მსოფლიო პანდემიის, დაწესებული შეზღუდვებისა და კორონავირუსით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის ფონზე, საქართველოს მთავრობამ საახალწლო ხარჯის შემცირება გადაწყვიტა. ნამდვილი სჯა-ბაასი გაიმართა იმაზე, საჭირო იყო, თუ არა წლეულს, მთავარი ნაძვის ხის დადგმა და დედაქალაქის ქუჩების საახალწლოდ განათება. აზრი ორად გაიყო. მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, როცა არაფერია საზეიმო, უმჯობესია თბილისის მერიამ თანხა დაზოგოს და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმაროს; მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მრავალ მიზეზთა გამო, ისედაც დამძიმებულ ყოველდღიურობას ჩაბნელებული დედაქალაქი კიდევ უფრო აუტანელს გახდის, ამიტომ, უმჯობესია სადღესასწაულო განწყობა ბავშვებისთვის მაინც გაიმეტონ უფროსებმა და, მხარს ნუ დაუჭერენ “ახალი წლის მოპარვას”.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ საქართველოში 2500-ს გადააჭარბა, 220 000-ზე მეტი ინფიცირებულია აღრიცხული. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება. 24 დეკემბრიდან, ქვეყნის დიდ ქალაქებში ( თბილისი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი) და სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) არ გაიხსნება ბაზრობები, ხოლო აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით განაგრძობენ.

საქართველოს მთავარი ნაძვის ხე, თბილისში, პარლამენტის წინ, 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე აინთო. საახალწლოდ მორთული რუსთაველის გამზირიდან თბილისის მერმა, კახა კალაძემ თანამოქალაქეებს პირდაპირი ეთერით მიმართა და პატარებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ნაძვის ხის საზეიმო განათების ღონისძიება მათ გარეშე ჩატარდა.

“პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს. იცოდეს, რომ არ გვეშინია, არასდროს დავნებდებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

2020 წლის მოსვლას თბილისი სლოგანით – “სიცოცხლით სავსე ქალაქი” შეეგება, მაგრამ, სამწუხაროდ ვირთხის წელმა მსოფლიოს მრავალ ქალაქებთან ერთად, თბილისსაც გაუცრუა მოლოდინი და სიცოცხლის მოტანაზე მეტად, მის წაღებაზე იზრუნა. ახალ 2021 წელს თბილისი სლოგანით – “სოლიდარობის ქალაქი”, ხვდება.

კახა კალაძე

“არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ვერ დავძლევთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით და სოლიდარობით”, – ასეთია თბილისის მერის გზავნილი.

ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თბილისის მერიამ შეცვალა წინასაახალწლო და საახალწლო ღონისძიებების ფორმატიც. არ გაიმართება საშობაო და საახალწლო ბაზრობები, არ მოეწყობა საახალწლო სოფელი. როგორც თბილისის მერი განმარტავს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საახალწლო სოფელი ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, მივიდოდნენ მოხუცებიც და კონტროლი გაჭირდებოდა.

საახალწლო სოფლის მოსაწყობად თბილისის მერიას, 700-800 ათასი ლარი უნდა დაეხარჯა. როგორც Dalma News-ს მერიაში განუმარტეს, ეს თანხა სარეზერვო ფონდში გადაირიცხა და საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება, კერძოდ, ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება, საკვებ პროდუქტებს გადასცემენ.

თბილისი 2021 წელს ძველი ნაძვის ხით ხვდება. შარშან, მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხე, რომელსა კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, წლეულს გაცილებით ლამაზად გამოიყურება. ნაძვის ხის განახლებაზე მერიამ დამატებით 195 800 ლარი დახარჯა. შეიძინეს დამატებითი ტოტები და ახლებურად მორთეს. შარშანდელისგან განსხვავებულია თბილისის ცენტრალური ქუჩების განათებაც. თუ კი, 2020 წელს, თბილისის სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს რუსთაველის გამზირზე კოსმოსში სამოგზაუროდ ეპატიჟებოდნენ, თოვლს გადაჩვეულ თბილისში წლეულს, ფიფქთა ცვენის იმიტაციას მანათობელი სტრინგები ქმნიან. ახალი მორთულობების, საახალწლო გირლიანდებისა და განათების შესაძენად თბილისის მერიამ დამატებით 659 000 ლარი დახარჯა. საერთო ჯამში კი, 854 800 ლარი დაიხარჯა.

მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები თბილისში, 17:30-დან 08:00 საათამდეა ანთებული. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, როცა, არც ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს, რუსთაველის გამზირზე მაინც, უამრავი ადამიანი იყრის თავს. მოჰყავთ პატარები, იღებენ ფოტოებს და სადღესასწაულო განწყობას იქმნიან. არც თუ იშვიათად, ვერ ხერხდება სოციალური დისტანციისა და კოვიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა, ხშირად დაინახავთ ადამიანებს პირბადის გარეშეც.

შეზღუდული ხარჯის მიუხედავად, კახა კალაძე კრიტიკას ვერ ასცდა. ის საახალწლო განათებების შესყიდვის გამო გააკრიტიკეს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა განაცხადა:

“ვითვალისწინებთ თითოეული თბილისელის სურვილს. ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის სურვილს. ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. ჩვენ გამოვიარეთ სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და კარგად ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან არასასიამოვნოა ჩაბნელებული პარკი, სკვერი, ქუჩა და ზოგადად სიბნელე”.

მისივე თქმით, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც იმედი და სიხარული მოაქვს.

Dalma News-ი შეეცადა, საახალწლო ხარჯთან დაკავშირებით მოქალაქეების შეფასებები მოესმინა. აზრი, რამდენიმე ნაწილად გაიყო. ზოგს მოსწონს განათებული ქალაქი, ყველაფრის მიუხედავად საახალწლო განწყობა რომ იგრძნობა, ზოგი მერიის კრიტიკას განაგრძობს, ზოგიც იმით არის უკმაყოფილო, რომ საახალწლო განათებები თბილისის ცენტრშია თავმოყრილი და გარეუბნები მივიწყებულია.

“როცა გარეთ ვერ გადიხარ, დიდი მუღამი არ უნდა იყოს საახალწლო განათებების არსებობა. განა ცუდია, უბრალოდ ხარჯის აზრი არ მესმის. რაღაც ინტერესი ვინმეს ექნება, მაგალითად კარგი “პენტჰაუსი” თუ თბილისს გადმოყურებს, გისწორდება კარგი განათება”, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი გამყრელიძე.

“ულამაზესია ნაძვი ხე, ვაკე და რუსთაველი, მაგრამ ერთი მარადიული კითხვა მაწუხებს, ვაჟა-ფშაველას გამზირი ამ ქალაქს არ ეკუთვნის? ხეებზე მაინც გაეკეთებინათ განათების მაგვარი რამე, აქაც ცხოვრობენ ბავშვები”, – ამბობს ნანა ბარნოვი.

“ზოგადად საახალწლო მორთულობები და განათებები სწორედ ზამთრის სუსხიანი და დეპრესიული დღეების გასალამაზებლად არის მოგონილი და პანდემიის დროს, მით უფრო, ათბობს თბილისელების გულს, ასევე სხვა ქალაქებშიც, განსაკუთრებით იმათი, ვისაც გვახსოვს ბნელი ოთხმოცდაათიანების თბილისი და არ გვსურს ამის გახსენება. მოსახლეობამაც გავალამაზოთ ჩვენი აივნები და შევიქმნათ საახალწლო, სიახლის, სიხარულის და იმედიანი მომავლის განწყობა”, – აცხადებს ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

“უამრავი ადამიანია ვისაც ტრანსპორტი არ ყავს. როგორ შეიძლება შეზღუდვები ყველას ერთნაირად არ ეხებოდეს?! ვისაც მანქანა არ გვყავს და არ გვაქვს ტაქსის საშუალება, ადამიანები არ ვართ? რა ჯანდაბად გვინდა მოლების გახსნა? როგორმე, ტანსაცმელი თუ არ ვიყიდეთ, გადავიტანთ, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის არ მოხსნა არაადამიანობაა. კანონი, რომელიც ყველაზე არ ვრცელდება, უნამუსობა და ფეხზე დაკიდებაა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”, – აცხადებს ნინო ქორიძე.

გიორგი გახარია

საახალწლოდ საბიუჯეტო ხარჯის შემცირებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი გახარიას მოსაზრებით წლეულს ქვეყანა ცოტა განსხვავებულად უნდა შეხვდეს ახალ წელს. საახალწლო ღონისძიებები უფრო მოკრძალებული უნდა იყოს. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა თავი აარიდონ დიდ საახალწლო წვეულებებს და ოჯახის წრეში იზეიმონ. მისივე თქმით, შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ გაართმევს ქვეყანა თავს საახალწლო დღესასწაულებს.

რუსთაველის გამზირთან შედარებით, კიდევ უფრო მოკრძალებულია საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზო. ტრადიცია, არც ამჯერად დაირღვა, შარშანდელის მსგავსად პრეზიდენტმა ჩიჩილაკი დადგა, რომელიც ზურა შევარდნაძის “გარდენიას” ნამუშევარია. ჩიჩილაკი ქართული საახალწლო კულტურის ნაწილია.

შორენა პაპაშვილი