საქართველოსთვის პოლიტიკური გამოწვევებით სავსე და კიდევ ერთი, რთული წელი მიილია. პარტია “ქართული ოცნების” 7-წლიანი მმართველობის შემდეგ, მოსახლეობა კვლავ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობს. წლებთან ერთად, საზოგადოებაში მატულობს პოლარიზების ხარისხი. ამომრჩეველთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ სპექტრში ნაციონალების არსებობა სწორედ “ოცნების” დამსახურებაა. როგორი იყო 2019 წელი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ამის შესახებ Dalma news-ს ექსპერტები, გია აბაშიძე და ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.
გია აბაშიძე: 2019 წელი საკმაოდ დინამიური და დაძაბული წელი იყო. საგარეო ასპარეზზე საქართველოს კვლავ მზარდი თანამშრომლობა აქვს ევროპასთან და აშშ-სთან. თუმცაღა ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ვიღებთ კონსტრუქციულ, საქმიან და მეგობრულ შენიშვნებს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორებისგან. ეს შენიშვნები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რათა გამოვასწოროთ. ხარვეზები დემოკრატიულ პროცესებში აქვს ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც არის ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი. ისინიც იღებენ ევროპული ორგანიზაციებისგან საყვედურებს. უკეთესი იქნებოდა, 2020 წელს, მეტი გაკეთებულიყო სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვების დაძლევის კუთხით. ამავე დროს, გამოვყოფდი, რომ საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. გარკვეული ხარვეზები გამოჩნდა ჯანდაცვის სისტემაში, რაც უახლოეს პერიოდში უნდა აღმოიფხვრას. საბიუჯეტო შემოსავლებმა საკმაოდ იმატა. ვნახეთ ასევე, რომ წლის ბოლოსკენ ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების სხვა შტოების ჩარევით ლარის კურსი შედარებით გამყარდა. ბევრი პლუსები და მინუსები იყო ამ წელიწადში. იმედს ვიტოვებ, რომ 2020 წელს, პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტება და კონსტრუქციული პროცესები წავა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველოს ბოლო წლებში, საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ აქვს, ის მთლიანად ვაშინგტონზეა მიბმული. ეს მარტო “ენმ”-ს არ ეხება. 2019 წელს, გავრილოვის წელს დავარქმევდი. 20 ივნისის მოვლენები შეურაცხმყოფელი იყო საქართველოსთვის, მაგრამ სასიამოვნო “ატლანტიკური საბჭოსთვის”, მაკეინის ცენტრისთვის და დაბალი განათლების მქონე პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული ორგანიზაციებისთვის. მათ ახალისებთ, ის, რომ იყო ბრიყვი. ამერიკელი ექსპერტი მაიკლ კარპენტერმა გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, – შეეშვით უძრავი ქონების რუსებისთვის მიყიდვას, შეამცირეთ ტურიზმი რუსეთიდან, თურმე ტურისტების ნახევარი “ფე-ეს-ბეს” წარმომადგენელია.
– თქვენი აზრით, გავრილოვის ღამე ამერიკაში დაიგეგმა? რამდენად სერიოზულია ასეთი მოსაზრება?
ჰამლეტ ჭიპაშვილი: გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით სერიოზულად ემზადებოდნენ ამერიკელები, განსაკუთრებით “რუსეთის გადარჩენის ფონდი”. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ამერიკაში და მისი ფილიალი გახსნეს თბილისში. მას სათავეში ჩაუყენეს რუსი ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი. “მაკეინის ცენტრი”, “ატლანტიკური საბჭო” და “რუსეთის გადარჩენის ფონდი” ყველა ესენი, ჩართულნი იყვნენ ამ პროვოკაციაში. ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული. გავრილოვის პარლამენტში შესვლა და ერთ წუთში გაჩნდა საპროტესტო ბანერები, წარწერები. ნაციონალებმა ძალიან კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. თურმე, როცა გავრილოვი ჩაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამას უნდა მოჰყოლოდა სახელმწიფო გადატრიალება, – ეს თქვა ლევან სანიკიძემ. ასეთი სისულელე ჯერ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო და მერე მოსახლეობას. გავრილოვის პროვოკაცია დაიგეგმა ამერიკაში. ამის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა თავად უცხოეთის პრესაში.
– ე.წ გავრილოვის ღამეს, მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები მოჰყვა. ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყანა ამ თემით ცხოვრობდა. რატომ მოხდა, რომ ერთი რუსი დეპუტატის ვიზიტი, ლამის სახელმწიფო გადატრიალებად დაუჯდა ქვეყანას?
გია აბაშიძე: პოლიტიკური გუნდი უნდა ზრუნავდეს პოლიტიკური ხანძრების პრევენციაზე და არა მათ შემდგომ ჩაქრობაზე. რუსი დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტი და შემდგომი მოვლენები, 2019 წლის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხანძარი იყო. ამის პრევენცია შესაძლებელი იყო. ასევე. არანაკლები მნიშვნელობის იყო პანკისში ჰესების მშენებლობის მიმართ მოსახლეობის პროტესტი და მის შემდგომ, პოლიციასთან დაპირისპირება. ვუსურვებდი მმართველ გუნდს, რომ 2020 წელი გამოაცხადონ პოლიტიკური ხანძრების პრევენციის წლად. საზოგადოება ნამდვილად დაიღალა ამდენი დაძაბულობისგან, რაც საჯარო სივრცეში გვაქვს და რაც მედიიდან მომდინარეობს. მას ურჩევნია საარჩევნო ყუთთან გააკეთოს არჩევანი.
– პოლიტიკური ხანძრების პრევენციისთვის მეგობრების რეკომენდაციების გარდა რა არის საჭირო?
გია აბაშიძე: რისკების და საფრთხეების გათვლა, swot-ანალიზი. როცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა გათვალო ყველაფერი. ამისთვის არსებობენ სპეციალისტები და ანალიტიკოსები, რომ ეს დაიგეგმოს, დაითვალონ პლუსები და ხარვეზები. ეს ეხება ოპოზიციასაც, სადაც გარკვეულ არალოგიკურობას ვხედავთ. თვითაღიარებული პროდასავლელი ბოკერია და ვაშაძე, პრორუსული მიმართულების ნინო ბურჯანაძესთან ერთ მაგიდასთან სხედან, რომელიც ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლება 9 მაისის ზეიმზე მოსკოვში ჩავიდეს. ოპოზიციასაც არ აქვს გათვლილი რისკები და საფრთხეები. მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა გვაქვს ქვეყანაში.
– 2019 წელს, კიდევ უფრო გააქტიურდა საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა. ამ ორი ქვეყნის პარტნიორობას როგორ აფასებთ?
ჰამლეტ ჭიპაშვილი: როგორც გგონიათ, მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა, რომელიც ძლიერია სამხედრო, ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით, იქნება საქართველოს – არშემდგარი სახელმწიფოს, პატარა წერტილის, სტრატეგიული პარტნიორი? როგორ შეიძლება ჩათვალო, რომ ხარ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი. სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება იყოს ასე თუ ისე თანაბარ ქვეყნებს შორის. მაგალითად, ჩვენსა და სომხეთს შორის. აზერბაიჯანიც კი ჩვენზე უკეთ გამოიყურება ყველა პარამეტრით. სტრატეგიული პარტნიორობა წარმოუდგენელია ბელორუსიასთანაც კი. ეს ქვეყანა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მოწინავეა ცხოვრების დონით, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებით, ეროვნული პროდუქტით. ის, როგორი იქნება ისეთი ქვეყნის პარტნიორი, რომელსაც, არც მრეწველობა აქვს, არც სოფლის მეურნეობა და, სრულებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, არც ჯარი ჰყავს.
– ეთანხმებით პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ უცხოელი ექსპერტები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სწორ ანალიზს არ აკეთებენ, რომ უნდა გააქტიურდნენ დიასპორები და ჩვენი კოზირი კულტურა უნდა იყოს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი: 30 წლის განმავლობაში, საქართველომ თითქმის ყველა სფეროში განიცადა დეგრადაცია – ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებაში… როგორ შეიძლება, ყველა სფეროში განიცადო დეგრადაცია და შენი კულტურა იყოს აღმავლობის გზაზე. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მენტალიტეტი წმინდა ფრანგულია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც უცხოეთში არის დაბადებული და გაზრდილი, ის არის სხვა მენტალიტეტის. როგორ შეიძლება ქალმა, რომელმაც 50 წელი უცხოეთში იცხოვრა, იქ აღიზარდა და მიიღო განათლება, უცებ შეცვალოს თავისი მენტალიტეტი, მხოლოდ იმიტომ, რომ გახდა საქართველოს პრეზიდენტი, ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება.
როცა დიასპორაზე საუბრობს, გულისხმობს მხოლოდ საფრანგეთში გაქცეულ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას. ამ დროს 2-3-ჯერ მეტი ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში. ბავშვი სკოლაში უცხო ენით რომ გაიზრდება, იქ დაამთავრებს უმაღლესს, იქ იმუშავებს, როგორ შეიძლება ვენების გადაჭრა იმაზე, რომ ის ქართველია. მისი მენტალობა არის სულ სხვა. სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ საფრანგეთში შექმნილი კულტურა გადაარჩენს საქართველოს. ემიგრანტების მეორე თაობა კიდევ ჰო, მაგრამ მესამე თაობას, თუ ეკონომიკური ინტერესი არ გაუჩნდა, არავითარ შემთხვევაში არ გამოიხედავს აქეთ. ვინც 90-იან წლებში წავიდნენ ემიგრაციაში, მათი შვილები და შვილიშვილები აღარ გამოიხედავენ საქართველოსკენ.
– 2019 წელს საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. შესაძლებელია ამ ფაქტორის ეფექტიანად გამოყენება?
გია აბაშიძე: ამ რიგითობას საქართველო ელოდა 20 წელი. ძალიან კარგია, რომ მიიღო ეს 6-თვიანი თავმჯდომარეობა როტაციის წესით. უფრო მაღალი ტრიბუნებიდან გაიგებენ ჩვენს ხმას და უფრო მეტ აქტივობას გავაკეთებთ რუსეთთან დიალოგისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დააანონსა სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები. ძალიან ვწუხვარ, როცა პოლიტიკოსები აკნინებენ ევროსაბჭოს როლს თავიანთ საჯარო გამოსვლებში. ევროსაბჭოს 6-თვიანი თავმჯდომარეობა ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: 14 დეკებრის აქცია, უპირველესად საგარეო მოხმარების იყო. ნაციონალები დასავლეთს ეუბნებიან, რომ ივანიშვილმა ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი შეცვალა არა ნატოსკენ, არამედ რუსეთისკენ. ივანიშვილმა იფიქრა, შევყრი ხალხს და ვაჩვენებ მსოფლიოს, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივილტვითო. ეს ყველაფერი – 30 მლნ დაუჯდა. 1992 წელს, გაეროში მიგვიღეს. მაშინ გაეროში, სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე. მაშინ ხომ შეიძლებოდა საზეიმო ღონისძიების ჩატარება? ეს 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტია ვიდრე ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა. თუნდაც, 20 წლის წინ, როცა ევროსაბჭოს წევრი გავხდით, მაშინ წარმოთქვა ექსპრემიერმა ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან თავისი ცნობილი ფრაზა, – “ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”.
მოჰყვა ამას რაიმე ზეიმი საქართველოში? ჩაიარა ჩვეულებრივად, როგორც უნდა ჩაევლო ნორმალურ ქვეყანაში. დღეს, ვართ გაცილებით უფრო ქაჯები, ვიდრე 20 – 30 წლის წინ. კატასტროფული უკუსვლა გვაქვს. არ მგონია, ეს ყველაფერი ისე მიეღო დასავლეთს, როგორც ივანიშვილს სურდა. ტყუილად გადაყრილი ფულია.
– 2012 წელს, ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, წლებთან ერთად ეს ურთიერთობები იძაბება. რატომ?
ჰამლეტ ჭიპაშვილი: იმიტომ, რომ ივანიშვილი ამერიკელების მიერ არის დასმული. მართალია, მილიარდები რუსეთში იშოვა, მაგრამ ეს ფული უცხოეთის ბანკებში ინახება. აშშ-ს დიდ ჭიდაობას თუ დაუწყებს, ერთ მშვენიერ დღეს გაუყინავენ ანგარიშებს. დიდი სისულელეა, როცა ნაციონალები ამბობენ, ივანიშვილი კრემლის აგენტი და პუტინის კაციო. ივანიშვილს არავითარი კონტაქტი არ აქვს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან. ვერც ექნება, იმიტომ, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ლებედის არჩევნებს და ელცინის ხელისუფლებას, ერთიც და მეორეც პუტინისთვის აშკარად მიუღებელი იყო. ივანიშვილს ურთიერთობა აქვს “მელკი” ქურდებთან, რომლებსაც არავითარი გავლენა არ აქვთ რუსეთის ხელისუფლებაზე. განა ეს არ იციან ნაცებმა? მათ ასე უნდათ რომ ითქვას. მიილია 2019 წელიც და ვერც ერთი დანაპირები ვერ შესრულდა, ვერც შეასრულებს. იგივე რუსეთთან დიალოგის ფორმატები ვერ უშველის საქმეს. აქ არის კარდინალური ნაბიჯები საჭირო, ივანიშვილი ვერ გადადგამს ასეთ ნაბიჯს, მაშინ ვაშინგტონი თითს დაუქნევს და აქ შეცვლის ხელისუფლებას.
– “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციას ხომ არ შესწირა “ქართულმა ოცნებამ” თავისი რეიტინგი?
გია აბაშიძე: დაახლოებით 13 თვის წინ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო. თუმცა ეს პროცესი გაგრძელდა, იმიტომ, რომ ეს დესტრუქციული ძალები დღეს პარლამენტში არიან. მაგრამ პარლამენტში რომ აღარ იყვნენ, მმართველმა პარტიამ მეტი უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან. თავის დროზე, სამართლიანობა სრულყოფილად, რომ აღმდგარიყო, აღარ ვნახავდით დესტრუქციული პოლიტიკოსების თავხედობებს საჯარო სივრცეში. ვისურვებდი, უფრო მეტი კონსტრუქციული ძალა მოხვდეს პარლამენტში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველოს პოლიტიკურ ამინდს დღესაც ნაციონალები ქმნიან. დღემდე “კარნახობენ” “ოცნებას” საშინაო და საგარეო პოლიტიკას. როცა ასეთი ხელისუფლება შეცვალე, ნებისმიერ შემთხვევაში ციხეში უნდა გაუშვა. მათ კი დამნაშავე სააკაშვილი გმირად აქციეს. ამას ვიმკით დღესაც. ერთხელ შეხვდა ზალკალიანი ლავროვს და ჯერ თქვეს, – ჩვენი მოთხოვნით იყოო, შემდეგ, – შვეიცარიამ გააკეთაო. მერე შეეშინდათ. თუ დაკარგულ ტერიტორიებზე არ ისაუბრეს, რაზე ჰქონდათ მაშინ საუბარი. “ოცნებამ” დამალა ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის დეტალები, იმიტომ, რომ ეშინიათ “ნაცების” პროვოკაციის. თუნდაც IRI და NDI-ის გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი ითხოვს რუსეთთან სავაჭრო -ეკონომიკური და ა.შ ურთიერთობის გაუმჯობესებას.
– რა იქნება 2020 წელს?
გია აბაშიძე: პოლიტიკური დაძაბულობა, ვხედავთ, რომ არ მოიხსნება. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ოპოზიციასთან დიალოგის შემდგომი რაუნდები, სავარაუდოდ იქნება. ასევე ველოდებით ეუთო-დან და სავარაუდოდ ვენეციის კომისიიდან “გერმანული მოდელის” საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მოსაზრებას. 100/50-ზე განაწილების ვარიანტი არ მოსწონს ოპოზიციას. თუმცა ხედავენ, რომ მასობრივი პროტესტების ორგანიზება აღარ შეუძლიათ. 2020 წელს ხალხი მივა საარჩევნო ყუთთან და ან დასჯის, ან წააქეზებს, რომელიმე პარტიას.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი