ძალიან მალე, მოსკოვში კვლავ აჟღერდება დუდუკი. მისი ხმით ტკბობა 27 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ დუდუკის მეორე ფესტივალზე შეგეძლებათ.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წლევანდელი ფესტივალი საერთაშორისო დონეზე ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ში მცხოვრები ლეგენდარული ჯივან გასპარიანი და მისი შვილიშვილი ჯივან გასპარიან-უმცროსი, რომელიც ცდილობს დუდუკი მუსიკის სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, ჯაზში დანერგოს. ფესტივალზე მიწვეულები არიან ასევე დუდუკის ოსტატები ციმბირიდან (მარტინ კაზარიანი) და სანკტ-პეტერბურგიდან (Argishty).
ფესტივანლში მონაწილეობას მიიღებენ გევორქ დაბაგიანი, გიორგი მინასოვი, კამო სეირანიანი, გაგიკ მალხასიანი, ოგანეს კაზარიანი, ნორაირ ბარსეგიანი, რაფაელ მკრტჩიანი, არამ ავედიკიანი და ანსამბლები „მედუდუკე“ და „ურარტუ“. ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილეა 7 წლის ტატულ ამბარცუმიანი მეცამორიდან (სომხეთი). ტატული თავისი ასაკის მიუხედავად, საკმაოდ პროფესიონალურად ფლობს დუდუკს. 7 წლის მუსიკოსმა უკვე შეძლო სომხეთში ჩატარებულ ერთ-ერთ კონცერტზე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სიმპატიის მოპოვება.
ფესტივალის სპეციალური სტუმარია Seven/Eight Band, რომელიც World Music-ის სტილში ასრულებს მუსიკას. მუსიკოსები, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული მელოდიების საფუძველზე, თავიანთ საავტორო კომპოზიციებს ქმნიან. ეს არის ხმელთაშუა, აღმოსავლური მელოდიების მიქსი და მომხიბვლელი ეგზოტიკური რიტმი. მუსიკოსები სომხულ მოტივებზეც ასრულებენ კომპოზიციებს.
ფესტივალის ორგანიზატორია პროექტი „მედუდუკე“. პროექტის ავტორები არიან მუსიკოსები მარინა სელივანოვა და ოგანეს კაზარიანი, ასევე განათლებით ინჟინერი –სურენ ბაღდასარიანი. ეს სამი ადამიანი დუდუკის სიყვარულმა გააერთიანა.
პროექტ „მედუდუკეს“ მისია ამ ინსტრუმენტის პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დუდუკის სკოლა მოსკოვში, ანსამბლი „მედუდუკე“ და გადაცემა „სულის მუსიკა“ YouTube-ის საკუთარ გვერდზე. პროექტ dudukist-ს საიტზე თავი მოიყარა ასზე მეტი ალბომისაგან შემდგარმა მუსიკალურმა კოლექციამ.
დუდუკის პირველი ფესტივალი 2014 წელს ჩატარდა. მასში რუსეთის 14 საუკეთესო მედუდუკე მონაწილეობდა. მათ გარდა სცენაზე გამოვიდნენ უფროსთა და ბავშვთა საცეკვაო ჯგუფები, ქვიშის შოუ და სხვა მრავალი.
იცოდით თუ არა, რომ…
- სომხურ დუდუკზე შესრულებული მუსიკა კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად ითვლება. სწორედ ასე უწოდა 2005 წელს იუნესკომ ამ ინსტრუმენტზე შესრულებულ მუსიკას.
- დუდუკი – მსოფლიოში უძველესი ჩასაბერი ინსტრუმენტია. მისი ისტორია დაახლოებით სამი ათას წელს მოითვლის. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, დუდუკი მოხსენებულია ურარტუს სახელმწიფოს წერილობით ძეგლებში.
- სომხური დუდუკი მზადდება გარკვეული ჯიშის გარგარის ხისაგან, რომელიც მხოლოდ სომხეთში იზრდება. გარგრის ამ ხეს უნიკალური ჟღერადობა აქვს. გარგრის ხისგან სხვა ჩასაბერ ინსტრუმენტებს, შვის და ზურნასაც ამზადებენ.
- ადრე ადამიანს, რომელიც დუდუკზე უკრავდა, სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ზიზღით „მეზურნეს“ უწოდებდნენ. დღეს დუდუკისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. სომხური ხალხური ჩასაბერი ინსტრუმენტი ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი, ხოლო “დუდუკის” კლასის ფაკულტეტი საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებს შორის.
- რუსული ოპერის არსებობის მანძილზე წელს უნიკალური ისტორიული მოვლენა მოხდა. სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში შედგა ოპერა „ხოვანშინას“ პრემიერა, სადაც პირველად აღწერა სომხური დუდუკი მოსკოველი მედუდუკის ოგანეს კაზარიანის შესრულებით.
- არსებობს სტერეოტიპი, რომ დუდუკზე მხოლოდ სევდიანი მელოდიები სრულდება. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ ინსტრუმენტზე მხიარულ კომპოზიციებსაც უკრავენ. ბოლო დროს დუდუკს აქტიურად იყენებენ ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებში, როგორიცა ბლუზი, ჯაზი, როკი, როკ-ენ-როლი, პოპ მუსიკა და კლასიკა.
- დუდუკი მთელს მსოფლიოში ხალხმა რიდლი სკოტის ფილმის “გლადიატორის” წყალობით გაიცნო. ამ ინსტრუმენტზე შესრულებული კომპოზიციებია ფილმებში “ალექსანდრე”, “და ვინჩის კოდი” და “სამეფო ტახტის თამაშები”. კინოინდუსტრიის გარდა დუდუკი პოპულარულია ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებს, მაგალითად, სტინგს, ბორის გრებენშიკოვსა და პიტერ გებრიელს შორის.
- დუდუკი თავდაპირველად მამაკაცის მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, მაგრამ დღეს მასზე სუსტი სქესის წარმომადგენლებიც შესანიშანავად უკრავენ. პირველი მედუდუკე ქალი არის არმინე სიმონიანი, რომელიც მუსიკალური ფესტივალის საყოველთაო კავშირის ლაურეატი გახდა. 1989 წელს 15 წლის მედუდუკე გოგონა ფილმ-კონცერტშიც კი გადაიღეს.