“ქართულ ოცნებას” ცალ კარში თამაში მობეზრდა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან მეასე დღეს საკუთარი ხელმოწერა გააუქმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ, საქართველოში 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით შედგენილი დოკუმენტი მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმოწერას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდა. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლიან არჩევნებზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ. მაგრამ ასე არ მოხდა. შარლ მიშელის დოკუმენტს, მხოლოდ დაბალრეიტინგული ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ და კუთვნილი საპარლამენტო სავარძლები გააცოცხლეს.
პარლამენტში შევიდა “ენმ”-ც, მაგრამ ყოველგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე. მათ, არც იმ დროებით საპარლამენტო კომისიაში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რომელსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება-არგაყალბაზე გამოძიება უნდა ეწარმოებინა. 26 ივლისს, სწორედ აღნიშნულმა კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, იყო სიცრუე და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” თავი აღარ მიიჩნია მოვალედ “შარლ მიშელის დოკუმენტის” ერთგული დარჩენილიყო.
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ სიყალბე იყო პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგები; 8%-იანი მეტობის დისბალანსი; ბრალდებები უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსყიდვის, ზეწოლისა და მუქარის, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე; დაუბალანსებელი ოქმების არასტანდარტულ რაოდენობაზე და სხვა.
“ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ შემთხვევაშიც გაექცა დისკუსიას არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: ამ პარტიებმა იმთავითვე ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი კამპანია არჩევნების გაყალბების შესახებ იყო წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ისახავდა მიზნად”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.
მათივე თქმით, ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს. კერძოდ, განახორციელეს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, გაიზარდა ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში; დააინიცირეს კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ და სხვა. მაგრამ, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი მაინც სასამართლო რეფორმა აღმოჩნდა, რაზედაც შარლ მიშელმა 19 ივლისს, საქართველოში ვიზიტისას ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ღიად მიუთითა.
… და კიდევ, რაც მთავარია, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იყო. ამ თვალსაზრისით “ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ როდესაც საუბარია პოლარიზაციაზე – „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის, ბუნებრივია, პოლარიზაცია ვერ შემცირდება ცალმხრივი კომპრომისით.
“19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება. წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიცია გააღიზიანა. იმდენად, რომ მათ ზოგიერთ წარმომადგენელს, არც მმართველი პარტიის ელექტორატის შეურაცხყოფაზე დაუხევია უკან. მათივე შეფასებით “ოცნება რუსეთის გზას” დაადგა.
“ახალი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ბოლო ნიღაბი ჩამოიხსნეს, რომლითაც დასავლეთს და საქართველოს მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ პროდასავლური ძალა იყო, “ოცნება” რუსეთის გზას გუშინ კი არა, 8 წლის წინ დაადგა, როდესაც სპეცოპერაციით მოვიდა ხელისუფლებაში”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა.
“ენმ”-ს კიდევ ერთმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა საერთოდ 2 ოქტომბრის – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. მისი აზრით, “ოცნება” კარგავს მხარდამჭერებს და ამიტომ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან.
“დღეს, მოსახლეობის მხოლოდ 28 %-იანი მხარდაჭერა აქვთ. ნაციონალურ მოძრაობას” 22 %-იანი, გახარიას პარტიას – 10%-იანი, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე”, – წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში კი, “ოცნების” ამ გადაწყვეტილებას თაღლითობა უწოდეს.
არაოფიციალურ შეფასებებს, არც შეერთებული შტატებიდან დაუგვიანია. ასე, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ევროკავშირს საქართველოს მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენების იდეა კვლავ წამოჭრა.
“პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს. ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი”, – განაცხადა კრამერმა ქართულ მედიასაშუალებებთან საქართველოს საშინაო პოლიტიკური პროცესების კომენტირებისას.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას თავად ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც გამოეხმაურა და თავისი კომენტარი სოციალურ ქსელში, ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა წინ დააყენონ ქართველი ხალხის სურვილი.
მისივე შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება საქართველოს ევროპულ გზას სთავაზობს უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. როგორც შარლ მიშელი წერს, ის ასევე მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა აღნიშნულ შეთანხმებას.
“კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას და ზრდას. მე ვერ ვხედავ სიღრმისეული მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების, თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას”, – წერს შარლ მიშელი და პოლიტიკურ აქტორებთან კვლავ კონსულტაციებს აანონსებს.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა “შარლ მიშელის დოკუმენტი” კრიტიკული შეფასება მოჰყვა საქართველოში აშშ-ს საელჩოსგან. მათ ხელისუფლების მიმართ გაბრაზებაც კი არ დაუმალავთ.
“ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო”, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 3-საკითხს უკავშირებს: პირველი ის, რომ “ნაც.მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და არ გაიზიარა პოლიტიკური პასუხისმგებლობა; მეორე – ოპოზიცია უარზეა ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მესამე – მოსამართლეების თემა.
“ის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ევროპამ ძალიან ღრმად ჩაყო ხელები”, – ამბობს სიხარულიძე.
მისივე თქმით, 28 ივლისის გადაწყვეტილება ყველაზე ნაკლებად უკავშირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს.
პოლიტოლოგის აზრით, “ქართულ ოცნებას” თავიდანვე არ უნდა მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი, თუ მას ხელს არ მოაწერდა მთავარი ოპოზიციური ძალა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
“ნაციონალების ხელმოწერის გარეშე, გაუგებარია რა აზრი აქვს ამ დოკუმენტს? შარლ მიშელის ხელშეკრულება იყო მხოლოდ კრიზისის გადავადება. ამ ხელშეკრულების შემსრულებელი ოპოზიცია არ იყო. საქართველოში დღეს გვაქვს პოლიტიკური ელიტის კრიზისი. მოსახლეობა დაღლილია და ეს 5-6 ივლისის მოვლენებმაც აჩვენა, რომ მოწოდებების მიუხედავად, მოსახლეობა ბარიკადებზე წამსვლელი არ არის, მას ესაჭიროება ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც არ ჩანს”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, პრობლემა არის ის, რომ პარტიები, რომლებიც თავს პროდასავლურად აცხადებენ, თავად არ იცავენ, არც ერთ დასავლურ ღირებულებას. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციებს, არჩილ სიხარულიძე მსგავსს არ ელოდება, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სექტემბერს-ოქტომბერშიც გაგრძელდება.
საპირისპირო მოსაზრება აქვს ექსპერტ ლევან ალაფიშვილს. მისი შეფასებით, მიშელის დოკუმენტი არის გამოწვევა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არ არის, რომელიმე ერთი პარტიის კუთვნილება, ან პასუხისმგებლობა, ეს არის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.
როგორც Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნების” პარტიული მხარდაჭერა იკლებს, რაც შიდაპარტიული – ძველ და ახალ წევრებს შორის დაპირისპირების შედეგია. ეს აისახება მის ელექტორალურ ბაზაზეც. ამ პირობებში “ოცნებას” სჭირდებოდა ისეთი ნიშის მოძიება, რომ ამ საპარლამენტო ვადაში მაინც, ძალაუფლება არ დაკარგოს.
მისივე მოსაზრებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა, სწორედ “ოცნების” ძველი ელექტორატის გულის მობრუნების მცდელობაა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ იქნება. ამას ემატება ექსპრემიერ გახარიას მიერ პარტიის შექმნა და “ოცნების” ძველი ელექტორატის მისკენ გადაქაჩვა.
“ძველი ელექტორატი 2018 წლის შემდეგ, მათ მხარეს აღარ წასულა, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებასთან ერთად დამთავრდა კომუნიკაცია იმ ელექტორატთან, რომლებიც მეორე ტურში დასჭირდათ. არც იმას გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა, სწორედ ძველების გულის მოსაგები იყო და არჩევნების შემდეგ ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე აღარ იყოს”, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
რა ბედი ელის 19 აპრილის შეთანხმებას და ისევ შემოიკრებს თუ არა, შარლ მიშელი გაჯიუტებულ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდასთან დრო გვიჩვენებს. აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” სასწორის პინაზე ევროკავშირის კეთილგანწყობა და საკუთარი ელექტორატის გულის მოგება შეაგდო. “ოცნებას” მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ, 2012 წელს, ნაციონალებთან თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას საყვედურობდა, ბოლო დროს კი, საშინაო საქმეებში უცხოელი დიპლომატების გადაჭარბებული “ჭკუის სწავლებები” არ მოსწონთ.
შორენა პაპაშვილი