მეთორმეტე “მის საქართველოსთვის” მზადება დაწყებულია. წელს ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა და 17 წლის გოგონებს, კონკურსში მონაწილეობისთვის მოუწევთ კიდევ ერთი წლით გაიზარდონ. ამჯერად საუკეთესოს 18-დან 25 წლამდე ასაკის ლამაზმანებს შორის შეარჩევენ.
სამოდელო სააგენტო “იმიჯ ცენტრს” დაანონსებული 20 გოგონას ნაცვლად, წელს 25-ის შერჩევა მოუხდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ მათ მოლოდინსაც გადააჭარბა. ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე გოგონები ცოცხალ რიგში ჩამწკრივდნენ და მაღალქუსლიან ფესხაცმელებზე შემდგარნი გამვლელებისთვის ღიმილს არ იშურებდნენ. ამბობენ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო. მართლაც დიდი მსხვერპლის გაღება უხდებოდათ გოგონებს, სანამ ჟიურის წინაშე წარსდგებოდნენ. მღელვარებასა და დაღლილობას კარს მიღმა ტოვებდნენ და ამ სფეროში გამოცდილები, თუ გამოუცდელები პოდიუმზე თავდაჯერებულები მიაბიჯებდნენ.
სილამაზის კონკურსისთვის გოგონების რეგისტრაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. 26 სექტემბერს კი კომპანია “იმიჯ ცენტრის” ჟიურიმ, რომელთა შორის “მის საქართველო 2014” ანა ზუბაშვილიც იყო, 25 გოგონა მოიწონა. ეს ლამაზმანები ულამაზესის ტიტულთან ერთად “ომეგა მოტორსის” მიერ დაწესებული მთავარი პრიზის, ავტომობილის მინი კუპერი კუპეს მოსაპოვებლადაც იბრძოლებენ.
კრიტერიუმებს რაც შეეხება. იმისთვის, რომ გახდეთ მის საქართველო, სულაც არ არის აუცილებელი მკაცრად განსაზღვრულ პარამეტრებს “90-60-90” აკმაყოფილებდეთ. შესაძლოა თქვენს სიმაღლეზეც დახუჭოს ჟიურიმ თვალი, თუ ხართ ქალურები და საინტერესო ბუნებისანი. მაგრამ რაც მთავარია, კონკურსის მონაწილე გოგონა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, არ უნდა იყოს გათხოვილი, ან ქორწინებაში ნამყოფი. შვილის ყოლა ხომ სრულებით დაუშვებელია.
მკაცრი კრიტერიუმების მიუხედავად, საქართველოს სილანაზის კონკურსების ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკურსანტმა დამალი თავისი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები, მაგრამ ამა თუ იმ გზით, ისინი მაინც გამჟღავნდნენ. საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს. ასეც რომ იყოს, სილამაზეს მტრებიც ჰყავს. ორი სიტყით შეგახსენებთ წლების წინანდელ სკანდალს. კერძოდ, “მის საქართველო 2007”-ის ტიტულის მფლობელი ნინო ლიკუჩოვა განათხოვარი აღმოჩნდა და იმ ხანებში, ცრუ დასმენისთვის პირობით ორწლიან სასჯელს იხდიდა. ეს კონკურსის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი და ბოროტი ადამიანები მისთვის “მის-“ის ტიტულის ჩამორთმევას დაჟინებით მოითხოვდნენ. მაგრამ ჟიურიმ გოგონა დაინდო და, არც ტიტული და, არც მთავარი პრიზი, ავტომობილი პეჟო -207 არ ჩამოართვეს.
“მის საქართველო 2007” ნინო ლიკუჩოვა
“ნინო ლიკუჩოვას შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ის მოიტაცეს და სოლიდარობის ნიშნად არ დავსაჯეთ. მსგავსი პრეცედენტები სხვაგანაც მომხდარა. მაგალითად, მის ესპანეთი შვილიანი ქალბატონი აღმოჩნდა და, როცა იქ წარმოიქმნა კონფლიქტი, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ დაიცვა იგი და ტიტული არ ჩამოართვეს,” – აცხადებს კონკურსის ორგანიზატორი კომოპანია “იმიჯ ცენტრის” ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი.
თავად კონკურსის მონაწილეებს რაც შეეხებათ, ია კიწმარიშვილის თქმით, ეს კონკურსი სრულებით განსხვავდება მოდელების კონკურსისგან. აქ, სხეულის პარამეტრებზე მეტად ყურადღება ექცევა, როგორც კონკურსანტის გარეგნობასა და პროპორციულობას, ასევე მის შინაგან სამყაროს, ცხოვრებსადმი დამოკიდებულებას, მის საქმიანობას, ხასიათს, ყველაფერ იმასაც, რაც საბოლოო ჯამში ჰქმნის სილამაზეს. ნაციონალურ კასტინგზე შერჩეული კონკურსანტები სამოდელო სააგენტოში ერთთვიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ფიზიკური მომზადება. მათ ფოტოგადაღებებს კიკალა-სტუდიო უმასპინძლებს. ფინალისტების გარეგნობაზე იზრუნებს სილამაზის სალონი “გოგასუსი”. ჩაცმულობას უზრუნველყოფს მოდის სახლი მარიონელა.
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გოგონები იმერეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, ეწვევიან კახეთს. მოსამზადებელი პერიოდის დასკვნით ნაწილს კი ბათუმში გაივლიან და პირველ ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოვლინდება “მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი ტოპ-ხუთეული.
კონკურსი “მის საქართველო” 2003 წლიდან იმართება. მისი გამარჯვებულები ყოველწლიურად მონაწილეობენ მსოფლიოს პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსებში, მიემგზავრებიან მის მსოფლიო, მის სამყარო, მის ტურიზმი ინტერნეიშენელზე.
როგორც “მის საქართველო 2014”-ის გამარჯვებული ანი ზუბაშვილი ამბობს, სილამაზის კობკურსში მონაწილეობის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, როგორც კარიერის მხრივ, ისე პირად ცხოვრებაში. კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაემგზავრა ლონდონში, მაიამიში, ჰონგკონგში, სადაც სხვადსხვა ჟურნალებისთვის მუშაობდა დიორის, არმანისა და მსოფლიოში ცნობილ კოლექციებზე.
“დღეს სულ სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს, სულ სხვა ხედვები და მიზნები მაქვს. მინდა გოგონებს ვურჩიო, ვისაც მიაჩნია, რომ ლამაზია, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც, ან გეძლევა ან არა,” – აცხადებს ქართველი ლამაზმანი ანი ზუბაშვილი.
“მის საქართველო 2014” ანი ზუბაშვილი
გეტყვით იმასაც, რომ “მის საქართველო”-ს ორგანიზატორი კომპანია “იმიჯ-ცენტრი” მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების “Miss World”-ის, “Miss Universe”-ის, “Miss Intercontinental”-ის და “Miss Tourism International”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.