გიორგი ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში გაიზარდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, სპორტზე დადიოდა და დიპლომატის პროფესიაზე ოცნებობდა. ოცნება არ აუხდა. უმაღლესი სასწავლებელი კი დაამთავრა, მაგრამ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა. სამსახურიც ნაკლებად სასურველი იპოვა. დღისით მუშაობდა, საღამოს მეგობრებს ხვდებოდა და გიტარაზე უკრავდა. ასე გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთხელ, მეგობრების წრეში გოგონა გაიცნო, რომელიც შეუყვარდა და დაქორწინდნენ. თბილისურ ქორწილში მთელმა ეზომ მოილხინა. ახალგაზრდა ოჯახს მალე ორი სული შეემატა: ჯერ გოგო, მერე ბიჭი. ბავშვები იზრდებოდნენ, მათთან ერთად – ოჯახის მოთხოვნებიც. ერთხელაც, ტექნიკის შესაძენად ფული არ ეყო და გიორგიმ ბედის კაზინოში გამოცდა გადაწყვიტა. შევიდა სლოტ-კლუბში და მოიგო. მეუღლეს სარეცხ მანქანასთან ერთად ტოსტერიც უყიდა. შემდეგ, ისევ სცადა ბედი, პირველად მოიგო, შემდეგ წააგო და ისევ წააგო. ამგვარად გაება გიორგი სამათაშო ხაფანგში და წლების განმავლობაში ასარგებლებდა მას. პირველად 25 ათასი ლარი წააგო. ყველამ ერთად შეუგროვა ფული. 6 თვის შემდეგ გიორგიმ ისევ წააგო. ამჯერად წაგებული თანხა ბევრად აღემატებოდა პირვანდელს. მუდმივი უფულობით და კონფლიქტებით შეწუხებულმა ცოლმა, ბავშვებს ხელი მოჰკიდა და სახლიდან წავიდა. სასოწარკვეთილმა გიორგიმ თავის მოკვლა გადაწყვიტა.

აზარტულმა თამაშებმა ცხოვრება ათასობით ადამიანს დაუნგრია. არაოფიციალური მონაცემებით, დღისთვის საქართველოში 400 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული აზარტულ თამაშებში, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო ხელმისაწვდომია. ადრე თუ „რულეტკის“ სათამაშოდ კაზინოში წასვლა იყო საჭირო, ახლა ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად შეიძლება.

წლების განმავლობაში სათამაშო ბიზნესი ქართულ ბაზარზე შეუზღუდავი თავისუფლებით სარგებლობდა. საქართველოში, 2005 წლიდან ამოქმედებული „ლატარეის, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობილობების“ შესახებ კანონის თანახმად, კაზინოების, ტოტალიზატორების, სლოტ-კლუბების და ონლაინ-კაზინოების გახსნა ნებისმიერს შეუძლია. სახელმწიფომ ამგვარად ეკონომიკურ განვითარებას შეუწყო ხელი და სათამაშო ბიზნესიდან მიღებული სარგებელიც გაიზარდა. 2012 წელს სათამაშო ბიზნესის შემოსავლების წლიურმა ბრუნვამ 996 მილიონი, ხოლო 2016 წელს – 4036 მილიონი ლარი შეადგინა. ამის პარალელურად გაიზარდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაც. დღისათვის, საქართველოს მოსახლეობის ყოველ მესამე ოჯახში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ერთი ადამიანია. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება გადაწყვიტა. 2017 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტრომ მთელი რიგი შესწორებები შეიმუშავა.

კანონპროექტის თანახმად, ასაკობრივი ცენზი 23 წლამდე შეიზღუდა. მანამდე, 21 წლამდე ახალგაზრდას აზარტული თამაშების დაწესებულებაში შესვლა ეკრძალებოდა, ხოლო სათამაშო აპარატებთან 18 წლამდე ახალგაზრდები არ დაიშვებოდნენ. ამიერიდან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს სამი წლით “შავ სიაში” შეიყვანენ. მოთამაშე საკუთარი ნებით უნდა გამოცხადდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და აღიაროს თავისი დამოკიდებულება. ამის შესახებ გაცხადების გაკეთება მისი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მას შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეიყვანენ, სადაც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ახლობელი ადამიანის აგრესიულობა და ფსიქიკურად გაუწონასწორებლობა.

საქართველოში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”. ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ იმ ადამიანებმა დაიწყეს, რომლებსაც იგი პირადად შეეხოთ. სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია თამარ ჯაფარიძე, რომელიც ოჯახში პირადად შეეჯახა ამ პრობლემას. მან გადაწყვიტა სხვა დაზარალებულებთან ერთად ებრძოლა თამაშდამოკიდებული ახლობლების გადასარჩენად. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ უკვე ასზე მეტი ადამიანი გამოასწორა: ზოგს ფინანსურად დაეხმარა, ზოგს ფსიქოლოგიურად, ზოგიც გარკვეული დროის განმავლობაში, საპატრიარქოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მონასტერში გაუშვა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ პრობლემად თამრიკო ჯაფარიძეს, ეფექტიანი სამართლებრივი ნორმების არარსებობა მიაჩნია. ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ორგანიზაციაში ძალზედ სკეპტიკურად უყურებენ.

“ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს,- მიაჩნია თამარ ჯაფარიძეს. – როგორ უნდ განიხილო ამგვარი დიფერენციაცია: გურჯაანში მცხოვრებმა 25 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა, ხოლო ლოტკინის ქუჩაზე მცხოვრებმა 50 წლის მამაკაცმა უკვე ორი სახლი გაყიდა და შვილიშვილები უსახლ-კაროდ დატოვა. ჩვენ გვაქვს აკადემიკოსების, პროფესორების კვლევები და დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ 23 წლის ადამიანის გონება, ისევე ადვილად იშიფრება, როგორც პატარა ბავშვის”.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონში ასაკობრივი შეზღუდვები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და გათვალისწინებული არ არიან უცხო ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდები. ეს კი, სამართლიანობის ნორმებიდან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია.

თამარი ამბობს, რომ საქართველოში 18 წელს გადაცილებული უცხოელისთვის თამაში დაშვებულია, და გამოდის, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, ვცვლით კანონებს, უცხო ქვეყნის ახალგაზრდების ბედი კი არ გვანაღვლებს.

“ჩვენთან სასწავლებლად ათასობით სტუდენტი ჩამოდის, შესაძლოა მათი მშობლები უკანასკნელ სახსრებს გზავნიან მათი სწავლის საფასურის გადასახდელად, ჩვენ კი ასეთ ახალგაზრდებს სათამაშო დაწესებულებებში შესვლის და იქ ფულის ხარჯვის უფლებას ვაძლევთ. ეს უსამართლობაა. აკრძალვა ყველასათვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და არ უნდა არსებობდეს ჩვენის და სხვისის სამარცხვინო დიფერენციაცია. ვერც კი წარმოიდგენთ ჩვენთან რამდენი ახალგაზრდა მოდის მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ისინი კოლოსალურ თანხებს აგებენ და არავითარი შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს. აზარტული თამაშების მახეში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გაებას, ამიტომ ეს საერთო პრობლემაა, რომელიც ერთად უნდა გადავჭრათ. ამ მხრივ, ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების ჩართვასაც ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ძალიან ბევრი დაზარალებული დედაა და მათ ჩვენთან გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ”, – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების ჩართვასაც ვგეგმავთ

თუმცა, ალტერნატიულ კანონმდებლობაში იმ შესწორებების განხილვისას, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ წარადგინა, რაღაც საკითხებში კონსენსუსს მაინც მივაღწიეთ. მაგალითად, მთავრობამ მოიწონა ორგანიზაციის ინიციატივა სათამაშო ბიზნესის რეკლამასთან დაკავშირებით. ეს ეხება, როგორც მედიასაშუალებებს, ისე სარეკლამო აბრებს.

“ერთ-ერთი პრესტიჟული, 51-ე სკოლის წინ მთელი დღე და ღამე კაზინო Crystal bet -ის რეკლამა ციმციმებს, – ამბობს თამარ ჯაფარიძე – ბავშვებს თვალში ხვდებათ ეს მოციმციმე აბრა, იღებენ ტელეფონებს, შედიან ონლაინ-კაზინოს გვერდზე და პირდაპირ გაკვეთილების დროს დებენ ფსონებს. განათლების სამინისტროს მოვუწოდებთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად სკოლებში ჩატარდეს ტრენინგები და ბავშვებს აზარტული თამაშების სავალალო შედეგებზე გასაგები ენით და პოპულარული ფორმით ესაუბრონ”.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ყველა სათამაშო დაწესებულების ქალაქის პერიფერიებში გადატანა. მთავრობაში ამ შესწორებას მხარი დაუჭირეს და დაგვპირდნენ, რომ დროთა განმავლობაში სათამაშო ბიზენსის წარმოება მხოლოდ ქალაქ გარეთ იქნება შესაძლებელი. მთავრობაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ პიროვნების სახელმწიფო სამსახურში აყვანამდე, მან ნასამართლეობის და ნარკოდამოკიდებულების ცნობის გარდა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ იგი არ არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. ჩვენს ორგანიზაციაში ამ ინიციატივას მხოლოდ მიესალმებიან.

“ასეთი კაპიტალი ნარკოვაჭრობასთან, ტერორიზმთან, პროსტიტუციასთან და იარაღით ვაჭრობასთან ასოცირდება. იმისათვის, რომ სახელმწიფო დაცული იყო, ეს დოკუმენტი სავალდებულოდ უნდა გამოვაცხადოთ. აზარტული თამაშების მახეში მოხვედრილ პიროვნებას უნდა ესმოდეს, რომ თამაშებზე დამოკიდებულების შემთხვევაში მის წინაშე ყველა კარი დაიხურება. ეს არ ნიშნავს ასეთი ადამიანების გარიყვას. უბრალოდ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერ იპოვიან სამსახურს, სანამ ამ დამოკიდებულებისგან არ განიკურნებიან და სარეაბილიტაციო ცენტრში საჭირო მკურნალობას არ გაივლიან”, – დარწმუნებულია ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ორგანიზაციის მიერ ინიცირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პიროვნებებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა უზრუნველყოს. მკურნალობა მინიმუმ 6 თვიანი უნდა იყოს და პაციენტებთან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უნდა მუშაობდნენ. ეს ცენტრი უნდა იყოს ქალაქ გარეთ და ჰქონდეს მიწის ნაკვეთები, რადგანაც მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სწორედ მიწაზე მუშაობაა. ეს ასევე გამაჯანსაღებელი კომპლექსიც იქნება.

“ასეთი დაწესებულების დაფინანსება შეიძლება იგივე სათამაშო სახლებს, კაზინოებს და სლოტ-კლუბებს დაევალოთ, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში.

ბიზნესმენი, რომლის საშემოსავლო წლიური ბრუნვა 4 მილიარდია, ვალდებული უნდა იყოს ასეთი ცენტრები დააფინანსოს. ფინანსთა სამინისტროში სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებაზე უარს არ ამბობენ, თუმცა მას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.

“დედები” და კანონმდებლები კიდევ ერთ პუნქტზე შეთანხმდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, ის პიროვნება, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და აზარტულ თამაშებში იქნება შემჩნეული, სოციალური სტატუსი ავტომატურად გაუუქმდება. ამ გიგანტური რვაფეხას დამოკიდებულებაში სხვადასხვა პროფესიის და სტატუსის მქონე ადამიანები ექცევიან და ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ მათ უჭირთ ამის აღიარება. ასეთი ადამიანების ახლობლები ცდილობენ პრობლემა ოჯახის გარეთ არ გაიტანონ და ამაზე ღიად არ ისაუბრონ. შედეგად, ამ პრობლემასთან გამკლავება მათთვის ძალიან რთულია.

“დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” კანონმდებლებს საერთო მონაცემთა ბაზის შექმნას სთავაზობენ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოთამაშის იდენტიფიცირება მისი შემოსავლების მიხედვით. საუბარია, ასევე, პიროვნების შემოსავლების რეგისტრაციაზე. ადამიანს, წლიური შემოსავალი მინიმუმ 50 ათასი ლარი უნდა ჰქონდეს, რათა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. თუმცა, მას ამ თამაშებზე თავისი წლიური შემოსავლის მხოლოდ 20%-ის დახარჯვა უნდა შეეძლოს.

მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ღია საკითხად რჩება ონლაინ-კაზინოს სამართლებრივი რეგულაციები. დღეისათვის ონლაინ-კაზინოში დარეგისტრირება ნებისმიერს შეუძლია. ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვისი პირადობის მოწმობით სულ სხვა ადამიანი რეგისტრირდება და თამაშობს. ბანკებიდან და აპარატებიდან ფულის გადარიცხვაც ვირტუალურად ხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ცვლილებების ორიგინალური ვერსია მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ონლაინ თამაშების გაუქმებას, სლოტ-კლუბების და ტოტალიზატორების დახურვას ითვალისწინებს. თუმცა, მოგვიანებით, პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას, ორგანიზაციამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია შეარბილა და შესაძლებელი ტრანსაქციების აკრძალვა შესთავაზა.

“ჩვენ ბიზნესის წინააღმდეგნი არ ვართ, – აცხადებენ ორგანიზაციაში, – ჩვენ ამ სფეროში ფულის უკონტროლო ბრუნვას ვეწინააღმდეგებით”.

თუმცა, ამ საკითხში შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

კანონში შესწორებებზე მუშაობა და განხილვები კვლავაც გრძელდება. იდეის თანახმად, კანონის საბოლოო ვარიანტით ორივე მხარე უნდა დარჩეს კმაყოფილი – ბიზნესი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული და ხალხი, რომლის კეთილდღეობაც საზოგადოების მდგომარეობას წყვეტს. საინტერესოა, რეალურად რამდენად შესაძლებელი იქნება ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილების მიღება?!

P.S. ცნობილია, რომ აზარტული თამაშები განსაზღვრული დონით სასარგებლოც კია. ისინი ადრენალინს და მძაფრ შეგრძნებებს იწვევენ. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ადამიანი პათოლოგიური დამოკიდებულების მსხვერპლი არ გახდება და არ დაკარგავს რეალობის შეგრძნებას. ამის შემდეგ დროის სხვაგვარი ათვლა იწყება…

ეკატერინე მინასიანი