მსოფლიო პანდემიის გამოდაპაუზებული ეკონომიკა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ პირველ ნაბიჯებს დგამს. საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გაჯანსაღებასა და გაზრდილ ექსპორტზე საუბრობს, თუმცა, გამოქვეყნებული ციფრები აღტაცების საფუძველს არ იძლევა. გაზრდილია იმპორტი, მოსახლეობა კვლავ ტურიზმის გამოცოცხლებას შეჰყურებს იმედის თვალით. რა არის თავის გადარჩენის ეკონომიკა და რა განვითარების? როგორ დავაბრუნოთ ქვეყანაში გადინებული სამეცნიერო პოტენციალი? ამ და სხვა საკითხებზე Dalma News პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა.

– განათლების პრობლემა, პრემიერმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული, ბევრი კარგი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდანო. რა არის თქვენის აზრით ძირითადად გამოსასწორებელი განათლების სფეროში?

– მივესალმები პრემიერის ინიციატივას, რომ ქვეყანაში ყურადღება მიექცეს მეცნიერების განვითარებას, იმიტომ, რომ მეცნიერების გარეშე ეკონომიკა თავისი განვითარების შესაძლებლობებით ყოველთვის იქნება მეორეხარისხოვან დონეზე. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი არის ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ მოდელზე ქვეყნის გადაყვანა. დღეისათვის მეცნიერებაში უმთავრესად 2 რამაა გასაკეთებელი: პირველი – მეცნიერთა შრომის ანაზღაურება უნდა გახდეს ადეკვატური, რომ ადამიანს შეეძლოს სამეცნიერო საქმიანობით ოჯახის ღირსეულად შენახვა, რომ მას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი დრო დაუთმოს კვლევას, სტუდენტების მომზადებას და არ იყოს გაფანტული სხვადასხვა “მეორეხარისხოვან” საქმიანობაზე, რაც ხელს უშლის სამცნიერო საქმიანობის ნაყოფიერად წარმართვას; მეორე – ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნაა, რაც გულისხმობს ლაბორატორიების აღჭურვას თანამედროვე ტექნილოგიებით, რაც საკმაოდ დიდ დანაჯარებს საჭიროებს, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

ამის გარდა, უნდა მივხედოთ ჩვენ ახალგაზრდობას, განსაკუთრებით მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. ისინი საღამოობით სწავლობენ, რაც არის შეცდომა. დღისით მუშაობენ იმისთვის, რომ სწავლის საფასური გადაიხადონ. აუცილებელია მათი დღის სწავლებაზე გადაყვანა, იმიტომ, რომ საღამოს სწავლება არის უხარისხო, ან უკეთეს შემთხვევაში დაბალხარისხიანი. უწინარეს ყოვლისა, დოქტორანტებს უნდა დაენიშნოთ ადეკვატური სტიპენდიები, რომ შეეძლოთ ისეთივე დონეზე ცხოვრება, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანს.

შესაძლებელია, თუ არა იმ ქართველი მეცნიერების პოტენციალის გამოყენება, რომლებიც დღეს, საზღვარგარეთ წარმატებით მუშაობენ?

– აუცილებელია მათი ჩართვა ჩვენს სასწავლო-სამეცნიერო სივრცეში – ონლაინ ჩართვებით ან წელიწადში რამდენჯერმე ჩამოსვლით და აუდიტორიული შეხვედრების გამართვით. თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში თავისუფლად შეიძლება გეოგრაფიულად დაშორებული ადამიანების ჩართვა ერთიან სამეცნიერო სივრცეში. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანამ მართლა შეძლოს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა. პრიორიტეტულ დარგებად უნდ იქცეს განსაკუთრებით ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ნანოტექნილოგიები, სამედიცინო ფიზიკა; ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ფარმაკოლოგიას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, რაზედაც არის მოთხოვნა თანამედროვე მსოფლიოში. დღეს კი ჩვენ გვაქვს პრიორიტეტად აღიარებული ტურიზმი, რომელიც გადარჩენის ეკონომიკაა და არა – განვითარების.

ფარმაკოლოგიას რაც შეეხება, ქართული ფარმაცევტული კომპანიები ბოლო დროს თავად ხსნიან სასწავლებლებს, თავად ამზადებენ სპეციალისტებს და ასაქმებენ თავიანთვე ქსელში. რამდენად პერსპექტიული და ხარისხიანია ასეთი სწავლება?

– თქვენ საუბრობთ ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებზე? მათი ეს ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ მე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს ვგულისხმობ!

ზემოხსენებული დარგები არის დღეს სწორედ ყველაზე მოთხოვნადი, ახალი ტექნოლოგიების შემქმნელი, რაც ანვითარებს მსოფლიო ეკონომიკას. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სწორი ორინეტირება. ახალგაზრდების უმრავლესობა დღეს ირჩევს: ბიზნესის ადმინისტრიტებას, სამართალმცოდნეობას, ტურიზმის მენეჯმენტს, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ამდენი კადრი ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საბუნებისმეტყველო დარგები და მათემატიკა. ცალკე პრობლემაა ის, რომ საჯარო სკოლებში, მე-12 კლასში საბუნებისმეტყველო საგნები უბრალოდ არ ისწავლება, ამიტომ ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესებულია ფიზიკით, მას აქვს ძალიან დიდი ცდუნება, რომ არ შევიდეს ფიზიკის ფაკულტეტზე. გადასახედია პროგრამები, აღსადგენია სკოლის დამამთავრებელი გამოცდები. ახალგაზრდებში იქნება მეტი პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ, ისწავლონ არა მხოლოდ ის საგნები, რომლებიც უმაღლესში აქვთ ჩასაბარებელი, არამედ მიიღონ კომპლექსური განათლება, რაც აუცილებელია თანამედროვე სპეციალისტის ჩამოსაყალიბებლად.

თანამედროვე სკოლა დღეს, მაინც მგონია, რომ ძირეულ ცოდნას აღარ იძლევა

– სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. ამიტომ აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კარგად ფლობენ პედაგოგიკის საფუძვლებს. ჩამოსაყალიბებელია შესაბამისი პროგრამული მიდგომები. სკოლაში უნდა იყოს არა მხოლოდ გამოსაშვები, არამედ კლასიდან კლასში გადამყვანი გამოცდებიც, რაც ახალგაზრდებში ცოდნის მეტად მობილიზებას შეუწყობს ხელს. ის არგუმენტი, რომ გამოცდები არ უნდა ტარდებოდეს იმიტომ, რომ სტრესისგან გათავისუფლდეს ახალგაზრდა, არის არასწორი. სხვა თუ არაფერი, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვდება სკოლადამთავრებულს, რაც არის უკვე სტრესი, ამიტომ უმჯობესია გამოცდებს შეჩვეული იყვნენ. თანაც ცხოვრებაშიც ხომ არაერთი სტრესული სიტუაცუიაა მოსალოდნელი…

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალავე მოხსნა მსოფლიო პანდეემის გამო დაწესებული შეზღუდვები. დღეს უკვე მთავრობა საუბრობს ეკონომიკის ფაქტობრივ გაჯანსაღებაზე. თქვენ იზიარებთ ამ ოპტიმიზმს?

– არსებობს სერიოზული ალტერნატივა – ჯანმრთელობა, ან ეკონომიკა. ეს ჩამოაყალიბა კორონავირუსის პანდემიამ, იმიტომ, რომ ეს არის ვირუსი, რომლის შეჩერება ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად შეუძლებელია, რომლის მკურნალობის მეთოდები დღემდე ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ქვეყნების მთავრობების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიმართა შეზღუდვებს, მათ შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების დახურვას.

აღნიშნულ ალტერნატივაში, რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, მაგრამ, ამასთანავე, თუ ეკონომიკამ არ იმუშავა, მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ჯანდაცვის დაფინანსებას. საგარეო ვალის აღებასაც აქვს თავისი ზღვარი, რის გადახდაც შემდგომ მოუწევს მომავალ თაობებს. დიდი იმედი იყო, რომ დაიწყებოდა მასობრივი ვაქცინაცია. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში გვაქვს ვაქცინების საკმაოდ კარგი “მენიუ”, ახლა კი მთავარია მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ აცრა აუცილებელია.

შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა. წლეულს გვაქვს ძალიან პრინციპული ადგილობრივი არჩევნები. აქედან გამომდინარე უახლოეს პერიოდში ეკონომიკის შეზღუდვას გამოვრიცხავ, თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ნოემბრიდან საქართველოს მთავრობას დასჭირდეს შეზღუდვების კვლავ შემოღება, თუ მოსახლეობის აცრის ტემპი არ გაუმჯობესდა ისე, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის თუნდაც 60% იყოს აცრილი.

ლარის სწრაფი გამყარება ეკონომიკის გახსნას უკავშირდება? ეროვნული ვალუტა, რომელიც ცოტა ხნის წინ ძალიან სწრაფ დევალვაციას განიცდიდამყარდება. ივნისში წლიური ინფლაცია 9,9% იყო, წინა თვესთან შედარებით კისამომხმარებლო ფასები 0,7%-ით გაიზარდა.

– გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების შემცირება დაიწყო აპრილში და მინიმუმამდე ივნისში დაიყვანა. ეს არის უმთავრესი მიზეზი იმის, თუ რამ განაპირიობა ლარის გამყარება. იმივე ივნისიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა კვლავ განაახლა რეფინანსირების სესხების ზრდა, რაც ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამოიწვევს.

რაც შეეხება ინფლაციის თითქმის ათ პროცენტიან დონეს, ეს გამოწვეულია წარმოების ხარჯების ზრდით, რისი რეგულირების მექანიზმიც საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთოდ არ გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი იმპორტდამოკიდებლ საქართველოში არ მუშაობს და დროზეა შესაცვლელი.

საუბარია ასევე საქართველოდან ექსპორტის გაზრდაზე. გეტყვით კონკრეტულ მაგალითს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით გაიზარდა ვაშლისა და ატმის ექსპორტი, რამაც 16,7 მლნ აშშ.დოლარი შეადგინა. მთავარი ექსპორტიორი კი რუსეთია

– 17-მილიონი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ხელშესახებად ვერ აისახება. ეს მიზერულია. დღეს ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ როგორმე, სადმე ექსპორტი განხორციელდეს, ვალუტა შემოვიდეს, უკვე კარგია. ხოლო ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებში, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ეს იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ხარისხობრივ სტანდარტს ჯერჯერობით ვერ მივუახლოვდით.

პანდემიის პირობებში ეროვნული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რამდენად იზრუნეს ადგილობრივმა კომპანიებმა?

– პანდემიის პირობებში ეს ფუფუნებაა. დღეს ბიზნეს სჭირდება უბრალოდ სუნთქვა, რომ გადარჩეს. რა თქმა უნდა, თუ რომელიმე კომპანიამ ეს შეძლო, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია…

სოფლის მეურნეობის მექანიზაციის თანადაფინანსების 10-წლიანი პროგრამის ინიციატივით გამოვიდა პრემიერი. რამდენად ამართლებს თანადაფინანსების სისტემა და ზოგადად, ხომ არ დააგვიანდა საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობისკენ ყურადღების გამოჩენა?

– ეს აუცილებლად გასაკეთებელია. სოფლის მეურნეობის განვითარება მექანიზაციის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. სოფლის მეურნეობა აუცილებლადაა გასავითარებელი, მაგრამ გაუმართლებელია, რომ ის ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დარგად იქცეს, რადგანაც სასოფლოსამეურნეო ორიენტაციის მქონე ქვეყნები და რეგიონები, როგორც წესი, ეკონომიკური განვითარების დონით ჩამორჩენილები არიან.

პანდემიამ დაგვანახა, რომ ტურიზმზე ეკონომიკის ჩამოკიდება არ იყო სწორი, თუმცა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კვლავ ტურიზმისკენ გვაქვს ყურადღება. საქართველოს ეკონომიკას ტურიზმი აძლევს დღეს სუნთქვის საშუალებას?

ტურიზმი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკის გადამრჩენი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო ტურიზმით ეკონომიკა ვერასდროს განვითარდება. ტურისტი რომ შემოდის, ის ქმნის დამატებით მოთხოვნას, რასაც სჭირდება დამატებითი მიწოდება. მაგრამ ეს ფორმულა ქვეყნის სასიკეთოდ არ მუშაობს საქართველოში, რადგანაც ჩვენი სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტული საქონელია. ამიტომ ტურისტი როცა შემოდის, მისი დახარჯული ყოველი 100 დოლარიდან საშუალოდ 80 მიდის იმპორტის განსახორციელებლად. ტურიზმის იმდენად საქართველო ეკონომიკას ვერ განავითარებს.

იმპორტის ზრდა უშლის ხელს ეროვნული წარმოების განვითარებას?

– ჩვენი მთავარი ამოცანა არ უნდა იყოს უშუალოდ იმპორტის შეზღუდვა. იმპორტი საჭიროა იმისთვის, რომ ვიარსებოთ. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას, რომელიც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს და, სხვა თანაბარ პირობებში, იმპორტის შემცირებაზეც აისახება. მაგალითად, რატომ უნდა იყოს საქართველოში იმპორტირებული კარტოფილი, ან პომიდორი? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავკრძალოთ კარტოფილის ან პომიდვრის იმპორტი, არამედ ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უშუალო დახმარება ამ დარგების განვითარებისათვის. მაშასადამე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაფართოებას!

ესაუბრა შორენა პაპაშვილი