საქართველო ეპიდემიის ზღვარზეა. 2018 წლის ბოლოს, ქვეყანაში H1N1-ი ვირუსმა, ე.წ ღორის გრიპმა იჩინა თავი. დღემდე 18 ადამიანია დაღუპული, თუმცა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დაავადება ათასობით მოქალაქემ უკვე გადაიტანა, თუმცა, ბევრი ჯერ კიდევ კლინიკებში რჩება. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადდა.
პირველ ხანებში ხელისუფლება მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა და მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლებოდა. საყვედურები გაისმა მასმედიის მისამართით, რომ თითქოს ჟურნალისტები მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის დაშინებას და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, პანიკას თესავენ. მოსახლეობა ხელს თბილისის გარეუბანში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიისკენ იშვერს და ვირუსის ხელოვნურად გავრცელების ვერსიას განიხილავენ.
გრიპის ვირუსის გავრცელების სეზონი ზამთრის არდადეგებს დაემთხვა. მშობლები ბავშვების სკოლებსა და ბაღებში გაშვებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ. აფთიაქებში დეფიციტური გახდა დოლბანდები. ხელისუფლება პერიოდულად ახალ-ახალ გადაწყვეტილებებს იღებს.
გრიპის ვირუსთან ბრძოლას, მოსახლეობას ვაქცინაციით ან ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუს” საშუალებით ურჩევენ. მთავრობამ ჯერ სხვადასხვა რისკჯგუფის პაციენტების აღნიშნული პრეპარატით უფასო მკურნალობა აიღო თავის თავზე, შემდგომ კი “ტამიფლუს” სუბსიდირება გადაწყვიტა და ექიმის რეცეპტით მისი უფასოდ მიღება, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკია. ვირუსის გავრცელების ინტენსივობა იანვრის პირველ კვირაში მოიკლებს, თუმცა მატების მეორე ტალღას თებერვალში ვარაუდობენ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავადობა ამჟამად 100 000 მოქალაქეზე 276-ს აღემატება, რაც ეპიდემიურ ზღვარს ცოტათი ჩამორჩება. საქართველოს შემთხვევაში ეპიდემია 100 000 ადამიანზე 450-500 შემთხვევით განისაზღვრება.
ოფიციალური ინფორმაციით, გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას H1N1 ვირუსი აქვს. მცირე მაჩვენებლით, ვრცელდება H3N2, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც. ასეთი სტატისტიკა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებების მიმართვიანობის მიხედვით დგება. მოსახლეობის ნაწილი სახლის პირობებში მკურნალობას ამჯობინებს. გამოდის, რომ ქვეყანა ეპიდემიის ზღვართან ახლოსაა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ბოლო რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კლინიკა ვერ აუდის პაციენტების სიმრავლეს და ხშირად მათი დერეფნებში განთავსება უხდებათ. ჰოსპიტალიზებული პაციენტების 35-40%-ს ფილტვების გართულებული ანთება აქვთ და გართულებების თვალსაზრისით, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა ფიქსირდება. ავადობის მაქსიმალური რაოდენობა დეკემბრის შუა პერიოდში იყო. 3 პაციენტი, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.
ექიმების თქმით, სამივე პაციენტს გრიპის ვირუსით გამოწვეული სიმპტომების გარდა სხვა პათოლოგიებიც ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში ქრონიკული, ზოგან კი თანდაყოლილი დაავადებები.
როგორც Dalma News-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, ბოლო რამდენიმე დღის გარდა, 52 დადასტურებული შემთხვევიდან, მხოლოდ 2 პაციენტს აღმოაჩნდა H3N2 -ის ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი H1N1 – ის ტიპის ვირუსით, ანუ ე.წ ღორის გრიპით არის ავად. პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.
იაშვილის კლინიკაში შესულ პაციენტთა შორის, დიდ უმრავლესობას სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადება აღენიშნებათ. ასეთი პაციენტების რაოდენობა დღეისთვის 70-დან 80-ის ფარგლებშია. იმის გამო, რომ პაციენტებს ვერ აუდიან კლინიკის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, საწოლები სხვა განყოფილებებშიც გამოათავისუფლონ, რადგან რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, სადაც ძირითადად სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს ათავსებენ, 36 საწოლზეა გათვლილი. ბოლო დღეებია კლინიკაში უპირატესობა სასუნთქი სისტემის პრობლემით შესულ პაციენტებს ენიჭებათ.
H1N1 ვირუსი საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა და 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დაახლოებით 45 000 დაავადდა, ანუ ყოველ 100 000 მოსახლეზე 1550 ადამიანი. მას შემდეგ ე.წ ღორის გრიპი მუდმივად ცირკულირებს. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა იყო 2010-2011 და 2015-2016 წლებში. ამ პერიოდებში, ერთად აღებული 103 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 352 ადამიანი დაავადდა. დამაიმედებელი არ ყოფილა სხვა წლების სტატისტიკაც, კერძოდ, 2012-2013 წლებში 23 ადამიანი დაიღუპა, 2013-2014 წლებში – 9, ხოლო 2014-2015 წლებში – 10.
“ღორის გრიპი” და თანამედროვე მსოფლიო
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, H1N1 ვირუსს ღორთან არავითარი კავშირი არ აქვს, შესაბამისად გაუგებარი რატომ დაერქვა მას “ღორის გრიპი”.
2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე, ვირუსი აქტიური იყო ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში. მაღალი ავადობა აღირიცხა საფრანგეთსა და ბრიტანეთში. საფრანგეთში გრიპით, 13 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ევროპის რეგიონის მასშტაბით იგივე მაჩვენებლის შეფასებითი სიდიდე 15-70 000-ის ფარგლებში მერყეობდა.
მათივე ინფორმაციით, ევროპის რეგიონში მიმდინარე პერიოდში ადგილი აქვს გრიპის აქტივობის მზარდ ტენდენციას. ამბულატორულ და ჰოსპიტალურ ქსელში გამოვლენილი გრიპის ვირუსის უმეტესობა A ტიპისაა, ავადობა ძირითადად ფიქსირდება 5 წლამდე ბავშვებში და შედარებით მცირე მაჩვენებლით 15-64 წლის პაციენტებში.
“გრიპის ვირუსის გავრცელების საშუალო ინტენსივობის შესახებ არსებობს ინფორმაცია მეზობელ ქვეყნებშიც (სომხეთი, თურქეთი), ამასთან 2018 წლის ბოლოსთვის ევროპის სულ ცოტა 5 ქვეყანა (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, თურქეთი, შვეიცარია) აცხადებს გრიპის ვირუსის ფართო გავრცელების შესახებ. გრიპის აქტივობის ზრდა გრძელდება ჩრდილო ამერიკაში, ჩრდილო აფრიკაში, განსაკუთრებით ეგვიპტეში. დასავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ინტენსივობა საშუალო დონეზეა, აღმოსავლეთით კი ახლა იწყება გრიპის აქტივობა და H1N1 დომინირებს. სამხრეთ აზიაში ბოლო კვირის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა გრიპის აქტივობა, რაც ირანში A (H3N2)-ის და ინდოეთში A(H1N1)-ის ცირკულაციას უკავშირდება”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მათივე რეკომენდაციით, გრიპი მწვავე, ვაქცინით მართვადი დაავადებაა და მისი პრევენცია შესაძლებელია.
რეკომენდაცია და სიმპტომები
ექიმების განმარტებით, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ზოგადად ტიპიურია A ტიპის ვირუსის სიმპტომების. ის ხასიათდება დაავადების უეცარი დაწყებით, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, თავისა და თვალების ძლიერი ტკივილით, წელის არეში ტკივილის შეგრძნებით, ხველით, კუნთებისა და სახსრებით ტკივილით. მას აქვს აგრესიული მიმდინარეობა, რაც გამოარჩევს გრიპს სხვა დაავადებებისგან. სწორედ ამით განსხვავდება ის გაციებისგან.
გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტების რეკომენდაციები რამდენიმე პუნქტისგან შედგება და საკმაოდ მარტივად შესასრულებელია. პირველ რიგში საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა. ხელების ხშირი დაბანა. დახურული სივრცის ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება, ახლო კონტაქტების თავიდან აცილება და ნიღბის გამოყენება.
მაღალი ტემპერატურის დროს, რაც H1N1 ვირუსს თან ახლავს, გვირჩევენ მივმართოთ ოჯახის ექიმს, რათა მან შეაფასოს დაავადების სიმძიმე და ჩართოს ანტივირუსული საშუალებები და არა ანტიბიოტიკები.
როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, პირიქით, ორგანიზმს აზიანებს. “ღორის გრიპი” ტემპერატურის უეცარი მატებით იწყება – 38.5, 39.5 და 40 გრადუსი. თან ერთვის თავის და ყელის ძლიერი ტკივილები, ხველა, სისუსტის შეგრძნება. ავადმყოფობის პერიოდი 7 დღის განმავლობაში გრძელდება, მეტ-ნაკლები ინტენსივობით. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს – ორსულებს, ბავშვებსა და დიაბეტის მქონე პირებს, ურჩევენ დროულად მიმართონ ექიმს.
ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა დადიოდეს სამსახურში, სკოლაში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რათა ორგანიზმს მიეცეს ბრძოლის საშუალება. პაციენტმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივზე მეტი სითხე. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა +38,5 -ს გადასცდება, აუცილებლად გამოიყენონ სიცხის დამწევი საშუალება, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს +38,5-ზე მეტი აქვს სიცხე ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. მოზრდილის შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაშია დასაშვები.
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის გამო, საქართველოს სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა და 15 იანვრის ნაცვლად სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. განათლების სამინისტრომ სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაავალა. სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ კი სისტემატურად უნდა დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს უკავშირდება.
ამასობაში ქვეყანაში უფასო ვაქცინაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აცრიდან 15 დღის განმავლობაში ადამიანის იმუნიტეტი ქვეითდება ვირუსული დაავადების მიმართ მოწყვლადი ხდება, მოქალაქეებს მაინც ურჩევენ აცრები გაიკეთონ.
სკეპტიკოსები ვაქცინაციაში სამომავლოდ ჩადებულ ნაღმს ხედავენ და თანამოქალაქეებს ურჩევენ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ აცრას გაიკეთებენ, რომელიც 100% -იანი გარანტიით არ იცავთ გრიპის სხვა სახის ვირუსისგან. ასეთი სახეობები კი საკმაოდ ბევრია. გარდა ამისა, გარდაცვლილი პაციენტების ავადმყოფობის ისტორიაში აღნიშნულია, რომ გრიპთან ერთად მათ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათი გადარჩენის შანსი შეამცირა. თუმცა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებენ.
შორენა პაპაშვილი სპეციალურად Dalma News-სთვის