მომავალი 2024 წელი, როგორც სჩანს, კიდევ უფრო დატვირთული და ინტენსიური იქნება, ვიდრე 2023 წელი. მით უფრო, რომ 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს და ამასთანავე, დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცონ, რომ საჭირო არ არის არჩევნებისთვის უკვე დამტკიცებული და არაერთხელ შეცვლილი საარჩევნო სისტემის შეცვლა და რომ ძველი სისტემითაც შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მმართველი პარტია დიდი გამარჯვების და მეოთხე ვადით ძალაუფლების შენარჩუნების მოლოდინშია. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ამჯერად ევროკავშირიდან და აშშ-დან თავისი გულშემატკივრების მხარდაჭერით, არჩევნების გაყალბების ფაქტების დამტკიცებას და მათ არალეგიტიმურად აღიარებას შეძლებს. ეს კი ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუციური სცენარის განვითარების საფუძველს შექმნის. მოქმედი ხელისუფლების ოპონენტებმა „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობის დროს, არაერთხელ სცადეს ამის გაკეთება , მაგრამ ხელისუფლება ყოველ ჯერზე მდგრადობას ინარჩუნებდა და ამა თუ იმ გზით ხელისუფლების სადავეების შენარჩუნების ლეგიტიმურობას ამტკიცებდა. ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები და შიდა პოლიტიკური პრობლემები 2023 წელთან ერთად არ გაქრება. ევროკავშირის ცხრავე რეკომენდაციის განხორციელებამდე საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.
რა ელის ქვეყანას 2024 წელს, როგორი პროგნოზებია ეკონომიკის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შემდგომი რეკომენდაციების თვალსახრისით. ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ის კორესპოდენტი ანალიტიკოსს ზაალ ანძაფარიძეს ესაუბრა.
– დავიწყოთ ეკონომიკით… წელს, ოფიციალური სტატისტიკით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა იყო, რის წყალობითაც საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. ამან დიდწილად განსაზღვრა რუსეთიდან და უკრაინიდან (და ადრე ბელორუსიიდან) გამოქცეული მოქალაქეების შემოდინება საქართველოში, რომლებმაც აქ უძრავი ქონება შეიძინეს, გახსნეს ბიზნესები, გადმოიტანეს კაპიტალი ქართულ ბანკებში და საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადები გადაიხადეს. როგორია მომავალი წლის პროგნოზები? შეინარჩუნებს თუ არა საქართველო ეკონომიკურ ზრდას?
– რაც შეეხება ეკონომიკას, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და დამოუკიდებელი უცხოელი ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზებით, 2024 წელს საქართველოში ზომიერი ეკონომიკური, დაახლოებით 5%-ანი ზრდაა მოსალოდნელი და ეს მაჩვენებელი საკმაოდ რეალურია, თუ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარება სტაბილური იქნება და რუსეთთან, რომლის ეკონომიკასთანაც საქართველო ძალიან მჭიდროდ არის მიბმული, ჩვენი ურთიერთობები არ გართულდება. უბრალოდ გადახედეთ საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის უახლეს მონაცემებს, სადაც ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 12%-ია, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში – 65%, სადაც ექსპორტის ლომის წილი რუსეთზე მოდის. მაგრამ თუ საქართველოს აიძულებენ ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს და ეს ევროკომისიის ახალ რეკომენდაციებში ჩაიწერება, სადაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე იქნება საუბარი, მაშინ ეს ძალიან სერიოზულად გაართულებს ეკონომიკურ მდგომარეობას. რადგანაც რუსული ბაზრის ჩასანაცვლებლად ექვივალენტური ალტერნატივები ჯერ არ გვაქვს. საქართველოს ასევე არ გააჩნია ის ეკონომიკური ქოლგა, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და ნატოს წევრებს აქვთ.
– ეს ასევე ახალ საფრთხეებს შეუქმნის საქართველოს უსაფრთხოებასაც…
– შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაც დაზარალდეს. თუ ახალი საფრთხეები წარმოიქმნება, ისინი შესაძლოა ჩრდილოეთიდან გამოჩნდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდება, სანქციების ომის და სხვა ქმედებების ფონზე, რომლებსაც საქართველო იძულებული იქნება განახორციელოს კოლექტიური დასავლეთის ზეწოლის ქვეშ განახორციელებს. ასე რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკები არსებობს.
– 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და სავარაუდოდ შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებაა მოსალოდნელი…
– რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ვფიქრობ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბრძოლა გაძლიერდება. რადგანაც 2024 წელი – საარჩევნო წელია და მასზე ძალიან დიდი ფსონები იდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან და აშშ-დან არაერთხელ აღნიშნეს, რამდენად დიდია მათი მოლოდინი ამ არჩევნებისგან. არ მინდა პოლიტიკურ სპეკულაციაში შევიდე, მაგრამ მჯერა, დასავლეთში ელიან, რომ ამ არჩევნების შედეგად „საქართველოს პროდასავლური კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება“. თუ მმართველი პარტია გაიმარჯვებს და მას ამის შანსი აქვს, ოპოზიციის სისუსტისა და ამჟამინდელი პოზიციიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით სირთულეები წარმოიშვას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან. ეს პესიმისტური პროგნოზია.
მაგრამ არის ოპტიმისტური პროგნოზებიც. თუ დასავლეთი იმ დასკვნამდე მივა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ისინი უბრალოდ იძულებულნი იქნებიან გაითვალისწინონ ქართველი ამომრჩევლის აზრი. ზოგადად, 2024 წელი ინტენსიური შიდა პოლიტიკური ბრძოლებით ჩაივლის.
– როგორია თქვენი პროგნოზები საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით? მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები?
– რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, თუ რეკომენდაციები ევროკავშირის მოლოდინის შესაბამისად შესრულდება, მაშინ საქართველო მიუახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებზე გადასვლას და ამ თვალსაზრისით, მოლდოვასა და უკრაინას დავეწევით. თუმცა, ვფიქრობ, სანამ ქვეყანის ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” იქნება, საქართველოს ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას გაატარებს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველო ასევე აქტიურად იმოძრავებს ჩინეთის მიმართულებით. ველოდები, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას, რომელშიც საქართველო ერთ-ერთი მთავარი რგოლია მას შემდეგ, რაც რუსეთში სატრანსპორტო გზები დაიხურა. ამ მხრივ, ჩინეთი საქართველოს მთავარი პარტნიორი იქნება. ვნახოთ, როგორ ისარგებლებს ჩვენი ქვეყანა ამ შანსით. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
– რას იტყვით უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობაზე, რა პროგნოზები გაქვთ ამ მიმართულებით?
– თუ 2024 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობებს გაუხსნის და დადგება კითხვა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო 3+3 ფორმატში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის. მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, მისი პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდოა, ამ ფორმატს შეუერთდეს. მაგრამ მეორეს მხრივ, ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, რადგან რამდენიმე მარშრუტი შეიძლება გადამისამართდეს სხვა მიმართულებებზე, რომლებიც გადამზიდავებისთვის გაცილებით მოკლე და იაფია.
აქ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დადებენ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთი და აზერბაიჯანი და როგორ განხორციელდება ეს – დასავლეთის, რუსეთის თუ ამ პროცესის ყველა მონაწილის შუამავლობით. მიმაჩნია, რომ თუ რუსეთი ამ პროცესიდან გამოირიცხება, ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხრეთ კავკასიაში გავლენა არ დაკარგოს და ეს დანაკარგები ანაზღაურდეს. ამან შეიძლება რეგიონში არსებული ვითარება გაართულოს. რა თქმა უნდა, ასეთი სცენარი არასასურველია, რადგან ამან შესაძლოა, ირიბი გავლენა იქონიოს საქართველოზე, როგორც ამ ორი რესპუბლიკის მეზობელზე.
– შეუძლია თუ არა საქართველომ, როგორც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, მეზობლებს შორის ურთიერთობების მოგვარების საქმეში მედიატორის როლი თავის თავზე აიღოს?
– რაც შეეხება საქართველოს, როგორც მედიატორს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საქართველოს არ აქვს ისეთი პრესტიჟული გეოპოლიტიკური წონა, როგორიც აშშ-ს, ევროკავშირის და რუსეთის მსგავს დიდ მოთამაშეებს, რომლებიც ახლა სამხრეთ კავკასიაში თავიანთი პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. თუ მათ შორის ძალიან სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველო ამ პროცესებისგან შორს დარჩეს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ქვეყანას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის.
ესაუბრა ირინა ხაჩიძე