აზერბაიჯანის საერთაშორისო და ევროპის საინვესტიციო ბანკებმა გუშინ კრედიტის სახით, 50 მილიონი ევროს გამოყოფის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
როგორც Haqqin.az-ი იტყობინება, კრედიტი აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ამ სფეროში პრიორიტეტული ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
საკრედიტო ხელშეკრულება აზერბაიჯანში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას გააუმჯობესებს. კერძოდ, ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ მომსახურების სფეროსა და არანავთობის სექტორში მოქმედი კომპანიები. აღნიშნული კრედიტი ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს და გაამყარებს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის პოზიციებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.