტურაში. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ამავე პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები. ცარუკიანმა თანაპარტიელებს აქტიური წინასაარჩევნო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მითითებები მისცა და ახალი სხდომის ჩატარების შესაძლებლობები განიხილა, რომელზეც შესაძლოა ცარუკიანი ისევ პარტიის თავმჯდომარე გახდეს.

f56dae10bf171c_56dae10bf1759.thumb
ხაჩატურ სუქიასიანი

როგორც ცნობილია, ხაჩატურ სუქიასიანმა მოსალოდნელ არჩევნებზე იმ ბლოკში გაერთიანება გადაწყვიტა, რომელსაც ცარუკიანი ჩაუდგება სათავეში. უფრო მეტიც, სუკიასიანი მისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას აპირებს. აღნიშნული ბლოკის წინასაარჩევნო სიაში შესაძლოა მინიმუმ სამი ყოფილი მინისტრი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ცარუკიანი პროპორციულ სიაში თავისი სამი სიძის – უკრაინაში სომხეთის ელჩის  ანდრეანიკ მანუკიანის ვაჟის დავითის, ჰოვიკ აბრამიანის ვაჟის არგამის და კოტაიკის რაიონის გუბერნატორის კარაპეტ გულოიანის ჩართვას გეგმავს.

არავისთან გაერთიანებულან არტურ ბაღდასარიანი თავისი პარტია “აღორძინებით” და ლევონ ტერ-პეტროსიანის “სომხეთის ეროვნული კრება”, რომლებსაც თავიანთი გარკვეული ელექტორატი ჰყავთ. თუმცა, ბაღდასარიანმა უკვე განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებზე საკუთარი სიით წარდგება. საბოლოო სიები ცნობილი გახდება 11 თებერვალს, პარტიის სხდომაზე.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს სომხეთის რევოლუციური ფრონტი “დაშნაკცუტუნიც”, თუმცა, მანამდე ყველა ფიქრობდა, რომ იგი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის კოალიციას შეუერთდებოდა. მსგავს გადაწყვეტილებას ბევრი იმით ხსნის, რომ სომხეთის რევოლუციური ფონდის დიასპორულმა სტრუქტურებმა პარტიის სომხეთის სტრუქტურას დაფინანსებაზე უარი უთხრეს, თუ იგი მმართველი პარტიის ალიანსს შეუერთდებოდა.

257658
ჰოვიკ აბრამიანი

რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მათგან, რომელიმე ალიანსში, ან კოალიციაში გაერთიანება მოსალოდნელი არ არის. იგი ძველებურად იმოქმედებს: თავის გარშემო ცალკეულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებს, ასევე მთელ რიგ პატარა პარტიებს შემოიკრებს. მოსალოდნელ არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას თავისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოვიკ აბრამიანის გარეშე მოუწევს მონაწილეობა. ამ უკანასკნელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ, პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. თუმცა, პოლიტიკიდან წასვლას იგი არ აპირებს და თავისი სურვილების შესრულებას, ალბათ, გაგიკ ცარუკიანის მეშვეობით ეცდება, რომელთანაც ნათესაური კავშირი აქვს. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ჭორი,რომ ცარუკიანმა აბრამიანს თანამშრომლობაზე უარი უთხრა. მაგრამ, სომხეთში ნათესაური კავშირები სასწაულებს ახდენენ.

სომხეთის პოლიტიკურ ძალებს მინიმუმ ერთი თვე კიდევ აქვთ ალიანსების და კოალიციების შესაქმნელად. საინტერესოა, გაზრდიან თუ არა ისინი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ხარისხს, ან შეესატყვისებიან თუ არა სომხეთის მოსახლეობის მოლოდინებსა და იმედებს? შეძლებენ ისეთი მოქმედებების შემუშავებას, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმ გამოწვევებსა და საშიშროებებს, რომლებიც თანამედროვე სომხეთის წინაშე დგას. უბრალო ხალხს ამის ნაკლებად სჯერა… ხალხს ის კი არ აღელვებს ვინ ვისთან გაერთიანდება, არამედ ის, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას და ერს მათი გაერთიანებები.

მოამზადა არმენ შირხანიანმა