საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ყველაზე ხმაურიანი გამოდგა ქართველი ოლიგარქის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, თეოდორე (ბერა) ივანიშვილის ქორწილი. ქართულ სოციალურ ქსელებში ტყუილ-მართლის ნამდვილი ჭიდილი გაიმართა. საზოგადოების ერთი ნაწილი ბოღმას აფრქვევდა, მეორე ნაწილი კი ახალგაზრდებს გაბედნიერებას ულოცავდა.
ბერა ივანიშვილმა თავისი რჩეული, მოდელი ნანუკა გუდავაძე საზოგადოებას ქორწინებამდე რამდენიმე ხნით ადრე წარუდგინა. რეპერი, ბერა ივანიშვილის პირად ცხოვრებას მედია აქტიურად ადევნებს თვალს. მდიდარი მემკვიდრის გვერდით, უამრავი მოდელის ფოტოები ვრცელდებოდა, ყვითელი პრესა ქართველი რეპერის უცხოელ მოდელებთან რომანზეც ჭორაობდა. როგორც ჩანს სამოდელო სფერო ბერასთვის საინტერესო და მიმზიდველია, რადგან მეორე ნახევარი, სწორედ ამ სფეროდან შეარჩია.
ყვითელ პრესას თუ დავუჯერებთ, მომხიბვლელი მოდელი ნანუკა გუდავაძე, ბერას მამის, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. როგორც ჩანს, ახალგაზრდებს შემთხვევითი ნაცნობობა არ აკავშირებთ, ისინი ოჯახებით ყოფილან დაახლოებულები. ქართველი მოდელი ნანუკა გუდავაძე, რომელიც 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას სახე იყო, დღეს, საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი ახალგაზრდა რეპერის, ბერა ივანიშვილის მეუღლეა.
ქორწინებამდე წყვილი ჯერ დაინიშნა, პატრიარქისგანაც კი მიიღეს ლოცვა-კურთხევა, შემდეგ კი ჯვარი დაიწერეს. ყველა ამ ფაქტის ამსახველი ფოტო თუ ვიდეო, ცნობისმოყვარე საზოგადოებისთვის ღია იყო. წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს, სოციალურ ქსელში თამამად აქვეყნებდა, ერთ-ერთ ფოტოში ნანუკას ნიშნობის ბეჭედმაც გაიბრწყინა.
ისევ ჯვრისწერის დღეს დავუბრუნდეთ.
სანამ ახალგაზრდები ბედნიერების თრობას განიცდიდნენ, რიგითი მოქალაქეების ნაწილი მათზე ათას სისაძაგლეს წერდა. არც ზოგიერთ მედიასაშუალებას დანანებია საამისოდ დრო და ტყუილ – მართლის ტირაჟირებით დაკავდნენ. სწუხდნენ, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის ცერემონიისთვის მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ცენტრში დაბრძანებული საპატრიარქო კათედრა აიღეს, რადგან პატარძლის სვეტიცხოველში საზეიმოდ შესვლის ცერემონიალს ხელს შეუშლიდაო. სვეტიცხოვლის საპატრიარქო კათედრა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთა მთავარი საბრძანისია, ბერა ივანიშვილმა კი იქ საქორწინო რიტუალის დასავლური ტრადიციით ჩატარება მოისურვა, პატარძალს საკურთხეველთან ელოდებოდა, ქალი კი ამბიონისკენ სასიმამრომ მიაცილაო.
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ცენტრში დაბრძანებული საპატრიარქო კათედრის აღების თემას, ინტერნეტმომხმარებელი ირმა შველიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ ინფორმაციის ავტორი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ხშირი სტუმარი რომ ყოფილიყო, ნახავდა, რომ ტახტი ქორწილამდე დიდი ხნით ადრე აღარ იდგა ძველ ადგილას.
“მორწმუნე”, ბოლოს როდის იყავით სვეტიცხოველში? მაშინ ვერ შეამჩნიეთ, ტახტი რომ არ იდგა?”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ქართველი წყვილის ჯვრისწერის რიტუალში დასავლური და ქართული ტრადიციული ელემენტების ნაზავს წარმოადგენდა. ეკლესიაში მომლოდინე სასიძოს თეთრი, ხელისმომკიდეებს კი შავი ჩოხა-ახალუხი ეცვათ. ეროვნულ მოტივებზე იყო შექმნილი დედოფლის კაბაც. ხოლო მის “სეფე ქალებს” ცისფერი კაბები და ლურჯი ყაბალახები ამშვენებდათ.
ტაძარში გამეფებულ სადღესასწაულო განწყობას ეკლესიის გარეთ ნეგატივის ახალი ტალღა მოჰყვა. ბერა ივანიშვილის გამო სვეტიცხოვლიდან ხალხი გააძევესო, – ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში. განსაკუთრებით აქტიურობდა პრეზიდენტობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, გრიგოლ ვაშაძე. მან ოლიგარქის შვილის ქორწილი ფეოდალიზმს შეადარა:
“გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის. ჩვენი სამშობლოა. სვეტიცხოველი ყველას ეკუთვნის, არ დაკეტილა ამდენი წლის განმავლობაში. ვინ მისცა ამათ უფლება მლოცველების არ შეშვების, რაც არ უნდა ხდებოდეს”.
ჯვრისწერის ცერემონიისთვის ტაძრის დახურვასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას მოგვიანებით თავად ბერა ივანიშვილმა ფეისბუქის საკუთარზე გვერდზე ვრცელი სტატუსით უპასუხა. რეპერი გავრცელებულ ინფორმაციას უტიფარ ტყუილს უწოდებს და ირწმუნება, რომ ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ ვინმესთვის. საქორწინო ცერემონიალიც დანიშნულზე 20 წუთით გვიან დაიწყო, რადგან დედოფლის ავტომობილი საცობში მოხვდა, ქორწილის ესკორტის შეუფერხებლად გასატარებლად ხომ გზები არავის გადაუკეტავს.
“არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა – მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში. ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯულ სახსრებზე, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?! ყველას ვუსურვებ, გაუხსნან გული სიყვარულს. მხოლოდ სიყვარულს ძალუძს გახადოს ადამიანი უფრო ძლიერი, ქალი უფრო ლამაზი, მამაკაცი უფრო კეთილი, სული უფრო მსუბუქი, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი!”, – წერს ბერა ივანიშვილი.
სვეტიცხოვლის ტაძრიდან 11 ნოემბერს, მლოცველების გამოყრის თემას სვეტიცხოვლის საძმოც გამოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას სინამდვილესთან შეუფერებელი უწოდეს.
ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძის აზრით, ბერას ჯვრისწერის გარშემო აჟიოტაჟი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა. ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, საზოგადოება პოლარიზებულია. თავისთავად ბერა, როგორც იმ ადამიანის შვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია საქართველოში და პირველი კაცია ქვეყანაში, ყურადღებას მიიქცევდა.
“ვიღაც გაბრაზდებოდა, ვიღაც პირიქით. ადამიანი ფიქრობს, რომ ვერასდროს ექნება ამდენი ფული და ბრაზობს, სხვა ფიქრობს, რომ თუ შევაქებ, მის ბანაკში ვიქნებიო. მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში, წამქეზებლები გამოკვეთილნი არიან და მათი პოზიციაც ნიშნავს, რომ ან ერთ ბანაკში ხარ, ან მეორეში. ამ დროს შეიძლება ვიღაცას ეთქვა, – უსაფრთხოების თემაა და მოდით რა, უნდა გამოსულიყვნენ ეს ადამიანები იქედან”, – ამბობს Dalma News-სთან საუბარში ნინო გოგიჩაძე.
მისი შეფასებით, დღევანდელ რეალობაში, როცა მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებულია, წარმატებული და გამორჩეული ადამიანების ცქერისას ცდილობენ, ისეთი მიზეზი მონახონ, რომ ჩაეჭიდონ და მიუთითონ საჯაროდ, თუნდაც სოციალური ქსელით.
“ადამიანი ერთგვარად განიმუხტება, როცა ბრაზს აფრქვევს ვინმეს მიმართ, ან პირიქით, – კარგს ამბობს. მეორე მხრივ, რაშიც ჩვენ გავარჯიშებულები ვართ, ეს არის ცუდის დანახვა და ცუდის აყოლა. ესეც ჩვენი აზროვნების წესია, რომ ხშირად ნეგატიურს უფრო ვხედავთ. ან თავი უნდა დავიცვათ, ან შეტევაზე გადავიდეთ. განსჯა, ნეიტრალური აზროვნება, სიტუაციის შეფასება აკლია ჩვენს სოციალურ სფეროს. ნაკლებად არის პოზიციების დაახლოვების მცდელობა. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი პრობლემა არსებობს, რომელიც დასაძლევია და რომელიც ბევრ ენერგიას საჭიროებს”, – აცხადებს ფსიქოლოგი.
მცხეთაში ჯვრისწერის შემდეგ, წვეულება კოჯორში, “ბიოლი ჰოლში” გაგრძელდა. საქორწილო წვეულებაზე დედოფალი ღია ლაჟვარდისფერი კაბაში გამოეწყო. ნანუკა გუდავაის კაბის დანახვისთანავე ყვითელმა პრესამ დაიწყო ძიება, თუ რამდენი დაიხარჯა ულამაზეი, ცისფერ კაბაში, რომელიც ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Ralph & Russo შექმნა. საქორწინო კაბა 2016 წლის გაზაფხული-შემოდგომის კოლექციიდან არის. ბერა ივანიშვილის მეუღლის კაბის ფასი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ Ralph & Russo-ს დახვეწილი, ელეგანტური სამოსი საკმაოდ ძვირი ღირს. აღნიშნული კაბის ფასი კი დაახლოებით 72 ათასი აშშ დოლარი უნდა იყოს.
P.S. წყვილმა სოციალურ ქსელებში ჯვრისწერისა და ქორწილის ფოტოები გულუხვად გამოაქვეყნა.
შ.ქარჩავა
Photo: Hello Georgia, Facebook: Bera Ivanishvili;