– ტურისტები მოვიდნენ, სწრაფად კარებისკენ! უფლება არ მისცეთ გვერდი აგვიარონ. დაუძახეთ, დაათვალიერონ ჩვენი მუზეუმი.
ქალბატონ ზაფირის ამ შეძახილის შემდეგ გარედან მისი დამხმარე ნატალია გარიბოვას ხმა გაისმა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ მუზემს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული. მობრძანდით, გეთაყვა!
მინიატურული წიგნების მუზეუმი ბაქოს ძველ ქალაქში მდებარეობს. მისმა დამფუძვნებელმა ზაფირა სალახოვამ 1982 წელს მოსკოვში, პირველი მინიატურული წიგნის, კრილოვის იგავ-არაკების კრებული (დაბეჭდილია 1837 წელს) შეიძინა. პატარა წიგნების შეგროვებამ ისე გაიტაცა, რომ სადაც ჩავიდოდა, ყველგან ყიდულობდა.
მუზეუმის შექმნის იდეა მოგვიანებით გაჩნდა. პრეზიდენტ კენედის გარდაცვალების შემდეგ, დაიბეჭდა მისი სიტყვა, რომელიც თავისივე ინაუგურაციაზე წარმოთქვა. ეს პატარა წიგნი ჰოლანდიაში მინიატურული წიგნების ფორუმზე გამოიცა. ზაფირამ გადაწყვიტა იმავე სახით დაებეჭდა ჰეიდარ ალიევის მოხსენება და წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოაწყო. მასთან ერთად თავისი 2000 წიგნისაგან შემდგარი მთელი კოლექციაც წარადგინა.
ზ.ს.: – იმ პრეზენტაციას ჰეიდარ ალიევიც დაესწრო. მე მას ვუთხარი, რომ თუ გამომიყოფდნენ რაიმე შენობას, იქ მინიატურული წიგნების მუზეუმს გავხსნიდი და ჩემს კოლექციას ქალაქს ვაჩუქებდი. მან არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ყურადღებით დაათვალიერა წიგნები. ჩემი კოლექციიდან რამოდენიმე წიგნი ვაჩუქე.
პრეზენტაციიდან ხუთ თვეში ქალბატონმა ზაფირამ აღმასრულებელ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, კიდევ ერთ თვეში თავად შეარჩია ადგილი ძველ ქალაქში, სადაც მუზეუმის გახსნა სურდა. საბოლოოდ, შენობა შეარჩიეს და 202 წლის 23 აპრილს – საავტორო უფელბისა და წიგნის საერთაშორისო დღეს – ბაქოში მინიატურული წიგნების მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმის მინიატურული ბინადარნი
მუზეუმში სხვადასხვა თემატიკის წიგნებია გამოფენილი, მათი უმრავლესობა თავად მუზეუმის გამომცემლობაშია დაბეჭდილი. მისი უკანაკსკნელი ბინადარი არის ფიდელ კასტროსადმი მიძღვნილი ესპანურ ენაზე გამოცემული წიგნი.
მუზეუმის ყველაზე პატარა წიგნის “ოთხი სეზონის ყვავილების” დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით. მისი მოცულობა სულ რაღაც 0,75×0,75 მილიმეტრია. იგი 2012 წელს იაპონიაში, 250 ეგზემპლიარად გამოსცეს. წიგნის ყდა ცხვრის ტყავისგან არის დამზადებული, ხოლო ფურცლები – მუხისგან.
ყველაზე უძველესი ექსპონატია მეჩვიდმეტე საუკუნეში საუდის არაბეთში დაბეჭდილი ყურანი.
ცოტა ხნის წინათ, კალინინგრადის მოქალაქე ვიქტორ შუმილოვმა მუზეუმს 83 მინიატურული წიგნი უსახსოვრა. კიდევ ერთი წიგნი ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან მიიღო.
2009 წელს, ბაქოში გამოფენაზე ჩასულმა ამერიკელმა მხატვრებმა მუზეუმიც დაათვალიერეს, თავიანთ მეგობრებსა და ნაცნობებს, ვისაც კი მინიატურული წიგნი ჰქონდა სახლში, სთხოვეს მუზეუმისთვის ეჩუქებინათ.
ზ.ს.: – ეს იყო 40 უნიკალური ექსპონატი. გავოცდი, საიდან შეიტყო ამ ხალხმა ჩვენი მუზეუმის შესახებ? გაირკვა, რომ დღეს ამერიკაში აზერბაიჯანი ცნობილია ნავთობით, ხიზილალათი და მინიატურული წიგნების მუზეუმით.
შარშან ზაფირა სალახოვამ აზერბაიჯანის სხვა უბანში – ნახიჩევანში მუზეუმის ფილიალი გახსნა. ამ დროისთვის ფილიალის 12 დახლზე მსოფლიოს 31 ქვეყნის 1090 წიგნია წარმოდგენილი. ასევე იგეგმება ფილიალის გახსნა ქალაქ გიანჯაში.
ახალბედები “გინესის რეკორდების წიგნში”
ზ.ს.: – ერთხელ გაზეთში წავიკითხე, რომ ერთმა ინდუსმა ხუთმეტრიანი ულვაშები მოუშვა, ვიღაც ქალმა კი – სამმეტრიანი ფრჩხილები გაიზარდა და ამით გინესის რეკორდების წიგნში შევიდნენ. გავოცდი და დავფიქრდი, ისინი თუ ულვაშებითა და ფრჩხილებით შევიდნენ გინესის რეკორდებში, მე რატომ ვერ შევძლებ ამ წიგნში მოხვედრას? დავწერე მიმართვა და 10 დღეში მიპასუხეს, რომ ამჟამად მათ ძალიან ბევრი განცხადება აქვთ განსახილველი და კიდევ ორიოდე თვე მომეცადა, რის შემდეგაც გამომიგზავნიდნენ საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.
მაგრამ ჩამონათვალი იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ელოდა, მოთხოვნა კი ბევრი იყო. პირველ რიგში, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, წიგნის ფორმატი 75×75 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში მინიატურული წიგნის ფორმატი 100×100 მილიმეტრი იყო. ამგვარად, კოლექციის 5 600 წიგნიდან 2 913 წიგნი “გინესის” სტანდარტებს შეესაბამებოდა.
ზ.ს.: – თითოეული წიგნი შევამოწმეთ თაროზე, გადავიღეთ ფოტოები და ვიდეო. მუზეუმის შესახებ დაწერილი საგაზეთო სტატიები შევაგროვეთ. საბოლოოდ, ჩვენი მუზეუმი მაინც მოხვდა “გინესის რეკორდების წიგნში”, როგორც მინიატურული წიგნების მსოფლიოში ერთადერთი კერძო კოლექცია.
დღესდღეისობით ზაფირა სალახოვას კოლექცია 7 ათასაზე მეტ წიგნს ითვლის. იგი მათ 33 წლის განმავლობაში აგროვებდა. გარდა ამისა, წიგნების 98% აზერბაიჯანულ ენაზეა დაბეჭდილი, რომლებიც თავად ზაფირამ გამოსცა.
ექსპონატებს შორისაა ჭეშმარიტად რარიტეტული გამოცემები, მაგალითად, 1815 წლის “ინგლისის ისტორია”, 1815 წელს გამოცემული “ვოლტერ სკოტის ბიოგრაფია”, ჯერ კიდევ პუშკინის სიცოცხლეში, 1837 წელს დაბეჭდილი “ევგენი ონეგინი”, 1835 წელს გამოცემული ლერმონტოვის “აშიგ გერიბი” და სხვა.
1841 წელს ლონდონის ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა შექსპირის მინიატურული 40 ტომეული. ამ დროისთვის ამ კრებულის 24 ტომი ბაქოს მუზეუმში ინახება. ქალბატონმა ზაფირამ ისინი 2004 წელს, ლონდონის გამოფენაზე შეიძინა.
“რამოდენიმეჯერ ვარ პარიზში ნამყოფი, მაგრამ გჯერათ, რომ იქიდან არცერთი სუნამო არ ჩამომიტანია, მხოლოდ წიგნები,” – ამბობს მუზეუმის დამფუძვნებელი.
…ბაქოში თუ მოხვდებით, ქალაქის ძველ ნაწილში და მოგესმებათ ხმა, რომელიც მინიატურული წიგნის მუზეუმში მიგიწვევთ, მიჰყევით ხმას და ესტუმრეთ მუზეუმს. მისი დათვალიერება მართლაც ღირს…
ნარმინ ნიოგტე
ფოტო: ტოგრულ აბბასოვი