შემოდგომის ბოლო თვეს თბილისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულ გაცილებას უწყობენ. როდესაც გლეხები სოფლებში ჭირნახულს დააბინავებენ, საქართველოს ყველა კუთხიდან დედაქალაქისკენ მოეშურებიან და ნამდვილი დღესასწაული და ტრადიციალური პურ-მარილი იწყება. ჰაერში მწვადისა და თათარის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ისმის ქართული „მრავალჟამიერი“ და მხიარული შეძახილები. პურსაც ჭამენ, ღვინოსაც სვამენ და სიმღერებსაც ნაირ-ნაირს დააგუგუნებენ ხოლმე.

წელიწადის ამ დროს თბილისის ისტორიული უბანი რიყე, უჩვეულოდ ხალხმრავალი და კოლორიტულია.

წლევანდელი თბილისობა 15 და 16 ოქტომბერს აღინიშნა და მეტად მრავალფეროვანი გამოდგა. დედაქალაქის მთავრობამ, არც ფანტაზია დაიშურა რა არც ფინანსები. როგორც თავად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, “თბილისობა-2016”-ის სამზადისი მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სამზადისი კი მართლაც განსაკუთრებული იყო.

თბილისობისთვის მზადება დედაქალაქის საკრებულომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს “თბილისისთვის”, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, ნამუშევრებს აგროვებდნენ და ნომინაციების მიხედვით ახარისხებდნენ. კონკურსი, რომლის ტრადიციად დამკვიდრების იდეა თბილისის საკრებულოს ეკუთვნის, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, მუსიკისა, თუ ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედებს, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას გააცნონ. რაც მთავარია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეუზღუდავია, მთავარია ნიჭი და სურვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს მიაჩია, რომ თბილისობა არ უნდა იყოს, მხოლოდ კულინარული დღესასწაული. ამიტომ წელს, მაქსიმალურად შეეცადნენ იგი, კულტურული ღონისძიებებითა და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით დაეტვირთათ.

15 ოქტომბრის დილა საბავშვო – გასართობი და სპორტული პროგრამებით დაიწყეს. თბილისის ვაკის პარკში ბავშვთა ქალაქი “შუმბალენდი” გახსნეს. ძველ ატრაქციონებს, რამდენიმე ახალიც შეჰმატეს. სახელწოდება, 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული ზოოპარკის ბინადრის, ლომის თეთრი ბოკვერის, შუმბას საპატივსაცემოდ დაარქვეს, სკვერში კი მისი ქანდაკება დადგეს.

14800891_10207831239882213_1023436403_nაქვე ნახავთ მსოფლიო პრესის ფურცლებზე მოხვედრილი, თბილისის ზოოპარკის უკვე ცნობილი ბინადრის, ბეჰემოთ ბეგის ქანდაკებასაც. თბილისობის დღესასწაულზე პატარებს ყველა ატრაქციონი უფასოდ ემსახურებოდა. პატარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მათ შორის ბუშტების ფესტივალი, თოჯინების თეატრი და სხვა.

ყოფილი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და მთავრობის სხვა მოქმედი თუ ყოფილი წევრები თბილისობას ოჯახებთან ერთად ეწვივნენ. კალაძემ ლეღვთახევში თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული გამოფენა დაათვალიერა. “თბილისობა 2016” აქ, მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით გაიხსნა.

წარმოდგენილი იყო დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე, “გააცოცხლეს” მჭედლის, მეწაღის, მეთულუხჩის, მეაფიშის პროფესიები.

“თბილისობა” მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა, განსაკუთრებით გამოირჩეოდა რამდენიმე ადგილი, სადაც ძირითადი ღონისძიებები გაიმართა. ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე “თბილისობისთვის” დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები ჩატარდა. ღვინის აღმართზე ღვინოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, მსურველებს დეგუსტაციის საშუალებაც ჰქონდათ.

«თბილისობაში მონაწილეობის სურვილი ადგილობრივი რეწვის ოსტატებმაც გამოთქვეს. თბილისში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შევთავაზეთ თავიანთი ნაწარმის გამოტანა. უნდა იცოდეს ყველამ, რომ თბილისი არის მათი დედაქალაქი, საყვარელი გარემო და ჩვენი ვალდებულებაა, რომ თბილისს ძველი ეშხი და მრავალეთნიკურობა შევუნარჩუნოთ, რომ მათ საქართველოს დედაქალაქის ნაწილად იგრძნონ თავი,“ – განუცხადა Dalma News-ს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა.

თბილისობა წელს პირველად აღინიშნა დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია, რეაბილიტაციის რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს გადის.

პირვანდელი სახით აღადგინეს 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კონსტრუქციულად გაამაგრეს შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღადგინეს მათი ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. შეცვალეს შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერებიც კი აღადგინეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურაზე. რაც მთავარია, გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა და პირველ დღესასწაულსაც მეტად დატვირთული კულტურული პროგრამით უმასპინძლა.

14741202_10207823008996446_860308079_n15 ოქტომბერს თბილისობა აღმაშენებლის გამზირზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენით გაიხსნა. ქუჩის მუსიკოსებმა და სასულე ორკესტრმა კი, მსვლელობა მოაწყეს. მოეწყო გამოფენები, კონცერტებში მონაწილეობდნენ, როგორც საესტრადო, ასევე ფოლკლორული ანსამბლები. “თბილისის თანამედროვე ბალეტმა” თბილისელებს დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქა.

14619862_10207823010196476_568682107_nაღმაშენებლის გამზირზე, ორი დღის განმავლობაში მუსიკის ჰანგები ისმოდა. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი “ბიგ-ბენდი”, თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა, საღამოს კი იყო – “თხრობა მუსიკით”, კომპოზიტორ დათო ევგენიძის აკომპანიმენტით. კიდევ უფრო გვიან “თბილისური ეზო” იწყებოდა და მთელი ღამის განმავლობაში, თინეიჯერები DJ GACHA-ს მიერ შერჩეულ ენერგიულ კომპოზიციებზე ცეკვაში, ზღვა ენერგიას ხარჯავდნენ.

თბილისობის ტრადიცია სათავეს სამი ათეული წლის წინათ, საბჭოთა პერიოდიდან იღებს. ამ დღეს თბილისში უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა, როგორც პოლიტიკოსები, ისე ხელოვნების სფეროს მოღვაწეები. დღესასწაულის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი “საპატიო თბილისელის” დაჯილდოება იყო.

ამ საპატიო ჯილდოს ტარების ბედნიერება, ქართველებთან ერთად სომეხ და აზერბაიჯანელ მოღვაწეებსაც ხვდათ წილად. მაგალითად, 1982 წელს “საპატიო თბილისელის” ჯილდო, ცნობილ ქართველ მსახიობ სესილია თაყაიშვილთან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ევგენი ხარაძესთან ერთად, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ვიქტორ ამბარცუმიანს, ცნობილ აზერბაიჯანელ დირიჟორსა და კომპოზიტორს ნიაზის და აკადემიკოსს ევგენი პრიმაკოვს გადასცეს. მომდევნო წლებში “საპატიო თბილისელები” გახდნენ ასევე, ცნობილი კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, თბილისის მთავარი მხატვარი ოთარ ლითანიშვილი, რეჟისორ გიორგი ტოვსტონოგოვი, მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.

14741853_10207825195411105_1679280701_nწლევანდელ თბილისობას 13 “საპატიო თბილისელი” ჰყავს. ისინი თბილისის მერმა დავით ნარმანია პირადად დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება ილიას ბაღში გაიმართა. საპატიო თბილისელები გახდნენ: ექიმები ლევან ჭაჭიაშვილი და გელა მუხაშავრია; ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე; მსახიობები: ლალი ბადურაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი და თამარ სხირტლაძე; ხელოვნების მოღვაწე ჯემალ ჭკუასელი; ლოტბარი და მომღერალი რობერტ გოგოლაშვილი; მოცეკვავე და ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე; მსოფლიო დონის ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე; აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; მხატვარი დიმიტრი ერისთავი და თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი, მწერალი რევაზ გაბრიაძე, თუმცა ამ უკანასკნელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღესასწაულზე დასწრება ვერ შეძლო.

თბილისის მერის განმარტებით, “საპატიო თბილისელის” წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.

“განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის», – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისობის კიდევ ერთი ახალი ტრადიციაა “თბილისზე მზრუნველი” ადამიანების გამოვლენაა. წელს ასეთი 7 ნომინანტი გვყავს. მათ შორის არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, მანევრის მემანქანე მეტროში, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ხელოვნების სკოლის დირექტორი, რესტავრატორები, 41-ე ბაგა ბაღის დირექტორი და ხელოვნებათმცოდნე.

«ჩემი ქალაქი მინდა იყოს ისეთი, როგორიც ბავშვობაში მახსოვს. ის იყო ლამაზი და მოსიყვარულე. მე მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან ის საშუალებას მაძლევს ვიზრუნო თბილისზე», – აცხადებენ ნომინანტები.

“თბილისზე მზრუნველის” ჯილდო 2014 წელს თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით დაწესდა და ყოველწლიურად იმ მოქალაქეებს გადასცემენ, ვინც საკუთარ პროფესიას უანგაროდ ემსახურება, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში..

P.S. თბილისობის დღესასწაულს არც ამინდმა უმტყუნა. ორი დღის განმავლობაში თბილისის შემოდგომისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები იყო, საღამოს კი გაწვიმდა. თან ისე, რომ ზამთარმა თავისი სიახლოვე გვამცნო. ორი დღის წინათ აჟრიამულებული “ძველი თბილისი” ერთბაშად მიჩუმდა, მიწყნარდა, გაირინდა. რიყეზე მოწყობილი ფერადი ბუშტების ფარდა კი ახლა წვიმის წვეთებს შეეთამაშა და იმდენად მიმზიდველ სანახაობად იქცა, რომ ტურისტები წვიმიან ამინდში სელფის გადაღების განწყობაზე დადგნენ, ნისლ ჩამოწოლილ რიყეს კი ხალისი შესძინა.

შ. ქარჩავა