საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დაპირებისამებრ, “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს 11-გვერდიანი რეკომენდაციების პაკეტი გადაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში განხილულია ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ის რეკომენდაციები, რომლებიც, პრეზიდენტის შეფასებით, “ოცნებამ” არ გაითვალისწინა.
ზურაბიშვილის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში.
“2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი – ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
ზურაბიშვილის მორიგ ვეტოს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული. რაც მისი ერთ-ერთი დავალება სახელმწიფოს წინააღმდეგ. კობახიძის თქმით, მისი შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო, რომელსაც მმართველი პარტია დაძლევს. მისივე თქმით, ვეტო ვერ შექმნის პრობლემა.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიზანია არჩევნების დისკრედიტაცია, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკოს დისკრედიტაცია, სწორედ ამაზე გათვლილი ის კამპანიები, რომლებიც მიმდინარეობს ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურ სიყალბეზეა დაფუძნებული. ასეთი კამპანიები არც წარსულში ყოფილა წარმატებული და ვერც ამჯერად იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი, “ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც. მან ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევი უწოდა და “ძალიან დიდი უბედურება” იწოდა.
“საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან, ადამიანი, რომელსაც ალბათ ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა – მოჰკიდა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად – ვხედავთ, როგორ არის ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში. ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, მგონი, არასწორია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა მალე დასრულდება და მის მუშაობასთან დაკავშირებით ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს.
რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ღარიბაშვილის აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, რაც შარშან და შარშანწინ არსებობდა – მეორე ფრონტის საქართველოში გადმოტანა, – არსად წასულა. ამის გათვალისწინებით, ამომრჩეველმა ნდობა კვლავ „ქართულ ოცნებას“ უნდა გამოუცხადოს, რადგან, ღარიბაშვილის აზრით, მისი პარტია შეძლებს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებსა და პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიზეზებს ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებში ხედავს, რისი შედეგიც არის ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ოპოზიციური აღარ იქნება. მეორე მხრივ, ელისაშვილს არ მოსწონს “ქართული ოცნების” ძალმომრეობითი პოლიტიკა, რომელიც “სულ ხელის გადაწევის პოზიციაშია”.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის – პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ეს არის გაფორმება იმის, რომ ნეიტრალური კომისიის თავმჯდომარის და წევრების სახელით ქვეყანას შეაჩეჩონ “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის მიერ შერჩეული და “ქართული ოცნების” ფრაქციის მიერ დამტკიცებული კანდიდატები.
“რაც არის ხელისუფლების მიტაცება და ერთპარტიული საარჩევნო კომისია. ეს არჩევნების მიმართ ნდობას არ ეხმარება”, – აცხადებს მანჯგალაძე.
ნაციონალების შეფასებით, “ოცნებას” ის ფაქტი ახარებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა მათთვის პრობლემა აღარ არის. მიღებული კანონებით კი, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პარლამენტი ვეტოს დაძლევას არ იჩქარებს და წესებს გაჰყვებიან. მომდევნო პლენარულ სხდომაზე დასკვნას მოამზადებენ. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები ვენეციის კომისიისგან განსხვავებულია. აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისია გადაწყვეტილების მიღებას 2/3-ით ურჩევს, პრეზიდენტს კი, უფრო დაბალი კვორუმი სურს.
“მისი პოზიციაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ დღის წესრიგშია, რასაც ჰქვია ცესკო-ს მიმართ შტურმი. ამით ნიადაგს ამზადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უკვე გაყალბებულია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ. როცა იცი, არჩევნებს აგებ, რაღაც გარემოება უნდა შეამზადო და აქ მოწინავე ადგილი პრეზიდენტად წოდებულ პირს უკავია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივ დოკუმენტზე, რომელიც იქნება ერთგვარი ქოლგა, რომელსაც ზურაბიშვილი დაიჭერს და რომლის ქვეშაც პროდასავლური პარტიები გაერთიანდებიან. „ქართული ოცნება“ კი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა “ქართულ ოცნებას” სავსებით მარტივად შეუძლია, პარლამენტში ამისთვის სავსებით საკმარისი ხმები აქვს, ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება. ამ სიტუაციაში უფრო მნიშვნელოვანი ის არის, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციას და ვეტოს დაძლევამდე მიღებულ კანონს დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან, თუ არა?
ხმალაძის აზრით, ვეტოს დაძლევის შედეგად მივიღებთ “ქართული ოცნების” მიერ სრულად კონტროლირებად საარჩევნო ადმინისტრაციას. ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინების მოსურნეთ ამის გაკეთება პრეზიდენტის ვეტომდე შეეძლოთ. ეს ყოველივე ქმნის განწყობას, რომ „ოცნება“ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რითაც თავადვე უწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გართულებას.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, არა ერთ ქვეყანაში არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად ფორმირების პრაქტიკა, როცა არჩევნებში მონაწილე პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს და მმართველი პარტიის წარმომადგენლობა არ ქმნის უმრავლესობას.
„ნებისმიერი კანონი არა მხოლოდ სამართლებრივი აქტია, არამედ ის ითვალისწინებს პოლიტიკურ ვითარებასა და მიზანს. კანონი სამართლებრივიც არის და პოლიტიკურიც. ე.წ საარჩევნო კანონები ყველაზე მეტად არის პოლიტიკური ხასიათის. ის, თუ როგორი იქნება კანონი და როგორი უნდა იყოს, დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც არის კონკრეტულ სახელმწიფოში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით როგორია საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობა”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისივე თქმით, არსებობენ ძველი დემოკრატიის ქვეყნები, სადაც არჩევნებს ატარებს აღმასრულებელი ხელისუფლება და არა სპეციალური საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ ეს ის ქვეყნებია, სადაც არსებობს სახელისუფლებო შტოების რეალური დანაწილება – სასამართლო დამოუკიდებელია, საჯარო მოხელეები იცავენ კანონს, საზოგადოებას ენდობა ხელისუფლებას და შესაბამისად არჩევნების შედეგებსაც.
“საქართველოში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ამიტომ აქ, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულიად განსხვავებული სისტემა უნდა იყოს”, – აცხადებს ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების სისტემა თანდათან ფუჭდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა (მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდა ის მდგომარეობა, რომ ცესკო-ში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ ჰქონდა), ვითარება სულ უფრო უარესდება. ბოლო ცვლილების შედეგად კი, ცესკო-ში მმართველ პარტიას უკვე 2/3-იანი უმრავლესობა ეყოლება. ასეთივე პროპორცია იქნება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებშიც. ასეთი კომისიების მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში ნდობის ხარისხი უაღრესად დაბალი იქნება, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ დიდი და არც თუ უსაფუძვლო ეჭვი იარსებებს, კომისიებმა ზედმიწევნით კეთილსინდისიერადაც რომ იმუშაონ.
ვახტანგ ხმალაძეს წლების წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენდა. მაშინ იმ კომისიამ რამდენიმე არჩევნები ჩაატარა – ადგილობრივი თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმი. როგორც ხმალაძე იხსენებს, მაშინ კომისიის ობიექტურობის მიმართ პრეტენზიები საზოგადოების მხრიდან არ ყოფილა, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესიც გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე დღეს არის.
“პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში კომუნისტებმა ჩაატარეს. მაშინ ცესკო შემდეგნაირად იქმნებოდა: კომისიის 5-წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს, ნიშნავდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, ან ხელისუფლება. შემდგომ წლებში კი, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია ნიშნავდა თითო წევრს. “მრგვალი მაგიდის” ხელისუფლების დროს (ეს იყო რამდენიმე პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი), კიდევ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. “მრგვალ მაგიდას” უმრავლესობა არ ჰქონია“, – იხსენებს ვახტანგ ხმალაძე.
დღეს საქართველოში, არჩევნების გაყალბების მექანიზმებს შესანიშნავად ფლობს მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ის თავად იყო ხელისუფლებაში და საარჩევნო კომისიების ფორმირების წესიც მათ სასარგებლოდ იყო აწყობილი. მაგრამ, როცა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, საარჩევნო კოდექსის კრიტიკა დაიწყეს.
ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ცესკოს ფორმირების ისეთი ცუდი წესი, როგორი დღეს არის, არასდროს ყოფილა საქართველოში. არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხი ვერ გაიზრდება, თუ საარჩევნო კომისიებში ერთ პარტიას ექნება უმრავლესობა. ასეთი კომისიების პირობებში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სადამკვირვებლო მისიებზე. ერთი მხრივ შიდა დამკვირვებლებზე და მეორე მხრივ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. თუ დამკვირვებლები იტყვიან, რომ დარღვევები იყო უმნიშვნელო, მაშინ საზოგადოებაში მკვეთრი უნდობლობა არ იქნება.
შორენა პაპაშვილი