ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველოში, ღრმა ფაზაში შესული პოლიტიკური პოლარიზაცია მინიმუმამდე შემცირდეს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მომაკვდინებელ პანდემიას ებრძვის, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ქვეყანას სულ უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისისკენ მიექანება.
6 თვის წინ არჩეული პარლამენტი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კვლავ არასრულყოფილად არის წარმოდგენილი. ბარიერგადალახული პარტიები მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” (რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა) არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და განმეორებითი არჩევნების ჩატარების გარეშე, ხელისუფლებასთან კანონიერი თანამშრომლობის, არც ერთ ფორმას არ თანხმდებიან, მათ შორის, არც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები უნდა გამოიძიოს.
დანიელსონის პირველი მისია საქართველოში წარუმატებელი გამოდგა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მომლაპარაკებელი ევროპელი დიპლომატი 19 მარტს გაწბილებული გაემგზავრა უკან, თუმცა, იმ იმედით, რომ თბილისში მისი მეორე ვიზიტი, გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა. საქართველოს პროცესებში ჩართულ ყველა მხარესთან გამართა კონსულტაციები – ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის, ევროპარლამენტისა და ევროპის კომისიის წარმომადგენლებთან.
როგორც დანიელსონი ამბობს, ევროკავშირი აქტიურად იღვწის იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს, მაგრამ პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. იგი იმედოვნებს, რომ მხარეები მეტ გონიერებას გამოიჩენენ და კომპრომისზე დაფიქრდებიან. შეეცადა დაერწმუნებინა ქართველი პოლიტიკოსები იმაში, რომ კომპრომისი სიძლიერეა და არა სისუსტე, რომ ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, მაგრამ ბოლოს დაასკვნა, რომ დაპირისპირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომპრომისის მზაობა არ არსებობს.
დანიელსონის მიერ წარმოდგენილ “ჯადოსნურ დოკუმენტს”, რომელიც მიმართულია საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდისკენ, ხელმოუწერელი დარჩა. დანიელსონი გვამშვიდებს, – მოლაპარაკება რთული პროცესიაო.
“თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი”, – განაცხადა დანიელსონმა.
მისივე თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიზანი არ არის ვინმეს თავზე მოახვიონ თავიანთი გადაწყვეტილებები. ასეთ მეთოდებს ევროკავშირი არ იყენებს.
“მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ“, – განაცხადა დანიელსონმა.
ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 6-საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ევროპელმა დიპლომატმა ქართულ მედიასთან კვლავ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტის გზები არსებობს. საქართველოს მოქალაქო საზოგადოება ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს.
“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით, პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. მე დღეს პარტიებს წარვუდგინე ასეთი გადაწყვეტილების შესახებ წინადადებები და ახლა ეს იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს, ყველა სხვა საკითხზე მაღლა აყენებს”, – განაცხადა დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია მომავალი პროგრესისთვის, თუმცა მოლაპარაკებებმა საქართველოში სასურველ შედეგს ჯერჯერობით ვერ მიაღწია.
ევროკავშირის ოფისთან, სადაც უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იმართებოდა, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ ისეთი შეთანხმების მიღებას, სადაც საუბარი თუ არ იქნებოდა ე.წ. პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე.
შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბარში დაადანაშაულა. კერძოდ, მათ ჰქონდათ 2 ულტიმატუმი – გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. მისივე თქმით, ოპოზიცია თავიდანვე იყო გაღიზიანებული იმით, რომ დანიელსონმა საერთოდ არ შეიტანა პუნქტი არჩევნებთან დაკავშირებით და ჰქონდა პრინციპული პოზიცია.
“როდესაც დანიელსონმა ოპოზიციას ჰკითხა აზრი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. როდესაც ოპოზიციამ ეს 2 ულტიმატუმი დააყენა, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი და მოსპო შეთანხმების მიღწევის რესურსი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რურუას თემას რაც შეეხება, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც არ არის პოლიტიკოსი, ის ვერ იქნება პოლიტპატიმარი, ხოლო, თუ რურუა არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია.
“მზად ვართ, ჩამოვიდნენ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან და დაადგენენ, მელია იჭრებოდა თუ არა პარლამენტის შენობაში, ხაზარაძე ათეთრებდა თუ არა ფულს, გვარამია აკოტრებდა თუ არა ტელევიზიას. შევისწავლოთ კონკრეტული საქმეები და დავადგინოთ, არსებობს თუ არა პრობლემა სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირადად მას შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა მაინც, იმედოვნებდა, რომ დანიელსონის მიერ წარდმოგენილ დოკუმენტს მხარეები ხელს მოაწერდნენ. მცირე ოპტიმიზმი მაინც არსებობდა, რომ, რამდენიმე პარტია მაინც მიხვდებოდა, რომ მარგინალიზაციას ცივილურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა და პარლამენტში შესვლა სჯობს.
მისივე შეფასებით, არშემდგარი მედიაციის შედეგი არის ის, ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მის რეპუტაციას და ახალი მუხტი მიეცა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას. ქვეყანაში კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკური კრიზისი.
“ოპოზიცია გააგრძელებს ქუჩის აქციებს უფრო რადიკალური სცენარით. რამდენად გამოუვათ, მეორე საკითხია, მაგრამ პოლიტიკურ დაპირისპირებას ემატება უკვე პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ხედავთ ლარის კურსი როგორ მიექანება. სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საკმაოდ საგანგაშო მონაცემები, რომ ოჯახების 67% -მა დაიწყო თანხების დაზოგვა, მხოლოდ იმისთვის, რომ საკვები შეიძინონ. მძიმდება ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში, ველოდებით მესამე ტალღას და როგორ ჩაივლის არავინ იცის. მოსახლეობა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, დიდი ნაწილი კი არ იცავს უსაფრთხოების წესებს, რაც ზრდის ახალი ლოქდაუნის შემოღების აუცილებლობას. ეს გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და სოციალური ფონის დამძიმებას. ჯაჭვური რეაქციით მივდივართ სოციალურ უკმაყოფილებამდე”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ყველა შეთავაზებულ ცვლილებას იწუნებს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მათ სურთ. ფაქტობრივად ოპოზიცია ხელისუფლებისგან ძალაუფლების ეტაპობრივად გადაბარებას ითხოვს.
“როდესაც მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობაზე საუბრობენ, გულისხმობენ მოსამართლეების იმ ხალხით ჩანაცვლებას, ვინც მათი მომხრე და გულშემატკივრები არიან. ხელისუფლების შეთავაზება ეყრდნობოდა იმას, რომ ოპოზიციას მეტი როლი ჰქონოდა მოსამართლეების შერჩევაში, პროკურორის დანიშვნაში და რა თქმა უნდა ცესკოს დაკომპლექტებაში და არა ისე, როგორც ოპოზიციას წარმოედგინა, რომ მთლიანად საკუთარი ხალხით დაეკომპლექტებინათ ცესკო”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის უშედეგო დასასრულს, არც “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე გაუოცებია. უფრო მეტიც, მისი აზრით, ეს რადიკალური ოპოზიციის გეგმის ნაწილი იყო. ბოჟაძის აზრით, რადიკალური ოპოზიციის უპირველესი ამოცანაა პარლამენტში არ შედგეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, 2024 წლის არჩევნებისთვის მაღალი საარჩევნო ბარიერი არ იქნას დაწეული, რადგან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
“ჯერ კიდევ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს გახსოვთ შალვა ნათელაშვილის დესტრუქციული განცხადებები, სადაც მან პირდაპირ მიუთითა, რომ არავითარ რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე საუბარი არ იყო. თავისთავად, მაშინაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შედეგი არ დამდგარიყო. თუმცა, ამოცანა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან მიმართებით აქვთ, მართლმსაჯულების რეფორმაა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია. ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, შესაბამისად, არ მოხდება თანამდებობებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება ისე, როგორც განსაზღვრული იყო”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.
როგორც ანალიტიკოსმა Dalma News-ს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია საქართველო ორპოლუსიან სისტემაში დარჩეს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები კვლავ განვითარდება არა პარლამენტში, არამედ – ქუჩაში.
შორენა პაპაშვილი