2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, მაჟორიტარული ოლქები თავიდან გადანაწილდეს. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ოლქების გადანაწილების სამუშაო ვერსია უკვე მომზადდა, რომელიც პოლიტიკურ კულუარებში გავრცელდა.
დედაქალაქის მსგავსად, შესაძლოა, რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი – ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავსაც ჰყავდეს. ამის შესახებ პორტალი “ინფო-9” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, თბილისს – 19 მაჟორიტარული ოლქი ექნება, ქუთაისს – 3, ბათუმს – 3, რუსთავს – 2, ფოთს, მარნეულს – 2, გორს – 2, ზუგდიდს – 2.
პარლამენტში თითო-თითო მაჟორიტარული ოლქით იქნება წარმოდგენილი შემდეგი რაიონები: საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა, ბოლნისი, მცხეთა, კასპი, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, საჩხერე, ზესტაფონი, სამტრედია, ჭიათურა, წყალტუბო, ოზურგეთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქარელი, ხაშური, ხობი და სენაკი.
სამუშაო ვერსიის მიხედვით, რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის გაერთიანება იგეგმება. მათ შორის, ხარაგაულ-ბაღდათის, ვანისა და ხონის, დმანისისა და წალკის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს, დუშეთის-ყაზბეგის და თიანეთის, ახალციხე-ადიგენი-ასპინძის, თერჯოლა-ტყიბულის, ამბროლაური-ონი-ცაგერის, მესტია-ლენტეხის, ლანჩხუთი-ჩოხატაურის, ხულო-ქედა-შუახევის, მარტვილი-აბაშას, წალენჯიხა-ჩხოროწყუს, ხოლო გაერთიანებულ გარდაბანსა და თეთრიწყაროს ორი მაჟორიტარული ოლქი ექნება.
მაჟორიტარული ოლქების პროპორციულად გადანაწილების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა, მაგრამ, მმართველ გუნდში ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები კანონით დადგინდეს, თუ გადაწყვეტილება ცესკო-მ მიიღოს.