ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” ინიციატივით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან – 9 მაისთან დაკავშირებით 26 აპრილს, თბილისში მრგვალი მაგიდა – „მეორე მსოფლიო ომის გენეზისი“, გაიმართა. კონფერენცია ომის დაწყების წინაპირობის, განვითარებისა და დასასრულის განხილვას მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო თემატური ფოტოგამოფენა იმდროინდელი ევროპელი ლიდერების ჰიტლერთან შეხვედრებისა და ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის ისტორიული კადრებით.

გამომსვლელები თემასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ასევე, განიხილეს 9 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები. იგეგმება გამოფენის გამართვა ღია ცის ქვეშ, მსვლელობა მოეწყობა მელიტონ ქანთარიას ბიუსტიდან პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტამდე.

გულბაათ რცხილაძე

მრგვალი მაგიდა “ევრაზიის ინსტიტუტის” თავმჯდომარე გულბაათ რცხილაძემ გახსნა. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ ვაკის პარკში არსებული უცნობი ჯარისკაცის საფლავის მემორიალის რეაბილიტაციის საკითხი ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, უცნობი ჯარისკაცის საფლავი პირვანდელი სახით აღადგინონ, რომელიც ამჟამად “სამარცხვინო მდგომარეობაშია”.

“თავდაპირველად, თბილისის მერიის კეთილშობილური განზრახვა იყო ამ მონუმენტის კეთილმოწყობა, შადრევნის კასკადის აღდგენა, ცეცხლის ანთება, მაგრამ შესაბამისი სამუშაოები დიდი ხანია შეჩერებულია ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მიზეზი პოლიტიკურია და გამომდინარეობს დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს საელჩოს „რეკომენდაციებიდან“. მათი მიზანია, 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის ამოშლა ქართველი ხალხის მეხსიერებიდან, მისი ჩანაცვლება ყალბი ეროვნული მითოლოგიით, რომელიც მთლიანად ანტირუსულ ნარატივებზე იქნება აგებული”, – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.

მისივე თქმით, საქართველოს საამაყო ისტორიაზე შეტევა გრძელდება. ისტორიის ფალსიფიკატორები და დესტრუქციული ძალები ცდილობენ, დავიწყებას მიეცეს ეს წმინდა ადგილი თბილისში – ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

“თუ ფული არ აქვთ, რუსული მხარე დააფინანსებს, ერთ თვეში მოაწესრიგებენ, მაგრამ არ არის ამის მზაობა საქართველოში. ძეგლები მაინც არ უნდა იყოს აგრესიის ობიექტი, ეს ისტორიაა”, – განუცხადა Dalma News-ს გულბაათ რცხილაძემ.

მეორე მსოფლიო ომის წინა პირობებთან და ევროპაში იმ დროს შექმნილ ვითარებაზე შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ანალიზი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მამუკა კარტოზიამ გააცნო. მან აღწერა ომის წინაისტორია და ყურადღება გაამახვილა დასავლეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის ნეგატიურ როლზე, რომლებმაც საშუალება მისცეს ჰიტლერს, დაენაწევრებინა ჩეხოსლოვაკია.

მისი თქმით, ომი საბჭოთა კავშირში არავის სურდა, მცდარია ვერსია, თითქოს ჰიტლერს რომ არ დაეწყო ომი სტალინი დაიწყებდა, რომ თითქოს ბერია ჩავიდა ბერლინში და ჰიტლერთან გარიგება დადო. ისტორიკოსის თქმით, ერთადერთი პიროვნება, ვინც საბჭოთა კავშირიდან ჰიტლერს შეხვდა იყო ვიაჩესლავ მოლოტოვი 1940 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა ბერლინში.

“როდესაც მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ, შეფასებებში უნდა ვიყოთ ობიექტურები, ყოველგვარი იდეოლოგიური და პარტიული კუთვნილების, კლიშეების გარეშე. ახალმა დრომ, ახალმა ეპოქამ ყველა სხვა ფასეულობებთან ერთად, დიდი სამამულო ომის შეფასებების ახლებური კრიტერიუმები მოიტანა. დაკვეთა ერთი იყო, უნდა დაკნინებულიყო საბჭოთა კავშირისა და მისი ლიდერის, გენერალისიმუს სტალინის როლი”, – აცხადებს მამუკა კარტოზია.

მისი თქმით, სტალინს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ჰიტლერის გეგმები საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, ამიტომ მან ყველაფერი იღონა, რომ არ გაძლიერებულიყო ჰიტლერი და გერმანიის ექსპანსია აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ, სტალინმა ყველაფერი გააკეთა ჩეხოსლოვაკიის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ.

“1938 წლის სექტემბერში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა სამარცხვინოდ დაუთმეს ჰიტლერს ჩეხოსლოვაკია. ეს მოხდა ე.წ. მიუნხენის შეხვედრაზე, სადაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – დალადიემ და ჩემბერლენმა ჰიტლერს ჩააბარეს ჩეხოსლოვაკია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფრანგებს, 1935 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული ჩეხოსლოვაკიასთან და მათ ევალებოდათ, საომარი მოქმედების შემთხვევაში, დახმარებოდნენ ჩეხოსლოვაკიას”, – ამბობს ისტორიკოსი.

მისივე თქმით, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გათვლა იყო, მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი გერმანიისთვის, რომ პირდაპირ საბჭოთა კავშირისკენ წამოსულიყო და ევროპას დარტყმა აეცილებინა. ამაში მათ არც აშშ ჩამორჩებოდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა რუზველტმა პირადად გაუგზავნა წერილი მიუნხენის კონფერენციაზე ჰიტლერს და მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს იმისათვის, რომ ომი თავიდან აიცილეს. სინამდვილეში ევროპის მთელი სამხედრო ძალა მიმართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ჩანს ჰიტლერი სათანადოდ ვერ შეაფასეს.

“არსებობს დოკუმენტური კადრები, როდესაც ჩემბერლენი ლონდონში ჩაფრინდება, თვითმფრინავის ტრაპთან ხალხი ხვდება და ის ამბობს, – “მე ჩამოვიტანე მთელი თაობების მშვიდობა”. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ამ პოლიტიკურ ინტრიგას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აჰყვა პოლონეთის ხელისუფლებაც. საბჭოთა მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს გამოეყენებინათ ჩეხოსლოვაკიის დაცვის მექანიზმი, იმიტომ, რომ ხვდებოდა სტალინი, გერმანია არ გაჩერდებოდა”, – განაცხადა მამუკა კარტოზიამ.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე, უნდა ვიცოდეთ ევროპისადმი მისი დამოკიდებულებისა და ხედვების შესახებ, რაც ძალიან კარგად ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში “ჩემი ბრძოლა”. როდესაც 1933 წელს ჰიტლერი არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, მისი პირველივე განცხადებები იყო გერმანელი ერისთვის სასიცოცხლო სივრცეების მოპოვება ევროპის ტერიტორიაზე, რომ ევროპული ტერიტორიები იყო გერმანული მიწები და ისინი ერთიანი, ძლიერი გერმანიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო.

ჰიტლერს გეგმები ჰქონდა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებთან დაკავშირებითაც. შემუშავებული ჰქონდა გეგმა, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემდეგ მას დაშლიდა კომისარიატებად. ერთ-ერთ ასეთ კავკასიის კომისარიატში საქართველოც შევიდოდა.

ისტორიკოსმა გააკეთა საინტერესო მინიშნებები, კერძოდ, როდესაც გერმანიამ დაიპყრო უკრაინა, 1942-43 წლებში შეიქმნა უკრაინის კომისარიატი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალბერტ კოხი. ის სწავლობდა უკრაინელი ერის იდენტობას და საკუთარ მეცნიერულ ნაშრომებს გზავნიდა ბერლინში. მან დაადგინა, რომ უკრაინელი ხალხი გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ სიძულვილით და აქტიური მუშაობის შემთხვევაში გერმანიას შეეძლო ისინი რუსეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ცნობილი ფაქტია, რომ უკრაინელები თანამშრომლობდნენ ფაშისტურ გერმანიასთან. დღევანდელ უკრაინაში, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაქტობრივად ევროპა აწარმოებს ბრძოლას რუსეთთან.

რაც შეეხება ჰიტლერის დამოკიდებულებას სტალინის მიმართ, როგორც მამუკა კარტოზია ამბობს, პრივატულ საუბრებშიც კი გერმანიის ფიურერს არასდროს სტალინი ნეგატიურ კონტექსტში არ მოუხსენებია, ის ყოველთვის ამბობდა, რომ სტალინი უდიდესი მხედართმთავარი იყო. მას ეტყობა, რომ რუსი არ არის, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისაც შეუძლია მისი დამარცხებაო, – უთქვამს ჰიტლერს.

როგორ განვითარდებოდა ომის შემდგომ მოვლენები, რომ არა სტალინი და უამრავი თავდადებული მებრძოლი, ძნელი წარმოსადგენია. ცნობილი ფაქტებია, რომ ფაშისტური გერმანია დასაყრდენს ქართველებშიც ეძებდა, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის პირობით ცდილობდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დასაყრდენის მოპოვებას. დღეს დასავლეთი მოწადინებულია ისტორია ხელახლა გადაწერონ და ფაშიზმის დამარცხებაში სტალინის როლი დააკნინონ, ალბათ, ამიტომ არის თბილისი ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი სამარცხვინოდ მიტოვებულიც, რომ ძეგლების ნგრევით წაიშალოს ისტორიული მეხსიერება, ახალ თაობას კი გადასხვაფერებული ისტორია დაუწერონ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს ისტორიული ძეგლების შენარჩუნების აუცილებლობაზე. ასევე ითქვა, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვის ძეგლი, რომელსაც ბევრი სასიკეთო აქვს გაკეთებული თბილისისთვის, კვლავ თავის ისტორიულ ადგილს დაუბრუნდეს. აღინიშნა, რომ სერბეთში ნიკოლოზ მეორისა და ბულგარეთში ალექსანდრე მეორის ძეგლების დღემდე არსებობს, რითაც ეს ქვეყნები ინარჩუნებენ ისტორიას, მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტისა.

გიორგი ქართველი