საქართველოს ახალმა პარლამენტმა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ახალი მთავრობის ძველ შემადგენლობას კენჭი 24 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყარა. 85 დეპუტატმა ერთხმად გამოუცხადა ნდობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტს. 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩეული ოპოზიციური პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, შესაბამისად პარლამენტის სხდომებს “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან.
ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეუდგა. პრემიერმა გახარიამ პარლამენტს მინისტრთა ახალი კაბინეტი უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ცვლილება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს შეეხო, ამ თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძე დროებით დაინიშნა, ძველი მინისტრი თეა წულუკიანი კი, პარლამენტის დეპუტატი გახდა. ლორთქიფანიძე მინისტრის სავარძელს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დატოვებს, რადგანაც ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ. ყველა მომხსენებლის მთავარი თემა მსოფლიო პანდემია და მასთან დაკავშირებით გატარებული სამუშაო იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ დაძლეულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთელი 2020 წლის განმავლობაში უწყების თანამშრომლებმა საგანგებო რეჟიმში იმუშავეს: იცავდნენ წესრიგს, უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებს, ებრძოდნენ კრიმინალს, სტიქიებს, ხანძრებს და ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიას.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება, რომლებიც სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება; შსს-ში გაგრძელდება ავტოპარკის განახლება, მათ შორის, რეგიონულ დანაყოფებშიც. მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციის შეიარაღება, დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
როგორც ვახტანგ გომელაური აცხადებს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვის რაოდენობა გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციასთან მიმართვიანობის ბარიერი დაძლეულია.
“მომზადდა ვიდეოები, SMS-ები, ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. 112-მა გააკეთა SOS ღილაკი. ცუდია, რომ ოჯახში ძალადობა იზრდება, თუმცა ისაა კარგი, რომ ქალბატონები ბედავენ და რეკავენ. 2017 წელს ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2878 საქმეზე. 2019 წელს 10 ათას 266 -ზეა ასული ეს რიცხვი. თითქმის გაოთხმაგებულია მომართვა”, – აცხადებს შს მინისტრი.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პანდემიის პირობებში ახალი შეღავათების დაწესების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ძველ შეღავათებიც უნდა გადაიხედოს. მისი აზრით, საგადასახადო შეღავათების უმეტესობა არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც ის დაწესდა. უფრო მიზანშეწონილია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა შეიქმნას.
“წინა პარლამენტში იყო საუბარი, რომ თხევად გაზს იყენებდნენ ის რეგიონები და სოფლები, სადაც არ არის ბუნებრივი გაზი და რომ ეს იყო სოციალური გაზი, თუმცა რომ დავთვალეთ ვნახეთ, რომ სწორი იყო ბიზნესასოციაციის და იმ მეწარმეების პოზიცია, რომლებმაც დაბეგვრის გათანაბრება მოითხოვეს, რადგან ეს შეღავათი თავის მიზანს არ ემსახურებოდა”, – განაცხადა მაჭავარიანმა და იქვე დასძინა, რომ არსებულ რეალობაში ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული სექტორისთვის შეღავათიანი დაბეგვრის მოხსნა.
სამთავრობო გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვამდნენ წუხილს პარლამენტში ოპოზიციის არყოფნის გამო და აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდისთვოს ეს კომფორტული არ არის. ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ.
მან დეპუტატებს ახალი სამთავრობო პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვისაც” წარუდგინა. ოთხწლიანი პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.
გახარიას თქმით, სიღარიბის დაძლევა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება მთავრობის ოთხწლიანი გეგმის პრიორიტეტებია. ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსები ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს. “ოცნების” მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.
“საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა არ ჰქონდეთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმირება განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის ნაწილში”, – განაცხადა გახარიამ.
ქვეყნის უსაფრთხოებას რაც შეეხება, მთავარ წინაპირობად გიორგი გახარიამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა, პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტიანი პოლიციის, დამოუკიდებელი პროკურატურისა და არმიის არსებობა დაასახელა.
მისივე მოსაზრებით, იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა ვერ შეძლონ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნა, საჭიროა სახელმწიფო მოხელეები იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, პროფესიონალები და მაღალი პასუხისმგებლობის მქონენი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ხოლო 6-თვეზე განაწილებული მთავრობისგან დაპირებული 200-ლარიანი დახმარება დღემდე არ მიუღია. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, მის მდგომარეობაში უამრავი ადამიანია. მთავრობამ მოსახლეობის ის ნაწილი დატოვა დახმარების, ვინც სამსახურები მარტში დაკარგეს. პირადად მან 4 წერილი დაწერა პრემიერ-მინისტრის სახელზე, თუმცა უშედეგოდ.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს სოციალური სურათი შემდეგია, – მოსახლეობის 30%-ს აქვს ფული და ისინი ვერ გრძნობენ კრიზისს და გაჭირვებას, მათ შორის, მთავრობის წევრები და ჩინოვნიკები არიან. პანდემიის გამო ისინი ხელფასებისა და პრემიების გარეშე არ დარჩენილან და ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში, რით არსებობს ხალხი.
ნიკა შენგელიას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ნახვის იმედი ჰქონდა, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური გუნდის გადახალისებას ელოდა. მისი თქმით, სიტყვები სიტყვებად რჩება, მთავრობაში კი ახალ, კომპეტენტურ კადრებს ვერ ხედავს.
“ადგილებზე კვალიფიციური და წესიერი კადრები რომ უნდა მუშაობდნენ, ამაზე 8 წელია ვსაუბრობთ. ეს განცხადება რჩება განცხადებისთვის. ისევ ის მინისტრებია, დეპარტამენტის ისევ ის ხელმძღვანელებია, სად უნდა მოვიდნენ კომპეტენტური კადრები, არ მესმის”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მისი პროგნოზებით, გაზაფხული მძიმე იქნება. მარტში გამოიკვეთება სურათი, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდება ქვეყანა იმ ექსპერიმენტების შედეგად, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ტარდებოდა.
“გვექნება მაღალი ფასები, გაზრდილი უმუშევრობა, გაკოტრებული კომპანიები, ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ აპრილში ვწერდით. შეღავათები გასაგრძელებელია, სესხებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მოსაგვარებელია, ფისკალური პოლიტიკა მისახედი. როგორც მოქალაქე, მოველოდი რომ იქნებოდა სამთავრობო ცვლილებები, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდში ველოდებოდი ძირეულ ცვლილებებს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ამ გუნდმა არადამაკმაყოფილებლად იმუშავა, უკეთესიც შეიძლებოდა”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
მისივე თქმით, მთავარ რეფორმად ვერ ვხედავთ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რომელიც ეროვნულ ბანკს უჭირავს; არავინ საუბრობს მოსახლეობისთვის პრობლემური სესხების გაყინვასა და გადავადებაზე, ისე, რომ პროცენტი და ჯარიმა არ დაერიცხოთ. ვერ ვხედავთ მთავარს – გადავერთოთ თვითკმარი ეკონომიკისკენ და იმპორტის ზრდა შემცირდეს.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში არჩილ სიხარულიძე აცხადებს, რომ მინისტრების მოსმენა გაცილებით საინტერესო იქნება მაისში, წინასაახალწლოდ კი მათი პარლამენტში გამოსვლები სადღეგრძელოს უფრო ჰგავდა. Dalma News-ის კითხვაზე ახალარჩეულ პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა ქმნის თუ არა გარკვეულ დისკომფორტს, არჩილ სიხარულიძემ განაცხადა, რომ დისკომფორტს ნამდვილად არ განიცდის იმით, რომ პარლამენტში არ არის ოპოზიცია და იქ, უსაგნო დებატები და ერთმანეთის ლანძღვა-გინება არ მიდის.
“ასეთი პოლიტიკური ცირკის მოწყობა გათვლილია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის. არა მგონია “ქართული ოცნება” დღეს განიცდიდეს დისკომფორტს, ისევე, როგორც თავის დროზე არ განიცდიდა დისკომფორტს ყველა ის ხალხი, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან და წლების წინ ოპოზიციის გარეშე ისხდნენ პარლამენტში. როდესაც კრიტიკა და დებატები არის კონსტრუქციული, ეს კარგია, მაგრამ საქართველოში, წესად იქცა პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა, წივილი-კივილი”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.
მისივე თქმით, 2020 წელი მეტად მძიმე წელი იყო. ასეთი მძიმე წლის შემდეგ, ხალხს მინისტრების ახალი დაპირებები ნაკლებად აღელვებს. არავის სჯერა, რომ მინისტრები თავიანთი დაპირებების ნახევარს მაინც შეასრულებენ.
“დღემდე არ ვიცით, რა დამსახურებებით მიდიან მინისტრები და რა დამსახურებებისთვის მოდიან? მაგალითად, გომელაურმა გაგვაცნო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც დღეს კრიმინალის რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე სააკაშვილის დროს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხში დაუცველობის სინდრომი არსებობს. ვიცით, რომ სააკაშვილის დროს, როცა ყველა სატელევიზიო არხი ხელისუფლების იყო, კრიმინალს არ უჩვენებდნენ, არც საინფორმაციო გამოშვებებს იწყებდნენ ამ თემით. ამან შექმნა ის ვირტუალური მდგომარეობა, თითქოს მაშინ კრიმინალი არ იყო. თუ კრიმინალი ნაკლები გაქვს, მაგრამ ხალხი მაინც დაუცველად გრძნობს თავს, ე.ი. რაღაცას სწორად ვერ აკეთებ”, – აცხადებს ექსპერტი.
ახალი მთავრობა პარლამენტში მალე, ბიუჯეტის ახალ პროექტს შეიტანს და იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის მაინც იხილავენ ოპოზიციას პარლამენტში ოპონირების რეჟიმში. – ეს წაადგება ქვეყანას და წაგვადგება ჩვენ, რომ ვიყოთ ტონუსში და მინიმალური შეცდომები დავუშვათო, – ამბობენ მინისტრები.
შორენა ქარჩავა