2024 წელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 2 მთავარი გზავნილით დაიწყო. ამ გზავნილებმა 2023 წლის ბოლო თვის ბოლო დღეებში ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ნაძვის ხის სათამაშოებივით გაიბრჭყვიალა. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკვე მესამედ ბრუნდება პოლიტიკაში, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია “ენმ”-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალი ოპოზიციური ძალის შექმნას აანონსებს.

წინა წლების გამოცდილებამ როგორც გვაჩვენა, ივანიშვილი ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში ბრუნდება პოლიტიკაში. რა არის ამის რეალური მიზეზი? შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდებში “ოცნებისთვის” გადაულახავ რისკებს ხედავს, ან კიდევ, სურს საკუთარი პარტიის წევრებს შეახსენოს, რომ “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვება არის ბიძინას გამარჯვება და მისდამი ხალხის “ჭარბი ნდობის” შედეგი.

პოლიტიკაში ყოველი გამოჩენის შემდეგ, ივანიშვილი კვლავ კულისებში ბრუნდება. ეს სცენარი ამჯერადაც უცვლელად გადათამაშდება. ერთი წლის თავზე ივანიშვილი იტყვის, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, არსებობს მმართველი უმრავლესობა და არსებობენ ოპოზიციური პარტიებიც და კვლავ კულისებში გადაინაცვლებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამდენად, ვერც ოპოზიციას ვუსაყვედურებთ, როდესაც ივანიშვილს ჩრდილოვან მმართველად მოიხსენიებენ.

ნიკა მელია

2024 წლის არჩევნებში ივანიშვილის დამარცხების ამბიცია აქვს ნიკა მელიას, რომელმაც ახლახან დატოვა საკუთარი პარტია და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას ნიკა გვარამიასთან და “დროასთან” ერთად აპირებს.

“ივანიშვილის მარცხი, 2024 წელს, მიიღებს საჯარო ხასიათს და დამარცხდება არა ღარიბაშვილი, კობახიძე ან კრებითი პაპუაშვილი, არამედ ამ მანკიერი პოლიტიკური სისტემის შემქმნელი – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კულისიდან ვეღარასოდეს გადავა მეორე კულისში ჩრდილოვანი მართვის გასაგრძელებლად. ამ პროცესში ყველას უნდა გვესმოდეს და ვიაზრებდეთ საკუთარ პასუხისმგებლობას, ცვლილება მოხდება მხოლოდ ხალხის ნებით, მისი ასახვით პოლიტიკაში და არა ფულის ფულთან, ერთი კულუარის, მეორე კულუართან დაპირისპირებით”, – ამ შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა ნიკა მელიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2023 წლის 30 დეკემბერს.

მელიას ლოგიკას თუ გავყვებით, იგი არა მარტო ივანიშვილს, არამედ ბრძოლას თავის ყოფილ პარტიასაც უცხადებს, რომელიც ოლიგარქების (კეზერაშვილისა და მერაბიშვილის) მზარდი გავლენის გამო დატოვა.

ამასობაში “ქართული ოცნების” მთავარი სახეები ერთმანეთს ულოცავენ პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკაში დაბრუნებას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის როლი არის გადამწყვეტი და უნიკალური, რომ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება მთელ მსოფლიოში, ამიტომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა.

პარტია „ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობა 30 დეკემბერს გაიმართა. მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ასევე, დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. ირაკლი კობახიძე რჩება პარტიის თავმჯდომარედ.

როგორც თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, მისი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა, რისთვისაც პარტიის 2-3 ლიდერთან კომუნიკაცია, გუნდში ჯანსაღი ვითარების შესანარჩუნებლად, ივანიშვილს საკმარისად აღარ მიაჩნია. როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის უკვე ღიად იქნება გუნდის მთავარი მრჩეველი.

“ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ”, – განაცხადა საპატიო თავმჯდომარემ – ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ოპოზიციაზეც ისაუბრა. ძირითადი ყურადღება ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გაამახვილა. სწორედ ისინი სურს „ქართული ოცნების“ ყველაზე სასურველ ოპონენტებად. როგორც ჩანს, ივანიშვილი პოლიტიკაში არა მარტო მმართველ პარტიაში „ვითარების დასალაგებლად“, არამედ „ოცნებისთვის“ სასურველი ოპოზიციის ფორმირებისთვის ბრუნდება.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ქართული პოლიტიკის ერთპარტიულობის საფრთხისგან გადარჩენა მხოლოდ მმართველი პარტიის გაყოფით არის შესაძლებელი, როცა კონსტრუქციული ოპოზიცია შეებრძოლება ხელისუფლებას, გაუწევს ოპონირებას და დაიცხავს შეცდომებისგან.

“ბოლო 30 წელიწადს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ საქართველოში ყველა წარმატებული ოპოზიცია ხელისუფლებაში იბადებოდა. „ოცნებისგან” გაჩენილი ოპოზიცია იქნება იმ რეიტინგის, რომ გამოდგეს ხელისუფლების კონკურენტად და ალტერნატივად. გახარიას ამგვარი რესურსი აღარ აქვს, დრო გაუშვა. ივანიშვილს სურს ააწყოს ისეთი პოლიტიკური მექანიზმი, სადაც თავად ნაკლებად ჩაერევა. ამიტომ, მეეჭვება, რომ ახალი თავსატეხი შემოიტანოს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მეორე მხრივ, ჯერჯერობით ბუნდოვანია შედგება თუ არა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ელენე ხოშტარიას ერთობა. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მელიას მთავარი ამოცანა ჯერჯერობით ოლიგარქებთან შებრძოლებაა. ამ თემის იქით უცნობია მისი გეგმები – როგორ ააგებს სახელმწიფოს, ვისზე იქნება კაბინეტი ორიენტირებული, როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკური კურსი.

დემურ გიორხელიძე

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის შეფასებით, დღეს სახეზეა სიდამპლეში გადავარდნილი ოპოზიცია, რომელიც ნებისმიერ დროს გამოუთხრის ძირს ქვეყანას და არანაკლებ უბედურებაში მყოფი ხელისუფლება, რომლის ერთადერთი მიზანია 2024 წლის არჩევნებისთვის შეინარჩუნოს თავი.

გიორხელიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა, ის რჩებოდა საქართველოს ფაქტობრივ მმართველად. მისივე თქმით, არც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის ბელადის მატარებელს გამოყოლილი ხალხი, რომლებიც დასვეს თანამდებობებზე და პასუხისმგებლობა არ ჰყოფნით, რომ საკუთარ სახელმწიფოს ემსახურონ.

„ჩამპალია ქვეყანა კორუფციაში. მილიონამდე ქართველია გასული ქვეყნიდან და ამაზე მეტი უცხოელი შემოყვანილი, ეს ახარებს ხელისუფლებას, – ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობა იზრდებაო. უფრო მისაღები იქნებოდა ივანიშვილს რომ ეთქვა, არსებული გლობალური გამოწვევებისა და საქართველოს წინაშე მზარდი საფრთხეების პირობებში გრძნობდა პასუხისმგებლობას და სახელმწიფოს პირველ პირად ბრუნდებოდა. ამის ნაცვლად თქვა, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ უნდა მოვბრუნდეო. ეს ყველაფერი “ბლეფობანას” თამაშს ჰგავს“, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე მოსაზრებით, გლობალური პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები საქართველოს არაფორმალურ მმართველს არ დაელაპარაკებიან. ამგვარად ივანიშვილი არ კისრულობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე.

„საკუთარ თავს მაინც, რატომ შეურაცხყოფს? დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიო მოთამაშეებს შორის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცეს იმიტომ, რომ ყველაზე რთულ მომენტში რუსეთის წინააღმდეგ გამოგვიყენონ“, – ამბობს გიორხელიძე.

ქართულ პოლიტიკაში მის მიერ დამკვიდრებულ გასვლა-შემოსვლის პრაქტიკას თავად ბიძინა ივანიშვილი “სიტყვის ერთგულებას” უწოდებს. მისი ბოლო გასვლა პოლიტიკიდან 2021 წელს იყო, როდესაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს, ბილბორდებზე ივანიშვილის სახის გამოჩენა დასჭირდა. დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2021 წელს კი, განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკიდან მიდიოდა და საპენსიო ასაკის პოლიტიკისგან შორს გატარება სურდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში ის საქართველოს მთავრობის მთავარი მრჩეველი და კონსულტანტი იყო, ისე, რომ სახელმწიფოს წინაშე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.

შ. ქარჩავა