მომავლის საწვავად წოდებული ბიოდიზელის პირველი საწარმო უკვე საქართველოშიც გაიხსნა. ბიოდიზელის წარმოებას კომპანია “ბიოდიზელი ჯორჯია”, ნავთობკომპანია “ფრეგოსთან” ერთად იწყებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მცირე ზომის საწარმო თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე განთავსდა. მილიონი ლარის ინვესტიციით ჯერ მხოლოდ 20 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები ინვესტიციის 15 მლნ ევრომდე გაზრდას და გაცილებით მასშტაბური საწარმოს აშენებასაც გეგმავენ. მანამდე დააკვირდებიან რამდენად საინტერესო და მომგებიანი იქნება ეს წამოწყება საქართველოში, ექნება თუ არა ამ ყველაფერს ეკონომიკური სარგებელი, რადგან, როგორც წესი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი გაცილებით ძვირი ჯდება. საწარმო 8 საათის განმავლობაში 3 000 ლიტრ საწვავს გამოუშვებს.
ბიოდიზელის წარმოება საქართველოსთვის ფაქტობრივად ახალი დარგია. ევროპის ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, იქ, ბიოდიზელის ფასი ორჯერ აღემატება ჩვეულებრივი დიზელის ღირებულებას. “ბიოზიდელი ჯორჯიას” ხელმძღვანელებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ საქართველოში მათ პროდუქციას ფართო გამოყენება ექნება, თუმცა რამდენიმე კომპანია უკვე მზად არის, მათი წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, ავტოგასამართი სადგურების თავიანთ ქსელში ჩაუშვან.
კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათ წამოწყებას აქტიურად დაუჭერენ მხარს მუნიციპალიტეტები, ასევე, სამშენებლო კომპანიები და დიზელზე მომუშავე ტექნიკისთვის ეკოლოგიურად სუფთა საწვავს გამოიყენებენ, ამით გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება.
მათივე თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება პრიორიტეტულია, ამ საკითხებს კანონი არეგულირებს, კერძოდ, საწვავში 7 პროცენტი უნდა იყოს გარეული ბიოსაწვავი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ბიოდიზელის წარმოება გაფართოვდება, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაც გახდება საჭირო. საუკუნის წინ, ალბათ, არავინ ფიქრობდა, რომ საკვებში მოხმარებულ მცენარეულ ზეთს ძრავის საწვავად გამოიყენებდნენ.
“დროთა განმავლობაში მცენარეული ზეთის საწვავი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორიც დღეს ნავთობისა და ქვანახშირის პროდუქტებია”, – წერდა გერმანელი ინჟინერი და გამომგონებელი, რუდოლფ დიზელი 1912 წელს.
მომავლის საწვავად წოდებული ბიოდიზელი შედგება მცენარეული ზეთისგან მიღებული ნივთიერებით, რომელიც ნავთობის დიზელის ანალოგიურია. ის ეკომეგობრულ საწვავად ითვლება. არ აბინძურებს გარემოს და მისი წვის დროს სატრანსპორტო საშუალება არ გამოყოფს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიც არის ტყვია, გოგირდი და სხვა.
როგორც Dalma News-ს შპს “ბიოდიზელი ჯორჯიას” მმართველმა, მურმან პატარაიამ განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკოლოგიური თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოების დაწყება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
“არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირველი საწარმოა, არამედ, ეს არის ერთ-ერთი რეალური გზა იმისთვის, რომ მავნე გამონაბოლქვისგან ვიხსნათ გარემო. ეკომეგობრული საწვავის წარმოება დიდი ხანია დაწყებულია ევროპასა და ამერიკაში. ბიოდიზელი წარმატებით იყიდება ევროპის ქვეყნების ავტოგასამართ სადგურებზე. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, არსებობს ვალდებულება, რომ ბიოდიზელი აუცილებლად იყოს გარეული ნავთობდიზელში. ის ერთ-ერთი კარგი გამოსავალია, რომ ურბანული გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან”, – აცხადებს მურმან პატარაია.
მისივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახის საწვავი მზადდება მეორადი მოხმარების საკვები ზეთისგან, ახალგახსნილი საწარმოს კიდევ ერთი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მეორადი ნარჩენის უტილიზაციას განახორციელებს. ამ თვალსაზრისით “ბიოდიზელი ჯორჯიას” პირველი პარტნიორია სწრაფი კვების ობიექტი “მაგდონალდსი”, რომელიც კომპანიას საკვებში გამოყენებული, მეორადი, გამომწვარი ზეთით მოამარაგებს. საწარმოს ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მომავალში თანამშრომლობის სურვილს სხვა რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები გამოთქვამენ. ასევე, საქართველოში უძველესი ზეთოვანი კულტურის, რაფსის პლანტაციების გაშენება იგეგმება. ამ მცენარისგან გაცილებით მეტი ზეთი მიიღება, ვიდრე მზესუმზირისგან.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პეტრე მელიქიშვილის ქიმიის ინსტიტუტში, ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე ნათელა ხეცურიანი, ბიოდიზელის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობს. მიღებული პროდუქტის პირველი სინჯი თბილისის, ნავთობპროდუქტების აკრედიტებულ ლაბორატორია “მაგში” გაგზავნეს, სადაც ხარისხის შესაბამის სტანდარტზე შემოწმდა და მახასიათებლები დადგინდა.
როგორც Dalma News-ს მეცნიერმა განუცხადა, მთელს ამ პროცესში კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია ის, რომ საწარმო “მაკდონალდსის” მეორად ზეთს გადაამუშავებს, რომელიც აქამდე ჰოლანდიაში იგზავნებოდა და იქ მუშავდებოდა ბიოსაწარმოში.
“მოლაპარაკება აწარმოა ჩვენმა ხელმძღვანელობამ. სპეციალური დასაბუთებაც დასჭირდათ, რათა ცენტრალურ ოფისში დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად ქარხანაში მიდის ის რასაც ისინი გვაწვდიან. შემოდის ზეთი, რომელიც სუფთავდება მექანიკური მინარევებისგან, მათ შორის წყლისგანაც. სპეციალური ნაერთი გვაქვს ჩამოტანილი უცხოეთიდან და მასზე ვასუფთავებთ. შემდეგ გადადოს რეაქტორში, აქ სუფთავდება. შემდეგ გადადის ფილტრებში, იქ იფილტრება და უკვე გაფილტრული გადადის სასაქონლე რეზერვუარში. რეზერვუარში მიმდინარეობს გლიცერინისა და ბიოდიზელის განცალკევება. ამის შემდეგ, მოწმდება ხარისხი. 95% არის ბიოდიზელი, ხოლო 5% მხოლოდ გლიცერინი”, – განმარტა ნათელა ხეცურიანმა.
მისივე თქმით, გლიცერინი სუფთა სახით, გამოიყენება მედიცინაში, ასევე, სარეცხი ხსნარების დასამზადებლად.
ნათელა ხეცურიანი ეკოლოგიის ექსპერტია და ქიმიური პროცესის გარემოზე გავლენის მხრივ ყველაფერს განსაკუთრებულად აკონტროლებს, – რამე არ დარჩეს, რამე არ დაიღვაროს, გარემო არ დაბინძურდესო, – ამბობს. დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო მალე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფრთა საწვავის მომხმარებელი ქვეყანა გახდება.
“თუ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ისე უნდა ვიქცეოდეთ, როგორც ისინი იქცევიან. ახლახანს სლოვენიაში გახლდით კონფერენციაზე, სადაც ბიოსაწვავის ღირსებებზე საუბრობდნენ. ბიოსაწვავის გაკეთებით კეთდება ორი საქმე, მსოფლიოში უკვე საკმაოდ შემცირებულია ნავთობის მარაგები, ახლანდელი გათვლით, დარჩენილია მთელი მსოფლიოსთვის 60-80 წლის მარაგი, ამიტომ ცდილობენ ძირითადი ენერგო რესურსები დაზოგონ და ის ბიოსაწვავებით ჩაანაცვლონ. ვგეგმავთ დავხვეწოთ წარმოება და გამოვუშვათ საწვავი ძრავის მოდიფიცირების გარეშე. საწვავი, რომელსაც ჩვენი საწარმო გამოუშვებს, გამოიყენება ავტობუსებში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკაში, სამშენებელო ტექნიკაში”, – აცხადებს ნათელა ხეცურიანი.
ბიოდიზელის შეძენით დაინტერესებულია თბილისის, მიშტაიდის ბაღის დირექცია. სურთ, ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები, ეკოლოგიურად სუფთა იყოს და არ აბინძურებდეს იმ გარემოს, სადაც ჩვენი შვილები ყოველდღიურად მოძრაობენ. ამ ნედლეულით დაინტერესდა აშშ – ს და შვედეთის საელჩოებიც.
“დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ამას მიეჩვევა და მხარს დაგვიჭერს ისე, როგორც უცხოეთშია”, – აცხადებს ნათელა ხეცურიანი.
მისივე ინფორმაციით საწარმოში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოება. ყველაფერი არის დასაწყობებული, ყველა რეზერვუარს აქვს თავისი კიბე, განათება. თანამშრომლებისთვის არის სპეცტანსაცმელი – ქუდები, პირბადეები… საწარმო საკმაოდ შორს არის დასახლებული პუნქტისგან, თუმცა, ახლოს რომც იყოს მაინც არ ქმნის საშიშროებას, – ირწმუნება მეცნიერი.
მეორადი ზეთი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საშიში ნივთიერებაა. დაუშვებელია, მისი კანალიზაციაში ჩაღვრაც. მეორად ზეთს, როგორც წესი ყიდულობენ ფერმერები, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომ შექმნილიყო ისეთი საწარმო, სადაც თავს მოიყრის მეორადი გამოყენების ზეთი. რომ მეორადი ზეთი სადღაც ჩაბარდეს. ასევე იგეგმება ზეთის მასობრივად შეგროვება.
საწარმოს გახსნას ესწრებოდა ავსტრიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოდიზელის წარმოების საკითხებში ექსპერტი მარტინ მითელბახი. მეცნიერი, 25 წელია მუშაობს განახლებად ენერგიაზე და მიაჩნია, რომ ამ სფეროს თანამედროვე მსოფლიოში დიდი მომავალი აქვს. მსოფლიოში სატრანსპორტო საშუალებები იზრდება, შიდა წვის ძრავი კი, სულ მცირე უახლოესი 50 წლის განმავლობაში შეუცვლელი იქნება.
შორენა პაპაშვილი