თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო “თბილსერვისჯგუფის” საქმეზე და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა დავით კეზერაშვილთან ერთად გამართლდა. სასამართლო ადაწყვეტილება დარბაზში მხოლოდ პროკურორებმა და მედიის წარმომადგენლებმა მოისმინეს. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არ ესწრებოდნენ.
რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და “თბილსერვისის” საქმეში თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა.
როგორც მანამდე Dalma News-ი წერდა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, 2014 წლის ივლისში, თბილისის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად, კიშინიოვში გამგზავრებას აპირებდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიგი უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, ოფშორული კომპანიიდან შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას ახორციელებდა.