საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც წლების წინ ზედმიწევნით ასრულებდა დასავლეთის ყველა მითითებას და ლგბტ-პრაიდის ორგანიზატორებთან დაპირისპირების გამო, ქვეყანაში მოქალაქეებსაც კი აპატიმრებდნენ, ბოლო ხანებში ქრისტიანული ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის სადარაჯოზე დგას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 აპრილს, უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა ქრისტიანულ ღირებულებებზე, ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, ეროვნული იდენტობის, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილის დაცვის საჭიროებაზე.

მისი თქმით, მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას საჭიროებს. ერთად მუშაობით კი, ქვეყნები შეძლებენ ხელი შეუწყონ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას საერთო ღირებულებების დასაცავად.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობის ლიდერ ვიქტორ ორბანს კონფერენციის ორგანიზებისათვის. მისი თქმით, კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის პირველი კონფერენცია 50 წლის წინ გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და რომელიც ქმნის ღირებულ პლატფორმას ქვეყნების საერთო პერსპექტივების განსახილველად.

„მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარი სამშობლოს, მამულის დასაცავად. საუკუნეების მანძილზე, ქართველები ერთგულად იცავდნენ საკუთარ ენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, ე.წ. ლიბერალები ებრძვიან ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია და მას მალე, ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას აცხადებენ. ე.წ. ლიბერალები აქტიურად ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია გაავრცელონ და სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლები შეარყიონ.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ საქართველოს მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტს წარუდგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი კრძალავს ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, გარდა ქალისა და მამაკაცისა, სქესის შესახებ რაიმე სხვა ჩანაწერის შეტანას, ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის და სქესის შეცვლის პოპულარიზაციას.

ირაკლი კობახიძემ უნგრეთს მისაბაძი მაგალითი უწოდა ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს.

„ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნის და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.  მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სანამ ირაკლი კობახიძე ორბანის ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოდიოდა და ქრისტიანული  ფასეულობების მიმართ საქართველოს ერთგულებაზე მოხსენებას კითხულობდა, ევროპარლამენტარები საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის რეზოლუციას უყრიდნენ კენჭს. კრიტიკა შეეხო ზემოთ ხსენებულ კანონპროექტსაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე არის ძლიერი კონსტიტუციონალისტი, სამართლის სპეციალისტი, რომელმაც ოსტატურად გამოიყენა თავისი განათლება და გააჩინა არაორაზროვანი განცდა იმისა, რომ ქვეყანა ნამდვილად იბრძვის სუვერენიტეტისთვის.

“მოულოდნელად ყველასთვის, საქართველომ, რომლისთვისაც უკრაინის ორწლიანი კრიზისის ფონზე გაიხსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, უარი არ თქვა ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე. სწორედ ამის გამო ვიხილეთ პროტესტი და რეაქცია ევროპარლამენტარების ნაწილის მხრიდან. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში ჩატარდება არჩევნები და იქნება ცვლილებები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალიან ბევრ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, თავისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველომ უნდა აირჩიოს  ყველაზე სტრატეგიული მიმართულება იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში იგრძნობა წინ გადადგმული ნაბიჯები რეალური სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, ეს იწვევს წინააღმდეგობრივ რეფლექსს  დასავლეთის მხრიდან, რადგან მათ გეგმებში არ შედიოდა.

Dalma News-ის კითხვაზე, რატომ წამოსწია “ქართულმა ოცნებამ” სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ფასეულობების საკითხები წინა პლანზე ახლა, მაშინ, როდესაც თავად მიიღეს ევროპის დავალებით მთელი რიგი კანონები, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხი გაიზარდოს, საჭიროა ქვეყნის ერთგვარი ბრენდირება.

“ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში, X საუკუნეშია სახელდებული მთავარი ფუნდამენტი ძირითადი კონსტიტუციური წყობისა საქართველოსთვის, რაც ილია ჭავჭავაძემ XIX საუკუნეში ფორმულირებულად მოგვაწოდა – „მამული, ენა, სარწმუნოება“. საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო კურსი არის სწორი. ხელისუფლება ფაქტობრივად ახორციელებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ნაბიჯებს. აქამდე რატომ იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი? არ იყოს შესაძლებლობების ფანჯარა. ამ 2-წელიწადში შეიცვალა მსოფლიო და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ზაალ ანჯაფარიძის

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა და ის აქცენტები, რომლებიც მან დასვა, მთლიანად შეესაბამებოდა იმ შეხვედრის შინაარსს და პათოსს. ეს იყო კონსერვატორებისა და ტრადიციონალისტების შეკრება. კობახიძე იქ ვერ გამოვიდოდა ისეთი სიტყვით, რომელიც აცდენილი იქნებოდა შეხვედრის სულისკვეთებას. თავის მხრივ კობახიძე, როგორც პოლიტიკოსი და პიროვნება იზიარებს ამ იდეოლოგიას.

ანჯაფარიძის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ-თემის მიმართ ევროპაში ტოლერანტული დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებულია, არის იქ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, თუმცა, მათი ხმა მაინცადამაინც მძლავრად არ ისმის, უფრო ლიბერალებმა იმძლავრეს.

“რაც დღეს ევროპის რიგ ქვეყნებში ხდება ტრანსგენდერებთან და ლგბტ-თემთან მიმართებით,  წარმოუდგენელი რამ არის ტრადიციონალისტური საზოგადოებისთვის. საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა, შესაბამისად აქ იმ ტრადიციებისა და ცხოვრების ახალი პარადიგმების დაკანონება, რაც დაკანონდა ევროპაში, რთული მისაღებია ჩვენი ტრადიციონალისტური და ორთოდოქსული საზოგადოებისთვის. ამაზე გაამახვილა ყურადღება კობახიძემაც თავის გამოსვლაში”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე მოსაზრებით, ამ ვითარებაში საქართველოს მოუწევს ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება. ეს პატარა სახელმწიფო ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება და საკითხავია, რამდენ ხანს გაუძლებს ქვეყანა ამ მდგომარეობას?

“თუ გვინდა, რომ ევროპულ ოჯახში შევიდეთ, როგორც გვითხრეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩვენი წესებით უნდა ითამაშოთო და ევროპული თამაშის წესები არის ის, რასაც დღეს ჩვენი საზოგადოების უმეტესობა აპროტესტებს და განიხილავს როგორც მისთვის უცხოსა და შეუსაბამოს. რთულია, ერთი მხრივ, იყო მართლმადიდებელი, რომელიც მამათმავლობას ცოდვად მიიჩნევს, ხოლო მეორე მხრივ, დაეთანხმო ერთნაირსქესიანთა ქორწინებას“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ამ პირობებში მცირე ქვეყნებს ბევრი არაფერი შეუძლიათ მათი მწირი რესურსებიდან გამომდინარე. საქართველო, ალბათ, უნდა დაელოდოს თუ როგორ დამთავრდება ევროპარლამენტის არჩევნები და რომელი პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ.  წინასწარი გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, ტრადიციონალისტურ-კონსერვატორულ ძალებს ევროპარლამენტში გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.

შ. ქარჩავა