ევროსაბჭოში გაწევრების 20 წლისთავზე, საქართველო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ორგანიზაციას 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს. შემდეგ კი, თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადააბარებს. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წელს გახდა. მართალია ეს სტატუსი საქართველოს ანბანური რიგითობით ერგო, მაგრამ საშინაო პოლიტიკური დაძაბულობის და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ხელისუფლებამ ამ, არც თუ უმნიშვნელო ფაქტის ღირებულება კიდევ უფრო აამაღლა და საერთო სახალხო დღესასწაულად აქცია.

ოპოზიცია კი, მმართველი პარტიის  დაკნინების სურვილით, არც ევროსაბჭოს დაკნინებას მოერიდა და მრავლად გაისმა კრიტიკული განცხადებები. მაგალითად, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ევროსაბჭოს დაავადებული და პრობლემატური  ინსტიტუცია უწოდა, რომელიც ბევრს ევროპასთან ასოცირებული და იდენტური ჰგონიაო.  პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი დასცინა “ოცნებას”, – ის, რაც алфавит-ით (ანბანი) გერგოთ, საკუთარ დამსახურებად, ნუ მიიწერეთო.

“ევროპელების თვალში სუპერ პროვინციულად გამოვიყურებით. ევროპის საბჭოში მოგვიწია алфавит-ის მიხედვით, როტაციის წესით თავმჯდომარეობა. ეს, რამე დამსახურება კი არ არის, რამე განსაკუთრებული კი არ არის. ჯერ სხვა ქვეყანა იყო თავმჯდომარე, ახლა საქართველოს, ანუ ჯორჯიას მოუწია. ნუ, რა არის ახლა ეს?”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველოს მთავრობის წევრებმა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების აღიარებად წარმოაჩინეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს იმის დასტურია, რომ ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ევროპის საზღვრებში დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის განვითარებას, თავმჯდომარეობას ანდობს საქართველოდ და მის ხელისუფლებას.

ასეა თუ ისე, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივითა და ხელისუფლების მხარდაჭერით  გაიმართა ახალგაზრდული 2-კვირეული, რომელიც 14 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, მრავალათასიანი აქციით დასრულდა. საზეიმო ღონისძიება უქმეებზე დაიგეგმა.  “ოცნებამ” მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოიყვანა და ეს არც დაუმალავს.  პირიქით, თქვეს, რომ ჩამოსვლის გაცილებით მეტი მსურველი იყო, მაგრამ არ აღმოაჩნდათ საკმარისი რაონდენობის სატრანსპორტო საშუალება.

ახალგაზრდული კვირეულის პარალელურად კეთდებოდა ნეგატიური განცხადებები, რომ ხელისუფლება რეგიონების საჯარო სკოლებში, ბაღებსა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულების მობილიზაციას ახდენდა, ხოლო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეშინოდათ, რომ  აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებოდათ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ (ISFED, TI, GDI  და OSGF), ერთობლივი განცხადებაც კი გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი ჰქონდა. როგორც ჩანს არ ყოფილა იძულების, ან დაშინების ფაქტები, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ყველა განცხადების სათაურშივე წავიკითხავდით.

14 დეკემბერი, თბილისი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია, 14 დეკემბერს, ახალგაზრდებმა გახსნეს. “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მადლობა გადაუხადეს უფროს თაობას იმისთვის, რომ დღეს, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ადამიანები ჰქვიათ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიზანია, საქართველომ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს და ამ პოლიტიკურ კურსს საქართველოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს.

“ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა უნდა გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ უძველესი ერი, რომელიც ევროპული ღირებულებებით ცხოვრობს. ასეთია ჩვენი ბუნება. ევროპა უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, უცხოეთში ქართველი ახალგაზრდები წარმატებას აღწევენ ყველა სფეროში – მეცნიერებაში, სპორტში, ხელოვნებაში, რაც მარტო ქართველების ნიჭიერებით არ იხსნება, ეს უზარმაზარი შრომის შედეგია. საქმისადმი ეს დამოკიდებულება საქართველოშიც უნდა გადმოვიტანოთ”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ამის შემდეგ, ტრიბუნასთან ერთმანეთს ცვლიდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები, რომლებიც თავიანთ გამოსვლებში თავს არიდებდნენ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე საუბარს და ძირითადად, ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე საუბრობდნენ.

კახა კალაძე

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა, ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებად შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს და ყველა მოქალაქეს, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და საკუთარ ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

“როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრციდან, მილანში ჩავედი სათამაშოდ, მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა უცხო კულტურის მქონე სივრცეში თავის დამკვიდრება. თუმცა, ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას, თუ საერთო საქმისთვის თავდადებას. ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მაშინ დავინახე, იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება. იქ, ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა.

“ევროპელობა არის კეთილსინდისიერება, ეს არის საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან აკლია დღეს პოლიტიკურ სპექტრს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Георгий Гахария

სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით, საქართველოს ევროპული გზა ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, კოლხეთში ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაწილი იპოვეს. მაშინ, როდესაც IV საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და, მას შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კი თავის გამოსვლაში ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოიშველია: “ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”.

ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის, მთავრობამ მისცა თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩადოს.

“ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა. განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე!”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპერტების შეფასება

ანალიტიკოს გია აბაშიძის მოსაზრებით, 14 დეკემბრის აქცია, რამდენიმე მინიშნების საფუძველს იძლევა. შესაძლოა, ის “ოცნების” წინასაარჩევნო გზავნილადაც განვიხილოთ, მაგრამ უფრო იმის დემონსტრირება იყო, რომ მმართველი ძალა მიისწრაფის ევროპისკენ; მეორე – პარტიას აქვს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა; მესამე – შეუძლიათ ხალხის შეკრება და მეოთხე – ეს არის ის ხალხი, რომლებიც უარს ამბობენ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებაზე.

გია აბაშიძე

როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ასეთი მასშტაბური აქცია საქართველოში, 2012 წლის შემდეგ აღარ უნახავს და თავისი გზავნილით ჰგავს “პატრიოტთა ალიანსის” 2018 წლის აქციას – “არა ნაცებს”.

“არ არის აუცილებელი, რომ იქ მისული ადამიანების უმრავლესობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ყოფილიყვნენ. იქ შეიძლება მათი ოპონენტები და სხვა პარტიების გულშემატკივრებიც იყვნენ. ჩვენ ხომ მივისწრაფვით ევროპისკენ? შესაბამისად მსოფლიოს გავუგზავნეთ მესიჯი, რომ ჩვენი ურყევი სურვილია ევროპისკენ შემდგომი წინსვლა. მეორე მხრივ, პოლიტიკოსებისთვის იყო გზავნილი იმისა, თუ რამდენი ადამიანი შეკრიბა მმართველმა პარტიამ და რა რესურსი აქვს მას. გავრცელებული ნარატივი, რომ ეს ხალხი ძალით იყო ჩამოყვანილი, უსუსურია.დიქტატურის რეჟიმებშიც კი, ამ რაოდენობის ადამიანის მობილიზება საკმაოდ წარმოუდგენელია. ეს უფრო იმის დემონსტრირება იყო, რომ მმართველი ძალა მიდის ევროპისკენ”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ხალხის მობილიზება ისწავლა, არამედ ხალხთან აქტიური კომუნიკაციაც. გია აბაშიძე  ხელისუფლებას უცხოელ პარტნიორებთან აქტიურ და მჭიდრო კომუნიკაციას ურჩევს, რადგან, “ნაცმოძრაობა” და მისი განშტოებები საკმაოდ აქტიურად მუშაობენ უცხოელებთან და საქართველოზე არასწორ გზავნილებს ამკვიდრებენ.

“გიგა ბოკერიას სიტყვები, რომ ევროსაბჭო დასნეულებულია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.  რომელ ევროსაბჭოს აკნინებს, რომლის ერთ-ერთ სტრუქტურა – ვენეციის კომისიასთან აქვს ოპოზიციას შეკითხვები, შეესაბამება თუ არა “გერმანული მოდელი” ქართულ კონსტიტუციას? ოპოზიცია იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის”, – აცხადებს გია აბაშიძე.

რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე 14 დეკემბრის აქციაზე საუბრისას აცხადებს, რომ ხალხი იქ, რამდენიმე მიზეზით იყო მისული: საზეიმო განწყობის გამო; გამოეხატათ თავიანთი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ; “ნაციონალებისთვის” ეჩვენებინათ, რომ მათ არ უჭერენ მხარს.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, 14 დეკემბრის აქციას ვერ დავარქმევთ ქვეყანაში, მანამდე დაწყებული ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების კონტრაქციას. მით უმეტეს, რომ 14 დეკემბრის მიტინგის ლოზუნგი არ იყო კონტრაციის ბუნების და “ოცნების” ლიდერებს ტრიბუნიდან, ოპოზიციის ქმედებებზე არ უსაუბრიათ.

“რა თქმა უნდა ეს საჩვენებელი აქტი იყო საიმისოდ, რომ პარტიული დაპირისპირების კონტექსტში გაიაზროს “ოცნების” მტერმაც და მოყვარემაც, თუ სად არის ხალხი. მეორე მხრივ, შეიძლება აქციაზე ბევრი ხალხი იყოს, მაგრამ საარჩევნო ყუთთან საკმარისი არ შეგროვდეს. საარჩევნო ყუთებთან უფრო მეტი ადამიანია საჭირო. ბოლო არჩევნებში ყველგან წააგო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. სოციოლოგიური კვლევებითაც ჩანს, რომ  “ნაციონალების” რეიტინგი არ არის “ოცნების” რეიტინგის ნახევარზე მეტი. ეს არის პარტია, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და მოსახლეობამ, დიდი ძალისხმევით, 2012 წელს გაუშვა”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, ღირდა თუ არა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის ასეთი მაშტაბით აღნიშვნა? ორივე ექსპერტის პასუხია, – რატომაც არა?

ნებისმიერი პარტია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ხელიდან არ გაუშვებდა მსგავსი მნიშვნელობის მოვლენას. ასევე მოიქცა “ქართული ოცნებაც” და როგორც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია ევროსაბჭოს ინსტიტუციის დაკნინებას, ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ამ ტრიბუნას, საქართველოსთვის ბევრ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე დისკუსიისთვის გამოიყენებს. დანარჩენი კი, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რა განწყობით მივა საარჩევნო ყუთთან.

ვფიქრობ, არც “ქართულ ოცნებას” აქვს იმის ილუზია, რომ 14 დეკემბერს, რუსთაველისა და თავისუფლების მოედნებზე მდგარი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, მათი მხარდამჭერები იყვნენ. ხოლო თუ ასე ფიქრობს, 2020 წლის არჩევნებში, მარცხი გარანტირებული ექნება.

შორენა პაპაშვილი