“ქართული მარში” მოქმედების არეალს აფართოებს. საქართველოს რამდენიმე რეგიონში წარმომადგენლობების გახსნას გეგმავენ, პირადობის მოწმობაში ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფის აღდგენა სურთ, ბათუმში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმისთვის იბრძვიან და დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას მოითხოვენ. მოძრაობის ლიდერების აზრით, საქართველოს ხელისუფლება თურქეთის განაწყენებას ერიდება და სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი, საქართველოს შავი ზღვისპირა ქალაქში მეფე დავითი IV-ის ძეგლის დადგმის იდეას. Dalma News-ი “ქართული მარშის” ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა.
– თქვენი ოპონენტების ამბობენ “ქართული მარშის” მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანაო, რამდენად შედის დესტაბილიზაცია თქვენს ინტერესებში?
– იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენზე ამას ამბობენ და თავს ჩვენს ოპონენტებს უწოდებენ, მათ ოპონენტებად არ განვიხილავ. მე მათ ვუწოდებ ქვეყნის მოღალატეებს, იმიტომ, რომ ესენი არიან უცხოეთიდან, ძირითადად სოროსის ფონდისგან დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც მზად არიან თავიანთი სამშობლო გროშებად გაყიდონ. არც მე და არც ჩემი თანამებრძოლები, მათ ე.წ. მოსაზრებებს დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ. რა იგულისხმება დესტაბილიზაციის შეტანაში, თუ ის, რომ ჩვენ გვინდა ეროვნული ფასეულობების დაცვა, მაშინ დავარქვათ ამას დესტაბილიზაცია. მომხრე ვიქნები ასეთი დესტაბილიზაციის. მაგრამ დესტაბილიზაცია არის, როდესაც ქვეყანაში ამბოხს იწყებ, ან სხვა ტიპის არაკანონიერ ქმედებას ახორციელებ. ჩვენ არც ამბოხს ვაპირებთ და არც არანაირ არაკანონიერ ქმედებებს ვგეგმავთ, არც აწმყოში და არც მომავალში. აქედან გამომდინარე, ეს არის თითიდან გამოწოვილი სისულელე, რითაც სოროსის ტელევიზიები და ორგანიზაციები ცდილობენ საზოგადოების გამოკვებას. საბედნიეროდ “ქართულ მარშს” დიდი მხარდაჭერა აქვს ხალხში და მათი ე.წ. შავი პიარი უძლურია.
– რატომ გადაწყდა რეგიონული ორგანიზაციების შექმნა, თქვენი რიგები ფართოვდება?
– “ქართულ მარშში” საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან შემოვიდა წინადადება, რომ მარშის მოქმედების არეალი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდეს. საწყის ეტაპზე ვგეგმავთ რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. ასევე ქართლსა და კახეთში. შერჩეულია რამდენიმე რეგიონული ცენტრი, სადაც განთავსდება “ქართული მარშის” რეგიონული ოფისები. თითოეული ეს ადგილი იქნება იმ ადამიანთა თავყრილობა, რომლებიც აზროვნებენ ეროვნულად, ქართულად და რომლებისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რომელსაც ქადაგებდა დიდი ილია ჭავჭავაძე: – “მამული, ენა, სარწმუნოება”. ჯერჯერობით არ გვაქვს იმდენი ფინანსური საშუალება, ყველა რაიონი რომ მოვიცვათ, ამიტომ სადაც უფრო ძლიერი ჯგუფები არიან და არსებობს “ქართული მარშის” მოთხოვნილება სწორედ ის რეგიონები და რაიონები ავირჩიეთ სამოქმედოდ.
– საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა, როდესაც ეროვნულ განწყობებს აღვივებთ, არაქართველი მოსახლეობის მხრიდან რა დამოკიდებულებას ღებულობთ?
– ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან სომეხი ეროვნების ადამიანები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, უკრაინელები, აისორები და იეზიდებიც. აქედან გამომდინარე გაცემულია კითხვაზე პასუხი. “ქართული მარში” არ არის მონონაციონალური ორგანიზაცია, სადაც მხოლოდ ქართველები არიან. მიგვაჩნია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, ქვეყნის აღმშენებლობაში და პატივს სცემს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას და ქართული სახელმწიფოს განვითარებას, ყველანი არიან საქართველოს პატრიოტები, რომლებიც ჩვენი ისეთივე ძმები არიან, როგორც ქართველები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის რაზეც საუბრობენ ლიბერალები, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი.
ჩვენი მთავარი მიზანია, შენარჩუნდეს დემოგრაფიული ბალანსი, რომელიც არსებობდა საქართველოში, თუნდაც წინა საუკუნეში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 70-75 %-ს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა შეადგენდა და ისინი მშვენივრად ცხოვრობდნენ თავიანთ არაქართველ მეზობლებთან ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ დღეს 60%-მდე არის ჩამოსული ეთნიკურად ქართველთა რიცხვი, დემოგრაფიული კატასტროფა ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, მაშინ უახლოეს 5-10 წელიწადში ქართველები თავიანთ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რაც, რა თქმა უნდა, არის ქართული სახელმწიფოს ნგრევის პირველი და საკმაოდ ცუდი ნიშანი. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა იგრძნონ თავი თავიანთ სამშობლოში, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, 100 ათასობით ადამიანი ჩამოასახლონ აქ აზიიდან და აფრიკიდან და შეიცვალოს დემოგრაფიული ბალანსი.
– არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებას დიდი ხანია აპროტესტებთ. ამ მიმართულებით რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების რეალურ გამომხატველ ორგანოს, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ მოსახლეობას შევეკითხოთ და მათი გადასაწყვეტი გავხადოთ ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. პირველი – აუცილებლად აღდგეს ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფა პირადობის მოწმობაში, მეორე – აიკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება, მესამე- საბანკო პროცენტი არ უნდა იყოს ასე კატასტროფულად მაღალი, როგორც დღეს არის და დაიწიოს 7-8 % -მდე.
ამასთან დაკავშირებით, ცესკო-ში შევიტანეთ განაცხადი, რომ შემოდგომით, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამ სამ საკითხზე გაიმართოს რეფერენდუმი და საქართველოს მოსახლეობამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურთ მათ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულ ამ საკითხს ქვეყნის მოსახლეობის 90%-იანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მოსახლეობაში. ველოდებით პასუხს ცესკო -დან და ჩემის აზრით, ეს პასუხი იქნება დადებითი, რადგან ეს არის აბსოლუტურად იურიდიულად გამართული ფორმულირებები. ამის შემდეგ დავიწყებთ მზადებას რეფერენდუმისთვის, რომელსაც აუცილებლად ჩავატარებთ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად და საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტთან ერთად აირჩევს იმ ეროვნული განვითარების გზას, რომელსაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად. ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ცივილიზებული პროცესი. ავიღოთ მაგალითად შვეიცარია. ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში 4-ჯერ ჩატარდა რეფერენდუმი. რეფერენდუმი ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში.
– “ქართული მარშის” იდეას ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა შეხვდა, რა არის ამის მიზეზი?
– ბათუმის მერიასა და საკრებულოში განაცხადი ჯერ კიდევ აგვისტოში შევიტანეთ და მოვითხოვეთ გადაეწყვიტათ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პასუხი არ იყო. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მერიიდან მოგვწერეს პასუხი და მთელი პასუხისმგებლობა საკრებულოს დააკისრეს. ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩარევის შედეგად ბათუმის საკრებულომ, 5 თვის შემდეგ აბსურდული, მოღალატეობრივი პასუხი მოგვწერა, თითქოს და ქალაქ ბათუმის მერიას არ გააჩნია ბიუჯეტში თანხა იმისათვის, რომ დაიდგას დავით აღმაშენებლის ძეგლი. ეს არის ხალხის დაცინვა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საკრებულოს წევრები თავად ფუფუნებაში ცხოვრობენ და სად წაიღონ ბიუჯეტის ფული აღარ იციან. მეორე რეალური მიზეზი ამისა არის ის, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს შეშინებულ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი აღიმართოს ბათუმში.
ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში დადგებოდა ჟამი, როცა აღმაშენებლის ძეგლის დადგმისთვის ბრძოლა მოგვიწევდა. ეს ჟამი დადგა დღეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიდი მეფის ძეგლი აღიმართოს ბათუმში. გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, ამას უკვე პოლიტიკური აქტის სახე მიეცა, რომლითაც ყველას ვეუბნებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ქართველი ერის იდეალი არის დავით აღმაშენებლის დროინდელი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველო.
– ეს იყო მხოლოდ იდეა თუ უკვე გაქვთ მზა ესკიზი?
– ახლა ვითხოვთ ადგილის გამოყოფას. თუ ბათუმის მერია გამოყოფს ადგილს, ამის შემდეგ შეიქმნება სპეციალური ფონდი, გამოცხადდება კონკურსი, რომელი ესკიზიც გაიმარჯვებს, დაფინანსდება ის ესკიზი და ხალხისგან შემოწირული თანხით დაიდგმება ძეგლი. მაგრამ თუ გაბედავს ბათუმის საკრებულო და უარს გვეტყვის, გარწმუნებთ, კუდით ქვას ვასროლინებთ ყველა იმ მოღალატეს, რომლებიც მოკალათებულან სავარძლებში და ანტიქართულ ქმედებას ახორციელებენ. ჰალსტუხებით გამოვათრევთ საკუთარი კაბინეტებიდან და გადავცემთ ხალხს სამსჯავროზე. ბათუმის მოსახლეობის 99% მხარს უჭერს ძეგლის დადგმას, როდესაც მოსახლეობის დამაჯერებელი უმრავლესობის ნება არ არის გათვალისწინებული, მაშინ ხალხი უბრალოდ ვალდებულია პასუხი მოსთხოვონ მათ მიერ არჩეულ დეპუტატებს.
– დიდგორობა უნდა იყოს თუ არა ოფიციალური დღესასწაული?
– ამ საკითხზე კითხვის დასმაც კი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. საქართველოში უნდა აღინიშნოს თუ არა ქართველთა ყველაზე დიდი გამარჯვება დიდგორობა? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, აღვნიშნოთ თუ არა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე? სამწუხაროდ დადგა ძალიან ცუდი ჟამი, როდესაც დიდგორობის აღნიშვნისთვის ბრძოლა გვიწევს.
ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა ატარებდნენ ქართულ და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებს. “ქართული მარში” გაატარებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ინტერესებს და მხოლოდ პროქართულ იდეოლოგიას. მონური იდეოლოგიის წინააღდეგნი ვართ. ჩვენ ვიბრძვით ქართული საქართველოსთვის.
– სად იწყება ქართული მარში და სად მთავრდება ის?
– ქართული მარშის წევრები დედაქალაქში ახორციელებენ პატრულირებას. ძირითადად ეს ხდება დასვენების დღეებში. ამ ხნის განმავლობაში არა ერთი დარღვევის ფაქტი გამოვავლინეთ და შსს-ს მივწერეთ ინფორმაცია. ჯერჯერობით მინისტრისგან არ მიგვიღია პასუხი. დარღვევებში იგულისხმება ტრეფიკინგის, პროსტიტუციის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები. ყველა ის საზიზღრობა და ჭუჭყი, რაც დაგროვილია მთელს მსოფლიოში და რომლითაც არიან დაკავებულნი საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი კრიმინალები. “ქართული მარში” იწყება ქართველი ერის ეროვნული ინტერესებიდან, იმ ისტორიიდან, რომელსაც ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები.
თქვენ მეკითხებით, – სად მთავრდება ქართული მარში? ქართული მარში არასოდეს დამთავრება, ის იარსებებს მანამ, სანამ არსებობს საქართველო. როდესაც მივაღწევთ იმას, რომ ქართული სახელმწიფო დადგება ეროვნული განვითარების იდეოლოგიაზე, ჩვენ მისიას გარკვეულ წილად შესრულებულად ჩავთვლით, მაგრამ მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმ ეროვნული ფასეულობების დაცვას, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ქართული სახელმწიფო.
ესაუბრა შ. ქარჩავა