საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ერთადერთია, ვინც მისი წინამორბედების მსგავსად, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჩრდილში არ გადაინაცვლა და პოლიტიკაში დარჩა. თანამდებობის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ, გიორგი გახარია წასვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გადადგა, რადგან “ერთმა კონკრეტულმა პარტიამ თავისი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა” და ეს მისთვის მიუღებელი იყო. მანამდე კი, კერძოდ, 18 თებერვალს ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილება გახარიამ ამგვარად განმარტა, – მიდიოდა თანამდებობიდან, რათა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულებულიყო. ეს გადაწყვეტილება კი, 3 თვის წინ ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, – მის დაპატიმრებას უკავშირდებოდა.
გახარიას წინასწარი პროგნოზით, მელიას მიმართ კანონის აღსრულება ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, ნიკა მელიას დაპატიმრებას ლამის მისი ოჯახის წევრებიც კი გაგებით შეხვდნენ, ის პოლიტპატიმრად ვერ იქცა და ციხე 10 მაისს, გირაოს საფუძველზე დატოვა. ამ ფაქტიდან 19 დღის შემდეგ კი, გიორგი გახარიამ თავისი ახალი პოლიტიკური პარტია წარადგინა.
ახალ პარტიას “საქართველოსთვის” ჰქვია. პარტიის დაფინანსებისა და პრეზენტაციის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია პირველებმა იმ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, რომლებიც, ჯერ კიდევ გუშინ, პრემიერ გახარიას „თვალთხარიას“ ეძახდნენ. გავრცელებული ვერსიით, “ქართული ოცნების” V ექსპრემიერის პარტნიორი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი გახდა.
როგორც ტელეკომპანია “პოსტTV” იტყობინება, დავით კეზერაშვილი გახარიასთვის არა მხოლოდ საკუთარი ფინანსებით არის მიმზიდველი, არამედ მედიარესურსითაც. ტელეკომპანია “ფორმულა” კეზერაშვილის ფულით დაარსდა, გარდა ამისა, გიორგი გახარიას პიარზე, სავარაუდოდ, ტელეკომპანია “პირველიც’ იზრუნებს. თავად “ქართული ოცნების” პიარით დაკავებული “პოსტ TV” დარწმუნებულია, რომ გახარიას მიზანია “ოცნებას” წაართვას ხმები.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის შეფასებით, სრულებით გასაგებია ის, რომ გიორგი გახარია, რომელმაც გუნდს ყველაზე პრინციპულ დროს უღალატა, აუცილებლად დაუპირისპირდება “ქართულ ოცნებას”, მაგრამ თუ ამ ბრძოლაში რადიკალურ ოპოზიციაში იპოვის პოლიტიკური დასაყრდენს, სავარაუდო დაფინანსებაც და ტელევიზიაც, ძალიან გაუჭირდება იმ ამომრჩევლების მიმხრობა ვინც მასში “მესამე ძალას” ეძებს.
ბოჟაძის აზრით, გახარიამ რთული ბრძოლა აირჩია. ანუ, ებრძოლო იმ პარტიას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყო, თან მათთან ერთად ვისაც 18 თებერვლამდე “გამალებული ებრძოდა”.
“ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ გახარიას “გაშავებას”, ხოლო ბოლო პერიოდში, ასევე გამალებით ცდილობენ გახარიას “გაპიარებას”, დეტალურად იციან მისი გეგმა, ყველა თარიღი, ადგილი, გუნდის წევრები და ა.შ. ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.
გახარიას პარტიის გამოჩენას ოვაციებით, არც ოპოზიციაში შეხვდნენ. ნაწილისთვის პარტია “საქართველოსთვის” არის “ქართული ოცნება-2”, ნაწილისთვის კი, თავად გახარია – “პოლიტიკური კეთროვანი”. ყველას ერთად კი, მის ე.წ მესამე ძალად წარმოჩენა აღიზიანებს.
40 წუთიანი პრეზენტაცია გიორგი გახარიამ დაიწყო სიტყვებით: “ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ”. ამგვარად 18 თებერვალს გაკეთებული საკუთარი განცხადების პათოსი განაგრძო. ამას მოჰყვა შემდეგი გზავნილი, რომ არ ეშინია არაფერზე საუბრის, რაც გაუკეთებია და რაშიც მიუღია მონაწილეობა; არ არის სადაო ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი; ქვეყანაში არის სიმართლის პრობლემა და გაცემულ დაპირებებზე პასუხისმგებლობის დეფიციტი; გვჭირდება წესები ყველასთვის და რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს არის ბრძოლა ნეპოტიზმთან და კორუფციასთან.
გახარიას მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად მაღალია, ვიდრე პოლიტიკური კლასის.
ადამიანისგან, რომელიც სულ რაღაც 3 თვის წინ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური იყო, მსგავსი შინაარსის შეფასებებს სანდოობის მაღალი ხარისხი აქვს, რაც თავისთავად უამრავ კითხვას ბადებს. მოქალაქეების მხრიდან რეაქციაც შესაბამისია:
“ხალხზე უკეთ არავინ იცის რა არის ცუდად ამ ქვეყანაში. პოლიტიკოსი, რომელიც იმაზე საუბრით იწყებს მოღვაწეობას, თუ რა არის ცუდად, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს თავის მიზნებზე, აპრიორი ორღობის ჩიხშია”;
“ძალიან უინტერესო და არაფრის მთქმელი პრეზენტაცია. არადა მოლოდინი ოდნავ უფრო მეტის იყო”;
“რაც არ უნდა სერიოზულად შემოვიდეს პოლიტიკაში ვასაძე მაინც მიაფუჩეჩებს გახარიას (კოჰაბიტაციის თაყვანისმცემელი ყოფილა გიორგი). “ოცნებები” და ნაციონალები სათვალავში, არც იქნებიან, ისე აიჭრა პოლიტსფერო”;
“როცა პრემიერი იყო, ძალიან დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა – იტყოდა და კეთდებოდა. ასე მოიპოვა რეიტინგიც. ახლა სხვა პოზიციიდან აქვს საქმე საკეთებელი – იტყვის და არ გაკეთდება, ყველა მხრიდან წინააღმდეგობა ექნება და მის რეიტინგსაც უფრო დაღმასვლა ექნება. თანაც, დღეს პოლიტიკას საქართველოში, დიდი ფულიც სჭირდება”;
“აქამდე რა გააკეთა, რომ ახლა გვქონდეს მისი იმედი, მით უმეტეს ნამახვანჰესის პროექტზე აქვს ხელი მოწერილი”, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, გახარიამ სწორად დასვა დიაგნოზი, როცა 3 ძირითადი პრობლემა დაასახელა – “სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი”, თუმცა, არაფერი უთქვამს ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზზე – არაინსტიტუციური პირის მმართველობაზე, რაც მასთან დაახლოებული ინტერეს-ჯგუფების მხრიდან ინსტიტუტებზე დომინირების, კორუფციისა და ნეპოტიზმის საფუძველია.
“თუ გინდა სისტემურად გამოჯანმრთელება, უნდა უმკურნალო მიზეზს და არა შედეგს”, – აცხადებს ხუხაშვილი.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ნიკა შენგელიას Dalma News-სთან არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში არსებული ნეპოტიზმი, რომელმაც ბოლო 9 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ფართო მასშტაბები შეიძინა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ნეპოტიზმის არსებობა ყოფილმა პრემიერმაც დაადასტურა.
“გახარია რომ გადადგა, მას შემდეგ წამოვიდა ქვეყანაში ნეპოტიზმი? ნეპოტიზმია ქვეყანაში ბოლო 9 წელია. მანამდეც იყო, მაგრამ დღეს “შთამბეჭდავი” მასშტაბები შეიძინა. კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო, პატიოსანი ხალხი ჩრდილშია. წლები გავიდა და ეს პრობლემები ჯერ კიდევ ვერ დაძლია ქვეყანამ. ბოლო 30 წელია ვუყურებთ ე.წ ქარიზმატული ლიდერების შეუსრულებელ დაპირებებს”, – განუცხადა ნიკა შენგელიამ.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოდურია დაპირებების არშესრულება. ამიტომ ამომრჩეველს ურჩევს, სანამ რომელიმე პარტიას მისცემენ ხმას, კარგად გაეცნონ მათ პროგრამებს. ერთ ტომარა პურის ფქვილში, ნუ გაცვლიან საკუთარი შვილების მომავალს.
მისივე თქმით, როცა წინასაარჩევნოდ პროდუქტები რიგდება, ამის შედეგია, რომ პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ბირთვი, წლებია არ იცვლება.
გახარიას ახალშექმნილ პარტიას პარლამენტში უკვე ჰყავს 3-4 დეპუტატი, რაც ამ პოლიტიკური ძალისთვის წინგადადგმული ნაბიჯი და მიმზიდველი სტარტია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოს პოლიტიკური სურათი საკმაოდ ჭრელია. ის აღარ არის 2-პოლუსიანი. “ოცნებისა” და ნაციონალების პოლუსს ვასაძის პოლიტიკური ძალა “ერი” დაემატა, მეოთხე – გახარიას პარტიაა.
Dalma News-ის კითხვაზე მეგრული ფაქტორი იქნება თუ არა მნიშვნელოვანი გახარიას შემთხვევაში? რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების რაუნდები სამეგრელოში “ქართულმა ოცნებამ” გახარიას წყალობით მოიგო. მას აქვს სამეგრელოში რეიტინგი და ეს პრობლემა გახარიას შემთხვევაში არ დადგება.
გახარიას საპრეზენტაციო სიტყვაში ჭარბად იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ- ეკონომიკური რეალობის შეფასება და ნაკლებად იყო დაპირებები. ჯერჯერობით მისი ყველაზე ხმაურიანი დაპირება სრულდება, სადაც გვითხრა, – არ მივდივარ, მოვდივარო. თუმცა საზოგადოებას მისი მეორე დაპირებაც ახსოვს, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაპირდა, – მე თქვენ დაგასრულებთო!
შორენა პაპაშვილი