ექსპრეზიდენტის სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაყოფა-დანაწევრების პროცესი გრძელდება. მას შემდეგ, რაც “ენმ”-ს სახელისუფლებო სადავეების დათმობა მოუწია და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალშექმნილ კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” დამარცხდა, მათ ერთობაში დაშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ პარტიიდან გამოკვეთილი ლიდერები, ახალი პარტიები შექმნეს და პარტიიდან თავიანთი გუნდიც თან გაიყოლეს.
2017 წელს პარტიას გამოეყო პარლამენტის 19 დეპუტატი, რომლებმაც დააფუძნეს პარტია “ევროპული საქართველო”; 2018 წელს, “ენმ”-დან წასულთა მიერ შეიქმნა კოალიცია „ძალა ერთობაშია“, დღეს უკვე ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელი. ამ პოლიტიკური პარტიიდან აღმოცენდა “გირჩი” და “დროა”. 2020 წელს პარტიიდან უკვე თავმჯდომარეების წასვლის პროცესი იწყება. პარტია დატოვა ყოფილმა თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა – გრიგოლ ვაშაძემ და ახლა უკვე ნიკა მელიამაც.
პარტიის გამაერთიანებელ ფაქტორს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ავტორიტეტი წარმოადგენდა, თუმცა, მისი დაპატიმრების შემდეგ ეს ავტორიტეტი შეირყა. ამას დაემატა პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები და საბოლოოდ “ენმ”-ში ჩრდილოვანი მმართველობის პრობლემაზე ღიად დაიწყეს საუბარი. მამხილებლად ნიკა მელია მოგვევლინა, მას შემდეგ, რაც ის შიდა არჩევნებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი ხაბეიშვილმა დაიკავა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე სააკაშვილი დიდ გავლენას ვეღარ ახდენს. სააკაშვილის მიზანია პარტიის ერთიანობის შენარჩუნება, რადგან პარტიის გახლეჩა კიდევ უფრო დაასუსტებს მის პიროვნულ შანსებსაც, რომ გათავისუფლდეს. ამიტომაც ცდილობდა პარტიაში დაპირისპირებულ მხარეებს – ხაბეიშვილსა და მელიას შორის შემრიგებლის ფუნქცია აეღო ხელში. ექსპერტების ნაწილის აზრით, პარტიაში კლანური დაპირისპირება მიმდინარეობს. ყველა მხარე სააკაშვილის ერთგულებას იფიცება, თუმცა, აშკარაა, რომ სააკაშვილის ფაქტორი საკმარისი არ აღმოჩნდა კლანური დაპირისპირების შესაკავებლად. მიუხედავად რღვევისა, ამ ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობა” მაინც რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად და მას უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე პარტიიდან გასულებს.
საბოლოოდ, ნიკა მელიამ, რომელმაც ფარდა ახადა პარტიაში კეზერაშვილი-მერაბიშვილის (სააკაშვილის მთავრობის თავდაცვისა და შს მინისტრები) ჩრდილოვან მმართველობას, “ენმ”-ს რიგები უკვე ოფიციალურად დატოვა. დატოვა და თან გაიყოლა პარტიიდან თანამოაზრეთა ჯგუფი. პარტია გაიყო ორ ნაწილად – მელიას და ხაბეიშვილის მომხრეებად. პარტიიდან მელიას გაჰყვნენ რეგიონული ორგანიზაციების წევრები და საკრებულოების დეპუტატების ნაწილი. მასობრივად დატოვეს პარტიის რიგები ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, ჭიათურის, კასპის, ასევე კახეთის რეგიონული ორგანიზაციების და საკრებულოების წევრებმა. პარტია დატოვა თბილისის ორგანიზაციის 300-მდე წევრმა. პარტიიდან გასული ადამიანები უარს აცხადებენ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან მუშაობაზე, თუმცა სააკაშვილის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.
“პარტია ორად გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ, რასაც ასხივებდნენ პარტიაში არაფორმალური მმართველები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, მელია აცხადებს, რომ აუცილებლად შექმნის ახალ პარტიას. არც ერთ მოქმედ პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას არ განიხილავს და ამბობს, რომ მისი პარტია დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს. არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურის ამბიცია აქვს, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია მისი იქნება, რომელიც დაფუძნდება იმისთვის, რომ უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე.
„ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი მუშაობა იქნება გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ ველში დიდი გადათამაშებების ეპოქა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია საით წავა მელია თავისი საკმაოდ სოლიდური რესურსით, პარტიიდან წაყვანილი გუნდით.
მისივე აზრით, “ენმ”-ს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მელიას წაჰყვება, თუმცა, არა ყველა ის ადამიანი, ვისაც “ნაციონალურმა მოძრაობამ ” იმედები გაუცრუა.
“პოლიტიკურ ველზე არსებობს ნიკა გვარამიას შემოსვლის მოლოდინი, თავისუფლად შეიძლება ეს ამომრჩეველი გვარამიასკენ წავიდეს. გვარამია და მელია რესურსებს თუ გააერთიანებენ ერთად უფრო ძლიერი ძალა იქნებიან, ვიდრე ცალ-ცალკე”, – აცხადებს ლაგაზიძე.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მელიამ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად მიიღოს. პერსპექტივაში იგი მელია-გახარიას და მელია-გვარამიას ერთობას ხედავს. თუმცა, ლაგაზიძის აზრით, მარტო ამ ორთა კავშირის საკმარისი არ იქნება საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი პროცენტების მოსაპოვებლად. საჭიროა ხიდები გაიდოს “ლელოსთანაც”.
„გაზაფხულიდან გამსხვილების პროცესი დაიწყება, მელია და გვარამია ერთად თუ იქნებიან, წავლენ “ლელოსკენ”, ან გახარიასკენ. ასეთი გაერთიანება გაცილებით უფრო წონადი იქნება. „ენმ“-ს დასუსტების კვალობაზე ვინ შეიძლება გაძლიერდეს? შესაძლოა, გახარია გახდეს მელიას მიზიდულობის ცენტრი. მეორე მხრივ “ლელოც” არის მიზიდულობის ცენტრი მელია-გვარამიას ტანდემისთვის“, – აცხადებს ლაგაზიძე.
ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ჯერჯერობით არ ჩანს რას აპირებს მელია, როგორ ააგებს სახელმწიფოს, ვისზე იქნება კაბინეტი ორიენტირებული, არ ჩანს მისი საგარეო პოლიტიკური კურსი.
“ყველა პარტია იძახის, – ევროპა, ევროპაო, – მაგრამ ყველაზე პროდუქტიული და შედეგიანი აღმოჩნდა ღარიბაშვილის გეოპოლიტიკური ეშმაკობები. მოულოდნელი ჟესტი გააკეთა ჩინეთისკენ და ამან გავლენა იქონია ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესებზე“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტების ნაწილი ზოგი ფიქრობს, რომ მელიამ დააგვიანა “ნაციონალური მოძრაობის” რიგების დატოვება, ზოგიც აზრით კი, ახლაც აგვიანებს პარტიის შექმნას, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება.
“მისი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ ადამიანების ცნობიერებაში დაიკავოს რაღაც ადგილი, ჯერჯერობით არაფერს აკეთებს საამისოდ. რაღაც ადგილი, თან ადგილი ადამიანისა, რომელსაც აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რითაც ხალხი ცხოვრობს, ასეთი რამ მელიას ჯერ არ უთქვამს. ის ისევ იძახის, – ყველანი გავერთიანდეთ ოლიგარქებთან საბრძოლველადო. არ მგონია ოლიგარქების თემა იყოს იმხელა ფაქტორი, რომ აამოძრაოს ხალხი მელიასკენ”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ოპოზიცია ოლიგარქად მოიხსენიებს “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამით ივანიშვილის პარტიას მხარდამჭერები არ მოჰკლებია. გარდა ამისა, ნიკა მელიას პოზიციას თუ გავიზიარებთ, ოლიგარქი ხელისუფლების მხარეს თუ არის, უფრო მეტი ოლიგარქია მეორე მხარესაც – ოპოზიციურ ფლანგზე.
“მაშინ ამომრჩეველი კითხავს მელიას, – შენ რით აპირებ ბრძოლას?”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ერთი სიტყვით, ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქებმა მყარად გაიდგეს ფესვი. ისინი უკვე ღიად წარმართავენ საშინაო პოლიტიკას და საკუთარი ინტერესების მიხედვით ამოძრავებენ პოლიტიკოსებსაც. ამ სიტუაციაში ნიკა მელია, ცოტა არ იყოს, გზააბნეულად გამოიყურება, თუმცა იხტიბარს არ იტეხს, უფრო მეტიც, დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის ამბიციაც კი აქვს. ვინ იქნება მისი ფინანსური ზურგი და როდის შექმნის ახალ პარტიას, დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კონკრეტული დრო, არც თავად ნიკამ იცის. მანამდე კი, ამომრჩეველში ახალ ეჭვებს თესავს, კერძოდ, კეზერაშვილისა და “ქართული ოცნების” ალიანსზე მინიშნებებს აკეთებს. მისი აზრით, არსებობს ალბათობა, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს, რომ კეზერაშვილი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად იპარავს ფულს “ქოლცენტრებით”.
“არ დაგიმალავთ, არც თუ ისე ცოტა ადამიანს, გამოცდილ თანაგუნდელებს უთქვამთ, რა არგუმენტიც არ უნდა გქონდეს “ენმ”-ში დარჩენისა, ვიმეგობრებთ, მაგრამ იქ ჩვენს თავებს ვეღარ ვხედავთო. მორალური უპირატესობა გეკარგება, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას “ქართული ოცნების” აქტივისტი მოგიტრიალდება და მერაბიშვილზე და კეზერაშვილზე დაგიწყებს საუბარს – განიარაღებული ხარ, დამთავრებულია”, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გიორგი ქართველი